თამაში ბედთან
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹14-22(544)
თემო პაპავას არ გაჰკვირვებია, როცა სამსახურში მისულს კართან ნოდარ დევიძე დახვდა საქმიანი გამომეტყველებითა და ოდნავ უკმაყოფილო იერით. თემოსთვის დღე ისედაც ცუდად დაიწყო. სახლიდან კი გამოვიდა ყოველგვარი გართულებებისა და „ექსცესების” გარეშე, რამაც ცოტათი შეაშფოთა კიდეც, რადგან შეჩვეული იყო, ცოლის საყვედურები რომ მიჰყვებოდა ხოლმე საგზლად, მაგრამ, ამჯერად ქალს საერთოდ არ ამოუღია ხმა, ყურადღებაც არ მიუქცევია მისთვის. ჩაფიქრებული სვამდა ყავას და სიგარეტს ეწეოდა. თემომ ლამის ჰკითხა, სიგარეტს თავი ხომ დაანებე, რა პრობლემა გაქვს ისეთი, რომ ისევ დაიწყეო, მაგრამ, თითქმის მაშინვე გაუნათდა გონება და წარმოიდგინა, რა მოჰყვებოდა ამ, ერთი შეხედვით, უწყინარ შეკითხვას და გადაიფიქრა, თუმცა, სახლიდან უსიამოვნო განცდა მაინც გამოჰყვა და, საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა, რომ ეს ეჭვი იყო...
– შენ გელოდები, თემო... – ნოდარმა სიგარეტის ნამწვი ურნაში ჩააგდო და ხელები მოიფშვნიტა.
– ვხედავ. მოხდა რამე?
– მოხდა, რა... არ იცი, რა საქმე შეიძლება მქონდეს შენთან? დევის არაფერი უთქვამს?
– არა! – თემომ საკეტს გასაღები მოარგო.
– ვაა, რა ტიპია, რა! შემომივარდა იმ გოგოსთან ერთად და ერთი ამბავი დამაწია, – ნოდარი ფეხდაფეხ შეჰყვა კაბინეტში, მაგიდას მიუჯდა და ამოიოხრა.
– მოიცა, ერთი კარგად ამიხსენი, რაზე ლაპარაკობ? – თემომ მობილური წინ დაიდო და მოსასმენად მოემზადა.
– ვა, მართლა აზრზე არ ხარ? მე კი ვიფიქრე, შენ მომიგზავნე.
– ვინ მოგიგზავნე, დღეს გამიცანი? რას ნიშნავს, მოგიგზავნე?
– რა ვიცი. დევიმ თითქოს მითხრა, რომ შენც საქმის კურსში ხარ.
– ნოდარ, დროზე მითხარი რა, უამრავი საქმე მაქვს, – შეიჭმუხნა თემო.
– კარგი, გეტყვი. დევის უნდა, რომ ახვლედიანისგან მალულად ორივე საქმე გავაერთიანოთ და ისე ვიმუშაოთ. ვერ ხვდები, ხომ? თავიდან ვერც მე მივხვდი. ახვლედიანის ოფოფები და პრობლემები გვინდა?! წარმოიდგინე, რა დღეში ჩაგვყრის, ამ ამბავმა რომ გაჟონოს. უჰ, ორი ღამეა ნორმალურად არ მძინავს, გამაგიჟა ფიქრმა. შენ გაიხარე, დავმშვიდდი ცოტა.
– რატომ დამშვიდდი? – მშვიდად ჰკითხა თემომ. დევიძეს თვალები გაუფართოვდა:
– ახლა მართლა გადავირევი! რას ჰქვია, რატომ დავმშვიდდი? დევიმ იხუმრა – ამას შენი სიმშვიდიდან გამომდინარე ვხვდები. მართალია, არასოდეს მესმოდა ასეთი ხუმრობების არსი, მაგრამ, ჩემთვის ესეც შეღავათია.
– მდაა... – თემომ მაგიდის ზედაპირზე აათამაშა თითები, – დევის ნახვა და მასთან ლაპარაკი ვერ მოვასწარი, მაგრამ, მინდა გითხრა, რომ მშვენიერი იდეაა. თუ შენ შეძლებ ჩემთან ერთად მუშაობას ისე, რომ ახვლედიანმა ვერაფერი გაიგოს, საქმე მოიგებს. ვნახოთ, იქნებ, მართლაც ისეა, როგორც მას ჰგონია.
დევიძე ჭარხალივით გაწითლდა:
– ახლა გეყოფათ! გეყოფათ-მეთქი! ბავშვი ხომ არ ვარ, ამხელა კაცს რომ მეთამაშებით, სხვა გასართობი ვერ მონახეთ?
– სულაც არ გეთამაშები. არც მე ვარ მოცლილი. უდანაშაულო ადამიანს განზრახ მკვლელობისთვის ციხეში ჩასვამენ და ეს საქმე ჩემი გაჩალიჩებული იქნება. როგორ ფიქრობ, როგორ უნდა ვგრძნობდე თავს?
– უდანაშაულო ადამიანებს ციხეში არ სვამენ და, საერთოდაც, ყველა პატიმარს საკუთარი თავი ცამდე მართალი ჰგონია – ჩაიბურტყუნა დევიძემ, – სიმართლე თუ გინდა, მე მაგრად ვარ გაჭედილი. წინ ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიწიე. აბსოლუტურად არაფერი მაქვს ხელჩასაჭიდი და გული მიგრძნობს, ეს საქმე შემეტენება.
– ხედავ? ესე იგი, საფუძველი გქონია, ჩვენს წინადადებას რომ დათანხმდე, – გაუღიმა თემომ, – შენ წინ ვერ მიდიხარ, მე კი უკან ვიხედები და ვგრძნობ, ნამდვილი მკვლელი გარეთ დასეირნობს. აქ კიდევ მესამე გვამი გამოიჩხრიკა, რომლის შესახებაც საერთოდ არაფერი ვიცით...
– მერე, ჩემგან რას ელოდები, ნათელმხილველი კი არ ვარ! – ხმაში ყოყმანი დაეტყო დევიძეს.
– მაგას მეც ვხვდები, რომ არ ხარ. ახლა დევი მოვა და მასთან ერთად კიდევ ერთხელ გადავხედოთ სამივე მკვლელობის დეტალებს.
– მაინც იმას მაკეთებინებთ, რაც თქვენ გჭირდებათ, – წყრომით გადააქნია თავი ნოდარმა.
– არ ხარ მართალი. ჩვენ კი არა, საქმეს რაც სჭირდება, ეს კი ერთი და იგივე არ არის, – შეიჭმუხნა თემო, სიგარეტს მოუკიდა და ჩაფიქრდა. აზრი უნებურად გაურბოდა ცოლისკენ. შეუცნობლად ცდილობდა მისი უცნაური საქციელის გაანალიზებას და განწყობაც ნელ-ნელა უარესობისკენ ეცვლებოდა.
***
მარიკას მოსვენება არ მისცა მობილურმა ტელეფონმა – მთელი ღამე გზავნილები მოსდიოდა და მოსდიოდა და უსიამოვნო წკრიალი ძილს უფრთხობდა. ძილ-ღვიძილში მყოფი, მარტო იმას ახერხებდა, რომ ტელეფონს ღრმად ტენიდა ბალიშის ქვეშ. დილით თავატკიებული წამოდგა ლოგინიდან. მხოლოდ სააბაზანოდან გამოსულმა აიღო ტელეფონი და ორმოცდაათამდე მესიჯი ერთადერთი ფრაზისგან შედგებოდა: „შენი გაცნობა მინდა!” გაოგნებული საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და დაფიქრდა.
– ეს, მგონი, გიჟია, ვიღაცაა! რას გადამეკიდა?! – წამოიძახა ბოლოს აღშფოთებით.
– მაგ გიჟზე ხომ არ გინდოდა, ჩემთან ლაპარაკი? – ზურაბი ღიმილით მიუახლოვდა შვილს და თავზე გადაუსვა ხელი – დილიდანვე თუ მოიშლი ნერვებს, მთელი დღე ისე ჩაივლის, ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებ.
– ჰო, ეგ ვიცი, მაგრამ, რომ არ გამოდის?! – მხრები აიჩეჩა გოგომ და მობილურს ავად დახედა, – მთელი ღამე არ მომასვენა ვიღაცამ.
– ჯერ ერთი, მობილური უნდა გამოგერთო და, მეორეც, რადგან ასე ბრაზობ, ესე იგი, „ვიღაც” არ ყოფილა.
– არა, მა... წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის. ჯერ მირეკავდა – უნდა გნახოო. რომ არ ვუპასუხე, ახლა მესიჯებს მწერს – შენი გაცნობა მინდაო. აი, ტელეფონის გამორთვა კი მართლა ვერ მოვიფიქრე, – თქვა გულდაწყვეტით მარიკამ.
ზურაბს გაეცინა:
– შენ მაინც გაქვს საშუალება, გაიგო, ვინ არის.
– როგორ? – გულწრფელად გაუკვირდა გოგოს.
– როგორ?! – გულწრფელად გაეცინა ზურაბს – დაგავიწყდა, სად მუშაობ? რა უნდა ტელეფონის ნომრით ადამიანის ვინაობის დადგენას, ძალიან რომ მოვინდომო, მეც კი გავიგებ. ასე რომ, თუ მართლა გაინტერესებს...
– რა თქმა უნდა, მაინტერესებს. ხომ შეიძლება, ამას მკვლელობებთან ჰქონდეს კავშირი?
– რა კავშირი?
– რა ვიცი, მაგალითად, შეიძლება, მკვლელი მანიაკია და ახლა მე ჩამიდგა კვალში.
– შენ ამას სერიოზულად ამბობ?
მარიკა მიხვდა, რომ ზედმეტი მოუვიდა.
– არა, ვიხუმრე. თუმცა, მართლა მაინტერესებს, ვინ არის, – გოგო მამას მიეხუტა და სახე მის მკერდში ჩამალა, – მგონი, ფსიქოლოგია უკეთ უნდა მესწავლა.
– ჰო? მაინც რატომ?
– ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა მაქვს და მინდა, პასუხი გავცე, მაგრამ არ გამომდის.
– შენ ეს გუშინაც მითხარი, მე კი არ მოგისმინე.
– არა უშავს. მამა, როგორ გგონია, რატომ კლავენ ადამიანები ერთმანეთს?
– მიზეზი ბევრია და ყველა ეს მიზეზი, საბოლოოდ, მაინც ერთ მიზეზში იყრის თავს.
– ვერ გავიგე.
– გეტყობა, – გაეღიმა კაცს და შვილს შუბლზე აკოცა.
– მგონი, ადამიანი ერთადერთი არსებაა დედამიწაზე, რომელიც თავის მსგავსს ასე შეუბრალებლად ანადგურებს.
– სულაც არ არის ასე. ეს ბანალური ფრაზა არ შეესაბამება სიმართლეს და, უცნაურია, რომ ხმამაღლა არავის გაუპროტესტებია. სინამდვილეში, ეს მოსაზრება ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული.
– ეს როგორ?
– გავრცელებული იდეა, რომ მხოლოდ ადამიანს აქვს უნარი, სიცოცხლე მოუსწრაფოს მისსავე მსგავსს, იმ ადამიანების მიერ მოგონილი მგონია, რომლებსაც თავის სიცოცხლეში ბეღურების მეტი არაფერი უნახავთ და იმათაც კარგად არ დაჰკვირვებიან, გაგიკვირდება, მაგრამ, მშვიდობის სიმბოლოდ მიჩნეული მტრედიც კი საკმაოდ შეუბრალებელი და სასტიკია.
– ხუმრობ?
– არა, სიმართლეა. ოდესმე თუ დრო გექნება და დაინტერესდები, შემიძლია, სპეციალური ლიტერატურაც მოგცე ამ თემაზე.
– არ მითხრა, რომ მტრედების ქცევის კოდექსი გაქვს, – გაეცინა მარიკას.
– ტყუილად იცინი, რაღაც მაგდაგვარი ნამდვილად მაქვს. შენ სამსახურში არ მიდიხარ?
– როგორ არა, თან, დღეს თათბირიც გვაქვს და, მგონი, ვაგვიანებ უკვე. იცი, რა მაინტერესებდა? აი, ის ქალი ხომ გახსოვს ია?
– ჰო, ხომ შეხვდი და ელაპარაკე?
– კი ველაპარაკე, მაგრამ, ვერაფერი დავაცდენინე. ანუ, იმის თქმა მინდოდა, რომ, რაც ჩვენ გვაინტერესებდა, იმაზე საერთოდ არაფერი თქვა. მე კი ისე მინდა, პაპავას დავანახვო, რა შემიძლია.
– თუ სწორად მივხვდი, პაპავა შენი პატივცემული გამომძიებელია, – მრავალმნიშვნელოვნად შემართა თითი ზურაბმა.
– ზუსტად. ხომ გესმის ჩემი?
კაცმა თავი დაუქნია:
– ჰოდა, მაინტერესებს, როგორ ავალაპარაკო. დამეხმარე, რა!
– სიამოვნებით, მაგრამ, რომ არ ვიცი, როგორ?
– იქნებ რაღაც ისეთი გამიგო, რაც მასთან დაახლოებაში დამეხმარება.
– დაახლოებაში თუ დამეგობრებაში?
– შენ ხუმრობ, მაგრამ მე ძალიან სერიოზულად ვფიქრობ, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია. ხომ დამეხმარები?
– მარიკუნა, მე ექიმი ვარ და შენ ეს პროფესია თავის დროზე დამიწუნე, ისევე, როგორც შენს ასაკში, მე არ მოვინდომე, გამომძიებელი გავმხდარიყავი.
– გასაგებია! – ამოიოხრა მარიკამ, – არ მეხმარები.
– არ გეხმარები კი არა, ვერ გეხმარები.
– უჰ, ცოტა გულზე მომეშვა, – გაიცინა მარიკამ, – ახლა ჩავიცვამ, თორემ, მართლა ძალიან დამაგვიანდა, ჰო, მართლა, დედა წავიდა უკვე? ორი დღეა, ნორმალურად არ მინახავს.
– გოგოები წაიყვანა ბაღში. მერე მივაკითხავ და აეროპორტში წავიყვან დღეს მიემგზავრება. ასე რომ, რამდენიმე დღე არც მომკითხავი გვეყოლება, არც გამკითხავი, – იხუმრა ზურაბმა.
– მოიცა, მოიცა, მართლა მიდის დედა? მე რომ არაფერი ვიცოდი? არ უთქვამს.
– როდის უნდა ეთქვა, წეღან თავად არ თქვი, ნორმალურად არ დავლაპარაკებივარ რამდენიმე დღეაო? კარდიოლოგთა რაღაც ყრილობაზე მიიწვიეს და, რომ არ გამეშვა, საცოდაობა იქნებოდა.
– გავუშვა? მამა, ეს რას ნიშნავს? – გაუკვირდა მარიკას, – ეგ რა უცნაური რამე თქვი.
– „გამეშვაში” სხვა რამე ვიგულისხმე, საყვარელო. გამომდინარე იქიდან, რომ ზუსტად ვიცი, შენი იმედი არაფერში არ შეიძლება, მქონდეს. არა, არა, ტყუილად გააპროტესტე, ორივემ ვიცით, რომ ეს სიმართლეა, თუმცა, არ ვბრაზობ. მოკლედ, ეს დღეები საკმაოდ მძიმე იქნება ჩემთვის, მაგრამ, ლილიკოს დავიხმარ, გამოვიძახე უკვე.
– ვეცდები, როგორმე მეც დაგეხმარო. გოგოებს მივხედავ.
– ნუ დამპირდები იმას, რისი გაკეთებაც არ შეგიძლია.
– რატომ? შაბათ-კვირას ხომ სახლში ვიქნები? ნუ, შაბათს თუ არა, კვირას მაინც, – იხტიბარი აღარ გაიტეხა მარიკამ.
– არ გინდა ეგეთები. წადი, წადი, გაიქეცი. კვირას თათა დაბრუნდება კიდეც. ჰო, რაც შეეხება ია ლომიძესა და შენს თხოვნას, შევეცდები, რამე გავარკვიო, – ზურაბმა თვალი ჩაუკრა შვილს. მარიკამ მადლიერების ნიშნად გაუღიმა.
***
დევიმ ხმაურით გამოსწია სკამი და ზედ ნებივრად მოკალათდა.
– მობრძანდა, – ჩაილაპარაკა ნოდარმა, – რა ენაღვლება, თვითონ მშვენიერ გუნებაზეა, აურ-დაურია ყველაფერი და ხალისობს.
დევიმ ხელები გაშალა და გაიზმორა, მერე დევიძეს გაუღიმა:
– რა იყო, მარცხენა ფეხზე ხომ არ ადექი? ჰა, ვიწყებთ თათბირს, მგონი, ყველანი ვართ.
– არა, ის თქვენი უოტსონი გაკლიათ, კაბაში, – ირონიულად მიახალა დევიძემ.
– ჰო, მართლა, მარიკა სად არის? – ახლაღა აღმოაჩინა „დანაკლისი” დევიმ.
– მოვა, ალბათ, – მექანიკურად უპასუხა თემომ და ისევ მაგიდაზე გაშლილ საქაღალდეში ჩაყო ცხვირი, – დევი, გაქვს რამე ახალი?
– ჯერ ის მითხარი, აქ რა ხდება. მოილაპარაკეთ? ხომ მაგარი იდეაა, დევიძე, აღიარე.
– ჰო, ძალიან, – გამოცრა დევიძემ.
– მიდი, გავიაროთ, რა გვაქვს. დავიწყოთ დევიძის დამხრჩვალისგან.
– რატომ მაინცდამაინც ჩემი დამხრჩვალისგან? – თავისი გვამის „ინტერესები” დაიცვა დევიძემ.
– თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჯერ ის დაახრჩვეს, – ნიშნის მოგებით „შეახსენა” დევიმ.
– ნოდარ, ხომ შევთანხმდით? მიდი, დაიწყე.
– იცი, რა არის, თემო? მირჩევნია, ჯერ თქვენ მოგისმინოთ. მაგალითად, დევის აქვს რაღაც საინტერესო ახალი ამბავი, თუ არ ვცდები.
– მარიკაც მოვიდეს, დავუცადოთ ცოტა, – შესთავაზა დევიმ.
თემომ საათზე დაიხედა:
– არა, ვერ დაველოდები. დაგვიანებებს შეეჩვია. უნდა მიხვდეს, რომ აქ საბავშვო ბაღი არ არის.
თემოს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კაბინეტში აწითლებული მარიკა შემოიჭრა. ცოტა სული მოითქვა, საერთო სალამი თქვა და განაპირა სკამზე მორიდებით ჩამოჯდა.
– მგონი, უმცირესობაში ვარ, – იხუმრა დევიძემ, – მომიყვანეთ აქ და ახლა „გაშლილი ფრონტით” შემომიტევთ. კარგი, ჩემით მოვყვები ყველაფერს. გუსტავ ფუგანი, იგივე გიორგი ფაილოძე, დაახრჩვეს თუ დაიხრჩო, ჯერჯერობით ისევ დაუდგენელია. არც მომკითხავი ჰყავს და არც ჭირისუფალი. არც გერმანელები იკლავენ მისთვის თავს, არც ქართველები. როგორც ჩანს, არც არავის სჭირდებოდა. მე ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას პატიოსნად ვასრულებ და მკვლელს ვეძებ. მიუხედავად იმისა, რომ მთლად დარწმუნებული არ ვარ, მოკლეს თუ თავი მოიკლა.
– აი, იმაში, რომ ნამდვილად მოკლეს, შეგიძლია, დარწმუნებული იყო, – შეედავა დევი, შეგიძლია მენდო. მაგ ფუგანის გვამი უკვე დაწვრილებით გამოვიკვლიე და ყველაფერი მხოლოდ ამაზე მეტყველებს – წყალქვეშ რომ აღმოჩნდა, ის უკვე მკვდარი იყო. ასე რომ, უბედური შემთხვევის იმედი თუ გაქვს, დაივიწყე, – ცივი წყალი გადაასხა ექსპერტმა.
– გმადლობ, ძალიან დამეხმარე, – ამოიოხრა დევიძემ, – მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი ფუგანის და თქვენი ბერაძის მკვლელი ერთი და იგივე პიროვნებაა.
– გეთანხმები, – თავი დაუქნია თემომ, – ნამდვილად არ ნიშნავს. თუმცა, ამ ორ მკვლელობას შორის რაღაც მსგავსება მაინც არის.
– მაინც რა?
– თუნდაც ის, რომ ერთი მოკლული ნახევრადუცხოელი იყო, მეორე – კი უცხოელს უპირებდა ჩასიძებას. როგორმე უნდა დავადგინოთ, ერთმანეთს იცნობდნენ თუ არა.
– ეგ ადვილი არ იქნება.
– ვიცი, მაგრამ, ჩვენ მაინც უნდა ვცადოთ.
– მესამე გვამიც რომ არსებობს, დაგავიწყდა? – „დიდსულოვნად” შეახსენა ნოდარმა პაპავას.
– უჰ, ეგ საცოდავი ეგა, – ყასიდად „შეიცხადა” დევიძემ.
– ჰო, გაკვეთის შედეგები მოვიტანე. ვიცი, რატომ ჰქონდა მოკლულს ნასიამოვნები ადამიანის გამომეტყველება სახეზე.
– ფუჰ, შენც იტყვი ხოლმე, რა! – შეიჭმუხნა დევიძე – საზიზღარი სამუშაო გაქვს – მიცვალებულების ემოციებს იკვლევ.
– არა, მიცვალებულებისას არა, იმქვეყნად იძულებით გამგზავრებულებისას. შენ როგორ ფიქრობ, როგორი გამომეტყველება უნდა ჰქონდეს გვამს, რომელსაც სამზარეულოს დანით მუცელი გამოჰფატრეს?
– არ ვიცი, გვამებთან შენ გაქვს ურთიერთობა და მაგათი განწყობა და ხასიათიც შენ უკეთ იცი, – შეკითხვაზე პირდაპირ პასუხს თავი აარიდა დევიძემ და ჯიბეში სიგარეტის კოლოფს დაუწყო ძებნა.
– მდაა... ესე იგი, არ იცი, როგორი გამომეტყველება აქვს ადამიანს, რომელსაც დანას უტრიალებენ მუცელში?
– გეყოფა, ხუმრობის დრო არ არის, – შეახსება თემომ, – რა დაადგინე?
– ნარკოტიკი.
– რა?! – ერთხმად იკითხეს მარიკამ და თემომ.
– ჰო, რა გაგიკვირდათ? კაიფში იყო ტიპი და სიკვდილსაც სულ ღიღინ-ღიღინით შეეგება, სექსის ფონზე.
– ეგ საიდანღა იცი? – გულწრფელი გაოცებით აღმოხდა დევიძეს.
– მკვდარმა მითხრა. სულ დაწვრილებით მომიყვა, რამდენ ხანს გაუგრძელდა ორგაზმი – ჩაიხითხითა დევიმ და მარიკას ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა, – ნელ-ნელა უნდა შეეჩვიო შენი სამსახურის სპეციფიკას.
– მოიცა, მოიცა, სერიოზულად, ამდენი დრო არ გვაქვს. ნახევარ საათში ახვლედიანი მიგვიხმობს თავისთან, – შეახსენა თემომ, – ანუ, შენ ამბობ, რომ სანამ მოკლავდნენ, მოკლულს სექსი ჰქონდა? თან გაიჩხირა კიდეც?
– მე კი არა, გვამი ამბობს ამას და მის სხეულზე დარჩენილი სპერმა. რაც შეეხება გაჩხერას, მე ეს არ მითქვამს. მე ვთქვი, ნარკოტიკი მიაღებინეს-მეთქი. ანუ, ინტრავენური ინიექცია არაფერ შუაშია.
– ეგ რა არის? – იკითხა დევიძემ.
– დევის იმის თქმა უნდოდა, რომ მოკლულმა წამალი კი არ გაიკეთა, არამედ დალია ან მოწია, – განუმარტა მარიკამ, – ინტრავენური ინიექცია, ნემსით წამლის ვენაში შეყვანას ნიშნავს.
– დაალევინეს, ძვირფასო, დაალევინეს. ახლა იმის დადგენას ვცდილობ, იგივე ნარკოტიკი იყო თუ არა, რომელიც ბერაძის შემთხვევაში გამოიყენეს.
თემო გამოცოცხლდა.
– რაო-რაო?! ეს უკვე რაღაცას ნიშნავს.
– ჯერ მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გვამი ძალიან ბედნიერი იყო, როცა კლავდნენ, – იმედი გადაუწურა დევიმ, – ჯერ კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვით.
– აბა, რას ამბობ? ბერაძეს და ამ ახალ მკვლელობას შორის აშკარა კავშირი გამოიკვეთა და ეს უნდა გამოვიყენოთ. ჰო, მართლა, რა გახდა მისი ვინაობის დადგენა, ვახო სად არის?
– ვახო არ დაგვიბარებია, ჩვენ უნდა მოგველაპარაკა ჯერ, – შეახსენა დევიმ თემოს, – ექნება რაღაც უკვე, ყოჩაღი ბიჭია.
თემომ ხელები მოიფშვნიტა:
– წარმომიდგენია, ახვლედიანი როგორ გადაყლაპავს ენას, როცა ამ ფაქტებს წინ დავულაგებთ.
– ჯერ ვერაფერს ვერ დავულაგებთ. სასამართლო კი, მგონი, ხვალ უნდა გაიმართოს, – თქვა დევიმ.
– ძალიან ოპერატიულად უმუშავიათ. ერთი სული აქვთ, როდის მიაფუჩეჩ-მიაჩუმათებენ, – მოიღუშა თემო.
– რას იზამ, როცა დიპლომატიური სკანდალის საშიშროება არსებობს, რომელიმე ერთი მოკვდავის სიცოცხლე ფასს მინიმუმ ორი-სამი პუნქტით დაბლა იწევს – ასეთია ცხოვრება, – თქვა დევიძემ, – მითხარით, რა გინდათ ჩემგან და წავალ, სამუშაო მაქვს.
– კიდევ რა გაქვს შენს ფუგანზე?
– საინტერესო არაფერი. გერმანიაში, მგონი, ცოლივით ჰყოლია ვიღაც და იმასთან ვცდილობ დაკავშირებას. ვნახოთ, რას გვეტყვის.
– ჰო, ეგ კარგია, – მოუწონა თემომ, – მაგრამ, საკმარისი არ არის. შენ რა ქენი, იცი? ნარკომანიასთან ბრძოლის ბიჭებს დაუკავშირდი და სთხოვე, გადაამოწმონ, ეგ გიორგი ფაილოძე მაგ პონტში ხომ არ ჰყავთ შემჩნეული. დევი, შენ რას იტყვი, სისხლში ვერაფერი ნახე?
– ვის სისხლში და რა უნდა მენახა, აბა, დამიზუსტე?
– გუსტავ ფუგანის, იგივე გიორგი ფაილოძის სისხლში. სიკვდილამდე მაგასაც ხომ არ მიართვეს „კოქტეილი”?
დევიმ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.
– ვერ გასწავლე კრიმინალისტიკა. იცი, ნარკოტიკი სისხლში რამდენ ხანს ძლებს? ეგ შენი ფაილოძე კი იმდენი ხნის მკვდარი იყო, ძარღვებში მტკვრის წყალი რომ არ აღმოაჩნდა სისხლის მაგივრად, ძალიან მიკვირს. მე იმ დანარჩენი ორი გვამის შემთხვევაშიც იმიტომ ვივარაუდე ნარკოტიკი, რომ სიკვდილის წინ, მათი საქციელი მომეჩვენა უცნაურად. სისხლი ამჯერადაც არაფერ შუაშია.
– ყოველ შემთხვევაში, მაინც უნდა შემოწმდეს.
– გეთანხმები, უნდა შემოწმდეს. ნოდარ, ხომ უნდა შემოწმდეს? – დევიმ დევიძეს მიმართა.
– ჰო, – უხალისოდ ჩაიბურტყუნა დევიძემ, – მოვრჩით? ნახევარ საათში ახვლედიანიც დაგვიძახებს. არ მინდა, ვინმემ შენი კაბინეტიდან გამოსული მნახოს.
– წადი. ახვლედიანმა, შეიძლება, ცალ-ცალკე დაგვიძახოს და, აბა, შენ იცი, ჩვენი შეთანხმება არ დაგავიწყდეს.
– რა უნდა დამავიწყდეს, საკუთარი თავის მტერი კი არ ვარ.
ახვლედიანი მშვენიერ გუნებაზე იყო – როგორც იქნა, კაბინეტში მშვიდად ჯდომისა და ტელევიზორის ყურების საშუალება მიეცა. აღარც ტელეფონის ზარზე კრთებოდა და თანამშრომლების მიმართაც აღარ ჰქონდა აგრესია „ერთი სასამართლოც ისე ჩაივლიდეს, როგორც იმათ უნდათ („იმათზე“ მზერა ჭერისკენ ააპყრო) და მერე წინსვლაზეც ვიფიქრებ. წესით, მეკუთვნის. ბრძანება ადვილია, შესრულებაა რთული. მთავარია, არაფერი გამოხტეს კიდევ. ცოტა ხანს გავუძლებ, სულ ცოტა ხანს და მერე ისეთი სიხარულით დავუქნევ ხელს აქაურობას. არა, რა, გვამები და უბედურება ჩემი საქმე არ არის. სადმე სამინისტროში, სუფთად დავჯდები და ვიქნები ჩემთვის წყნარად. ნერვებსაც არავინ მომიშლის. ჯერ მარტო, ყოველდღე თათბირების ჩატარებამ მომკლა. რამდენი ხანია, არსად წავსულვარ. გართობას ვინ ჩივის, კაფეში ყავა ვერ დამილევია სასიამოვნო კამპანიაში. პაპავას და მაჩაბელს ხომ არ დავპატიჟებ. ისე, იმ მარიკას დაპატიჟება კი შეიძლება. ერთი კარგად შევათვალიერო?!“ – ახვლედიანმა მაგიდაზე შემოწყობილი ფეხები ჩამოიღო და საათზე დაიხედა. მერე მდივანთან დასაკავშირებელ ღილაკს დააჭირა თითი და პერანგის საყელო შეისწორა.
– ნათია, პაპავას ხალხი შემიკრიბე. ათ წუთში ჩემთან უნდა იყვნენ. მერე ყავა შემომიტანე. შენ რომ იცი ხოლმე, შაქრით რომ გამოტენი, ისე არ ქნა, თუ ღმერთი გწამს, თორემ გამიჩნდა დიაბეტი და ეგ არის...
***
ქალი ადგა. ხალათი გაიხადა და სარკესთან მივიდა. არ მოეწონა საკუთარი გამოსახულება. ძალიან დაღლილი მზერა ჰქონდა. წარბები ოდნავ დაშვებოდა და ცუჩის კუთხეებსაც შეეცვალა მოხაზულობა. „სევდის ნიღაბი” – არა, მე ეს არ მჭირდება, არ მინდა! სასწრაფოდ უნდა ჩავდგე ჩვეულ ფორმაში. ენერგიის კონტენტრაციას ყოველთვის ვახერხებდი და არც ამჯერად გამიჭირდება. თუმცა, ცოტაოდენი დასვენებაც არ მაწყენდა. ნიკუშას დავურეკავ და სადმე გავისეირნებთ. მშვენიერი ამინდია, სიღნაღში მინდა. გზაში წავიხემსებთ კიდეც.
– ქალბატონო ია, პაციენტია, – მოკრძალებით შეაღო კარი ექთანმა.
– პაციენტი? დღეისთვის, მგონი, აღარავინ გვყავდა ჩაწერილი.
– დიახ, მაგრამ, სასწრაფოდ უნდა თქვენი ნახვა. ძალიან აგზნებულია და ტირის.
– დარწმუნებული ხარ, რომ პაციენტია? – ქალმა ისევ ჩაიცვა ხალათი.
ექთანი შეიშმუშნა.
– ჰო, კარგი, შემოიყვანე, ხომ არ უთქვამს, რა პრობლემა აქვს?
– არა, რა თქმა უნდა, – ექთანმა ისე იუარა, თითქოს ეუბნებოდა, როდის გადაუშლიათ თქვენს პაციენტებს ჩემთვის გულიო.
– წასვლას ვაპირებდი, – წყენით ჩაილაპარაკა იამ, – თუმცა, შეიძლება ასე ჯობდეს.
ექთანმა ვერაფერი გაუგო ექიმის ბოლო ფრაზას, მაგრამ არ შეიმჩნია – შეჩვეული იყო მის უცნაურობებს.
იამ პაციენტის შემოსვლამდე უჯრიდან მაგარყდიანი რვეული ამოიღო და ცარიელი გვერდი კალმით მონიშნა...
უკვე საღამოს, 9 საათს გადაცილებული იქნებოდა, ნიკუშას სუფრასთან ასეთი რაღაც უთხრა: აგრესორებმა შეიძლება საზოგადოებაში სოციალური კიბის ყველაზე ზემო საფეხურებიც დაიპყრონ, მაგრამ, მთლიანობაში, ჩვენი სოციუმი ისეა მოწყობილი, მარტივი ლოგიკაა იმის მისახვედრად საჭირო, რომ წარმატება უფრო უკონფლიქტო ადამიანების, დიდსულოვანი და მიმტევებელი პიროვნებების მხარეს არის. ყოველ შემთხვევაში, მათ გაცილებით ნაკლები დრო, ენერგია და ნერვები ეხარჯებათ სიმშვიდის მოპოვებაში. სულიერი სიმშვიდე კი ყველაზე დიდი ბედნიერებაა.
ნიკუშამ პირთან მიტანილი ჩანგალი თეფშზე დადო და დედას გაოცებით შეხედა:
– დედა, რა უცნაურად ლაპარაკობ. მოხდა რამე?
– არა, უბრალოდ, დღეს ერთი პაციენტი მყავდა. თუმცა, არ გვინდა ამაზე ლაპარაკი ნუ დავარღვევთ ჩვენს წმიდათაწმინდა წესს – ოჯახი ის ციხესიმაგრეა, რომელშიც გარედან ტალახი არ უნდა შეიტანო. მშვიდად გავაგრძელოთ ვახშმობა.
– რატომ? მე სიამოვნებით მოგისმენ. მაინტერესებს, შენს სამსახურში რა ხდება.
– საინტერესო არაფერია, – მშრალად და მოკლედ თქვა ქალმა.
– რა ვიცი, ვიფიქრე, ახალ თემაზე მუშაობს და მორიგ კონფერენციაზე გასამგზავრებლად ემზადება-მეთქი.
– ძალიან გინდა, რომ გავემგზავრო? – ქალმა შვილს ეჭვით შეხედა, – ნიკა, რაღაც, არ მომწონხარ. მითხარი, რა გაწუხებს? რატომ გინდა, რომ გავემგზავრო?
– სულაც არ მინდა. ეგ რატომ იფიქრე? ისე ვიკითხე, უბრალოდ.
– თვალებში რატომ არ მიყურებ?
– კარგი. გეტყვი, – ამოიოხრა ნიკამ, ლიმონათი მოსვა და შუბლი მოისრისა, შენ რას გამოგაპარებს კაცი.
– მე გამონაკლისი არ ვარ. ყველა დედას შეუძლია, თქვას, რას განიცდის მისი შვილი – ეს ძალიან მარტივია.
– ჰოდა, თუ მარტივია, რამდენიმე დღის წინ, მამას საფლავზე ვიყავი. ბიჭებმა ცოტა დავლიეთ და, ხომ იცი, როგორც ხდება ხოლმე. იქიდან რომ წამოვედი, პატარა ინციდენტი შემემთხვა. შენ არ ინერვიულო, კარი სულ ოდნავ იყო გაფხაჭნილი და ფარი ჩამტვრეული. ორ დღეში მოგვარდა პრობლემა.
იამ თეფში მისწია და ხელები მაგიდაზე დააწყო:
– პრობლემა თუ ორ დღეში მოგვარდა, კარგია...
ნიკა დაიძაბა, დედის ხმაში შემაშფოთებელი ნოტები გაჩნდა.
– დედა, ძალიან გთხოვ, ეს აღარ გამეორდება, ოღონდ მართლა.
– თუ მეხსიერება არ მღალატობს, ამას უკვე მეორედ მპირდები.
– ჰო, მეორედ გპირდები, მაგრამ, ამჯერად, სიტყვას შევასრულებ. იცი, რაშია საქმე? თითქოს პროტესტის გრძნობა მაქვს და ზოგჯერ ვერ ვერევი.
– ვერ ვხვდები, რას გულისხმობ.
– ხვდები, მაგრამ, არ გინდა, აღიარო. გახსოვს, პატარა რომ ვიყავი, მიგყავდი ხოლმე სასაფლაოზე. ხშირად არა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, აღდგომას მაინც. მერე საერთოდ დაივიწყე ის ადამიანი, არა, კი არ გსაყვედურობ, მაინტერესებს, რა მოხდა.
– არაფერიც არ მომხდარა. უბრალოდ აღარ მცალია. სანამ საჭიროდ მიმაჩნდა, დამყავდი. ახლა არ მცალია. თანაც, არ მიმაჩნია, რომ გარდაცვლილის პატივისცემა მის საფლავზე სიარულით გამოიხატება.
– დედა!
– რა – „დედა“? რეალობა ის არის, რომ გულია ჩვენი გარდაცვლილებისთვის საუკეთესო საფლავი და იქ სიარული არაფერში მჭირდება, რაღაც-რაღაცეების გასახსენებლად. შენც იმავეს გირჩევ. მით უმეტეს, რომ მამაშენი არასდროს გინახავს. მისი ხსოვნა შენში უნდა იყოს და არა სადღაც ფერდობზე.
– ძალიან უცნაურად ლაპარაკობ, დედა, – მოიღუშა ნიკა.
– არა, ზუსტად ისეა, როგორც ვამბობ. ახლა ძალიან ხარ აფორიაქებული, მაგრამ, მერე დაფიქრდები და მიხვდები, რომ სიმართლე ეს არის. რაც შეეხება სასაფლაოზე შენს სიარულს, მე არ გიშლი, მაგრამ სიმთვრალეში სენტიმენტალიზმის გამოხატვა მამაკაცისთვის დიდი ნაკლია და იფიქრე ამაზე.
– ალბათ, იმიტომ ხარ მარტო, მამაკაცებს ასეთ მოთხოვნებს რომ უყენებ, – წამოსცდა ბიჭს და მაშინვე ინანა, – მაპატიე, დედა, არ მინდოდა, უფრო სწორად, ცუდად გამომივიდა, სხვა რამის თქმას ვაპირებდი. გული მწყდება, მარტო რომ ხარ. ნამდვილად იმსახურებ ბედნიერებას. მე უკვე გავიზარდე და ჩემი ცხოვრება მაქვს.
ქალს გაეღიმა, მაგრამ ამ ღიმილში იყო რაღაც იდუმალი და შემაშფოთებელი.
– შეგიძლია, მშვიდად იყო. მეც მაქვს ჩემი ცხოვრება და, თან, საკმაოდ საინტერესოც. ასე რომ, მარტო არ ვარ. ახლა კი ვახშამი დავამთავროთ. ნიკა აღარ შეჰკამათებია, უსიტყვოდ მიუბრუნდა თეფშზე მორჩენილ ვახშამს.
***
ახვლედიანმა ღიმილით მოიწვია თანამშრომლები მაგიდასთან. მარიკას ხილიც კი ჩამოართვა. მისი თითები ცოტა ხნით შეაყოვნა თავის ხელისგულში და თავიდან ფეხებამდე ისე შეათვალიერა, გოგომ უხერხულობა იგრძნო.
– მე თქვენი მუშაობით კმაყოფილი ვარ, – დაიწყო პირდაპირ და თემოს მიუბრუნდა, – ძალიან კარგად გაართვით საქმეს თავი და გავითვალისწინებ ამას.
– მე არ ვარ კმაყოფილი არც ჩემი მუშაობით და არც იმას ვფიქრობ, რომ საქმე უნდა დაგვეხურა, – მიახალა თემომ.
ახვლედიანი გაშრა:
– პაპავა, ეს რას ნიშნავს?
– იმას, რომ საქმე ბოლომდე გამოძიებული არ იყო და ნამდვილი მკვლელი ქუჩაში დასეირნობს.
– პაპავა, გირჩევ, ასეთი კატეგორიული განცხადებებისგან თავი შეიკავო, ისევ შენთვის აჯობებს, დამიჯერე!
– მე შევიკავებ თავს, არ არის პრობლემა, მაგრამ, ვერ ვიქნები პასუხისმგებელი იმაზე, რომ კიდევ რამე სიურპრიზი არ იქნება.
ახვლედიანს სახე შეეცვალა.
– რა გინდა, პაპავა, გამაგებინე! გაქებ – არ მოგწონს; გსაყვედურობ – არც ეგ მოგწონს: სერგი ბერაძის მკვლელობის საქმე დახურულია და, შეგიძლია, საერთოდ დაივიწყო ეგ ამბავი. სხვა მკვლელობების გამოძიებას კი არავინ გიშლის, პირიქით, ყველანაირად დაგეხმარები და მხარში დაგიდგები, მე აქ ამისთვის ვარ. ასე რომ, პრეტენზიები შენთვის შეინახე და იმუშავე, იმუშავე!..
გაგრძელება შემდეგ ნომერში