რით აკვირვებს ნიკა ნაყოფია მეუღლეს და როგორ გადარიეს მათ შერონ სტოუნი
დაახლოებით ერთი წელია, მშვენიერი „მის საქართველო“ – ხათუნა სხირტლაძე მეუღლესთან – ნიკა ნაყოფიასთან ერთად, ჰოლანდიაში ცხოვრობს. მოსიყვარულე და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წყვილი იქ სწავლობს და თან პატარა ნიკა ნაყოფიას ზრდის, რომელიც ძალიან ლამაზი და საყვარელი ბავშვია.
ხათუნა სხირტლაძე: ერთი წლის წინ მე, ნიკა და ბავშვი ჰოლანდიაში წამოვედით. ქალაქ მაასტრიხტში, უნივერსიტეტში გავაგრძელეთ სწავლა. გაცვლითი პროგრამით წამოვედით. ივნისის ბოლოსკენ საქართველოში ვაპირებთ ჩამოსვლას, მაგრამ აქაურობა ისე მოგვწონს, შეიძლება, დარჩენაზეც ვიფიქროთ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მაასტრიხტის უნივერსიტეტებს შორის დაიდო ხელშეკრულება და მე და ნიკა პირველი სტუდენტები ვიყავით, რომლებიც გამოგვიშვეს. ერთმანეთს ყველაფერში ვეხმარებით, მათ შორის, სწავლაშიც. აქ ცხოვრება ძალიან მოგვწონს, მარტო ვართ და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს.
– ახალ გარემოსთან შეგუება გაგიჭირდათ?
– არის მომენტები, როდესაც ძალიან გვენატრება ოჯახის წევრები, მეგობრები, თბილისი, მაგრამ ერთმანეთს ისე კარგად ვავსებთ, არ გვაქვს პრობლემები. რაც მთავარია, ჩემს ოჯახთან, იმ ადამიანებთან ერთად ვარ, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს – ჩემი შვილი და ნიკა.
– ასეთ დროს ადამიანები ერთმანეთს კიდევ უფრო უახლოვდებიან, უფრო მეტად არიან ერთმანეთზე დამოკიდებულები და ურთიერთობაც უფრო მყარდება.
– უფრო მეტი გამოცდილება გვაქვს. ხშირად როცა მარტო ვართ, არის საკითხები, რაზეც თავად, დამოუკიდებლად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ასე რომ, ერთმანეთს მხარში ვუდგავართ, ხელს ვუწყობთ.
– თუ ახერხებთ სადმე გასვლას, გართობას, დასვენებას?
– სწავლის მხრივ, ძალიან დატვირთული რეჟიმი გვაქვს. გასართობად სადმე წასვლას ნაკლებად ვახერხებთ. გვაქვს ჩვენი საყვარელი ადგილები, კაფეები, რესტორნები, სადაც მივდივართ, აღვნიშნავთ ჩვენთვის მნიშვნელოვან თარიღებს.
– როგორც მახსოვს, ნიკას სიურპრიზებიც ძალიან უყვარს.
– უყვარს სიურპრიზები, ახლა უფრო მეტ სიურპრიზს მიწყობს და მაკვირვებს.
– შენც გეხერხება სიურპრიზების გაკეთება?
– ვცდილობ. მგონი, საკმაოდ კარგი ცოლი ვარ.
– ძალიან საყვარელი შვილი გყავს. ვის ჰგავს?
– ჩემები ამბობენ, რომ ნიკას ჰგავს, ნიკასები კი – მე მამსგავსებენ. ეს, რაც გარეგნობას შეეხება, ხასიათით კი უფრო ნიკას ჰგავს. ხანდახან სულ ნიკა მგონია. თან, ესეც ნიკაა, ანუ ნიკოლოზ ჯუნიორს ვეძახით. მამა სინიორია, პატარა კი – ჯუნიორი. ძალიან მომწონს ეს სახელი და მინდოდა, შვილისთვის დამერქმია. ნიკასაც ძალიან მოეწონა ეს აზრი და დავარქვით. ახლა წლის და სამი თვისაა, აქ გაიარა პირველად. ძალიან წყნარი, მშვიდი, ჭკვიანი ბავშვია, თუმცა, რაც იზრდება, უფრო აქტიური და მოძრავი ხდება. რაც დაიბადა, მისი ხმა არ გამიგია, ღამე არ გაუღვიძია და არც ჭამა მოუთხოვია, ისეთი წყნარი იყო. ახლა ცოტათი თუ იხმაურებს, მიკვირს, რადგან მიჩვეული ვარ, რომ სულ ჩუმად არის. პირველად გააზრებულად თქვა – ჩიტი. გარეთ ვიყავით, ჩიტისკენ ხელი გაიშვირა და თქვა.
– რაც დედა გახდი, ალბათ, ბევრი რამ შეიცვალა შენს ცხოვრებაში, პიროვნებაში...
– ბავშვის გარეშე ერთი წუთით არ შემიძლია ყოფნა. უნივერსიტეტში რომ მივდივარ, საშინლად მენატრება, მის გარეშე ვერ ვძლებ. სულ მინდა, მასთან ვიყო, სახლში მალე მივიდე. ძალიან მამშვიდებს და მაწყნარებს. ვერ ვტოვებ, იმიტომ რომ მერე ცუდად ვხდები. ახლაც თბილისში რომ ვიყავი ჩამოსული ცოტა ხნით, აღარ წამოვიყვანე და ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი.
– როგორი მამაა ნიკა?
– ნიკა ძალიან ყურადღებიანია, სანამ დაიბადებოდა, იქიდან მოყოლებული დღემდე, სულ ელაპარაკება, ზრდის. თუ ბავშვს შია და მე არ მცალია, გამოუცვლის, აჭმევს, მეხმარება.
– ბებიები და ბაბუები, ალბათ, ხშირად ჩამოდიან, ნახულობენ ბავშვს?
– კი, სულ აქ იყვნენ, ვერ ძლებენ მის გარეშე. ახალ წელს ყველანი აქ, ერთად შევხვდით. ბავშვს ძალიან ანებივრებენ, ხანდახან მე და ნიკა ვამბობთ, ახლა ძალიან ნუ გაათამამებთო. თვითონაც ძალიან უყვარს ბებიებთან და ბაბუებთან ყოფნა. ჩემი და ნიკას მხრიდანაც პირველი შვილიშვილია და გიჟდებიან. ჩვენ უკვე აღარ ვახსოვართ, სულ გვეუბნებიან, დაგვიტოვეთო.
– ახლახან რამდენიმე დღით ფილმის, „აგვისტოს 5 დღის“ პრემიერაზე იყავით, მანამდე შერონ სტოუნსაც შეხვდით და ენდი გარსიასაც.
– ძალიან გვინდოდა წამოსვლა, მაგრამ რადგან გადატვირთული გრაფიკი გვაქვს, თავიდან ვერ ვახერხებდით ჩამოსვლას. მაგრამ, რამდენიმე დღით ადრე გავიგეთ, რომ ამის საშუალება გამოჩნდა და ჩამოვედით.
– ამ დღისთვის, ალბათ, განსაკუთრებულად მოემზადე. ძალიან ლამაზად გამოიყურებოდი.
– განსაკუთრებულად მომზადება ვერ მოვასწარი. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ისე მინდოდა ფილმის ნახვა, რომ უკვე აღარ მიფიქრია იმაზე, ეს ჩავიცვა, თუ ეს-მეთქი. თან, ისეთ გადარბენებზე ვიყავი, სპეციალურად არც მოვმზადებულვარ. ასეთი შემთხვევებისთვის მქონდა ეს კაბა, თან ჩემი საყვარელი კაბაა და რადგან მომეცა იმის საშუალება, ჩავიცვი.
– ვისი კაბაა?
– „დოლჩე და გაბანას“ კაბაა, ნიკასაც ამ ბრენდის სამოსი ეცვა. გვიყვარს ეს დიზაინერი და ხშირად მასზე ვაჩერებ არჩევანს. საქორწილო კაბაც „დოლჩე და გაბანასი“ მეცვა.
– როგორც ვიცი, ოჯახის წევრები პრემიერის წინა დღეს შერონ სტოუნს და ენდი გარსიას შეხვდით.
– იმავე საღამოს მითხრეს, რომ უნდა მოვმზადებულიყავით და მივდიოდით ვახშამზე, ოღონდ, სად, ან ვისთან, არ ვიცოდით. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ სოლიდურად უნდა ჩაგვეცვა. მივედით და აღმოჩნდა, რომ იქ იყო შერონ სტოუნი. რომ დავინახე, ცუდად გავხდი. ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს და ალბათ, ბევრის ოცნებაა, მას პირადად შეხვდეს. თან, არ იყო ბევრი ხალხი და რომ მივედით, გაგვესაუბრა. ეს ჩემთვის ოცნების ასრულება იყო. ნიკას გვერდით იჯდა.
– ხომ არ იეჭვიანე?
– არა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაგარი ქალია, ნიკასთვის ცოტა უფროსია.
– შენ თქვი, არ ვიცოდით, სად მივდიოდითო, ანუ კობა ნაყოფიამ სიურპრიზი მოგიწყოთ?
– კი. ნიკას მამა, რადგან ამ ფილმის პროდიუსერია, ოჯახთან ერთად მიწვეული იყო ვახშამზე. მაგრამ, ჩვენ ეს არ ვიცოდით და ძალიან კარგი სიურპრიზი გამოუვიდა. ძალიან კარგი ემოციებით დავიტვირთე. თვითონ შერონ სტოუნი არაჩვეულებრივი ადამიანია – ჭკვიანი, საინტერესოდ მოსაუბრე.
– რაზე ისაუბრეთ?
– მე და ნიკას გვკითხა, სად, ვსწავლობთ, რას საქმიანობთო. გაგიჟდა, როდესაც გაიგო, ბავშვი გვყავდა და ფოტოების ჩვენება გვთხოვა. ვაჩვენეთ, მითხრა, შენ გგავსო. მეორე დღეს პრემიერაზე ვიყავით, იქაც შევხვდით შერონ სტოუნს. ენდი გარსიასაც შევხვდით ოჯახთან ერთად და ფოტოებიც გადავიღეთ. ფილმი ძალიან ემოციური იყო. თუმცა ასეთსაც ველოდებოდი. მოკლედ, ძალიან მაგარი გამოვიდა.
– როგორც ვიცი, თქვენმა ოჯახმა შერონ სტოუნს და ენდი გარსიას საჩუქრები გაუკეთა.
– კი. ოჯახთან ერთად რომ შევხვდით მათ, მაშინ გადავეცით ქართული, ტრადიციული საჩუქრები და ძალიან მოეწონათ. საღამოს ვახშამზეც ვიყავით და მიმაჩნია, რომ ეს ძალიან კარგი ჩანაფიქრი იყო. იქ მოგროვილი თანხა ომში დაღუპული ადამიანების ოჯახებს მოხმარდება და ბედნიერი ვარ, რომ მეც, იქ ყოფნით, პატარა წვლილი შევიტანე. ძალიან მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ ყველაფრის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა, განსაკუთრებით კი – კობა ნაყოფიას.
– როგორც ვხვდები, ძალიან კარგი მამამთილია.
– კარგი კი არა, სიტყვებით ვერ გადმოვცემ. შეუძლებელია, კობა დაახასიათო.
– დედამთილის რჩეულიც იყავი.
– კი. როდესაც „მის საქართველოზე“ გამოვდიოდი, ნიკას არ ვიცნობდი. მისი დედა იყო ჟიურის წევრი და როგორც ვიცი, ძალიან მოვწონდი. ჟიურისთან შეხვედრა რომ გვქონდა, ისიც მკითხა, გათხოვებას ხომ არ აპირებო. შევიცხადე – გამიკვირდა, რას მეკითხება-მეთქი. ნახევარ წელიწადში კი მისი რძალი გავხდი.