ვინ ეძებს მამას რუსეთიდან საქართველოში და რა მიზეზით არ უნახავს 30 წლის შვილს წლების განმავლობაში თავისი ბიოლოგიური მამა
30 წლის ალექსანდრე ჰამზათის ძე ცალოევი ეძებს დაახლოებით 49-51 წლის ჰამზათ ცალოევს.
ისტორია: ვეძებ მამაჩემს – ჰამზათ ცალოევს, დაახლოებით 49-51 წლის. მამაჩემი არასდროს მინახავს, სულ პატარა ვიყავი, როდესაც ის და დედა დაშორდნენ ერთმანეთს. ძალიან მინდა მისი პოვნა და გაცნობა. როგორ არ ვცდილობდი, მეპოვა, მაგრამ, ყველა ჩემი ცდა კრახით დამთავრდა. ძალიან გთხოვთ, მაპოვნინეთ მამაჩემი, მე მისგან არაფერი მინდა, გარდა იმისა, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვნახო და გავიცნო. მე რუსეთში, სვერდლოვსკში ვცხოვრობ და თქვენი დახმარების გარეშე აქედან საქართველოში ვერანაირად ვერ ვიპოვი მამას.
– გვიამბეთ, როგორ მოხდა, რომ მამის შესახებ არაფერი იცით და რა მიზეზით დაკარგეთ ერთმანეთი?
– მამაჩემი და დედაჩემი დაშორდნენ ერთმანეთს, როდესაც მე პატარა ვიყავი. პრაქტიკულად, მამაჩემი არც კი მახსოვს. გავიზარდე უმამოდ, მაგრამ დედაჩემს არასდროს მამაზე ცუდი არ უთქვამს. ჩემს მეგობრებს დღემდე უკვირთ, რომ მამის მიმართ აგრესია არ მაქვს. მათი დაშორების მიზეზი კი ჩემთვის დღემდე უცნობია. დედა ამბობს, რომ ისინი, უბრალოდ, ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს. პატარა რომ ვიყავი, ძალიან განვიცდიდი, რომ მამა არ მყავდა ნანახი, არც კი ვიცნობდი. სკოლაშიც ბევრჯერ მომსვლია ჩხუბი თანატოლებთან ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, მე მამაჩემის მიმართ არასდროს არანაირი უარყოფითი განწყობა არ მქონია. ისე აეწყო დედაჩემის ცხოვრება, რომ ის აღარ გათხოვდა და დღემდე მარტო ცხოვრობს. ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი ქალაქ სვერდლოვსკში გაიცნეს, სადაც მამა მსახურობდა, ისე კი, ის საქართველოდან იყო და, როგორც დედაჩემი ამბობს, (თუკი სწორად ახსოვს), მანამდე თბილისში ცხოვრობდა. მამის შესახებ თითქმის არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, არც ის ვიცი, ჰყავს თუ არა მას ამჟამად ოჯახი, სად ცხოვრობს და, საერთოდ, მეძებს თუ არა. დიდი იმედი მაქვს, რომ მასაც ისევე უნდა ჩემი ნახვა და გაცნობა, როგორც მე.
– დედაშენმა თუ იცის, მამას რომ ეძებ და რა აზრის არის ამ საკითხთან დაკავშირებით?
– ჯარში რომ გამიწვიეს, ყველაზე მეტად მაშინ მინდოდა მამის პოვნა და ნახვა. რატომღაც, ასე მგონია, რომ მამაჩემი ჩემით იამაყებდა. დედაჩემისგან ვიცი, რომ მამაჩემს ძალიან გაუხარდა ჩემი დაბადება. ალბათ, ჩემს მშობლებს ნამდვილად ჰქონდათ რაღაც სერიოზული მიზეზი, რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ჯარიდან ჩამოსვლისთანავე გამოვუცხადე დედას, რომ ძალიან მინდა მამის პოვნა და, თუ შენ რაიმე ისეთი იცი, რაც მის პოვნაში დამეხმარება, მითხარი-მეთქი. დედა ამის წინააღმდეგი არასდროს ყოფილა, მასაც უნდა, რომ ვიცნობდე მამაჩემს. ერთადერთი, იმას განიცდის, რომ, თუკი მამაჩემს აქვს თავისი ოჯახი, მე მას ამით პრობლემა არ შევუქმნა. მაგრამ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, რომ მე არანაირად არ ვაპირებ მისი ცხოვრების არევას და არაფერს მოვითხოვ, თუკი მყავს ნახევარდა-ძმები, მათი გაცნობა და დაახლოებაც მსურს. ერთადერთი, რაც მამაჩემისგან სახსოვრად მაქვს, არის მისი სურათი. ფოტოზე ვართ: მამაჩემი, დედაჩემი, დედას დეიდაშვილი გოგონა – ტანია და მე, სულ პატარა. ბავშვობაში, თურმე, ძალიან ვგავდი მამას, მაგრამ, როცა გავიზარდე, მამის მხოლოდ ხასიათი დამრჩა (ყოველ შემთხვევაში, დედა ასე მეუბნება). ისე კი, ფიზიკურად, დედას ვგავარ.
– რამდენი ხანია, რაც მამას ეძებ და, შენი აზრით, გეძებს თუ არა მამაშენი?
– მას შემდეგ, რაც მე გადავწყვიტე მამის მოძებნა, სამი წელი გავიდა, მაგრამ, აქტიურად ეს საქმე მხოლოდ ამ წლიდან დავიწყე. ვიცი, რომ დედაჩემთან დაშორების შემდეგ მამა საქართველოში დაბრუნდა. მას შემდეგ არასდროს მოუწერია ჩვენთვის წერილი და არც ჩამოსულა. ნამდვილად არ ვიცი, მეძებს თუ არა მამაჩემი. ყოველ შემთხვევაში, მე და დედამ მისი წასვლიდან მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ შევიცვალეთ მისამართი, მანამდე სულ ერთსა და იმავე სახლში ვცხოვრობდით. არაა გამორიცხული, რომ მამაჩემი ჩვენ სწორედ ამ მიზეზით ვეღარ გვიკავშირდება, დედამ კი მისი საცხოვრებელი მისამართი არასდროს იცოდა. თავიდან მამას უნდოდა, რომ დედაჩემი თავის სამშობლოში წაეყვანა. არც ის არის გამორიცხული, რომ სწორედ ამის გამო ვერ გაუგეს მათ ერთმანეთს, რადგან დედაჩემი ვერ დატოვებდა თავის ქალაქსა და მშობლებს, რომლებისთვისაც ის ერთადერთი შვილი იყო. მამაჩემი ეროვნებით აზერბაიჯანელია, მაგრამ ფიზიკურად ძალიან ჰგავს ქართველს.
– მამის პოვნის შემთხვევაში, სად და როგორ წარმოგიდგენია თქვენი შეხვედრა?
– თუკი მე მას ვიპოვი და ის ჩემსავით იქნება მოწადინებული, რომ მნახოს, ვფიქრობ, საქართველოში ჩამოსვლასაც მოვახერხებ, თუკი მატერიალური მხარე ხელს შემიწყობს. მე ძალიან მინდა მამის პოვნა და თუ ეს მოხდა, ყველანაირად ვეცდები, პირადად შევხვდე მას. ნეტავ აღმოჩნდეს, რომ მყავს სხვა დედმამიშვილებიც – დები ან ძმები. დიდი სურვილი მაქვს მათი გაცნობისაც, თუ ისინიც ისურვებენ ამას.
თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.