კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა და რა ტიპის ჰერპესვირუსი არსებობს და რა შესაძლო გართულებებს იწვევს ის დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში

 

ჰერპესვირუსი თანამედროვე მსოფლიოს მოსახლეობაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ის სხვადასხვა სახისაა და მრავალი სხვა პრობლემის გამომწვევი და ხელშემწყობია. მაგალითად, გენიტალური ჰერპესი, რომელიც სქესობრივი გზით გადამდები დაავადებაა, ხშირად ეროზიას იწვევს და უფრო მეტიც, უშვილობის მიზეზიც ხდება. დაავადების შესახებ ექიმი-დერმატოლოგი მაია მატოშვილი გვესაუბრება.

– ჰერპესი კანის  ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსული დაავადებაა. კლინიკურად ვლინდება მრავლობითი, ჯგუფურად განლაგებული წვრილბუშტუკოვანი გამონაყრით კანსა და ლორწოვან გარსზე. მარტივი ჰერპესის გამომწვევი ვირუსი – ჰერპესვირუს ჰომინის (HSV) თავისი ბიოლოგიური და ანტიგენური თვისებებით იყოფა ორ შტამად: HSV-1 და HSV-2.  პირველი აზიანებს კანსა და ლორწოვან გარსს და ასევე შეიძლება, დააზიანოს გენიტალიუმის არეც.  მეორე კი, აზიანებს სასქესო ორგანოებს და იწვევს დაავადებებს ახალშობილებში.  აღსანიშნავია, რომ ერთსა და იმავე ადამიანს შესაძლებელია, HSV-1 და HSV-2 ერთდროულად ჰქონდეს. 

ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ არჩევენ ინფექციის ორ ფორმას: პირველადსა და მორეციდივეს.  პირველადი ინფექცია ვითარდება ადამიანის პირველი კონტაქტით  ავადმყოფთან ან ვირუსმატარებელთან.  პირველადი ინფექციის გადატანის შემდეგ, სისხლში ვლინდება სპეციფიკური ანტისხეულები ვირუსის მიმართ. რეციდივები კი დაკავშირებულია ორგანიზმის რეზისტენტობის, იმუნიტეტის დაქვეითებასთან, რომელიც განპირობებულია ორგანიზმზე სხვადასხვა ფაქტორების (ულტრაიისფერი სხივების, დაბალი ან მაღალი ტემპერატურის, ემოციური სტრესის) ზემოქმედებით.

– რა და რა ტიპის ჰერპესი არსებობს?  

– არსებობს მარტივი და სალტისებური ჰერპესი (იგივე ჰერპეს ზოსტერი).  მარტივი ჰერპესი ხშირად ვითარდება პირის ირგვლივ, ტუჩებზე, ცხვირზე, ყურის ნიჟარაზე და ასე შემდეგ, თუმცა, შესაძლებელია, შეგვხვდეს სხეულის ნებისმიერ არეზე, მაგრამ უფრო ხშირად კანისა და ლორწოვანის საზღვარზე ვითარდება.  

მიიჩნევა, რომ დედამიწის მოსახლეობის 80 პროცენტს სიცოცხლეში ერთხელ მაინც აღენიშნება ჰერპესის გამწვავება.  რა თქმა უნდა, ძალიან ხშირია ჰერპესის შემთხვევები ჩვენს ქვეყანაშიც. თუმცა, ზუსტი სტატისტიკური მონაცემები საქართველოში ჰერპესით დაინფიცირებულთა შესახებ არ არსებობს.

– რა გზით გადაეცემა ჰერპესვირუსი?

– საერთოდ ვირუსი ორგანიზმში იჭრება კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან. ვირუსი უმთავრესად მრავლდება შეჭრის ადგილას და ვითარდება ჯგუფურად განლაგებული წვრილბუშტუკოვანი გამონაყრით.

ინფექციის წყაროა ავადმყოფი ან ვირუსმატარებელი ადამიანი. ინფექცია გადაეცემა კონტაქტური, სქესობრივი და ჰაერწვეთოვანი გზით. ზოგჯერ იგი ნაყოფისთვის აღმავალი ინფექციაა. ახალშობილთა ჰერპესული ინფექცია უმეტეს შემთხვევაში HSV-2-ითაა გამოწვეული. ამასთან უნდა აღვნიშნოთ, რომ თანდაყოლილ სიმახინჯეებს ვირუსი იშვიათად იწვევს.  

პირველადი ინფექციის გადატანის შემდეგ, ადამიანი ვირუსმატარებელი ხდება თითქმის ყოველთვის მაღალი ტიტრის ანტისხეულებით. ტიტრის დაკლებისას ვითარდება რეციდივები.

– ჰიგიენის რა განსაკუთრებული წესები უნდა დაიცვას ჰერპესვირუსით დაავადებულმა?

– უპირველესად აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა.  სასურველია, ინფიცირებულ კერასთან ყოველი შეხების შემდეგ, ხელების კარგად დაბანა.  ტუჩზე არსებული ჰერპესის შემთხვევაში თავი უნდა შეიკავოთ ძალიან ცხელი ან ცივი საკვების, სითხეების მიღებისგან.  სასურველია, დაზიანებულ კერას წყალი, არ მიაკაროთ, რათა არ მოხდეს მისი გავრცელება სხვა ადგილებზე და ამას არ მოჰყვეს გართულება მეორადი ჩირქოვანი პროცესით.  

გენიტალური ჰერპესის შემთხვევაში, სასურველია, სქესობრივი კონტაქტისგან თავის შეკავება გამონაყრის სრულ ალაგებამდე.  

– რა სიმპტომატიკა ახასიათებს ჰერპესს და როდის იჩენს თავს?

– რეციდივი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, დაკავშირებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის დაქვეითებასთან, ასევე ემოციურ სტრესთან, მენსტრუალურ ციკლთან, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებასთან, ტემპერატურის ცვალებადობასთან.  დაავადებისთვის დამახასიათებელია წვრილბუშტუკოვანი გამონაყარი. ბუშტუკები თხელკედლიანია, ხოლო მათ ირგვლივ კანი შეშუპებული და ჰიპერემიულია.  შიგთავსი გამჭვირვალე სეროზული სითხეა, რომელიც შეიძლება შეიმღვრეს ან ჰემორაგიული გახდეს.  სიმპტომურად დამახასიათებელია წვა, ქავილი და ჩხვლეტის შეგრძნება. რამდენიმე დღეში ბუშტუკები სკდება, წარმოიქმნება ფუფხი (ქერცლი) და პროცესი უნაწიბუროდ ქრება. შეიძლება, დარჩეს ხანმოკლე, სუსტი პიგმენტაცია.  

– რა არის გენიტალური ჰერპესი? 

– გენიტალური ჰერპესის დროს გამონაყარი ვითარდება გენიტალიუმის არეში ლორწოვან გარსზე, სასქესო ორგანოებზე. გენიტალური ჰერპესი განსაკუთრებით საყურადღებო და საშიშია ორსულებში, რადგან შესაძლებელია, ნაყოფის დაინფიცირება მოხდეს. გამონაყარი გენიტალური ჰერპესის შემთხვევაში არაერთგვაროვანია, შეიძლება იყოს როგორც წვრილბუშტუკოვანი გამონაყარი, ასევე ეროზიებიც. შესაბამისად, სიმპტომებიც შეიძლება, შემოიფარგლოს მხოლოდ წვისა და ქავილის შეგრძნებით, ან მიმდინარეობდეს უფრო რთულად – ტემპერატურის მომატებით, ზოგადი სისუსტით. შესაძლოა ასევე, განვითარდეს ვაგინიტი, ურეთრიტი. 

– მკურნალობის რა თანამედროვე საშუალებები არსებობს?  

– მკურნალობის მეთოდები და მიდგომა განსხვავებული და ინდივიდუალურია. მკურნალობის სქემა დამოკიდებულია გამონაყრის ლოკალიზაციაზე, გამოვლინების სიხშირეზე.  მკურნალობა შეიძლება, შემოიფარგლოს თუნდაც მხოლოდ ადგილობრივად, ანტივირუსული მალამოების გამოყენებით, ან საჭირო გახდეს პერორალურად, ვირუსის საწინააღმდეგო აბების მიღება სქემის მიხედვით. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ზოგად იმუნომასტიმულირებელ საშუალებებსაც, ვიტამინოთერაპიას, სიმპტომურ მკურნალობას.  

სამწუხაროდ, დღეისთვის არ არსებობს პრეპარატები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა, ჰერპესისგან სრული განკურნება.  დაინფიცირების შემდეგ, ადამიანი ხდება ვირუსის მატარებელი, მკურნალობით კი შესაძლებელია, მხოლოდ არსებული გამონაყრის ალაგება და რეციდივების შემცირება.

– რა ასაკის ადამიანებში ვხვდებით ძირითადად ჰერპესს?

– მარტივი ჰერპესი შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერ ასაკში, თუმცა შედარებით ხშირია, 20- დან 40 წლამდე ასაკის მქონე პირებში.

– რით შეიძლება გართულდეს ჰერპესი?

– ზოგჯერ ჰერპესი მკურნალობის გარეშეც კი უკვალოდ ალაგდება. თუმცა, შესაძლებელია, გართულდეს, მოხდეს მისი გადატანა ერთი ადგილიდან მეორეზე ან დაინფიცირდეს და განვითარდეს ჩირქოვანი პროცესი (ანუ მეორადი პიოდერმია).  

გენიტალური ჰერპესის გართულებებს მიეკუთვნება სიმშრალე, წვის შეგრძნება, ეროზიების განვითარება.  იშვიათად, გარეთა სასქესო ორგანოების ლორწოვან გარსზე, მექანიკური გაღიზიანების გამო, შეიძლება სისხლმდენი მცირე ზომის ნახეთქები განვითარდეს (გენიტალური ჰერპესის დროს სქესობრივი კონტაქტის გამო).

იშვიათად, ქალებში გენიტალიურმა ჰერპესმა, როდესაც ჰერპესის ტიტრი სისხლში მაღალია, შეიძლება, ხელი შეუწყოს აბორტებისა  და უშვილობის განვითარებას.

 

скачать dle 11.3