როგორ გავარკვიოთ გამართულად მუშაობს თუ არა მუხრუჭი
მძღოლები ხშირად იბნევიან, როცა ავტომობილი უცნაურ ხმას გამოსცემს, – კაკუნობს ან კიდევ სხვა რაიმე ამდაგვარი სჭირს. იმის გასაგებად თუ რა დაემართა „საყვარელ მეგობარს“, ხშირად ხელოსანთან მისვლაც არ არის საჭირო. ზოგი გაუმართაობის შემთხვევაში დიაგნოზის დასმა თავადაც შეგიძლიათ.
მევლუდ მელაძე: ისევე როგორც სხეულს, ავტომობილსაც აქვს ისეთი ნაწილები, რომელიც არ უნდა დაუზიანდეს. ესენია: ძრავა, სავალი ნაწილი, სიჩქარეთა კოლოფი და გარეგნული დაზიანება, რომელიც სიარულში მართალია ხელს არ უშლის, მაგრამ მისი შეკეთება, ალბათ, ყველაზე ძვირი ჯდება. ყიდვისას ავტომობილს ძალიან მარტივად ამოწმებენ – ოც მეტრს გაატარებენ, შუშებს აწევ-ჩამოწევენ, რაღაც ღილაკებს დააჭერენ ხელს და ამას შემოწმებას ეძახიან. გასწავლით მარტივ ხერხებს, თუ როგორ უნდა შემოწმდეს ავტომობილი და როგორ მუშაობს ძირითადი ნაწილები. დიდი და მშვიდი ტერიტორია აირჩიეთ და იქ მიდით მანქანით. დაიწყეთ ძრავათი. კაპოტს ახდით, ავტომობილს დააქოქავთ და ძრავას ხმას მოუსმენთ. თუ ძრავას ხმას ოდნავი წიკწიკი დაჰყვება, საათივით წიკწიკს არ ვგულისხმობ, ის უფრო ხმამაღალია, ეს ნიშნავს, რომ ძრავას სარქველები გაღუნულია და უნდა გასწორდეს. მართალია, ყველა ძრავას განსაკუთრებული, თავისებური ხმა აქვს, მაგრამ ის აუცილებლად მონოტონურად, ერთ რეჟიმში უნდა მუშაობდეს. ანუ, ხმის ზედმეტი – აღმა-დაღმა სვლა, უკვე პრობლემაა. თუ დაქოქე და იქიდან კაკუნი ისმის, ეს უკვე „სტუკია”. მაგრამ ამ ხმის ყურადღების მიქცევა, მერეც აუცილებელია. თუ ძრავას „კოლიცოები” დამჯდარი აქვს, მისი შემოწმებაც მარტივია. დაქოქილ ძრავას ხუფი ოდნავ ახადეთ ისე, რომ ერთ-ორ სანტიმეტრზე ზევით არ აწიოთ, რათა ზეთმა არ ამოასხას. თუ „კოლიცოები“ კარგია და ძრავა კარგად მუშაობს სახურავს თავისკენ ისე იწოვს, როგორც მტვერსასრუტი. ანუ, აირი ამოდის და სახურავს თავისკენ ქაჩავს. თუ „კოლიცოები” დამჯდარია, მაშინ ხუფიდან ისე უნდა ამოვიდეს ბოლი, როგორც „გლუშიტელიდან”, ანუ ნამწვავი ბოლი გამოდის. ამ დროს მას „კომპრესი” აღარ აქვს და „კოლიცოები” დამჯდარია. რაც შეეხება სავალ ნაწილს, კარგ გზაზე, ასფალტზე ვერ შეამოწმებთ კარგად მუშაობს თუ არა ყუმბარები. უსწორმასწორო გზაზე გადადით და ნახეთ, რაიმე ხომ არ კაკუნობს, ავტომობილი ძალიან უხეშად ხომ არ გადადის. ეს ნიშნავს, რომ სავალი ნაწილი ნორმალურია. თხრილზე გადასვლის დროს, ის ძალიან რბილად უნდა გადადიოდეს. თუ ამორტიზატორებს პრობლემა აქვს, მაშინ თხრილზე გადასვლისას, სალონში მკვეთრი რყევა იგრძნობა. ზოგადად, სალონში რყევა არ უნდა იგრძნობოდეს. ანუ, შეიძლება ხმაური არ იყოს, მაგრამ სერიოზული დისკომფორტი იგრძნო და ამას ყურადღება უნდა მიექცეს.
– როგორ შევამოწმოთ მექანიკური კოლოფი?!
– ასფალტზე, სწორ გზაზე გახვალთ და შეამოწმებთ სიჩქარეები როგორ გადადის. თუ გადართვის მომენტში ხმა აქვს, ან ჩაგდება გაუჭირდება, ესე იგი, გამართულად ვერ მუშაობს. მაგრამ, ეს წყნარად და ნაზად სიარულის დროს არ გამოჩნდება. ძრავა მაღალ ბრუნზე მაშინ უნდა ამუშაოთ, როცა ტახომეტრი ხუთ-ექვს ათასზე ავა.
– რაც შეეხება ავტომატურ კოლოფს.
– ვთქვათ, აგდებ „R” ან „D” სიჩქარეებში – ეს ძალიან რბილად უნდა ხდებოდეს. ანუ განსაკუთრებული ხმაური არ უნდა მოჰყვეს. თუ უხეშად ურტყამს მანქანა გადართვისას, ესე იგი, უკვე დაზიანებაა – დაზიანებულია ტრანსმისია. სწორ გზაზე სიარულისას დააკვირდით, მალე რთავს თუ არა სიჩქარეებს. ანუ, სამი ათასზე, დაახლოებით, უკვე უნდა შეცვალოს. თუ აგვიანებს და მაღალ ბრუნზე ამუშავა, ეს ნიშნავს, რომ „კოლოფის” ზეთია გამოსაცვლელი და ყურადღება უნდა მიაქციოთ. ასევე, შეამოწმეთ, აღმართზე თუ დგას კარგად. ჩააგდეთ „D-ში”, გაჩერდით აღმართზე და მუხრუჭს ფეხი აუშვით. ის არ უნდა დაგორდეს.
რაც შეეხება მუხრუჭს, განავითარეთ ავტომობილით მაქსიმუმ, 40 კლომეტრ-საათი სიჩქარე და მკვეთრად დაამუხრუჭეთ. თუ ის სწორად გაჩერდა, ესე იგი, მუხრუჭები გამართულად მუშაობს. თუ ავტომობილის უკანა, ან რომელიმე მხარე გვერდით წაიღო, ეს ნიშნავს, რომ უკანა და წინა მუხრუჭებს შორის ბალანსი დარღვეულია და ის ცუდად მუშაობს. ამ დროს საჭესაც თუ გაუშვებთ ხელს, უფრო კარგად იგრძნობთ შედეგს.