მწვანე კუთხე
კითხვა: არის თუ არა ასპიდისტრა პრეტენზიული მცენარე?
პასუხი: ასპიდისტრა ძალიან გამძლე მცენარეა: ბნელ კუთხეშიც რომ მიაგდოთ, მოურწყავიც რომ დატოვოთ და ფოთლები მტვრითაც რომ დაეფაროს, მაინც გადარჩება. ეს მცენარე ჩრდილს იტანს, მაგრამ სინათლეში უკეთ იზრდება, ოღონდ, მზისგულზე ნუ დადგამთ. იტანს ნულს ზემოთ ტემპერატურას, თუმცა, ოთახში 18-24 გრადუსი ურჩევნია. მიწა ნესტიანი უნდა ჰქონდეს, ამიტომ, ზაფხულში, აქტიური ზრდის პერიოდში, რეგულარულად მორწყეთ. თუ მორწყვა ზედმეტი მოუვიდა, ფოთლებზე ყავისფერი ლაქები გაუჩნდება. ჭირვეული მცენარე არ არის და მინიმალური მოვლის პირობებშიც იზრდება. ფოთლები სველი ნაჭრით გაუწმინდეთ ხოლმე, რათა სიხასხასე და სიჯანსაღე შეინარჩუნოს. ზაფხულის განმავლობაში ყოველ სამ კვირაში ერთხელ მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. არსებობს ჭრელი ასპიდისტრაც, ოღონდ, მას სინათლე არ უნდა მოაკლდეს, თორემ, სიჭრელეს დაკარგავს.
კითხვა: როგორი სინათლეა საჭირო კალამონდინის გასახარებლად?
პასუხი: ამ მცენარეს კარგად განვითარებისთვის კაშკაშა სინათლე სჭირდება. მისი ყვავილობისა და კომპაქტურობისთვის აუცილებელია კარგი განათება. ზაფხულში გარეთ დადგით, ოღონდ, გახსოვდეთ, რომ ქარიან ადგილს უნდა მოარიდოთ.
კითხვა: როგორ პირობებში გავახარო კტენანტა?
პასუხი: ამ მცენარეს ზაფხულში გაბნეული შუქი სჭირდება, ზამთარში კი – კარგი სინათლე. უხდება ცოტა ხნით მზეზე ყოფნაც. ოთახში უნდა ჰქონდეს ნორმალური ტემპერატურა – 18-24 გრადუსი, ზამთარში კი 10 გრადუსსაც უძლებს. ზაფხულში ხშირად მორწყეთ, რათა მიწა მუდამ ტენიანი ჰქონდეს, ხოლო ზამთარში მორწყვიდან მორწყვამდე ნიადაგს შეშრობა აცადეთ. რაც უფრო დაბალია ტემპერატურა, კტენანტას მით ნაკლები წყალი სჭირდება. ზრდის პერიოდში კვირაში ერთხელ გაანოყიერეთ სასუქით. რგებს მაღალი ტენიანობა, ამიტომ, ხშირად დანამეთ ან სველკენჭებიან ლანგარზე დადგით, სიცხეში ფოთლები რომ არ დაეწვას. ზამთარში დამატებითი კვება არ სჭირდება. სასურველია, ეს მცენარე მოათავსოთ ნათელ სასტუმრო ოთახში.
გვერდი მოამზადა