როგორ გააფუჭეს ქართველმა პარტიულმა მუშაკებმა საბჭოთა დროს საქართველოში მოქმედი ნავთობის საბადოები
გასულ კვირას რუსულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რის მიხედვითაც, რუსულმა საინჟინრო-ტექნოლოგიურმა კომპანიამ „სკანექსმა“ შავ ზღვაში, ფოთთან ახლოს, ნავთობის საბადო აღმოაჩინა. კერძოდ, შავი ზღვის დაბინძურების ხარისხის შესწავლისას, კომპანიის სპეციალისტებს შიშროვის სახელობის ოკეანოლოგიის ინსტიტუტთან ერთად 1993-2011 წლებში გადაღებული რადიოლოკაციური გამოსახულებები გაუანალიზებიათ და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, 1 050 მეტრის სიღრმეზე, ნავთობის ბუნებრივი საბადოც აღმოუჩენიათ. თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას არც ფოთის მერი ფლობს და არც ფოთის საზღვაო ნავსადგური. მეტიც, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო კონკრეტულად ამ საკითხზე კომენტარისგან კატეგორიულად იკავებს თავს, თუმცა იქვე განგვიმარტავს, რომ ფოთთან ნავთობის საბადოს აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია, სრული აბსურდია. მეორე მხრივ, არიან ადამიანები, რომლებსაც აღნიშნული ინფორმაცია არა მხოლოდ აბსურდულად არ მიაჩნიათ, არამედ ამ საქმის პერსპექტივას მეტად ნათელ ფერებშიც ხედავენ. მათ შორისაა ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე, რომელსაც საქართველოს ნავთობმომპოვებელ ქვეყნად გახდომის შესაძლებლობა გარდუვალ რეალობად ესახება.
– კარგად მახსოვს, თავის დროზე, ედუარდ შევარდნაძე ამბობდა: საქართველო დგას გაზსა და ნავთობზეო, თუმცა ქართული გაზი და ნავთობი ლამის თვალად არ გვინახავს. რა საფუძველი ჰქონდა ამ მოსაზრებას?
– ამას აქვს საფუძველი, რადგან თავის დროზე ამერიკულმა კომპანიამ „ანადარკომ“ ჩაატარა გეოფიზიკური 3D მოდელირება.
– 3D ანუ სამგანზომილებიანი?
– დიახ, როგორც თავის ქალის კომპიუტერული ტომოგრამა კეთდება, ისევე კეთდება გეოფიზიკური წიაღის ფენა-ფენა გამოკვლევა და ფოთის ტრავერსზე არის ნახშირწყალბადების: გაზისა და ნავთობის, არსებობის ძალიან დიდი პერსპექტივა. დაახლოებით, მილიარდ ტონაზე მეტი უნდა იყოს.
– უფრო ნათელი რომ იყოს მკითხველისთვის მასშტაბები, შევადაროთ სხვა რომელიმე ნავთობმომპოვებელი ქვეყნის მონაცემებს?
– მაგალითად, აზერბაიჯანის ნავთობის მარაგი 900 მილიონი ტონაა, ანუ ჩვენთან, წესით, ამაზე მეტია.
– რა სიღრმეზე უნდა იყოს საბადო?
– დაახლოებით, 3-4 კილომეტრის სიღრმეზე, თუმცა ზღვასა და ხმელეთზე სამი-ოთხი კილომეტრის სიღრმე სხვადასხვა რამაა. თავის დროზე, ანუ 2003 წელს „ანადარკოს“ უკვე შეჰქონდა საბურღი პლატფორმა, მაგრამ შემდეგ ამ კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის ურთიერთობა გაფუჭდა და ეს სამუშაოები შეჩერდა. მე მეჩვენება, რომ ეს პერსპექტივა საკმაოდ დიდია და საკმაოდ ოპტიმისტურად შეგვიძლია, ვიყოთ განწყობილი.
– „ანადარკოსთან“ შეჩერდა, მაგრამ არავისთან განუახლებიათ თუ დაუწყიათ?
– განახლებულია სამუშაოები, დადებულია ხელშეკრულება, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი არ ახმაურებენ კომპანიის სახელწოდებას, ამიტომ ვერც მე გეტყვით.
– ეს მართლაც რუსულია კომპანიაა, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი?
– არა მგონია, რუსული კომპანია იყოს, რადგან რუსეთს არ აქვს საამისო ტექნოლოგიები. ვგულისხმობ, სამგანზომილებიანი წყალქვეშა ბურღვის ტექნოლოგიებს.
– მხოლოდ შავ ზღვაშია ნავთობისა და გაზის აღმოჩენის პერსპექტივა?
– ძალიან ბევრ ადგილას შეიძლება, იყოს. მაგრამ იმისთვის, რომ ნახწირწყალბადები დაგროვდეს, საჭიროა, დიდი მოცულობა, ანუ ფართი. ასეთი საშუალება საქართველოში კოლხეთის დაბლობზე არ არის. თუმცა იქ რამდენიმე ჭაბურღილი გაბურღეს, ნავთობი მოდიოდა, მაგრამ მცირე რაოდენობით. შავ ზღვაში კი ნავთობისა და გაზის შემცველი დიდი მარაგია გახსნილი. მოგეხსენებათ, გაზისა და ნავთობის საბადო ცალ-ცალკე არ არსებობს: გაზი მსუბუქი ნახშირწყალბადებია, ნავთობი – მძიმე ნახშირწყალბადები.
– ზუსტად ვერ ვიხსენებ, რომელმა, მაგრამ ერთ-ერთმა რესპონდენტმა წლების წინათ ასეთი რამ მითხრა: საქართველოში ნავთობის საძიებო სამუშაოები იმიტომ არ არის ინტენსიური, რომ აქ მოპოვების შემთხვევაში, დაიკლებს ნავთობის რაოდენობა აზერბაიჯანშიო. არის ამაში სიმართლის ნატამალი?
– ეს აბსურდული მოსაზრებაა. აზერბაიჯანისა და საქართველოს ნავთობის მარაგი ერთი მეორესთან კავშირში არ არის. საბჭოთა კავშირის დროს სამ მილიონ ტონა ნავთობს მოიპოვებდა საქართველო, მაგრამ გააფუჭეს საბადოები.
– საბჭოთა რუსებმა თუ საბჭოთა ქართველებმა?
– საბჭოთა ქართველებმა გააფუჭეს, ძალიან ბევრი წყალი ჩატუმბეს და ნავთობის შრე ემულსიურად გაიხსნა წყალში.
– რა მიზნით უნდა გაეფუჭებინათ?
– საბჭოთა კავშირის გმირის წოდება უნდოდათ და ბევრი ნავთობის ამოღებას ცდილობდნენ. შესაბამისად, ბევრ წყალს ტუმბავდნენ, რომ მეტი ნავთობი ამოსულიყო. ამ არაპროფესიონალიზმის შედეგად კი საბადოები გააფუჭეს.
– ჩვენ ვიცით, რომ დიდი რაოდენობის წყალი გვაქვს, თუმცა არა მხოლოდ უწყლობის პრობლემა გვაწუხებს, არამედ მაღალი ტარიფებისაც; გვაქვს ჰიდრორესურსები, მაგრამ ელექტროენერგიის ტარიფი მაღალია. ნავთობის აღმოჩენის შემთხვევაშიც იგივე ხომ არ მოხდება?
– განვასხვავოთ ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები. მიწისქვეშა წყლებით საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში. მიწისქვეშა წყლის რესურსი 42 მილიონი კუბური მეტრია დღე-ღამეში, მათ შორის, მარაგია 10 მილიონი კუბური მეტრი და დღეს შეგვიძლია, მოვიპოვოთ 6,5 მილიონი კუბური მეტრი.
– განახლებადია, რაც მთავარია.
– ეს არის სამი არტეზიული აუზი და პლუს კიდევ ერთი უზარმაზარი ვულკანოგენური აუზი სამცხე-ჯავახეთში. საქართველოს წყლის რესურსი ევროპის მთლიან რესურსზე უფრო მაღალია. თანაც მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები კი არ განიცდიან წყლის დეფიციტს, არამედ ევროპაც განიცდის, თუმცა ჩვენ გვაქვს სრული პარადოქსი: კახეთი, დასავლეთ საქართველო დგას წყლის უზარმაზარ რესურსზე და თელავსა და ქუთაისში წყლის პრობლემებია. თბილისის ქვეშ ტირიფონის არტეზიული წყლის მიწისქვეშა აუზია, თბილისი კი წყალს ჟინვალიდან იღებს. ეს სრულ ნონსენსად მეჩვენება.
– ინფრასტრუქტურა რთული მოსაწყობია თუ ამოსატუმბადაა ძნელი?
– ინფრასტრუქტურის პრობლემებია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია, წყალი მივაწოდოთ ევროპას, ოღონდ ამისთვის მილსადენია გასაყვანი.
– იმის თქმა მინდოდა, არის იმის გარანტია, რომ ნავთობის აღმოჩენის შემთხვევაში, ჩვენზე დადებითად აისახება ნავთობის ფლობა? ვგულისხმობ, ჩვეულებრივ მოქალაქეებს.
– არ მგონია, რადგან ყველაფერი ხელშეკრულებაზეა დამოკიდებული. აზერბაიჯანს ისეთი ხელშეკრულებები აქვს „ბი პისთან“ გაფორმებული, რომ, როდესაც მათ თავიანთი ხარჯები ამოიღეს, მოპოვებული ნავთობის 80 პროცენტი აზერბაიჯანს რჩება. მთავარია, როგორი ხელშეკრულება დაიდება ნავთობმომპოვებელ კომპანიასთან. თან ეს მარტივი საკითხი არ არის: უნდა შეიქმნას კონსორციუმი, პლატფორმა დაიდგას, მომზადდეს ინფრასტრუქტურა, მიუერთდეს ბაქო-ჯეიჰანს ან ტანკერებით გავიდეს. მაგრამ ტანკერებით რთული იქნება, რადგან ტანკერზე მცირე რაოდენობა ეტევა. ასე რომ, ეს რთული პროექტია და მრავალწლიანი: 4-5 წელი მაინც დასჭირდება, სამი-ოთხი წელი კი ნავთობსადენის მშენებლობას მოუნდება. ამდენად, შესაძლოა, 10 წელიწადში ამოქმედდეს.
– ბაქო-ჯეიჰანის ხაზს გააძლიერებს?
– რა თქმა უნდა. სავარაუდოდ, ჩვენთან უფრო მაღალი რესურსია, ვიდრე – აზერბაიჯანში.
– შესაძლებელია, ისე მოხდეს, რომ ვერ მოხერხდეს შავი ზღვის ფსკერიდან ნავთობის ამოღება?
– შეუძლებელია, ისინი ბურღავენ იმ სიღრმემდე, სადაც ტექნოლოგიურადაა შესაძლებელი მისი ამოღება. უფრო ღრმად ბურღვას აზრი არ აქვს, ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა.
– ცნობილია, რომ ის მწვავე გეოპოლიტიკური პროცესები, რაც ახლო აღმოსავლეთში ვითარდება, სწორედ ნავთობის ფლობას უკავშირდება. ამ თვალსაზრისით, შესაძლოა, ვინმე არ იყოს დაინტერესებული საქართველოში ნავთობის აღმოჩენის ფაქტით? ანუ ხელს უშლიდეს საკუთარი ინტერესის გასატარებლად?
– შეუძლებელია, ეს მოხდეს. ძალიან მნიშვნელოვანი კვლევები მაქვს ჩატარებული საერთაშორისო ნავთობის გეოპოლიტიკაზე. ამ აღმოჩენის შემდეგ საქართველო შევა იმ 20 ქვეყნის რიგში, რომლებიც განსაზღვრავენ მსოფლიო ნავთობის გეოპოლიტიკას. რუსეთში ნავთობის სულ რაღაც 10 წლის მარაგი დარჩა, შემდეგ ძალიან ცუდად ექნებათ საქმე. შედარებისთვის გეტყვით, რომ საუდის არაბეთს 150 წლის მარაგი აქვს. არ გამოვრიცხავ, რომ სტრატეგიულ მომავალში საქართველო „ოპეკის“ წევრიც გახდეს. მარტივ მაგალითს გეტყვით: ბაქო-ჯეიჰანი რომ არ ყოფილიყო, დღეს რუსები თბილისში იქნებოდნენ. ამდენად, ეს კიდევ უფრო გაამყარებს ჩვენს პოზიციას და აფხაზეთისა და „ოსეთის“ დაბრუნების ყველაზე მარტივი გზაა.
– ცნობილი ფორმულით: კეთილდღეობა დააბრუნებს ამ რეგიონებს საქართველოში?
– როდესაც გაქვს ნავთობი, უკვე შენ თვითონ წარმართავ თამაშის წესებს და მოლაპარაკებების დროს ეს შეიძლება, გახდეს ქვაკუთხედი. თეორიულად ნავთობის ისეთ რაოდენობაზეა ლაპარაკი, რომ შესაძლოა, გავუსწროთ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: ვენესუელა, ყატარი, ემირატები, ერაყი, ირანი. როგორც ეკონომიკური, ისე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენ შეგვიძლია, გავხდეთ ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა. რა არის, იცით, საქმე? მსოფლიო დაინტერესებულია იმით, რომ, რაც შეიძლება, მეტი ნავთობი იყოს არამუსლიმანურ ქვეყნებში, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და, ამდენად, ჩვენ მნიშვნელოვანი ფაქტორი გავხდებით: აზერბაიჯანიც ხომ მუსლიმანური ქვეყანაა?! ამასაც აქვს მნიშვნელობა.
– თურქეთის ნავთობპოტენციალი როგორია?
– თურქეთში არ არის ნავთობი და გაზი. ერთადერთი, შესაძლოა, საქართველო-თურქეთის საზღვარზე იყოს უმნიშვნელო რაოდენობა. თვითონ აი, ის ღრმული შავი ზღვის ქვეშ ფოთის ტრავერსზე იშლება, აფხაზეთისა და თურქეთისკენ უკვე შელფია.
– რამდენიმე თვის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთში შესაძლოა, იყოს ნავთობი და თითქოს რუსულმა კომპანიამ დაიწყო ბურღვითი სამუშაოები?
– მეჩვენება, რომ ეს საპნის გაბერილი ბუშტია. იქ არის ნავთობი, მაგრამ ცოტა, არასტრატეგიული რაოდენობაა. უბრალოდ გეოპოლიტიკური თამაშია, რომ თითქოს არის რაღაც მარაგი.
– თუ გამართლდა, რასაც ამბობთ, ძალიან გაუმართლებს საქართველოს იმ ხელისუფლებას, რომელიც იმ დროისთვის, როდესაც მოპოვება დაიწყება, იქნება ქვეყნის სათავეში. შიდა რესურსი გაცილებით ამყარებს ხელისუფალს?
– საქმე ის არის, რომ ჩვენ ამის გარეშეც უამრავი შიდა ბუნებრივი რესურსი გვაქვს, მაგრამ, როგორც წესი, უგუნურად ვმართავთ. ასე რომ, ეს მართვის საკითხია. სხვათა შორის, იმდენად უგუნურად, რომ უკვე ეჭვიც მებადება, შეგვიძლია თუ არა რესურსების გონივრულად მართვა. სამივე ადმინისტრაცია, ტრადიციულად, უგუნურად მართავდა ჩვენს რესურსებს, რაც ცოდნის არარსებობის ბრალია. მათ ჰგონიათ, რომ რესურსების მართვას პროფესიონალიზმი არ სჭირდება. ამდენად, არ ვიცი, როგორ დაჯდება კარტი: ტუზი გამოგვივა თუ ექვსიანი.
– თუ დამრიგებელზე ვიქენით დამოკიდებული, ექვსიანი, ალბათ?
– ამიტომ დამრიგებელი შენ თვითონ უნდა იყო.
– ბუნებრივი რესურები: წყალი, ქარი, პერსპექტივაში ნავთობი, კიდევ?
– ნახშირი, რკინა, მარგანეცი. შეიძლება, გქონდეს მსოფლიოში სიდიდით მეორე საბადო ჭიათურის სახით და ფეროს ამუშავებდე გაბონიდან შემოტანილი მარგანეცით?! გვაქვს ინდუსტრიული მინერალები, რაც ძალიან ძვირი ღირს. არ შეიძლება, გქონდეს მსოფლიოში საუკეთესო თაბაშირის საბადოები და იაფფასიანი „სმაზკები“ და სილიკონი შემოგქონდეს თურქეთიდან. შენ უნდა გამოუშვა.
– მსოფლიო ბაზარზე ადგილები უკვე გადანაწილებულია.
– კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს მართვის საკითხებია. არ არსებობს რესურსი, რომლის გაყიდვა არ შეიძლება დღევანდელ მსოფლიოში. ეს არის ჭკვიანური რესურსული პოლიტიკის თემა!
– არის ერთი, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი პრობლემა: ჩვენ მიერ გამოშვებული პროდუქციის თვითღირებულება ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე შემოტანილის?
– არ არის ასე, ეს ყველაფერი წარმადობაზეა დამოკიდებული. ერთი რამ ცხადია: რამდენიმე წელიწადში გამოჩნდა, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ვერ გაართვა თავი ბუნებრივი რესურსების მართვას; ვერც ეკონომიკის სამინისტრომ. ახლა ჯერი ენერგეტიკის სამინისტროზეა, ვნახოთ, როგორ გაართმევენ თავს. წინასწარ არაფრის თქმა არ მინდა, ყოველ შემთხვევაში, მინისტრის მოადგილე საკმაოდ ჭკვიანი კაცი ჩანს.
– ჩვენც ეს გვინდა.