ჰომოერექტუსების კვალზე
„ისა სჯობს, რაც ძველია“
„წარსული ჩვენი ფესვებია. ფესვები არ ჩანს, ამიტომაც გვგონია, რომ ისინი არ არსებობს, სინამდვილეში არაფერი არსებობს ისე რეალურად, როგორც წარსული.“ სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზეზით, წარსული სიურპრიზებს არ იშურებს: ის არ გვაკმარა, რომ პირველი ევროპელობა გვარგუნა, სულ ახლახან დმანისში (წინასწარი მონაცემებით) მსოფლიოში პირველი ადამიანის კვალიც გამოგვიჩინა. ხოლო, რაკი გამოგვიჩინა, გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელმა და ქართველმა მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ პირველი ადამიანი კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში განვითარდა. შესაბამისად, აქედანვე გადავიდა აფრიკაში და არა – პირიქით, როგორც აქამდე ფიქრობდნენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ინფორმაციას აშშ-ის ნაციონალური მეცნიერებათა აკადემია ავრცელებს (ყოველ შემთხვევაში, ასე გვითხრა ჩვენმა ელმედიამ), მათ ტყუილიც დაეჯერებათ, არათუ სამეცნიერო ვარაუდი.
ერთი ისაა, რომ ჯერჯერობით მხოლოდ ქვის იარაღებია აღმოჩენილი, თუმცა, სადაც იარაღი, იქვე დამჭერიც იქნებოდა. სწორედ ამ ქვებზე დაყრდნობით იმედოვნებენ, რომ მფლობელები მთლად ძველები იქნებიან (არათუ ზეზვასა და მზიაზე უფრო ადრინდელი არსებები, აფრიკის მცხოვრებლებზე უძველესებიც). კერძოდ, თუკი უძველესი აფრიკელი 1,65 მილიონი წლით თარიღდება, ჩვენი ქვის იარაღები – 1, 85 მილიონი წლით.
მართალია, დმანისში აღმოჩენილი ქვის არტეფაქტების შესწავლას ორი წელი დასჭირდება, თუმცა, პირველადი დათვალიერების შემდეგვე სჯერათ ამერიკელ მკვლევრებს, რომ ჰომოერექტუსებმა არა აღმოსავლეთ აფრიკაში, არამედ საქართველოს ცის ქვეშ ახედეს პირველად მზეს.
მეორე მხრივ, ეს აღმოჩენა ბევრ რამესაც ჰფენს ნათელს (ბოლოს და ბოლოს, თუ მთლად აფრიკელზე ძველი ვერა, უარეს შემთხვევაში, მისი კბილა ხომ მაინც აღმოვჩნდებით?!): რა თქმა უნდა, ჩვენს ორგანულ ლტოლვას ყოველივე დასავლურისკენ (და მერე რა, რომ ჯერჯერობით გამოხატულად სიტყვიერს?!) და ამ ჩვენს მოქმედებაში მოძალებულ, განსაკუთრებით, პირველყოფილი ადამიანისთვის ორგანულსავე ჩვევებს!
გვერდები მოამზადა