რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება სტუმრიანობის დროს და რისგან იცავს საცხოვრებელს მუქბეწვიანი შინაური ცხოველი
სანამ ადამიანი საკუთარ თავზე არ გამოსცდის, სხვისი მონაყოლი ზღაპარი ჰგონია. ეს განსაკუთრებით იმ თემას ეხება, რასაც ეზოთერიკოსები ფენომენალურ მოვლენას უწოდებენ. ასევე, დღევანდელი ყოფის ფონზე, შესაძლოა, ერთი ადამიანის კეთილდღეობა ისე შეშურდეს მეორეს, რომ შურის გამო გათვალოს კიდეც და ამით მის წარუმატებლობას დაუდოს სათავე. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ქეთევანი ამბობს, ჩვენს გარშემო უამრავი ბოროტი ადამიანი დადის და სწორედ მათი წყალობით შემოდის ჩვენს საცხოვრებელში შავი და ბოროტი ენერგია, სახლში ეს ენერგია შურიან და ღვარძლიან სტუმრებს შემოაქვთ და ასე გროვდება ის.
ქეთევანი: არსებობს ფაქტები, რომელსაც ადამიანი ყურადღებას არ აქცევს, ხოლო, როცა დრო გადის, მერე უფიქრდება და ხვდება, რომ უბრალოდ არაფერი ხდება ამ დედამიწაზე. ის, რასაც ცრურწმენას ეძახის ბევრი, მეც ბევრჯერ არ გამითვალისწინებია და მათ შედეგს დღესაც ვიმკი. დამიჯერეთ, ჯობია კარგად დაფიქრდეთ, დაუჯეროთ უფროსი თაობის წარმომადგენელთა რჩევებს და გააანალიზოთ ყოველი სიტყვა, ქმედება, სანამ ნაბიჯს გადადგამდეთ. ასე, არც დაზარალდებით და არც სავალალო შედეგს მოიმკით.
– ცრურწმენები ახსენეთ. კონკრეტულად, რას გულისხმობთ და რაზე უნდა გაამახვილოს ადამიანმა განსაკუთრებული ყურადღება ყოველდღიურ ცხოვრებაში?
– როგორც გითხარით, ადრე არც მე ვაქცევდი ცრურწმენებს ყურადღებას და ახლა კი იმდენად ყურადღებით ვარ, რომ იტყვიან, წესებს არ ვარღვევ. საერთოდ, სანამ ადამიანი არ იწვნევ, მანამდე არ ფიქრობ შედეგზე. დღესაც კი უამრავ ლიტერატურას ვკითხულობ, სადაც ძველი ეზოთერული სიბრძნეა ჩადებული. უფროსი თაობის წარმომადგენლებს ვხვდები და მათგანაც ბევრ საინტერესო ინფორმაციას ვიღებ ამ სფეროში. ამჯერად, რამდენიმე წესს გაგანდობთ, რომელიც საკმაოდ მარტივია, მაგრამ დიდი ზემოქმედების უნარი აქვს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგალითად, ბევრმა დიასახლისმა იცის ღამით სამზარეულოს მაგიდაზე დანის დატოვება. ეს სახიფათოა, რადგან, მან ოჯახური კონფლიქტი და ოჯახის წევრებს შორის გაუგებრობა შეიძლება გამოიწვიოს. თუ გსურთ, ბედი არ დაითარსოთ, არასდროს აჩუქოთ სხვას მარგალიტის ან გიშრის სამკაულები. ასევე, მზის ჩასვლის შემდეგ არ ასწიოთ ბავშვი თქვენ თავს ზემოთ, თორემ დაბალი გაიზრდება. ასევე, მზის ჩასვლის შემდეგ, არც თმა მოიჭრათ, არც ფრჩხილი, არც ღილი დააკეროთ და არც გაკეროთ რამე. ასეთ დროს, არც ფულის გასესხება და დათვლა ვარგა, უბარაქობა იცის. ახლა, ბევრი იწყებს სახლის მშენებლობას და მინდა, ერთი ძველი ეზოთერული ოქროს წესი გაგანდოთ. კერძოდ, სახლის მშენებლობისას, საძირკველში აუცილებლად ჩაყარეთ ხურდა ფული და მატყლი.
– ეს რისთვისაა საჭირო?
– იმისთვის, რომ სახლში მუდმივად ბარაქა და სითბო ტრიალებდეს. სახლის საძირკველში ჩატანებული ფული ბარაქას უზრუნველყოფს, მატყლი კი ოჯახურ სიტკბოებასა და სიყვარულზე აგებს პასუხს.
– ქალბატონო ქეთევან, გამიგია, თუ ქალიშვილი მამაკაც ოჯახის წევრს ჰგავს, მაგალითად, ბაბუას, მამას ან ბიძას, მას ბედნიერი მომავალი ელისო. ეს თუ შეესაბამება სიმართლეს?
– (იცინის). ამ კითხვის დასმას არ ველოდი, მაგრამ გეტყვით, რომ სრული სიმართლეა. თუ ქალიშვილი მამას, ბაბუას ან ბიძას ჰგავს, ის ბედნიერი ნამდვილად იქნება, ან პირად ცხოვრებაში ან კარიერაში, ან ორივეში ერთად. მაგრამ რომელიმეში რომ დიდი წარმატება გარდაუვალია, ამის ბევრი ფაქტი არსებობს. თავადაც შეგიძლიათ, დააკვირდეთ ახლობლებს და დასკვნას აუცილებლად გამოიტანთ, მიხვდებით, რომ მართალს ვამბობ. ასევე, ანალოგიურად, თუ ვაჟიშვილი დაემსგავსა დედას, ბებიას ან დეიდას, ისიც ბედნიერი იქნება მომავალში.
– სახლში ნეგატიური ენერგია შეუძლია შურიანმა ადამიანმა შემოიტანოს?
– ეს, ნამდვილად ასეა. ალბათ, ყველა ჩვენთაგანს ესტუმრებიან ხოლმე მეგობრები, მეზობლები თუ ნათესავები. ამ დროს, შესაძლოა სტუმარმა ბოროტი ენერგია შურის გამო იმ დოზით გადმოაფრქვიოს თქვენს საცხოვრებელში, რომ უიღბლობის მსხვერპლი უნებლიეთ გახდეთ. ამიტომ, სახლის დაცვა ასეთი შურიანი ადამიანების თვალისგან კარიდან უნდა დაიწყოს. სახლის კარზე დაამაგრეთ ნალი. სასურველია, თუ მასში ეკლიან მცენარეს ჩაარჭობთ. ასე დაცვა ორმაგდება, რადგან ეკალი კარგად ებრძვის ავ თვალს და მას კარის შიგნით, სახლში არ უშვებს. ასევე, კარგია თუ ეკლიან ქოთნის ყვავილს შემოსასვლელში დადგამთ. სხვათა შორის, ჩვენი წინაპრები, სახლის კარის საკეტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ანტიკვარულ და ძველ ავეჯს თუ დააკვირდებით, ნახავთ, რომ თითოეულ უჯრას თუ კარს ლამაზი და საგულდაგულოდ დასაკეტი გასაღები უკეთდება. უმჯობესია გასაღებების აცმა ვერცხლისფერ ჯაჭვზე დაკიდოთ და ის არასდროს დადოთ მაგიდაზე. ასევე, ეცადეთ, თქვენი გასაღების აცმა შურიანი ადამიანების მზერას მოარიდოთ. ასე, გაქურდვისგან იქნებით დაცული. ძალიან კარგია, სახლში ძაღლის, კატის ან ჩიტის ყოლა. ყველაზე კარგი და წარმატების მომტანია აკვარიუმში მოცურავე თევზები, განსაკუთრებით კი ოქროსფერი. ოქროსფერი თევზი სიმდიდრის ერთგვარ თილისმად მოიაზრება ეზოთერიკაში. ზოგადად, ცხოველის ბეწვი უარყოფით ენერგიას ანეიტრალებს ბინაში. ამ მხრივ კარგია მუქბეწვიანი ძაღლის ან კატის ყოლა. ასეთ ცხოველებს სახლის ენერგეტიკის დაცვა და შენარჩუნება უკეთ შეუძლიათ. ალისფერი შეფერილობის ჩიტი გალიაში სიყვარულში წარმატებას და ფინანსურ კეთილდღეობას გპირდებათ. ასე რომ, ბევრ რამეს არ ვანიჭებთ ადამიანები დიდ მნიშვნელობას, ეს შესაძლოა უცოდინრობით მოგვდის, შესაძლოა დაუჯერებლობით, მაგრამ ჩვენვე რომ შეგვიძლია, სხვების რჩევების გარეშე, დავეხმაროთ საკუთარ თავსა და ოჯახის წევრებს, ეს უდავოა.
– უარყოფითი ენერგიისგან სარკეც ხომ გვიცავს?
– გეტყვით იმას, რომ თუ ბევრი სარკე გაქვთ სახლში, მაშინ თქვენი გათვალვა რთული იქნება. თუ გუნება-განწყობა გაგიფუჭდათ, დადექით დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში სარკის წინ და მიაშტერდით საკუთარ სილუეტს. ნახეთ, დარდი და ტკივილი, მალევე გაგივლით. საერთოდ, სარკემ რომ სახლში ფული მოიზიდოს, ჯობია, ის სასტუმრო ოთახის მაგიდის გასწვრივ დაკიდოთ. თუ სარკე გაგიტყდათ, ნუ ჩავარდებით პანიკაში, არ დაიჯეროთ, რომ ეს ცუდის მომასწავებელია და აუცილებლად ახლობელი ადამიანის სიკვდილს ნიშნავს. უბრალოდ, აიღეთ იასამნისფერი ან წითელი სანთელი, აანთეთ და სარკის ნატეხები მის ალზე შემოატარეთ. შემდეგ კი მიწაში ჩაფალით. ბევრი ამბობს, სარკის გატეხა სიკვდილს გვამცნობსო, მაგრამ ეს არ არის მართალი. შესაძლოა, დამთხვევები იყოს, მაგრამ თუ იმ წესს გამოიყენებთ, რომელზეც ზემოთ გესაუბრეთ, მაშინ მშვიდად იყავით, ნურც ცუდზე იდარდებთ და ნურც ინერვიულებთ. უბრალოდ, კარგად გააანალიზეთ, რას აკეთებთ ცხოვრებაში არასწორად, გამოასწორეთ ის და ყველაფერი დალაგდება. მაგრამ, თუ ადამიანი ურწმუნო ხარ, არც წინაპრის გაფრთხილებას აქცევ ყურადღებას და იმის იმედით ცხოვრობ, ყველაფერი თავად მოგვარდებაო, მაშინ ვერაფერს გეტყვით. სახლი ჩვენი ციხესიმაგრეა – ის შიგნიდან უნდა დაიცვას კაცმა, ხოლო, მასში მომხდარ მოვლენებზე ოჯახის თითოეული წევრი აგებს პასუხს. ჰოდა, თუ შეგვიძლია ამ ციხესიმაგრის დაცვა და ოჯახის წევრების კეთილდღეობაზე ზრუნვაც, რატომ უნდა ვთქვათ უარი, არ მესმის. თუმცა, რთულია, ვინმეს რამე დააძალო, ეს ცალკეული ადამიანის ნებაა და მასზე ზეწოლას ვერავინ მოახდენს. მე, უბრალოდ, გირჩევთ, კარგად დაფიქრდეთ იმაზე, რაზეც მე გესაუბრეთ და თავად შეიქმნათ იდეალური და ჰარმონიული გარემო თქვენ გარშემო.