კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღალატის ფასი

 

 

 

მარიცია ადგა, სიგარეტი შუშის დიდ საფერფლეში ჩაჭყლიტა და შემობრუნდა:

– უკვე გვიანია, უნდა წავიდე... მაგრამ, რომ იცოდე, როგორ არ მინდა... მიძნელდება შენგან შორს ყოფნა...

– დარჩი, ხომ მითხარი, დღეს მას პოკერის დღე აქვსო...

– შეიძლება, მთელი ფული მაშინვე წააგოს და მალე დაბრუნდეს. თან, აგრესიულიც იქნება... რომ იცოდე, როგორ დავიღალე...

– ნუ ნერვიულობ, მალე ყველაფერი დამთავრდება.

– როგორ?

– იმ ფულის ამბავი გაჟონავს. მალე ჩემთან ინვენტარიზაცია იგეგმება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს დაითვლიან და ნახავენ, რომ ძვირფასეულობა აკლია. მე ნელ-ნელა ვიღებდი და ვყიდდი... თავიდან ეს არ იყო შესამჩნევი, მაგრამ, უკვე საკმაოდ ბევრი აკლია, ძალიან ბევრი – 150 ათასი დოლარის ღირებულების.

– ოჰო, – ქალმა თვალები დააჭყიტა, – რას ამბობ? და, სად არის ეს ფული?

– საიმედო ადგილას. ორ კვირაში აქ აღარ ვიქნებით, საერთოდ გავქრებით ამერიკიდან და ვერასოდეს ვერავინ გვიპოვის, საყვარელო... ხომ წარმოგიდგენია, ამ ფულით რა მაგრად ვიცხოვრებთ.

ქალმა ამოიოხრა:

– პოლიციამ, შეიძლება, ვერ გვიპოვოს, მაგრამ, შენ დაგავიწყდა რეი და მისი გადარეული ძმაკაცები... მათ ვერსად დავემალებით, ისინი ყველგან მოგვძებნიან და დაგვხოცავენ. აუცილებლად დაგვხოცავენ...

ბრიუსმა ქალს წელზე მოხვია ხელი და მკერდზე მიიკრა. მარიცია გაუძალიანდა:

– არა, არა, მე ვიცი, რომ მომკლავს. შენ მას არ იცნობ. საშინელი ადამიანია და საშინელი ძმაკაცები ჰყავს...

– ანუ, ჩემთან ერთად არ წამოხვალ? მარიცია, ვერ გადავიტან ამას, რაღაც უნდა მოიფიქრო...

– ვფიქრობ... – ქალმა სიგარეტს მოუკიდა.

– რეი ისეთი შეუბრალებელია, ისეთი.... ისეთი სასტიკი... ერთადერთი გამოსავალი არსებობს – თუ მოკვდება...

ბრიუსმა ქალს შეხედა.

– გინდა თქვა, რომ უნდა მოვკლათ?

მარიციამ თავი ჩაღუნა:

– შენ, ალბათ, ძალიან ცუდი ქალი გგონივარ...

– არა, არა, მეც მოხარული ვიქნებოდი, მკვდარი მენახა... პრინციპში, მართალი ხარ. ახალი ცხოვრება ისე უნდა დაიწყო, რომ წარსულის „კუდები“ არ დაიტოვო...

– ჰო, ასეა... მე ახლა წავალ და ვიფიქრებ ამაზე. შენც იფიქრე. მერე დაგირეკავ...

– ჰო, მარიცია, მეც დაგირეკავ. ჩვენ ხომ განსაკუთრებული ადამიანები ვართ და განსაკუთრებულადაც უნდა მოვიქცეთ.

ორი დღის შემდეგ მარიციამ ბრიუსს დაურეკა:

– სასწრაფო ზომებია მისაღები, საყვარელო... რეიმ გუშინ მორიგი სიურპრიზი მომიწყო – ორი ბილეთი მოიტანა და მითხრა, რომ პარიზში მივყავარ. ამას ნამდვილად ვეღარ გადავიტან... აუცილებლად უნდა შევხვდეთ და ვილაპარაკოთ.

– როდის შევხვდეთ და სად? – სწრაფად ჰკითხა კაცმა.

– ჩვენს კაფეში... ხვალ საღამოს, – მარიციამ ყურმილი დადო და საკუთარ ხელებს ჩააშტერდა. ზუსტად ახლა მან სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ადამიანს თან, ისე, რომ ხელიც არ აჰკანკალებია... 

პაემანზე რამდენიმე წუთი დააგვიანა:

– მე ვცდილობდი, არ მეფიქრა იმაზე, რომ ადამიანი უნდა მოვკლათ, მაგრამ სხვა არჩევანს არ მიტოვებს... იცი? რაღაც გეგმა მაქვს...

– მოდი, მანქანით გავისეირნოთ და მომიყევი, ჩემო ჭკვიანო... აღფრთოვანებული ვარ შენით!

მარიციამ თავი დაუქნია. მანქანა ქალაქს გასცდა და გზატკეცილზე გავიდა...

– შეიძლება, იფიქრო, რომ მე ძალიან ნერვიული ვარ, მაგრამ... მოკლედ, მე ასეთი გეგმა მაქვს: მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ შენ და რეის ზუსტად ერთნაირი აღნაგობა გაქვთ... სხეულის მოყვანილობა, სიმაღლე, ფორმები... ვიფიქრე, ამას ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენებ-მეთქი... აბა, შენც დაფიქრდი: ორი ბილეთი უკვე არის, პასპორტებიც წესრიგშია... თუ მოვახერხებთ და გავაკეთებთ ისე, რომ გვამის სახით ამოცნობა შეუძლებელი  გახდეს...

კაცს სახე გაუნათდა:

– ხომ ვთქვი, რომ უჭკვიანესი ხარ! ყველაფერი გავიგე. გასაკეთებელიც თითქმის არაფერია.

– ჰო. ერთ საღამოს, როცა სახლში მოვა, მის საყვარელ ბრენდში ძილის წამალს შევურევ. მკვდარივით დაეძინება. მერე დაგირეკავ და მოხვალ. მისივე მანქანაში ჩავსვამთ და ხევში გადავჩეხავთ. ისე, რომ მანქანა აფეთქდეს.

– ნუ დარდობ, მაგას უკვე მე მოვახერხებ! – აღფრთოვანებით წამოიძახა ბრიუსმა...

– შენ იმაზეც იზრუნე, ფული ხელზე გქონდეს... მაშინვე უნდა გავემგზავროთ.

– მაშინ, ოპერაციაც იმ დღისთვის უნდა დავგეგმოთ, როცა რეისი გვაქვს. ორი კვირა პარიზში ვიქნებით. მერე რომელიმე ნეიტრალურ ქვეყანაში გავემგზავრებით, სადაც მოქალაქეობის ყიდვა შეიძლება... შესანიშნავია, შესანიშნავად აეწყო ყველაფერი...

დღეები ლოკოკინებივით მიხოხავდა. მათ გადაწყვიტეს, რომ  არ გაერისკათ და ერთმანეთთან შეხვედრები შეწყვიტეს. მარიციას თვითონვე უკვირდა საკუთარი სიმშვიდე... ოთხშაბათს ბრიუსმა დარეკა, რომ კიდევ ერთხელ დაეზუსტებინა გეგმის დეტალები. მარიციამ პარასკევს დაურეკა. ბრიუსს სიხარული არ დაუმალავს:

– უჰ, უკვე მეგონა, რომ აღარ დამირეკავდი.

– მას უკვე სძინავს. მოხვალ?

– რა თქმა უნდა... ახლავე მოვდივარ...

მარიცია მას კართან ელოდებოდა. ბრიუსს დაკაკუნებაც არ დასჭირდა...

– ყველაფერი წესრიგშია?

– ჰო. ფულით გაძეძგილი ჩანთა საბარგულში დევს.

– შესანიშნავია... შესანიშნავად გავერთობით, ძვირფასო...

ეს ბოლო სიტყვები ბრიუსს აღარ გაუგონია – მის უკან ზორბა ჩრდილი აღიმართა და თავში მაგრად მოხვდა რაღაც... გონებაც იმ წამსვე დაკარგა...

რეი დონაჰიუმ ცოლს გაუღიმა:

– მორჩა, გაითიშა, მაგრამ, ჯერ ცოცხალია, უნდა ვიჩქაროთ. წადი, შენი მანქანა გამოიყვანე.  მანამდე ამისი მანქანის კარი გამიღე და საბარგულიდან ფული ამოიღე. მე წინ წავალ და შენ უკან გამომყვები. ძალიან ახლოს არ მომიახლოვდე, დისტანცია გეჭიროს. ადგილი უკვე შერჩეული მაქვს – ჩვენი ოლქის საზღვართან არის.

– ძალიან მაღალი ხრამი არ გამოგვადგება, გვამი ხომ უნდა ამოიტანონ?

– შენ მაგაზე ნუ ღელავ, გვამის ამოცნობა კბილებითაც შეიძლება.

– მართლა? – გაიცინა მარიციამ, – რა მაგარია?! ბრიუსს, რა თქმა უნდა, წარმოდგენა არ ჰქონდა ამაზე, ძალიან ბრიყვი იყო. იცი, რა გააკეთა? წერილი დაწერა – ბანკის ძვირფასეულობა მოვიპარე და ამიტომ ვიკლავ თავსო. ახლა ვიღას შეეპარება ეჭვი, მის თვითმკვლელობაში?

რეიმ ცოლს გადახედა:

– ესეც შენ უკარნახე?

– არა, თვითონ მოიფიქრა და ძალიან ამაყობდა ამით. სულელი...

– ნუ დაგავიწყდება, რომ შენ ამ სულელთან მიღალატე.

– კი მაგრამ, საყვარელო, ჩვენ ხომ მიზანი გვქონდა – ფული. ჩემმა იუველირმა გამიყვანა მასზე და შენც თანახმა იყავი.

– ჰო, მაგრამ, ღალატი მაინც არ არის სასიამოვნო.

– მაშინაც კი, როცა მისი ფასი 150 ათასი დოლარია?

რეის აღარაფერი უთქვამს.

ბრიუს ფარას ავტომობილი თავბრუდამხვევი სისწრაფით გადაქანდა ხრამში. შეიძლება, იმ რამდენიმე წამში გონებაც დაუბრუნდა, მაგრამ... აფეთქებამ იქაურობა შეაზანზარა და სიბნელეში ცეცხლის ალი ავარდა...

სახლისკენ სავალი გზა უფრო მოკლე აღმოჩნდა.

– ესეც ასე, ყველაფერი მორჩა. იდიოტი... ნიუ-იორკში გაფრენამდე ორი საათი დარჩა, იქიდან კი – პარიზი!

მარიციამ ნეტარებით ამოიოხრა.

– პარიზი! არაჩვეულებრივია... მით უმეტეს, როცა ჯიბეში ას ორმოცდაათი ათასი დოლარი გიდევს...

           თარგმნა 

ნინო  წულუკიძემ

 

скачать dle 11.3