შეურაცხყოფილი „ძლიერი საქართველო“
ანუ „დამყპრობელი“
მართალია, ის „ძლიერ საქართველოს“ წარმოადგენს (და მერე რა, რომ ოდენ საპარლამენტო ფრაქციის დონეზე, თანაც ისეთ პარლამენტში, სადაც, ოღონდ ოპოზიციონერებს ებარტყათ და ფრაქციის შესაქმნელად 6 კაცსაც კი დაჰყაბულდა უმრავლესობა), მაგრამ „აგვისტოს 5 დღის“ პრემიერაზე მაინც არ დაპატიჟეს (არა მხოლოდ ის, პარლამენტის სრულიად ოპოზიციური სპექტრი). შესაძლოა, იმიტომაც რომ ფაქტი კრიზისულად ეჩვენა (რაკი „ანტიკრიზისულ საბჭოსაც“ ხელმძღვანელობს), ის ბიუროს სხდომაზე პირველივე შესაძლებლობისთანავე გააპროტესტა. სახელდობრ, ბ-ნმა თორთლაძემ ბრძანა: „მინდა გითხრათ, რომ საქართველოს ოკუპაცია ჩვენ ისევე გვაწუხებს, როგორც ნებისმიერ თქვენგანს (ვითომ, ფილმის პრემიერაზე დასწრებით იზომება ოკუპაციით შეწუხების ხარისხი?!). ფილმის ჩვენებაზე ოპოზიციის არც ერთი წარმომადგენელი მიწვეული არ იყო. ეს, შეიძლება, შეურაცხყოფად აღიქმებოდეს, რადგან ოკუპაციის წინააღმდეგ არანაკლებ ვმუშაობთ, ვიდრე უმრავლესობის ზოგიერთი წევრი (აი, ის „ზოგიერთიც“ რომ დაეკონკრეტებინა, მთლად უკეთესი).“
უმრავლესოელ ბ-ნ კვერნაძეს (საპასუხოდ) ის-ის იყო, „კარტი უნდა გაეხსნა“ (მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, „ორი მოსაწვევიო“), რომ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კოლეგას სიტყვაც შეაწყვეტინა და ბიუროს სხდომიდან ჟურნალისტებიც დაითხოვა, თუმცა დათხოვნამდე სრულად გაიზიარა ბ-ნი თორთლაძის პათოსი: „როდესაც ეს სახელმწიფო ღონისძიებაა, პარლამენტის ყველა წევრი უნდა იყოს მიწვეული.“ პათოსგაზიარებით თუ უზიარებლად, წყენა წყენად დარჩა, ოღონდ, უკვალოდ მაინც არ ჩაუვლია (ბარათაშვილის „მერნის“ სტილში). არ ჩაუვლია, რადგან გაირკვა, რომ ბ-ნი თორთლაძე (სავარაუდოდ, ერთი მხრივ, შეურაცხყოფის მოსანელებლად, ხოლო, მეორე მხრივ, შესაძლოა, იმის დასამტკიცებლადაც, რომ „საქართველოს ოკუპაცია ჩვენ ისევე გვაწუხებს, როგორც ნებისმიერ თქვენგანს“) პაკისტანის უმაღლესი მწვერვალების დაპყრობას აპირებს. პოტენციალური დამპყრობლის (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მწვერვალის დამპყრობელი მყავს მხედველობაში) ექსპედიცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციასა და ომში დაღუპულ მებრძოლებს მიეძღვნება. ამის პარალელურად კი პაკისტანში გაიკვრება სტიკერები წარწერით: „საქართველო ოკუპაციის გარეშე!“ ამის შემდეგაც აღარ მიიწვევენ პრემიერაზე?!