რატომ არის საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა თბილისის წყლის მმართველი კომპანიის მიერ აბონენტების იძულება, შეიძინონ წყლის მრიცხველები
საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 10 აპრილის ¹ 245 ბრძანებულების მიხედვით, აგერ უკვე მესამე წელია, დადგინდა, რომ „გაუმრიცხველიანებელი მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდებისა და ჩანადენი სითხის გაწმენდის მომსახურების ტარიფი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს არა უმეტეს შემდეგი ოდენობისა: 2008 წელს – 2,4 ლარი; 2009 წელს – 2,6 ლარი, 2011-2013 წლები – 2,95 ლარი, 2014 წელს – 3,3 ლარი; 2015 წელს – 3,5 ლარი; 2016 წელს – 3,7 ლარი, 2017 წელს – 3,9 ლარი, 2018 წელს – 4,1 ლარი. გამრიცხველიანებელი მოსახლეობისთვის კი ერთი კუბური მეტრი წყლის ტარიფი განისაზღვროს არა უმეტეს შემდეგი ოდენობისა: 2008 წელი – 10 თეთრი, 2009 წელი – 0,22 ლარი, 2010-2013 წლები – 0, 25 ლარი, 2014 წელი – 0,28 ლარი, 2015 წელი – 0,297 ლარი, 2016 წელი – 0,313 ლარი, 2017 წელი – 0, 33 ლარი, 2018 წელი – 0,347 ლარი“.
ეს ბრძანებულება მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც თბილისსა და რუსთავში ინდივიდუალური და კოლექტიური გამრიცხველიანების პროცესის დაწყება გვაუწყეს და უცხოური კომპანიის უცხოელივე გენდირექტორი დაგვპირდა, რომ ამის წყალობით თბილისელებს, ისევე, როგორც რუსთაველებს, წყლის ამჟამინდელთან შედარებით განახევრებული ტარიფის გადახდა მოგვიწევს. რამდენად შეესაბამება ეს დაპირება რეალობას და ნიშნავს თუ არა თეორიული განახევრება რეალურ განახევრებას, – საკითხს „მწვანეების“ ლიდერი, გიორგი გაჩეჩილაძე განგვიმარტავს.
– ამ ბრძანებულებიდანვე ჩანს, რომ წყლის ტარიფი უნდა იყოს 2,95 ლარი, მაშინ როდესაც არის 3,15 ლარი. რა ხდება?
– მინდა, გითხრათ, მთელი საქართველოს წყალმომარაგების სისტემა პრეზიდენტის ბრძანებულებით, 2008 წელს გადაეცა რუსულ კომპანიას პირდაპირი მიყიდვის წესით. ეს არის: „რუსთავწყალი“, „თბილისის წყალი“, მცხეთის წყალმომარაგების სისტემა და „საქწყალკანალი“, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს. წინასწარი მოლაპარაკების საფუძველზე, დააწესეს ის ტარიფები, რომლებიც დღესაც მოქმედებს. პრობლემა ის არის, რომ ეს ყველაფერი გაიყიდა 90 მილიონ დოლარად და კერძო კომპანია, რომელსაც ეტაპობრივად უნდა გადაეხადა ეს თანხა, ცდილობს, მეტი მოგება ნახოს. პრეზიდენტის ბრძანებულებითვეა განსაზღვრული ტარიფების ზრდის დინამიკაც. მეორე მხრივ, რუსული კომპანია, რომელმაც 90 მილიონ დოლარად შეისყიდა საქართველოს მთელი წყალმომარაგების სისტემა, არ ასრულებს აღებულ ვალდებულებას. პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, 24-საათიანი წყალმომარაგება რუსთავშიც, თბილისშიც და მცხეთაშიც 2011 წლიდან უნდა დაწყებულიყო. რეალურად კი, მდგომარეობა დარჩა იგივე, ანუ ამ რუსულმა კომპანიამ დაარღვია ხელშეკრულება და ჩემთვის გაუგებარია, პასუხს რატომ არავინ სთხოვს. უფრო მეტიც, შეღავათებიც მიიღო, რადგან იმავე განკარგულებით, გარემოს დაცვის სამინისტროს დაევალა სპეციალური ღონისძიებების ჩატარება, რომ ბევრი დავალიანება არ დაედოს ამ კერძო კომპანიას.
– გულისხმობთ ჩანაწერს: „გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვითი ღონისძიებების განხორციელების შესახებ გეგმა შეიმუშაოს ინვესტორის დახმარებით, რათა ინვესტორს არ დაეკისროს ისტორიული დაბინძურების პასუხისმგებლობა“?
– დიახ. რაც შეეხება თვითონ გამრიცხველიანების პრობლემას: აბსურდია, რომ მოსახლეობას ახდევინებენ მრიცხველების საფასურს, რადგან მოსახლეობა ისედაც მაღალ ტარიფს იხდის წყალში.
– როგორც ვიცი, მომხმარებელთა უფლებების შესახებ კანონი უკრძალავს კერძო კომპანიას მრიცხველების და, საერთოდ, მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯის აბონენტებისთვის დაკისრებას?
– რა თქმა უნდა. როგორ შეიძლება, რომ კომერციულმა ობიექტმა თავისი მოგების მისაღებად ხარჯი მოსახლეობას დააკისროს?! ესე იგი, მე მინდა, რაც შეიძლება, მეტი ფული ამოვიღო შენგან და ამიტომ შენ თვითონ უნდა გახდე ჩემი ფინანსური უზრუნველყოფის წყარო?! მაგრამ არც ასე მარტივადაა საქმე: როდესაც გამრიცხველიანებაზე ლაპარაკობენ, ამბობენ, რომ მოხდება წყლის ეკონომია და მოსახლეობას შეუმსუბუქდება გადასახადი.
– ეკონომია, ანუ იშვიათად დავიბანთ?
– არსებობს მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფის საერთაშორისო ნორმები, თუმცა ეს კომპანია ამბობს, რომ თითო სულზე ეს დღე-ღამეში განისაზღვრება 200 ლიტრით. მაგალითად, შეერთებულ შტატებში ერთი ადამიანი დღე-ღამეში, თავისი სანიტარული და საკვები მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, მოიხმარს 190 ლიტრ წყალს, გერმანიაში ეს მაჩვენებელი 130 ლიტრია, რომში – 220 ლიტრი, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კი – უფრო მაღალი. ვთქვათ, ვიანგარიშეთ თითო სულზე დღე-ღამეში 200 ლიტრი, მაგრამ მხოლოდ ამით ხომ არ შემოიფარგლება ოჯახის ხარჯი? ჩვენთან შემოდის ძალიან დაბალი ხარისხის სანტექნიკა, ძირითადად, უხარისხო და იაფფასიანი თურქული, რომელიც ძალიან მალე გამოდის მწყობრიდან და თითქმის ყველა ოჯახში საიდანღაც წვეთავს წყალი, ეს პატარა წვეთები კი მთელი დღის განმავლობაში უზარმაზარ დანაკარგს იძლევა. გარდა ამისა, თვითონ წყალი თბილისშიც კი უხარისხოა. უხარისხოა არა ჯანმრთელობისთვის, არამედ იმის გამო, რომ ქვიშიანია, რადგან ხარისხიანად არ არის გაფილტრული. ამის ნახვა ყველას შეუძლია თავისუფლად.
– წყლის გაწყვეტის და მოსვლის შემდეგ ჩემი ონკანებიდან გოროხები ცვივა.
– ეს კი აზიანებს უხარისხო სანტექნიკას, ასე რომ, მოსახლეობას არა მხოლოდ წყლის გადასახადის გადახდა მოუწევს, არამედ იძულებული იქნება, სისტემატურად გამოცვალოს სანტექნიკა ოჯახში ან წყალი სულ ჩაკეტილი ჰქონდეს. მოკლედ, გაცილებით ბევრ პრობლემასთან იქნება დაკავშირებული ინდივიდუალური გამრიცხველიანება და ეს გაცილებით ძვირი დაუჯდება მოსახლეობას. ამიტომ კეთილი ინებოს ამ კომპანიამ და, სანამ ამ მრიცხველებს დააყენებს, წყლის ხარისხი მოიყვანოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში, რომ ქვიშა არ მოჰყვებოდეს, ხელისუფლებამ კი საქართველოს ბაზარი უზრუნველყოს მაღალი ხარისხის სანიტარული ტექნიკით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსახლეობის სანიტარული მდგომარეობა გაუარესდება, ის უბრალოდ ჩაკეტავს წყალს და იშვიათად მოუშვებს, რომ ნაკლები გადაიხადოს.
გარდა ამისა, აქ ჩადებულია სოციალური დაპირისპირების წინაპირობა: ამ განკარგულების მიხედვით, უნდა მოხდეს საცხოვრებელი კორპუსებისა და მრავალბინიანი სახლების გამრიცხველიანება და დაყენდეს კოლექტიური მრიცხველები, რაც უნდა დასრულდეს შვიდ წელიწადში. წარმოიდგინეთ, თქვენ ცხოვრობთ მრავალსართულიან კორპუსში, სადაც დგას კოლექტიური მრიცხველი, რომელიც დიდ თანხას წერს, მაშინ, როდესაც პირადად თქვენ, ეკონომიურად ხარჯავთ წყალს. ეს ხომ კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას შორის მუდმივი შიდა დაპირისპირების წყარო იქნება?! ასე ხდებოდა ელექტროენერგიის კოლექტიური მრიცხველების შემთხვევაში, კინაღამ დახოცა ერთმანეთი მოსახლეობამ.
– თუ არ ვცდები, მკვლელობის შემთხვევები იყო?
– და ვინ გააკონტროლებს ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსში, ვინ რამდენ წყალს ხარჯავს?! მეორე მხრივ, ეს პოლიტიკურად აძლევთ ხელს, რომ არ მოხდეს მოსახლეობის ორგანიზება, მუდმივად დაპირისპირებულები იყვნენ და ერთმანეთს ლანძღავდნენ. ეს გარდაუვალია, იმიტომ რომ ადამიანები მძიმე სოციალურ მდგომარეობაში არიან, პურის ყიდვაც კი უჭირთ, არათუ იმ წყლის ღირებულების გადახდა, რომელიც არ დაუხარჯავთ.
– ძალაში დარჩება ერთიანი ადმინისტრირება? ანუ ელექტროენერგიის გათიშვა წყლის გადასახადის გადაუხდელობის გამო?
– წარმოიდგინეთ, რას გამოიწვევს ეს?! მე ამ ბრძანებულების არსს ასე ვხედავ: ერთი მხრივ, გამდიდრდეს ეს კერძო კომპანია და, მეორე მხრივ, გამწვავდეს დაპირისპირება მოსახლეობას შორის.
– თუ ვიანგარიშებთ ზუსტად, სულზე 200-ლიტრიანი ხარჯვის შემთხვევაში, წყლის ტარიფი მართლაც ნაკლები იქნება, თავი რომ დავანებოთ სანტექნიკის ხარჯს, მაგრამ მრიცხველის შეძენის დავალდებულება ნიშნავს, რომ მოსახლეობას არ შეუმსუბუქდება გადასახადი, მინიმუმ ორი წელი მაინც, სანამ არ დაფარავს წყლის მრიცხველის თანხას, ორი წლის შემდეგ ახალ მრიცხველს დააყენებენ და რა გამოდის?
– ამის დაშვება არ შეიძლება, რადგან გარდა იმ ვალდებულებისა, რაც ეკისრებოდა ამ კომპანიას, რომელმაც 90 მილიონ დოლარდ იყიდა საქართველოს მთელი წყალმომარაგების სისტემა, მაინტერესებს, არის თუ არა დაცული უსაფრთხოების ზომები თბილისის წყალმომარაგების ქსელში? დამპალი წყალგაყვანილობის სისტემა, ბუნებრივია, მოსაგვარებელია, მაგრამ მე გაგახსენებთ ერთ შემთხვევას, რომელიც დაკავშირებული იყო სისტემის უსაფრთხოებასთან. რამდენიმე წლის წინათ ჩავატარეთ პრესკონფერენცია იმის შესახებ, რომ არაგვის ხეობაში, სადაც ღია აუზებია, სადაც ჟინვალიდან შემოსული სასმელი წყლის ფილტრაცია ხდება და საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დაცული უნდა იყოს სანიტარული ზომები, ხელისუფლების წარმომადგენლებმა აიშენეს აგარაკები. არადა ამ ზონას ჰქვია პირველი სანიტარული ზონა, სადაც ადამიანის შესვლაც კი აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობის მიერ. მე ვეკითხები ამ რუსულ კომპანიას: ის აგარაკები აღებულია? თუ არ არის აღებული, სად მიდის კანალიზაცია?
– გამახსენდა, ჩვენს ჟურნალში გამოქვეყნდა ინტერვიუ ბესო ჯუღელთან, რომელიც გვიამბობდა, თუ როგორ სეირნობდა ხოლმე სტუმრებთან ერთად იმ აუზში ნავით. GWG-ს საიტზე გამოქვეყნებულია სხვადასხვა ქვეყნის წყლის ტარიფები და ის არაერთგვაროვანია.
– ეს ინფორმაცია მაშინ იქნებოდა სრულყოფილი, თუკი იქვე მიაწერდნენ, რამდენია იმ ქვეყნებში მოსახლეობის საშუალო ხელფასი და უმუშევრობის დონე. ეს მონაცემებიც მიუთითონ და შემდეგ ნახონ, როგორი სხვაობაა.
– ის, რომ ჩვენი წყალი ონკანიდან ისმება და ევროპული არა, იმიტომ რომ აზიანებს პირის ღრუს, კბილებს, ღრძილებს, არ ნიშნავს, რომ საფილტრაციო დანახარჯებიც სხვადასხვანაირია?
– ევროპაში უბრალოდ ტრადიციაა, რომ ბოთლის წყალს სვამენ, თორემ ონკანში გაწმენდილი წყალი მოდის. შეიძლება, ამ წყალს, თავისი ბუნებრივი შემადგენლობიდან გამომდინარე, რაღაც პრობლემები ჰქონდეს, მაგრამ ბიოლოგიურად და ქიმიურად დაუმუშავებელ წყალს ვინ გაუშვებს ონკანში?! პირადად მე, როდესაც ევროპაში ვარ, წყალს ონკანიდან ვსვამ.
– ფაქტია, რომ ამ კერძო კომპანიას არ აქვს არანაირი კანონიერი უფლება, მომხმარებელს გადაახდევინოს მრიცხველების საფასური. როგორ უნდა მოიქცეს მოსახლეობა, რომ თავისი კანონიერი უფლებები დაიცვას?
– წარმოგიდგენიათ, რამხელა ბიზნესია მრიცხველების გამოცვლა?! თავი დავანებოთ საწარმოებსა და კერძო სტრუქტურებს, საქართველოში მილიონამდე ოჯახია, ამდენად, ადვილად დასათვლელია, ვინც შემოიტანს, როგორ მოგებასაც ნახავს. ამიტომაც დგება ხოლმე პერიოდულად გაზის მრიცხველებთან დაკავშირებითაც პრობლემა, უნდა გამოიცვალოსო. ახლახან ისიც ითქვა, რომ მაღაზიებმა ახალი სალარო-აპარატები უნდა დააყენონო. მესმის, რომ უჭირთ ბიუჯეტის შევსება, მაგრამ ხომ არ შეიძლება ყველაფერში ფულის გაკეთება?!
– მხოლოდ თბილისის წყალმომარაგების კომპანიაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ „ყაზტრანსგაზთბილისიც“ იმავეს აკეთებს, „თელასს“ კი, მართალია, გამრიცხველიანება აბონენტების ხარჯზე არ ჩაუტარებია, მაგრამ, სამაგიეროდ, სისტემის რეაბილიტაციისთვის აღებული კრედიტი ჩადო ელექტროენერგიის ტარიფში და აბონენტებს გადაახდევინა. არ არსებობს ასეთი უკანონობის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლის საშუალება?
– რა თქმა უნდა, რადგან კერძო კომპანია არღვევს კანონს, მომხმარებელს შეუძლია, იჩივლოს.
– ვთქვათ, მოიგო. პირადად მე ძალიან მიკვირს ოპოზიციური პარტიების პასიურობა ამ კუთხით. მხოლოდ „ლეიბორისტები“ მახსენდებიან, რომლებმაც საკონსტიტუციო სასამართლოში იჩივლეს და „ეი ი ეს თელასს“ ელექტროენერგიის ტარიფის ზღვრად 18 თეთრი დაუწესდა. თუ ახლა ნაკლებს გადავიხდით, ხომ ნიშნავს, რომ აქამდე ბევრს ვიხდიდით?
– ფიქსირებული ტარიფით გადახდისას, თითო სულ მოსახლეზე წყლის ხარჯად იგულისხმება 800 ლიტრი და ამაში შედიოდა დანაკარგები. თუმცა ასეთი გაანგარიშება არსადაა მთელ დედამიწაზე. მაგრამ, იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც აქვს ჩვენს წყალმომარაგების სიტემას როგორც ზოგადად, ისე ბინებში, საქართველოს მოსახლეობას თავისი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, გაცილებით მეტი დაუჯდება წყლის მოხმარება: წყალს, ალბათ, დალევს და სადილსაც გააკეთებს, მაგრამ სანიტარული პირობები გაუარესდება.
– შადრევნები, წყლის დასალევი წერტილები?
– ამ განკარგულებით განსაზღვრულია ასეთი ობიექტების გადასახადიც: 4-4 ლარი და ამას მერია გადაიხდის. რაც შეეხება ორგანიზაციებს, ალბათ, მალე კანცელარიაში ონკანის ქვეშ დამდგარ ადამიანებს დავინახავთ. შესაძლოა, პარლამენტის კარიც გაუხსნას ზოგიერთმა პარლამენტარმა გაჭირვებულ მოსახლეობას და შეუშვას საბანაოდ.
P. S. ახლა კი წყლის სამომავლო ტარიფისთვის ნათლის მოსაფენად, დავიანგარიშოთ, რა დაუჯდება თითოეულ მოსახლეს თვეში მოხმარებული წყლის საფასური: რაკი დღეღამურ მოხმარებად ერთი მოსახლისთვის დადგენილია 200 ლიტრი წყალი (თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს რაოდენობა არასაკმარისია და შესაძლოა, ამაზე ორჯერ მეტი წყალი მოიხმაროთ), თვეში ეს 6 000 ლიტრი, ანუ 6 კუბური მეტრი გამოდის. თუკი ერთი კუბური მეტრის ფასი 0,266 ლარია (თუმცა პრეზიდენტის ბრძანებულებით, 0,25 ლარი უნდა იყოს), მივიღებთ ლარ და ორმოცთეთრიან ტარიფს (ნაცვლად ფიქსირებული სამი და თხუთმეტისა). ოღონდ, თუ გავითვალისწინებთ, რომ, რეალურად, შესაძლოა, ამაზე ორჯერ მეტი წყალი დაგვჭირდეს, თვეში წყლის ტარიფად ორი ლარი და ოთხმოცი თეთრი გამოგვივა (ერთ სულ მოსახლეზე), თუ ამას მრიცხველის თანხასაც დავამატებთ, შესაძლოა, შემცირებულად გასაღებული ტარიფი, დღევანდელზე მეტიც გამოვიდეს (მრიცხველის ღირებულება 100 ლარია და ამ თანხას მოსახლეობას 24 თვეში დააფარინებენო, რაც თვეში ოთხ ლარსა და 16 თეთრს შეადგენს ორი წლის განმავლობაში). სანტექნიკის ხარჯის გათვალისწინებით კი, ეს თანხა კიდევ უფრო გაიზრდება.