ვეტერინარის რჩევები
კითხვა: ცოტა ხნის წინ სახლში სპანიელი მოვიყვანეთ. მაგრამ, ჩემი 2 წლის ძმისშვილი და ძაღლი ერთმანეთზე საშინლად ეჭვიანობენ. რას გვეტყვით, თქვენი აზრით ბავშვისა და ძაღლის ასეთი ურთიერთობა გაგრძელდება თუ შეეჩვევიან ერთმანეთს?
პასუხი: საინტერესოა, რამდენი ხანია, რაც ცხოველი სახლში მიიყვანეთ. საერთოდ ძაღლისა და ბავშვის პირველი შეხვედრის დროს შეიძლება, ძაღლმა იეჭვიანოს. ეჭვიანობა სპანიელს კი არა, შეიძლება, საკმაოდ მყარი ფსიქიკის ძაღლსაც გაუჩნდეს. საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს მათ პირველ შეხვედრას – მათი ერთმანეთთან შეჩვევა, თანდათანობით უნდა მოხდეს; ბავშვი უნდა მოარიდოთ მკვეთრ მოძრაობებს ძაღლთან მიმართებაში. ხშირად მოეფერეთ და შეაქეთ ცხოველი ბავშვთან ურთიერთობის დროს და ეცადეთ აუხსნათ პატარას, რომ ძაღლი მისი მეგობარია, რომ არაფერს დაუშავებს და მიეცით მათ ერთად თამაშის საშუალება.
კითხვა: ჩემი ძაღლი პერიოდულად ცივდება, რის გამოც ტემპერატურა უმატებს და ხშირად შარდავს. ანტიბიოტიკებზე რას გვეტყვით, შეიძლება მისი მიცემა ცხოველისთვის? ანუ, ისეთივე ეფექტურია, როგორც ადამიანის შემთხვევაში?
პასუხი: ანტიბიოტიკების თვითნებურად გამოყენება და ძაღლისთვის მიცემა დაუშვებელია, უმჯობესია, ის კვალიფიციურ ექიმთან მიიყვანოთ, რომელიც მას გასინჯავს, დასვამს დიაგნოზს და სათანადო მკურნალობას დაუნიშნავს. საერთოდ, ლაბორატორიული გამოკვლევის გარეშე ანტიბიოტიკების თვითნებური დანიშვნა ან ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის ხანგრძლივობის თვითნებური შეწყვეტა აუარესებს ძაღლის შემდგომ მდგომარეობას. განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო გენტამიცინისა და ბისეპტოლის თვითნებური გამოყენების დროს. აღნიშნული პრეპარატები ხასიათდებიან მაღალი ნეფროტოქსიკურობით და იწვევენ ჰიპერსალივაციასა და ღებინებას. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი ვეტერინარული პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია თვითნებურად, დიაგნოზის დაზუსტების გარეშე მათი ტოქსიკურობისა და ზოგიერთი ჯიშის გენეტიკური თავისებურებების გამო. გირჩევთ, თქვენი ძაღლი აუცილებლად უჩვენოთ ექიმს და თვითნებურ მკურნალობაზე უარი თქვათ.
კითხვა: მაინტერესებს, ძაღლს ყველაზე მეტად რომელი ორგანო აქვს განვითარებული?
პასუხი: უნდა ვიცოდეთ, რომ ძაღლის აგებულება არანაკლებ რთულია, ვიდრე ადამიანის და არანაკლებ ავადდება სხვადასხვა დაავადებით. ნერვული სისტემის განვითარებისა და ქცევითი აქტის მიხედვით, ძაღლი ეკუთვნის უმაღლესი განვითარების ცხოველს: აქვს კარგი ყნოსვითი ორგანო, ასევე მეხსიერება, რთული ფსიქოემოციური სისტემა – ის განიცდის, დარდობს, უხარია, სწყენს, ეშინია, შეუძლია, მოიწყინოს და უყვარს კიდეც.
კითხვა: სახლში გვყავს ლეკვი, რომელიც ვერ გადავაჩვიეთ ფეხსაცმლით გართობას. ოჯახის ყველა წევრის თითქმის ყველა ფეხსაცმელი დაძიძგნილი აქვს კბილებით. გარდა იმისა, რომ ზიანს აყენებს ჩვენს ნივთებს, მასაც ხომ არ უქმნის ეს გართობა ჯანმრთელობის პრობლემებს?
პასუხი: უნდა ეცადოთ, რომ ლეკვს არ მისცეთ ფეხსაცმლით თამაშის საშუალება, რადგან ეს რეკომენდებული არ არის. მაგალითად, ფეხსაცმელი, რომლითაც ქუჩაში დავდივართ, შეიძლება ვირუსული დაავადების გადატანის მიზეზი გახდეს. ამიტომ, უმჯობესია, თუ მას დაუშლით ამგვარ გართობას. თუ მაინც ვერ გადააჩვიეთ, თავდაცვის მიზნით ყოველწლიური ვაქცინაცია ნამდვილად აგარიდებთ აღნიშნულ პრობლემას.
ყველაზე კარგი და მარტივი რჩევა მინდა მოგცეთ: ეცადეთ, თქვენი ფეხსაცმელები ისეთ ადგილას შეინახოთ, სადაც ლეკვი ვეღარ მისწვდება.
გვერდი მოამზადა