მამაკაცმა თურქეთში გაქცეულ ცოლთან შეძენილი 6 წლის შვილი სასიკვდილოდ გაიმეტა
ყოფილ ცოლზე შურისძიების მიზნით, მამამ 6 წლის შვილი მოსაკლავად გაიმეტა. ბავშვი სასწაულად გადარჩა, მამამისს კი, პაატა ნ-ს, 8 წლით პატიმრობა მიესაჯა. პატიმრის უცნაურობების გამო, მისმა ადვოკატმა განაჩენი ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა და არცთუ უსაფუძვლოდ – ექსპერტებმა დაკავებული შეურაცხადად ცნეს. დადგინდა, რომ პატიმარს ფსიქიკა ცოლის გამო შეერყა. შესაბამისად, საპატიმროდან ის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სამი შვილის მამამ, უფროსი ვაჟი – 6 წლის ნიკა, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გაიმეტა. ამ ამბავმა მთელი საზოგადოება შეძრა. შემზარავი დანაშაული მამამ მაშინვე აღიარა – განაცხადა, რომ შვილს თავში ის ჯოხი ჩაარტყა, რომლითაც საქონელს სცემდა. თუმცა, რატომ მოიქცა ასე, ამაზე რეალური პასუხი ვერც გამოძიებას და ვერც სასამართლოს გასცა.
დატრიალებული უბედურების შემდეგ, მეზობლებს გაახსენდათ, რომ მამა სადისტურად მხოლოდ უფროს შვილს ექცეოდა. სახეჩალურჯებული ბავშვი მათ არაერთხელ უნახავთ. გაახსენდათ ისიც, რომ ასაკის მიუხედავად, ბავშვს მძიმე სამუშაოებს ავალებდნენ – ნახირშიც კი აგზავნიდნენ.
თანასოფლელებმა ის პერიოდიც გაიხსენეს, როცა პაატა ნ-ს მკურნალობდნენ. ეს მას შემდეგ იყო, როცა ცოლმა მიატოვა – პაატა ნ-მ სწორედ პირველ ცოლთან შეძენილი საერთო შვილის მკვლელობა სცადა – იმ ბავშვის, რომელიც დედამაც მიატოვა. მართალია, განსასჯელი მეორედ დაოჯახდა და სხვა შვილიც ჰყავდა, მაგრამ, როგორც ჩანს, პირველი ცოლი ვერ დაივიწყა – ფსიქიკაც სწორედ მის გამო შეერყა. მშობლებმა კი სათანადოდ არ უმკურნალეს.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, 11 ოქტომბერს განსასჯელ პაატა ნ-ს მეუღლე თამარ ნ. ნათესავს პურის გამოცხობაში ეხმარებოდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ მას ქმარმა დაურეკა და დაჟინებით სთხოვა სახლში დაბრუნება. სახლში ქალს შემზარავი სურათი დახვდა – მისი 6 წლის გერი იატაკზე იწვა, მამამისი კი ხმამაღლა ტიროდა. ქმარმა ცოლს უთხრა, რომ ბავშვს სახრე დაარტყა და მოკლა.
თამარ ნ-ს ჩვენებით, მას ქმრის სიტყვებისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია, მაშინვე ბავშვის გონზე მოყვანას შეეცადა. ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა, მაგრამ ვერაფერს გახდა. უცნობი ავტომანქანით ბავშვი საავადმყოფოში წაიყვანეს, თითქმის დარწმუნებულები იყვნენ, რომ გარდაიცვალა, მაგრამ გადარჩა. პოლიცია საქმის კურსში ექიმებმა ჩააყენეს – პაატა ნ. სწორედ იქ დააპატიმრეს...
როგორც განსასჯელის მეუღლე უსვამს ხაზს, მის ქმარს ბავშვები თითქმის არასდროს უცემია. ამიტომ, უჭირს დაჯერება, რომ საკუთარი შვილი მოსაკლავად გაიმეტა...
კითხვაზე, რატომ გაიმეტა შვილი, პაატა ნ. იმავე დღეს მიცემულ ჩვენებაში აცხადებს: „სახლში მხოლოდ მე და ჩემი შვილი ვიყავით. სათავსოების ოთახის დალაგება გადავწყვიტე და ბავშვი დავიხმარე. ეზოში მოტოციკლეტის ნაწილები გავატანინე. უკან დაბრუნება დააგვიანდა. ფანჯარაში გავიხედე, დავინახე ეზოში იდგა. დავუძახე დროზე მოსულიყო, მაგრამ ნელა წამოვიდა – ფეხებს მოათრევდა. ასე ნელა, ჩემ გასაბრაზებლად მოდიოდა და რამდენჯერმე ჯოხი დავარტყი... ასეთი ჩვევები დედამისს ჰქონდა... ” – განაცხადა განსასჯელმა, რომელმაც გონდაკარგული შვილი საძინებელში შეიყვანა, მაგრამ საწოლზე კი არა, პირდაპირ იატაკზე დააგდო. გონზე მოყვანის მიზნით კი, სახეში გამეტებით ურტყამდა, გულ-მკერდზე აწვებოდა. როდესაც ვერაფერს გახდა, მეუღლეს დაურეკა, რომელიც იქვე, ნათესავის სახლში იმყოფებოდა.
შვილის მკვლელობის მცდელობისთვის პაატა ნ-ს 8 წლით პატიმრობა განუსაზღვრეს, მაგრამ ის სასჯელს არ მოიხდის. ექსპერტთა განმარტებით, განსასჯელს პარანოიდული ფსიქოზი აღენიშნება. მას სწორი ჩვენების მიცემა არ შეუძლია და მკურნალობას საჭიროებს. გამოჯანმრთელებამდე ის ციხეში კი არა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უნდა მოთავსდეს.
განსასჯელის წარსული
წარმოშობით ხევსური პაატა ნ. შვიდ დედმაშვილთან ერთად, უკიდურეს გაჭირვებაში გაიზარდა, მაგრამ ის და-ძმებისგან გამორჩეული იყო. შესაბამისად, მან სრული საშუალო განათლება მიიღო. თუმცა, ყურადღებას არა მხოლოდ სწავლით, სიმღერითაც იქცევდა, რის გამოც ხშირად დაჰყავდათ წვეულებებზე.
მეგობრების დაჟინებული თხოვნით, პაატა ნ. ქორწილში მოხვდა. მისმა სიმღერამ განსაკუთრებით ჩამოსული სტუმრები მოხიბლა. ამ ქორწილმა კი პაატას ცხოვრება შეცვალა – ქორწილში სტუმარი გოგონა მოეწონა, რომელიც მისი ცოლი გახდა. მართალია, ყველაზე კარგად თავად პაატამ იცოდა, მის ღარიბ ოჯახს რძლის სათანადოდ მიღების საშუალება რომ არ ჰქონდა, მაგრამ გოგონაც მოიხიბლა მისით და გადაწყვეტილება აღარ შეცვალა. ამაში კი ხელი მეგობრებმა შეუწყვეს, ანუ მანამდე სრულიად უცნობი რუსუდან გ. მისი ცოლი გახდა.
პაატაზე 3 წლით უმცროს რუსუდანს მშობლებმა მეორე დღესვე ჩააკითხეს. მათ სოფლის სიტუაცია არ მოეწონათ და შვილის უკან წამოყვანა უნდოდათ, მაგრამ რუსუდანი არ გაჰყვა. მშობლები მის დაყოლიებას ყველანაირად ცდილობდნენ – დაემუქრნენ, რომ სახლში აღარასოდეს მიიღებდნენ, მაგრამ რუსუდანმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
პირველ ეტაპზე ცოლ-ქმარს შორის იდილია სუფევდა. გოგონას გაშინაურება და მისი სოფელთან შეგუება, ყველას უკვირდა. მაგრამ, სიტუაცია ბავშვის დაბადების შემდეგ შეიცვალა. ოჯახს ეკონომიურად ისე გაუჭირდა, ბავშვის ექიმთან წასაყვანი თანხაც კი არ ჰქონდათ. ამ და სხვა ყოფითი პრობლემების გამო, ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა გაფუჭდა. რუსუდანი დახმარებას მშობლებს სთხოვდა, მაგრამ მათ პირობა შეუსრულეს – დახმარებაზე უარი უთხრეს. სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა – რძალს არც ოჯახი და არც ქმარი აღარ მოსწონდა. ამას დაერთო თურქეთიდან ჩამოსული მისი დის გამოჩენაც, რომელმაც სოფელში ჩააკითხა. როგორც ის მოწმედ დაკითხვისას, ჩვენებაში წერს, მშობლების მონაყოლმა მოლოდინს გადააჭარბა. პაატას სახლში ცხოველები და ადამიანები, ფაქტობრივად, ერთად ცხოვრობდნენ. ის ცხვრისა და ძროხების ფერმას გულისხმობდა, რომლის მოვლაშიც მთელი ოჯახი იყო ჩაბმული.
კონკრეტულად, რა მოხდა, ძნელი სათქმელია, მაგრამ რუსუდანის დის სტუმრობის შემდეგ, ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა – ცოლი ქმარს აღარაფერს აღარ უთმობდა. უხეშად ექცეოდა არა მხოლოდ მას, მის და-ძმებსაც და მშობლებსაც, რომლებიც რძალს ლანძღვა-გინებას არც თავად აკლებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ პაატას ცოლი ძალიან უყვარდა, ოჯახის წინააღმდეგ ვერ წავიდა. ცოლს ვეღარ იცავდა და მათი გაყრის საკითხიც დადგა. პრობლემა ბავშვი იყო, დედას შვილის წაყვანა სურდა, მაგრამ არ გაატანეს.
სახლიდან წასული რუსუდან გ. შვილის დაბრუნებას ცდილობდა, მაგრამ ვერაფერს გახდა. საქმე კი სასამართლომდე ვერ მივიდა – მას საჩივარი ქმრის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უნდა შეეტანა რაიონულ სასამართლოში, მაგრამ, ვინაიდან ყოფილი ოჯახი და ნათესავები მუქარას უთვლიდნენ, სასამართლოში დავა აღარ მოინდომა. ბოლოს კი თურქეთში აღმოჩნდა.
როგორც მოწმეები ჩვენებებში აცხადებენ, ცოლთან გაყრის შემდეგ, პაატა ნ. სერიოზულად ავადმყოფობდა. მან ძალიან მძიმე დეპრესია გადაიტანა. ბოლო მომენტამდე ეგონა, რომ ცოლი არ მიატოვებდა და სოფელში დაბრუნდებოდა. თუმცა, საქმიდან ჩანს, რომ იგივეს ფიქრობდა რუსუდან გ-ც. რადგან თავის მხრივ, ის ქმარს სახლიდან წასვლას და მასთან ერთად თბილისში ცხოვრებას სთავაზობდა, მაგრამ ვერ დაიყოლია.
მოწმეები ამბობენ, რომ რეალურად, პაატა ნ-ს, ცოლთან ერთად ცალკე ცხოვრება უნდოდა. მაგრამ, ამის საშუალება ოჯახმა არ მისცა – სოფლიდან წასვლას ღალატად უთვლიდნენ. მათი თქმით, სწორედ ეს გახდა რეალური მიზეზი, რომ რუსუდან გ-მ საჩივარი არ შეიტანა. ბოლო მომენტამდე ეგონა, რომ ქმარი საცხოვრებლად ცალკე გაჰყვებოდა, მაგრამ...
როგორც განსასჯელის ძმა აცხადებს, რამდენიმე თვის განმავლობაში, პაატას დეპრესია იმის გამო ჰქონდა, რომ ყოფილი ცოლის ადგილსამყოფლის შესახებ, დიდი ხნის განმავლობაში, არაფერი იცოდა. ამის გაგებას ყველანაირად ცდილობდა, ბოლოს კი სტრესის გამო, ნერვული აშლილობა დაემართა და სამკურნალო გახდა.
როგორც ექიმები ასკვნიან, სერიოზული ტრავმა მან სწორედ ამ პერიოდში გადაიტანა, მაგრამ განსასჯელის უჩვეულო მდგომარეობაზე განსაკუთრებული ყურადღება არავის გაუმახვილებია.
მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ის თავს კარგად არ გრძნობდა, მშობლებმა შესაფერისი ოჯახის შექმნაზე დაიყოლიეს. დაარწმუნეს, რომ ოჯახი აუცილებელი იყო და ნათესავების ჩარევით, ქმართან განქორწინებულ, ასევე შვილიან ქალზე დააქორწინეს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, მეორე ქორწინება მისთვის უფრო გამოსავლისა და თავშესაფრის პოვნა იყო.
ქმრის სახლში ცხოვრება, არც მეორე ცოლმა მოისურვა. მას თავისი სახლი კი ჰქონდა, მაგრამ ცალკე ცხოვრებაზე პაატას მშობლებმა კვლავ უარი განაცხადეს. თუმცა, ოჯახში მეორე რძლის მოსვლის შემდეგ, სიტუაცია აუტანელი გახდა. ამასთან, პაატას მეორე ცოლი ბავშვს ელოდებოდა და დროებით საკუთარ სახლში გადავიდა, მაგრამ ის უკან აღარ დაბრუნდა...
ცოლ-ქმარი სამ ბავშვთან ერთად ცხოვრობდა, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა, მაგრამ ტრაგედია დატრიალდა – მამა შვილის მკვლელობის მცდელობისთვის დააპატიმრეს.
დაბოლოს, მიუხედავად მომხდარისა, რუსუდან გ. საქართველოში არ დაბრუნებულა. სიკვდილს სასწაულად გადარჩენილი ბავშვი დედინაცვალთან ცხოვრობს.