როგორ შეუყვარდა მომენტალურად ნოდიკო ტატიშვილს ნანიკო ხაზარაძე და ვინ ატკინა მას ყველაზე მეტად
როგორც გაირკვა, ნანიკო ხაზარაძე „ჯეოსტარის” ვარსკვლავს ამ კონკურსამდე დიდი ხნით ადრე იცნობდა და გულშემატკივრობდა. ნოდიკოს და ნანიკოს ინტერვიუ პირველად ნანიკოს შოუში შედგა, რის შემდეგაც ორივეს ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ, როგორც თავად მიაჩნიათ, სასიკეთოდ შეიცვალა.
ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ნოდიკო ტატიშვილი
– ნანიკო, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან მახსოვს და როგორც კი ეკრანზე დავინახე, მომენტალურად შემიყვარდა. ნამდვილი ოქროა ეკრანზე, ცხოვრებაშიც ძალიან საყვარელი ხარ...
– ცხოვრებაში ავი ვარ, ავი... (იცინიან).
– შენი და ნიკას დუეტი რომ დაიწყო „ტოროლაში”, მაშინ მახსოვს, გაგიჟებული ვიყავი, სულ გიყურებდით. როგორ ახერხებ, რომ სულ ასეთი აქტუალური, საინტერესო, საყვარელი ხარ ხალხისთვის? ცხოვრებაში, რაც კი მომიპოვებია, ეს ხალხის სიყვარულია და შენ უკვე ამდენი წელია, ამ სიყვარულში ხარ.
– ისეთი კითხვა დამისვი, ფაქტობრივად, დამამუნჯე. მართლა ბევრი წელი გავიდა მას შემდეგ და ადამიანების სიყვარულს მართლა ყოველდღე ვგრძნობ. როგორ ვახერხებ და რის ხარჯზე – არ ვიცი.
– ალბათ, იმიტომ რომ, რაც ცხოვრებაში ხარ, იგივე ხარ ეკრანზე.
– არა მგონია. ეკრანიდან მაყურებელთან ისე ახლო კონტაქტი მაინც არ მიწევს, როგორც ახლობელ ადამიანებთან. მაქვს ჩემი ძალიან ბევრი მინუსი. ჩემზე ამბობენ, ავკარგიანიაო. ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, რას ნიშნავს ავკარგიანობა და მერე დავადგინე ჩემთვის, რომ ავიც ვარ და კარგიც. აბსოლუტურად მისაღები განმარტებაა ჩემთვის.
– შენი სიავე ნამდვილად არ გამიგია.
– ვფიქრობ, ეს სიყვარული მაინც ერთი რაღაცის გამო მივიღე, უბრალოდ, მართალია თუ არა ეს მოსაზრება, არ ვიცი – რასაც ვაკეთებ, ყოველთვის ძალიან მიყვარს ის საქმე. რაღაც რომ გიყვარს და გულწრფელად აკეთებ, არ არსებობს ამას უკუშედეგი მოჰყვეს. არ ვიცი...
– ისვენებდი რაღაც პერიოდი ტელევიზიისგან და თითქოს დაბრუნებაც აღარ გინდოდა.
– ტელევიზია არ არის ჩემი ოცნების პიკი. ამაზე არც არასდროს მიოცნებია და არც დღეის შემდეგ ვიოცნებებ. მიყვარს ის საქმე, რასაც ვაკეთებ, მაგრამ ამას იმის გამო არ ვაკეთებ, რომ ტელევიზიაში ვმუშაობ. ბევრად კარგად ვგრძნობ თავს სახლში, კამერების გარეშე, რამდენიმე ადამიანის გვერდით. არჩევანი რომ დამჭირდეს – ტელევიზია თუ ასე ყოფნა? სახლში დავრჩებოდი და იმას დავტოვებდი. შეიძლება არასწორი არჩევანია, მაგრამ ასე უფრო კარგად ვიგრძნობდი თავს.
– და უარს იტყოდი იმაზე, რაც გაქვს? ანუ, ტელევიზია შენი იდეაფიქსი არ არის. მაგრამ რას გააკეთებდი, რას ამჯობინებდი სახლში ყოფნას?
– სხვა სამუშაოს გულისხმობ? სხვა სამუშაოს ტელევიზიას, ალბათ, ვერ შევადარებ. არ არის ისე, რომ სხვა ინტერესი მქონდეს და ამის გამო ვამბობ ყველაფერ ამას. ბავშვობაში ექიმობა კი მინდოდა და ახლაც ძალიან მომწონს ეს საქმე, მაგრამ, რომ ჩავაბარო და დავამთავრო, ალბათ, ეტლში ვიჯდები ისეთი მოხუცი ვიქნები. ამიტომ, თუ ტელევიზია არა – სახლში ყოფნა. ანუ, ძალიან მომწონს და მიყვარს ჩემი საქმე, მაგრამ ეს არ არის რითაც ცხოვრებაში ვკმაყოფილდები. ბევრად სხვა რაღაცეებია ჩემი ჰარმონიისთვის საჭირო, ვიდრე ეთერში ყოფნა. მართლა ვგიჟდები ისე მომწონს, ხალხს რომ ვუყვარვარ. ამას სულ ვგრძნობ და დიდი მადლობა ყველას, მაგრამ მირჩევნია, ერთს ვუყვარდე ზუსტად ისე, როგორც ამ ათასს ვუყვარვარ და გაცილებით ბედნიერი ვიქნები.
– და ის ერთი ვინ არის?
– ვინმე. ჯერ არ ვიცი (იცინიან).
– როგორ უთავსებ ტელევიზიას და შვილის მოვლას ერთმანეთს? თუ ახერხებ ყურადღების მიქცევას?
– ჩემს შვილს ერთი წამი არ აკლდება ყურადღება. დილას ერთად ვდგებით, სკოლაში ვტოვებ და სამსახურში მივდივარ. იქიდან გავუვლი სკოლაში და მოვდივართ სახლში. ახლა მას გვერდით ოთახში სძინავს, მე აქ ვარ. ერთადერთი, თუ სახლიდან გავდივარ, ისიც იმ დროს, როცა ლილუს სძინავს და დედაჩემია სახლში. ის არ გამიცვლია არასდროს არაფერზე. არც ძიძა მყავს. თუ სადმე მინდა წასვლა, ყოველთვის მასთან ერთად მივდივარ.
– რა მაგარი დედიკო ხარ.
– არა, ჩვეულებრივი დედიკო ვარ. უბრალოდ, ძიძას და უცხო ხელს ვარჩიე, მოვიკლო კაფე და რაღაც მსგავსი, ვიდრე ეს დავტოვო ვინმესთან. სადამდეც მეყოფა ძალა და ენერგია, ასე ვიქნები.
– სიმარტოვე გინდა ხოლმე? სულ მარტო, რომ წახვიდე დასასვენებლად ან რაღაც მსგავსი.
– ვგიჟდები. რემონტი მქონდა ცოტა ხნის წინ. ოცდათვრამეტი წლის ისე გავხდი, ჩემი ოთახი არ მღირსებია.
– რამდენი წლის გახდი? გაოგნებული ვარ. გაიმეორე რამდენის ხარ?
– ახლა უკვე ოცდაცხრამეტის. მოკლედ, ცოტა ხნის წინ, რემონტი ავიტეხეთ, რომ ჩემი ოთახი მქონოდა და ლილუს – თავისი. სულ ერთი კვირაა ამ ოთახში ვბუდობ და ასე ვზივარ სიჩუმეში, არ ვინძრევი. შვებულება და არდადეგები რომ მაქვს, ერთ ან მეორე ბებიას ბავშვი დასასვენებლად მიჰყავს და ვრჩები სახლში მარტო. ეს არის ჩემი ყველაზე მაგარი არდადეგები. ხშირად მარტოც წავსულვარ დასასვენებლად. კოლექტიურს ვერ ვიტან – ვერც აზროვნებას, ვერც სეირნობას, ჭამა-სმას, ოჯახურ ცხოვრებას და ვერაფერს. მიყვარს ასე, მიკროსამყაროში, კოლექტივის გარეშე ყოფნა.
– ლიდერი ხარ თვისებებით? კოლექტივის არსიყვარული, ალბათ, იმასაც ნიშნავს, რომ გინდა, შენი გაიტანო.
– არა, ჩემი არასდროს გამაქვს. უბრალოდ, არ მიყვარს, ერთი რომ გადაწყვეტს და რვა ფარასავით მიჰყვება. ყველა ითრგუნება ამ დროს. შეიძლება, ბევრს არ უნდა, მაგრამ რადგან კოლექტივია, ერთად უნდა იარონ, დაიძინონ. ეს ჩემთვის დაძაბულობა უფროა, ვიდრე დასვენება. მირჩევნია, საკუთარი თავის პატრონი თავად ვიყო და თუ კიდევ ერთი იქნება ვინმე, გამიხარდება.
– რამე ისეთი ოცნება, ნატვრა გაქვს, რომელიც გინდა, ძალიან მალე განხორციელდეს?
– კი. შვილი მინდა კიდევ.
– აუ, რა მაგარია.
– მეც მიხარია, რეალურად, მთელი შეგრძნებით მიხარია. ლილუ რომ გავაჩინე, ოცდაათი წლის ვიყავი, მაგრამ მაინც ვერ ჩავვარდი გონში, თუ რა ხდებოდა. ძალიან დიდხანს ვერ ვხვდებოდი, რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში. არავინ მითხრას და არ დამაჯეროს, რომ გაჩენის წუთიდან შვილი უყვარს. წარმოიდგინე, უცხო ადამიანი სახლში პირდაპირ საცხოვრებლად რომ გადმოვიდეს. ხომ უნდა შეეჩვიო, რაღაც კომპრომისებზე წახვიდე – იმას ეძინება, არ ეძინება, შია, წუწუნებს... ჯერ მიდის შეგუება და ეს ინსტინქტები არ არის სიყვარული. მერე უკვე, კომუნიკაციას რომ იწყებს, იწყება სიყვარულიც. ახლა, რომ ლილუ მიყვარს, და ეს ყოველდღიურად მზარდი პროცესია, ასე არასდროს მყვარებია. ხვალ, ზეგ კიდევ უფრო ღრმა და დიდი იქნება გრძნობა. რატომღაც დედების უმრავლესობა ამას უარყოფს, ან ინსტინქტები სიყვარულში ერევათ.
– მამობა?
– მამები სულ განზე არიან. სამშობიაროში რომ ვიწექი, რაღაც მომენტში, მავიწყდებოდა რისთვის ვიყავი იქ. მერე უცებ გამახსენდებოდა, გავვარდებოდი, დავხედავდი, მოვეფერებოდი, ვაკოცებდი. ანუ, ტვინიც არ იყო მზად იმისთვის, რომ ახალი ტიპი შემოვიდა ცხოვრებაში. მინდა, სწორად გაიგოს ყველამ, რასაც ახლა ვამბობ.
– რაც სიყვარული იზრდება, უფრო ფეთიანი დედა ხომ არ ხდები?
– ერთადერთხელ დამესიზმრა, რომ ფანჯრიდან გადავარდა და ლილუს ფანჯარასთან მიახლოების პატარა შიში ავიკიდე. „ბირიჟონნავა ბოგ ბირიჟოტ” – ამის მაინც მჯერა.
ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ნანიკო ხაზარაძე
– უამრავი საერთო მეგობარი გვყავს და შენზე ძალიან ბევრი აზრი მომისმენია. ძირითადად ეს არის ის, რომ უზომოდ კეთილი ხარ – ბოლოს გაიძრობ და მისცემ, ბოლო ლუკმას პირიდან გამოიღებ და მისცემ. შენ ხარ ადამიანი, ვისზეც კარგის მეტი მართლა არაფერი მომისმენია. მახსოვს, „ჯეოსტარის” ფინალი იყო და ჩვენი საერთო მეგობარი, ირინა ჭელიძე დავტოვე ფილარმონიაში. ვკითხე, ვის გულშემატკივრობ-მეთქი და ნოდიკოსო. რატომღაც ვიფიქრე, შენ „ჯეოსტარი” ვერ გახდებოდი. იმიტომ კი არა, შენ მონაცემებში ეჭვი შემეპარა, უბრალოდ, მეგონა, ესემესები სხვანაირად გადანაწილდებოდა. ირინკამ მითხრა, არა, მე მიყვარს ეს ბიჭი, მჯერა მისი და დარწმუნებული ვარ მოიგებსო. რომ წავიდა, ამ დიალოგზე დიდხანს ვფიქრობდი და ვთქვი, თუ ნოდიკოს ოდესმე ვნახავ აუცილებლად ვეტყვი-მეთქი. და, აი, ახლა გეუბნები, შენი მეგობარი ფინალზე გამოვაცილე და დღეს მაპატიე, რომ არ მჯეროდა შენი გამარჯვების. შენ როგორ ახერხებ იყო ასეთი დადებითი?
– რა უნდა გაპატიო?! პირიქით, ძალიან დიდი მადლობა. სულ მწერენ, მეუბნებიან ქუჩაში – ძალიან კარგი ადამიანი ხარო. ეს ცოტა კი მიკვირს მათგან, ვისაც არ ვიცნობ, მაგრამ მიხარია, თუ უცხო ადამიანებისთვის ჩემი სითბოს ჩვენებას ვახერხებ. არასდროს ვყოფილვარ ბოროტი, ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, ვიღაცისთვის ცუდი გამეკეთებინა. რატომ უნდა ავნო?! ძალიან ბევრია ისეთი, ვისაც ჩემთვის ჩუმად, თითქოს არც არაფერი ისე უტკენია...
– და საპასუხოდ რა მოიმოქმედე?
– რომ გითხრა, იგივე გავუკეთე, არა.
– ასეთი სიკეთეც დაღუპავსო, ესეც გამიგია. მეგობრები ამბობენ, სულ ვეუბნებით, ნოდიკო, ცოტა მოუფრთხილდი ფულს, ემოციებს... მართლა ასეთი გახსნილი ხარ და ყველაფერს ასე იძლევი?
– ხშირად მეუბნებიან, როგორ შეიძლება, ყველა მოგწონდეს და კარგს ამბობდე მათზეო?! ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ცუდი არავინაა და ყველაზე კარგი შეხედულება მაქვს. უამრავი უარყოფითი თვისება მაქვს, გულწრფელად ვამბობ, ხანდახან მგონია, ყველაზე მეტიც კი მაგრამ, მაქვს ერთი ძალიან კარგი თვისება, შემიძლია, ჩემი დამოკიდებულება ამა თუ იმ ადამიანის მიმართ, მოვთოკო და დავტოვო ჩემში.
– ეს აღზრდის ბრალია?
– ბავშვობაშიც ასე ვიყავი. სულ მესმოდა მშობლებისგან: გაწყენინა? ღმერთი მიხედავს. ეს იმდენად ჩამრჩა გონებაში, რომ ცხოვრების წესად მექცა. რომ დამარტყა და საპასუხოდ მეც გაგარტყა, რას მომცემს ეს?! არაფერს. ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, ადამიანს ჩემთვის გული უტკენია, მას კი დროის შემდეგ გაუცნობიერებია, რომ შეცდომა დაუშვა და არასწორად მომექცა. ასეთი პრინციპი მაქვს ცხოვრებაში.
– და შენ სიმძიმეებს ვისთან ავლენ?
– ყველაზე მეტად ოჯახში. ყოველთვის სახლში უწევთ უხასიათო ნოდიკოს ატანა. იგივეა უახლოეს მეგობრებშიც. ისედაც ვერ ვთამაშობ, თუ ცუდად ვარ ყოველთვის ხვდებიან ამას და მეკითხებიან, რა გჭირსო, მაგრამ ვცდილობ, ჩემი პრობლემები არავის მოვახვიო თავს. უფრო თავისუფლად, რა თქმა უნდა, სახლში ვგრძნობ თავს, მათთვის ყველანაირი მისაღები ვარ. გაბრაზებულზე იქ უფრო ვახერხებ ხმის ამაღლებას. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებაში არ ვაპროტესტებ რამეს. ყველაფერზე საკუთარი შეხედულება მაქვს და ვიცი, რა მინდა.
– რა გინდა?
– მინდა, ყოველთვის ისე ვიცხოვრო, როგორც ახლა ვცხოვრობ. ყოველდღე ვაკეთო ჩემი საქმე. ყოველდღე მქონდეს დაგებული ხალიჩა, რომელიც ხან სცენასთან, ხან სტუდიასთან, ხან ინტერვიუზე, ხან ჩაწერაზე მიმიყვანს. ჩემი საზოგადოებრივი ცხოვრების არსი, ოჯახსა და მეგობრებს არ ვგულისხმობ, ამომავალი წერტილი და ჩამავალიც, გათენებაც, დაღამებაც, მზეც და მთვარეც – სიმღერა, სცენა, მიკროფონია.
– ისე მღერი, ეს რომ არ გააკეთო, ერთი წამიც ვერ იცოცხლებ, ასე მგონია.
– დიდი მადლობა, ვერ წარმოიდგენ, ეს ყველაფერი როგორ მახარებს. ეს არ ხდება დილეტანტის დონეზე, უბრალოდ სიმღერა ცოტათი გამომდის და მინდა, ცნობილი გავხდე. ამის გამო არ დამიწყია მთელი ეს ამბავი. მიხარია, ხალხს რომ ვუყვარვარ. ამით უბედნიერესი ვარ და ცრემლებამდე მივდივარ ხოლმე ძალიან ხშირად, იმდენ სითბოს ვიღებ მათგან. მაგრამ, ეს არ გამხდარა ჩემი თუნდაც „ჯეოსტარში” მისვლის მიზეზი. ჩემთვის მთავარი იყო, ადამიანებს ეთქვათ, რა მაგრად იმღერაო, ვიდრე – უი, ეს ნოდიკო არ არის?! კი არ ვძრახავ ისეთ მომენტებს, პოპულარობა რომ გინდა, უბრალოდ, ჩემს შემთხვევაში, სხვანაირად მოხდა. ჩემთვის მთავარი იყო ეთქვათ – გვიყვარს, რა მაგრად მღერის.
– ამას სულ იტყვიან, მაგრამ მახსოვს, ერთი ეპიზოდი შენი ცხოვრებიდან, როცა ჩემთან შოუში საოცრად გულნატკენი მოხვედი იმის გამო, რომ ერთ-ერთ ფესტივალზე დაგჩაგრეს. ვიცი, საპასუხოდ არც არაფერი არ ქენი და დღეს ეს ყველაფერი უკვე წარსულია.
– მართლა არაფერი გამიკეთებია საპასუხოდ. ერთადერთი, ის გადაცემა იყო, სადაც ბუნებრივი ემოციით ვთქვი ჩემი სათქმელი. ჩემი ცხოვრების გზაზე, სულ მარტო მოვდივარ. იმიტომ კი არა, არავინ მყავს, უბრალოდ, ამ პროფესიაში სულ მარტომ გავიტანე თავი და მოვედი აქამდე. ბოლო პერიოდში გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც უნდათ დამეხმარონ, გვერდში დამიდგნენ და დიდი მადლობა მათ ამისთვის. მაგრამ, იყო პერიოდი, როცა მივხვდი, თუ ზურგი არ გქონდა, უკაცრავად და, ყველას ფეხებზე ეკიდე.
– კანონზომიერებაა ასეთი.
– მაგრამ, შენი გადაცემის მერე, ერთ თვეში მომივიდა მოწვევა და წავედი ყაზახეთში „აზიის ხმებზე”. ეს, იმ კონკურსთან შედარებით, რომელზეც ვერ წავედი, ასჯერ მნიშვნელოვანია. ავიღე გრანპრი და უფრო თავდაჯერებული გავხდი. იმასაც მივხვდი, რომ ცუდი იმიტომ ხდება ცხოვრებაში, მას აუცილებლად კარგი უნდა მოჰყვეს. მახსოვს, ძალიან ცუდად ვიყავი. თან, არ ვარ ისეთი ქალაჩუნა ტიპი, დეპრესიაში ჩავვარდე, კარის გაჯახუნებით ვიარო, ბალიში დავიფარო თავზე და არ ავდგე. უბრალოდ, ძალიან ცუდად ვიყავი, ამას ყველა ხედავდა და ვერ მეხმარებოდნენ. მაგრამ, აი, სასწაული მოხდა, მართლა სასწაულს ვეძახი, რაც იყო. ამ კონკურსმა მთლიანად ამოაყირავა ჩემი ცხოვრება.
– საშინლად დამოკიდებული ვარ ჩემს ენერგიაზე. ბევრი ისე მაცლის მას, რომ არაფრის თავი აღარ მაქვს. თავისთავად ისე მოხდა, ძალიან დავაპატარავე ჩემი წრე, საკუთარი თავის გამო. შენ არ იცლები ამ ურთიერთობისგან?
– ვხვდები, რომ ძალიან პირდაპირი ხარ და არ შეგიძლია თამაში. ასე ვარ მეც. სახეზე მეტყობა ნებისმიერი ადამიანის მიმართ ჩემი დამოკიდებულება. მეტყობა, რომ არ მინდა, მასთან ელემენტარული ურთიერთობაც კი.
– ზუსტად ასე ვარ – სახე მაქვს მჟავე და უბედური. ან მე, ან ის – ვეცლებით ხოლმე იქაურობას, (იცინიან). ბავშვობიდან ეს ხმა ჩამესმის: სახე გაასწორე, გამოდი ოთახიდან, სახე გაასწორე.
– „სახე გაასწორეზე“ მეჩხუბებოდნენ სულ. მაგრამ, თუ ვიღაც არ მსიამოვნებს, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რამე უნდა ვავნო?! არ ვიკონტაქტებ მასთან და მორჩა.
– სწორი დამოკიდებულებაა.
– ბოლოს მინდა, კიდევ ერთხელ დაწერო, რომ შეშლილი ვარ ნანიკოს ასაკთან დაკავშირებითო.