მერვე საოცრება
„კარგად ააშენა, ვინაც ააშენა, ბენზინით დაამშვენა“
იმას, რომ ინფრასტრუქტურა ჩვენი ნომერ პირველი საზრუნავია (ხუმრობა საქმე ხომ არ არის, 10 მილიონამდე ტურისტის მოზიდვაზე გვაქვს ფსონი დადებული?!), შინ და გარეთ აღიარებს როგორც ერი, ისე ბერი. ჰოდა, რაკი აღიარებს (ესე იგი, მოლოდინის რეჟიმიც აქვს), ჩვენი ქვეყნის ელიტამ, პირველკაცის მეთაურობით, უკვე დაათვალიერა ცენტრალურ მაგისტრალზე ერთ-ერთი მოსასვენებელ-ფეხის გასაშლელ-ბენზინჩასასხმელი ობიექტის მშენებლობა („ვისოლის“ თაოსნობით), სადაც მსურველს (ტურისტსა თუ აბორიგენს) დასვენების შესაძლებლობაც ექნება, საწვავის ჩასხმისაც, წახემსებისაც, საჭირო პროდუქტის შეძენისაც, ზედაც – ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაც.
ნაგებობა (ესკიზშივე ეტყობოდა) გრანდიოზულიც იქნება და ორიგინალური დიზაინისაც. „ვისოლის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ არ დაგვიმალა, რომ ასეთი ნაგებობა არათუ რეგიონში, მთელ მსოფლიოში არსადაა (ვითომ, აღიარებენ მსოფლიოს მერვე საოცრებად?!), რის დასტურადაც საკუთარი გამოცდილება მოიტანა (მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოფილა ნამყოფი). იქ მყოფმა საზოგადოებამაც (რომელიც, ძირითადად, ამ ქვეყნის უპატიოსნესი გვამებისგან შედგებოდა) დაუბეჭდა, რომ ის არქიტექტურული შედევრია. შესაბამისად, მის უკვდავსაყოფად ახლა უკვე პოეტი გვჭირდება (თუმცა, კაკალაშვილის რითმა არ გამოგვადგება), ხოლო, ვიდრე პოეტი გამოჩნდება, პერიფრაზს დავყაბულდეთ: „კარგად ააშენა, ვინაც ააშენა და ცით დაამშვენა (ბუნებრივია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, „ცის“ ქვეშ „ბენზინი“ უნდა ვიგულისხმოთ).“