კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაწერა დუდუკებზე მომღერალმა პირველმა ქალმა, ანა ვარდიაშვილმა, ცნობილი სიმღერა – „ჩემი გმირი გიწოდე“

 

ანა ვარდიაშვილი დუდუკებზე მომღერალი პირველი ქალია. ანას მშობლები და, საერთოდ, ვარდიაშვილების საგვარეულო, ბუნებით იყო დაჯილდოებული მუსიკალური ნიჭით. ანას მამა რატილის გუნდის ერთ-ერთი წამყვანი სოლისტი იყო. ანას მამიდის – ქეთოს სიმღერას აღტაცებაში მოჰყავდა თვით ვანო სარაჯიშვილი. სარაჯიშვილები ვალში ვართ ვარდიაშვილებთან, – უთქვამს ვანოს, – „მხოლოდ შენ ერთს” ქეთევანივით ჯერ არავის უმღერიაო... ანა ვარდიაშვილის ტრაგიკულ ცხოვრებაზე, შვილი – ქეთევან ვარდიაშვილი გვესაუბრა.

ქეთევან ვარდიაშვილი: დედა 1900 წელს, თბილისში, დიდუბის ეკლესიასთან მდებარე საცხოვრებელ სახლში დაიბადა. მისი მამა, დიმიტრი ვარდიაშვილი მღვდელი იყო და დიდუბის ეკლესიაში წირავდა. ანას დედა გახლდათ ოლიკო მანსვეტაშვილი. სამწუხაროდ, დედა სულ რაღაც ორწლინახევრის იყო, როდესაც დედამისი ტუბერკულოზით გარდაიცვალა. ამის შემდეგ მას მამიდამისი – ქეთო ზრდიდა. ქეთოს ოლიკოს საფლავთან ფიცი დაუდევს, არ გავთხოვდები და შენს შვილს გავზრდიო, მაგრამ, დედა 9 წლის რომ ყოფილა, ოჯახს ქეთო ძალდატანებით გაუთხოვებია ქუთაისში. ქეთოს ქმარი გახლდათ ვენედიქტე ლეჟავა. დედაჩემი, მამიდის გათხოვების შემდეგ, ძირითადად მამამისის დედამ – ნანამ გაზარდა. ნანა ალექსანდრე ჭავჭავაძის ნათლული იყო და მთელი ბავშვობა წინანდალში, ჭავჭავაძეების მამულში ცხოვრობდა... დედაჩემს ქეთოს გარდა კიდევ ორი მამიდა ჰყავდა – სოფიო და თამრო. სოფიოს მეუღლე მღვდელი იყო, გვარად ჯიოევი. ახლანდელ პირველ სკოლაში საღვთო რჯულს ასწავლიდა. მათ ცხრა შვილი ჰყავდათ. თამროც დაოჯახებული იყო და ორი შვილი ჰყავდა.

– რატომ სწავლობდა ანა ვარდიაშვილი თელავის წმიდა ნინოს სასწავლებელში?

– დედა წარმოშობით ყვარლის რაიონიდან, სოფელ საბუედან იყო. ეს სოფელი ადრე თელავის რაიონში შედიოდა. თელავში ვარდიაშვილებს სახლი ჰქონდათ, სადაც მამიდამისი თამრო ცხოვრობდა და დედაც სკოლაში თელავში შეიყვანეს. იგი ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა სიმღერის ნიჭით. საერთოდ, მთელი ოჯახი იყო დაჯილდოებული სიმღერის ნიჭით. დედამისი, ოლიკოც, თურმე, არაჩვეულებრივად მღეროდა. დიმიტრიზე კი ამბობენ, ეკლესიაში რომ გალობდა, ჭაღი ირხეოდაო. მას მეტსახელად „კარუზოს“ ეძახდნენ. დიმიტრი იყო იშვიათი მოცეკვავეც. როდესაც მაღალი საზოგადოებისთვის სუფრას გაშლიდნენ, დიმიტრი დიდებულ ქალბატონებთან ერთად „ვალსს“ ცეკვავდა. იგი გამორჩეული თამადა, მოლექსე და, ამავდროულად, ძალიან მორწმუნეც ყოფილა. საქართველოს გასაბჭოების პერიოდში დიმიტრისთვის სოფლის მმართველს უთქვამს, ანაფორა გაიხადე და ჩვენს სამსახურში ჩადექიო, რაზეც დიმიტრის უპასუხია – ერთადერთი შვილი მყავს, მას დავთმობ და სარწმუნოებას ვერაო... 1924 წელს, როდესაც ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამოსვლები იყო, ძალიან ბევრი მღვდელი დაიჭირეს და დახვრიტეს. მათ შორის დიმიტრიც აღმოჩნდა. 

– დედათქვენს კლასიკური მუსიკალური განათლება ჰქონდა?

– დედა 9 წლის რომ იყო, ძალიან სერიოზული ფიზიკური ტრავმა გადაიტანა: იგი ძალიან ცელქი ყოფილა, საქანელაზე ასულა, ძალიან ბევრი უქანავია, საქანელა გადმოტრიალებულა, დედა გადმოვარდნილა და ხერხემალი დაუზიანებია. ამის გამო მან მუსიკალური განათლება ვეღარ მიიღო, რადგანაც ყირიმში გაგზავნეს და ორი წელიწადი პანსიონატში ცხოვრობდა და მკურნალობდა. შემდეგ რევოლუცია მოხდა და მუსიკის სწავლისთვის აღარავის ეცალა.

– ანა ვარდიაშვილი და ელენე ახვლედიანი მეგობრობდნენ?

– როდესაც დედა თელავის სკოლაში სწავლობდა, ის და ელენე ახვლედიანი ერთ მერხზე ისხდნენ. თურმე იმ პერიოდში ელენე ახვლედიანი მუსიკით ყოფილა გატაცებული, დედა კი არაჩვეულებრივად ხატავდა. ყველას ეგონა, ელენე ახვლედიანი დიდი მუსიკოსი გახდებოდა. დედაჩემი კი – მხატვარი, მაგრამ, ცხოვრებამ დაგვანახვა, რომ პირიქით მოხდა. მათ მთელი ცხოვრება წმინდა მეგობრობა აკავშირებდათ და როცა დედაჩემს უჭირდა, ელენე ყოველთვის გვერდში ედგა. კედელზე მაქვს ელენეს დახატული დედას პორტრეტი. ამ ნახატის ორიგინალი ხელოვნების მუზეუმშია. ელენემ ნახატის შესრულება საქართველოში დაიწყო, მაგრამ მალე პარიზში მოუხდა სასწავლებლად წასვლა და თან წაიღო. სწავლის პერიოდში ელენემ პარიზში პერსონალური გამოფენა მოაწყო და სხვა ექსპონატებთან ერთად ეს პორტრეტიც გამოფინა. გამოფენაზე ელენესთან ამერიკელი მილიონერი მისულა და ანას პორტრეტში საკმაოდ სოლიდური თანხა შეუთავაზებია, მაგრამ ელენეს უთქვამს, ჩემს მეგობარს შევპირდი და აუცილებლად სამშობლოში უნდა წავიღოო.

– როდის გაიცნო ანა ვარდიაშვილი საზოგადოებამ, როგორც მუსიკოსი?

– დედამ პირველი კონცერტი თელავში გამართა. ამ კონცერტის აფიშაც არის შემორჩენილი. ფანდურზე ასრულებდა თურმე თუშურ შაირებს, აკომპანემენტს კი ელენე ახვლედიანი უწევდა. კონცერტი საქველმოქმედო ყოფილა... შემდეგ, 29 წლის ასაკში, თბილისში ჩამოვიდა, რადგან, ძალიან უნდოდა, მსახიობი გამხდარიყო. ამისთვის ყველანაირი მონაცემები ჰქონდა: არაჩვეულებრივად მღეროდა, მიუხედავად ბავშვობაში გადატანილი ტრავმისა, გადასარევად ცეკვავდა, იყო ძალიან მოქნილი და კარგი გარეგნობის. თუმცა, დედაჩემის გეგმები შეიცვალა და თბილისში ჩამოსვლისთანავე გათხოვდა.

– ვინ გახდა ანა ვარდიაშვილის მეუღლე?

– დედა თავის მომავალ მეუღლეს ქუთაისში, ძალიან რომანტიკულ გარემოში შეხვდა: რაღაც საზოგადოება ყოფილა, რომელიც, თურმე, ტუბერკულოზით დაავადებულებს საქველმოქმედო კონცერტებით ეხმარებოდა. ერთ-ერთ ასეთ საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობა მიუღია ელენე ახვლედიანს და გამოფენა გაუმართავს, დედა კი საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში ეხმარებოდა. ამ გამოფენაზე მისულა მამაჩემი, რომელიც დიდი დიმიტრი ყიფიანის ოჯახიდან გახლდათ. ორგანიზატორები ყველა მომსვლელს გვირილას სჩუქნიდნენ, ერთ-ერთი გვირილა დედას მამასთვის მიუცია და აქედან დაიწყო მათი ურთიერთობა... თბილისში რომ დაბრუნდნენ, მალევე დაქორწინდნენ. ორივე გაკულაკებული ოჯახიდან იყო და, ჯვარი რომ დაიწერეს, საქორწინო ბეჭდებიც კი არ გააჩნდათ. დიმიტრი მეტეხის ციხეში, პატრიარქ კალისტრატე ცინცაძესთან ერთად რომ იჯდა საკანში, პაპაჩემს უთქვამს, ჩემი შვილი რომ გათხოვდება, ჯვარი შენ უნდა დასწეროო... ჯვარის დასაწერად დედაჩემი მისულა პატრიარქთან, კალისტრატე ცინცაძესთან და გაუხსენებია ვინც იყო. კალისტრატე ცინცაძე, რასაკვირველია, უარს არ ეტყოდა. როდესაც პატრიარქს ხელისმომკიდეები მოუკითხვას, აღმოჩნდა, რომ არ ჰყავდათ. თურმე იქვე  მეორე წყვილიც იწერდა ჯვარს და მათი ხელისმომკიდეები დაუყენა გვერდით. შემდეგ, ბეჭდებიც რომ არ ჰქონდათ, კალისტრატე ცინცაძეს აუღია ორი წმიდა სანთელი, ბეჭდის ფორმა მიუცია და მათთვის თითებზე გაუკეთებია... 

– დედას მსახიობობაზე აღარ უფიქრია?

– შესარჩევ ტურზე რომ მივიდა, კომისიის თავმჯდომარე კოტე მარჯანიშვილი იყო. დედამ გაიარა კონკურსი, მაგრამ, სიები რომ გამოაკრეს, თავისი სახელი და გვარი ვერ იპოვა. მეორე წელს თეატრი გაიყო: ნაწილი მარჯანიშვილთან წავიდა, ნაწილი კი სანდრო ახმეტელთან დარჩა. დედა ისევ მივიდა შესარჩევ ტურზე და სანდრო ახმეტელმა დასში აიყვანა. 1930 წელს მოსკოვის დეკადისთვის მიმდინარეობდა მზადება და სანდრო ახმეტელს გადაუწყვეტია, დაედგა მასობრივი სპექტაკლი, მკვეთრი ქართული ეპიზოდებით. სანდრო ახმეტელი სპექტაკლისთვის მასალებს რომ აგროვებდა, სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები მოიწვია, მათ შორის მედუდუკეებიც. დედაჩემი შესანიშნავად მღეროდა ფანდურის, გიტარის, როიალის თანხლებით, მაგრამ, დუდუკზე სიმღერა აზრადაც არ მოსვლია არასდროს... მედუდუკეებს რეპეტიცია რომ ჰქონიათ, ერთ-ერთ მედუდუკეს უკითხავს, ამხელა თეატრში ერთი მომღერალიც არ გყავთ, ჩვენთან ერთად, რომ იმღეროსო? მსახიობ თამარ ბაქრაძეს უთქვამს, გვყავსო და დედაჩემზე მიუთითებია. დედაჩემს რომ უმღერია, ყველა აღტაცებაში მოსულა და გადაუწყვეტიათ, საკონცერტო ნომრებიც გაეკეთებინათ. მოსკოვში რომ ჩავიდნენ დეკადაზე, მოსკოვის რადიოკომიტეტში მიუწვევიათ. სიმღერებმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, რამდენიმე კონცერტიც გამართეს და ეს სიმღერები ევროპის ქალაქებშიც გადაიცა. მოსკოვიდან რომ დაბრუნდნენ, შემდეგ კიევშიც მიიწვიეს... – ასე დაიმკვიდრა ანამ დუდუკებზე მომღერალი პირველი ქალის სახელი.  დუდუკების აკომპანემენტის ქვეშ რომანსებს მღეროდა, მაგრამ, მაინც არ მოსწონდათ და „პადვალნი ინსტრუმენტს” ეძახდნენ. დუდუკის სცენაზე გამოჩენაც კი ეთაკილებოდათ – ამბობდნენ, ქართული საკრავი არ არის, სომხურიაო, მაგრამ, შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ დუდუკი ქართული საკრავი იყო და ეს ინსტრუმენტი თანდათან მისაღები გახდა. ბოლო ანსამბლი, რომელიც ანამ ჩამოაყალიბა, „ახალგაზრდა მედუდუკეები“ იყო. ქსოვრელს დადაჩემმა ასწავლა დუდუკზე დაკვრა, მან კი ანსამბლი ჩამოაყალიბა. ეს ხდებოდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.

– ანა ვარდიაშვილის სიმღერები თუ არის შემორჩენილი?

– 200 სიმღერიდან მხოლოდ 10 სიმღერაა შემორჩენილი. ეს ის საუკეთესო სიმღერებია, რომლებიც ომის პერიოდში ჩაიწერა. იმ დროს დუდუკებზე დაკვრა მკაცრად იკრძალებოდა. ომის პერიოდში ხომ ტელევიზია არ იყო, ფირებზე ჩაწერა კი იშვიათად ხდებოდა... რადიოკომიტეტში, სამუსიკო განყოფილების გამგედ მუშაობდა კაკო ძიძიგური, რომელმაც დედას უთხრა, რაღაც მოვიფიქროთ, ეს სიმღერები რომ დარჩესო და კინოფირებზე ჩეწერეს. კომპიუტერი რომ შემოვიდა, სიმღერები დაამუშავეს და ახლა ოქროს ფონდში ინახება. თვითონ ფირები ხალხური საკრავების მუზეუმშია. ასევე, შენახულია დედას პერსონალური მიკროფონი, რომელიც საგანგებოდ დაამზადებინა ვიღაც გერმანელს. 

– როგორ დაიწერა ცნობილი სიმღერა კარლო კალაძის ლექსზე?

– ერთხელაც, რეპეტიცია რომ ჰქონდა დედას სახლში, კარზე კაკუნი გაისმა და კარლო კალაძე გამოეცხადა. მან მაგიდაზე დაუდო ლექსი და უთხრა, იქნებ, რომელიმე მუსიკა შეუწყოთო. ამ ლექსს სათაურად ეწერა „თამარ ქალის სიმღერა”. დედაჩემს რაღაც წაუღიღინებია და ასე შეიქმნა სიმღერა, რომელიც ხალხში ასეა ცნობილი „ჩემი გმირი გიწოდე”... ამ სიმღერის შემქმნელი და პირველი შემსრულებელი ანა გახლდათ... 

 

скачать dle 11.3