კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კუდაბზიკა ქართველები პარიზში და შეხვედრა პირველ ლედისთან

 

ეს ამბავი პარიზში  მოხდა. „ეროვნული მემკვიდრეობის დღეების“ ფარგლებში, სხვა მნიშვნელოვან შენობებს შორის, ელისეს საპრეზიდენტო რეზიდენცია ღია იყო დამთვალიერებლებისთვის.

ქართველმა სტუდენტებმა ვალდებულად ჩავთვალეთ თავი, შანსი ხელიდან არ გაგვეშვა და ელისეს სასახლეს ვწვეოდით.

სტუმრებს მაშინდელი პირველი ლედი, ბერნადეტ შირაკი, პირადად ხვდებოდა და მობრძანებისთვის მადლობას უხდიდა. მაგრამ, ვიდრე მადამ შირაკი ათიათასკაცხელჩამორთმეულ ხელს გამოგვიწვდიდა, კილომეტრობით რიგში მოგვიწია დგომა. რიგი ზედმიწევნით იყო მოწესრიგებული. კილომეტრებზე გადაჭიმული მიუყვებოდა ტროტუარს, ქუჩას, სკვერს, კიდევ ქუჩას, კიდევ ტროტუარს... თანაც ისე, რომ ორ ადამიანზე მეტი არ იდგა ერთმანეთის გვერდით. შიგადაშიგ რკინის მოაჯირებზე წარწერა ეკიდა: „შესვლამდე დარჩა 8 საათი“... შემდეგ – 5 საათი და ასე გრძელდებოდა სასახლის ეზომდე. ვდგავართ სამი ქართველი სტუდენტი ჯგროდ და ათასობით ფრანგი – მწკრივში. წინ გახედვის მეშინია და გულში ვფიქრობ, ნეტავ ფრანგულად როგორ იქნება: „მუქთა კუბოც კაიაო...“ თან გულწრფელად მიკვირს, ამ გამოთქმას ფრანგული ფესვები რატომ არ აქვს. ველოდებით ჩვენც და ისინიც. მათი მოთმინება გასაგებია, უფასოა და ამას ფრანგი ხელიდან არ გაუშვებს, მაგრამ, თავს ვეკითხები: ჩვენ, სულსწრაფ ქართველებს, რა ძალა გვაიძულებს, დავდგეთ რვასაათიან რიგში? პასუხიც მალე ვიპოვეთ: რა გვაიძულებს და  – კუდაბზიკობა! თუ პარიზში ცხოვრობ, სად უნდა გაამხილო, რომ ელისეს სასახლეში არ ხარ ნამყოფი? სასახლის ეზოში, ბზის ბუჩქთან გადაღებული სურათი თუ არ გაქვს, სადღა გამოყოფ მერე თავს?

გავყევი ფიქრებს და წარმოვიდგინე, როგორ იფრიალებდა ხელიდან ხელში შირაკთან ერთად გადაღებული ჩემი ფოტო ზესტაფონში, ბებიაჩემის ეზოში. მეზობელი მერიკო იკითხავდა:

– მარგალიტა, ეს შენი შვილიშვილია?

– შვილიშვილიო?! მერე, რავარი შვილიშვილი, შე ქალო! ამის გარეშე იქანა მთავრობას ლუკმა არ გადადის პირში, თურმე. არ გეწყინოს, ჩემო მერიკო, მარა, შენს ჩერჩეტ შვილიშვილს კი არ ჰგავს!

ბაბუაჩემი ბებიაჩემივით შესამჩნევად ვერ იტრაბახებს, მაგრამ, მაინც მოახერხებს რამეს.

– რა იყო, პავლოვიჩ, შე კაცო, დაღლილს ჰგავხარ, ჰკითხავს მეზობელი.

– უძილარი ვარ, ჩემო ბატონო, გუშინ ბოვშმა დარეკა ფრანციიდან, პრეზიდენტს შენახვედრა თურმე, კაი ხანი ველაპარაკე და ქე შემიგვიანდა დაძინება... – უპასუხებს ბაბუა დაფარული სიამაყით.

აბა, ამის გადამკიდე, რა ნამუსით უნდა გავუცრუო იმედები და როგორ მოვჭრა თავი ბებიაჩემს სამი რაიონის მასშტაბით?

ქართველებს მოთმინების ფიალა რომ აგვევსო, მთელი 15 წუთი იყო გასული! სამივე მივხვდით, რომ მეტის მოთმენა აღარ შეიძლებოდა და გამოსავლის ძებნა დავიწყეთ. დიდხანს არ გვიფიქრია, ამოვიღეთ ჩანთიდან, ვისაც რაიმე ფურცელი და გაზეთი მოგვეპოვებოდა, დავიჭირეთ ხელში საქმიანად, დავადეთ თავი და წავედით წინ. პირველი ნაბიჯები გაჭირდა – შავი დღისთვის გადანახულმა სინდისმა შეგვაწუხა, მაგრამ, როგორც კი მივხვდით, რომ ფრანგებს აინუნშიც არ მოსდიოდათ, რა ხდებოდა, ჩვენც დავიჯერეთ, რომ რიგს კი არ ვარღვევთ, საქმეზე მივდივართ და ასე გაჯგიმულები მივიწევდით წინ.

ისე გავიარეთ მთელი ქუჩა, არავის მოსვლია აზრად, რომ, შეიძლება ბუნებაში არსებობდეს სამი ახალგაზრდა ადამიანი, რომლებიც იკადრებს და რიგს ასე უტიფრად დაარღვევს.

უცებ, ზურგიდან ფრანგულად დაგვიყვირეს: „რას აკეთებთ? რიგს რატომ არღვევთ? ახლავე უკან მობრუნდით!“

გზის გაგრძელებას და ამდენი ადამიანის გადაკიდებას აზრი აღარ ჰქონდა და უხმოდ გავჩერდით. იმავე ადგილიდან, ახლა უკვე ქართულად მოგვესმა: „უყურე ერთი ამათ! ვის ატყუებენ, ამათ ფრანგები ხომ არ ვგონივართ?“

ზურგჩანთაზე ჩამოკიდებულმა მინიატურულმა სვანურმა ქუდმა „გაგვყიდა“...

– უი, თქვენც ქართველები ხართ?

– კი, კი, შინაურები ვართ!

– არ ვიცოდით, თორემ, არ გაგაჩერებდით. ჩვენც აგერ იქ, უკან ვიდექით (500 მეტრის მოშორებით მიგვანიშნა). ჩვენც თქვენსავით დავაპირეთ რიგში გადასწრება, მაგრამ ქართველმა ცოლ-ქმარმა გაგვაჩერა. ახლა ისინი წავიდნენ წინ და თუ კიდევ არ იდგა რიგში ვინმე სხვა ქართველი, ალბათ, უკვე შევიდოდნენ სასახლეში.

რიგში გადასწრებით ვერ მივიქციეთ ფრანგების ყურადღება, მაგრამ ისეთი სიცილი აგვიტყდა ყველა ჩვენ გვიყურებდა.

მეტყვით, რა გაცინებდათ, უნდა შეგრცხვენოდათო, მაგრამ, გიპასუხებთ: რა ვქნათ, ბატონო, გაგვეცინა, თქვენ რა, ფრანგები ხომ არ გგონივართ?!

 

скачать dle 11.3