როგორ ეძებს შვილიშვილი ბაბუას უზბეკეთიდან საქართველოში და რისი იმედი აქვს 48 წლის ქალბატონს
48 წლის მარინა ანზორის ასული პერევალოვა ეძებს 87 წლის ნოე ვანოს ძე დიაკონიძეს.
ისტორია: ვეძებ ბაბუაჩემს (მამაჩემის მამას), 1924 წელს დაბადებულ ნოე დიაკონიძეს. ამჟამად ბაბუაჩემი 87 წლის უნდა იყოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ჯანმრთელად არის. ბოლოს რომ ვნახე, ძალიან მხნედ იყო. მე უზბეკეთში ვცხოვრობ და საქართველოში ჩამოსვლას ვერ ვახერხებ. ჩემი ნათესავებიც ძალიან მენატრება. სამწუხაროდ, მათთან კავშირი დავკარგე, რაც ტერიტორიული სიშორის გამო მოხდა. დიდი იმედი მაქვს, რომ ნათესავების პოვნაში დამეხმარებით.
– როგორ დაკარგეთ ერთმანეთი ნათესავებმა და როდის ნახეთ ბოლოს ბაბუა?
– ბოლოს ბაბუაჩემი ნოე სტუმრად იყო ჩამოსული ჩემთან უზბეკეთში, ეს იყო 1991 წელს, მას შემდეგ ჩვენ შორის კავშირი დაიკარგა. ბაბუა მე ყველაზე მეტად მიყვარს და ძალიან განვიცდი, რომ ვერ ვუკავშირდები. ძალიან მინდა, ვიპოვო ჩემი ნათესავები, რომლებიც თბილისში ცხოვრობდნენ. სამწუხაროდ, ბაბუას სურათი არ მაქვს, მაგრამ, მაქვს მამაჩემის, ანზორის ფოტო, რომელსაც ადვილად იცნობენ ჩემი ნათესავები და, იმედია, დამიკავშირდებიან. მე და ჩემი მეუღლე სულ განვიცდით, როდესაც საქართველოში არეულობას აცხადებენ ტელევიზორით. სამწუხაროდ, ჩემ მიერ გაგზავნილი წერილები ადრესატამდე ვერ მიდის. ვფიქრობ, შეიძლება, ქუჩას შეეცვალა სახელწოდება ან საცხოვრებლად სხვაგან გადავიდნენ. მე თვითონ დიდი სურვილი მაქვს, ჩამოვიდე საქართველოში და ვინახულო ყველა ჩემიანი, მაგრამ ამას ჯერჯერობით ვერ ვახერხებ. თუ ბაბუას ვიპოვი, აუცილებლად ჩამოვალ.
– უზბეკეთში როგორ მოხვდით?
– დედაჩემი აქ დაიბადა და აქ გაიცნეს ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი. მე დაბადებიდან აქ ვცხოვრობ. ნათესავებთან კავშირი სულ გვქონდა ხოლმე. ძალიან მიყვარს ყველა ჩემი ნათესავი მამის მხრიდან, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ყველაზე მეტად ბაბუა მიყვარს. ძალიან გამიხარდა, ბოლოს როდესაც ჩამოვიდა ჩვენთან სტუმრად. იმედია, მე მას ვიპოვი და ამჯერად მე ჩამოვალ თბილისში. იმასაც განვიცდი, რომ ის ამჟამად უკვე ასაკოვანია. სულ ვფიქრობ, ხომ კარგადაა, ნეტავ როდის ვნახავ, ან დაველაპარაკები-მეთქი. ჩემს შვილებსაც ძალიან უყვართ ნოე ბაბუა, „დიდ ბაბუას“ ეძახიან. ერთი სიტყვით, მთელი ჩემი ოჯახი ახლა მოლოდინშია და დიდი იმედით ვართ ყველა.
– საქართველოში არასდროს ყოფილხართ? ბაბუას პოვნის შემთხვევაში, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი შეხვედრა?
– ამაზე ხშირად მიფიქრია. დიდი სითბოთი ვარ განწყობილი საქართველოს მიმართ. ძალიან მინდა მანდ ჩამოსვლა და, ამჯერად, ალბათ მოვახერხებ კიდეც. მთავარია, ვიპოვო ნოე ბაბუა და გავიგო ჩემი ნათესავების ზუსტი მისამართი. სანამ ჩამოვალ, ვფიქრობ, წერილობით, ტელეფონით გვექნება ურთიერთობა. ნეტავ კარგად იყოს ბაბუა, რადგან, როგორც გითხარით, ის უკვე საკმაოდ ასაკოვანია და მეშინია კიდეც, ცუდი ამბავი არ გავიგო მის შესახებ. რა მიზეზით დაიკარგა ჩემ და ჩემს ნათესავებს შორის კავშირი, მაინც ვერ გავარკვიე. შეიძლება, ისინიც მწერენ წერილებს და მათი წერილებიც ვერ მოდის ჩემამდე. ტელეფონის ნომერიც შეცვლილი გვაქვს და, შეიძლება, სწორედ ეს იყოს ყველაფრის მიზეზი. მიუხედავად ამისა, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ნათესაური კავშირი აღდგება და ერთმანეთს ვიპოვით.