ეკონომიური დიეტა
ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი სიამოვნებააო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სიმართლე მარტივია – უარი თქვით თქვენს ზოგიერთ ჩვევაზე. გარდა ამისა, უნდა იცოდეთ, რომელი პროდუქტით შეგიძლიათ, ჩაანაცვლოთ სასარგებლო, მაგრამ ძვირად ღირებული საკვები. ამით სასურველ წონასაც შეინარჩუნებთ და თქვენს ჯიბესაც საგრძნობ შეღავათს მისცემთ.
მთავარი პირობა კი, კარგად მოფიქრებული და დაბალანსებული რაციონია. ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, მისი სადღეღამისო ნორმა უნდა შედგებოდეს 50-70 პროცენტი ნახშირწყლების, 25-40 პროცენტი ცილებისა და 5-10 პროცენტი ცხიმებისგან. ეკონომია კი, შეგიძლიათ, მარტივი „ილეთებით“ გააკეთოთ:
ა) უარი თქვით ძვირად ღირებულ მზა საუზმეზე – ის დიდი რაოდენობით შეიცავს შაქარსა და საკვებ დანამატებს.
ბ) შეიძინეთ ქართული ხილი და ბოსტნეული.
გ) საერთოდ დაივიწყეთ „ფასტ-ფუდი“, ძეხვეული, შებოლილი პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები.
ყოველივე ამის სანაცვლოდ აუცილებლად შეიტანეთ თქვენს ყოველდღიურ მენიუში:
ა) უცხიმოდ მომზადებული „ჰერკულესის“ ფაფა (სასურველია, შეურიოთ რომელიმე ხილი);
ბ) ბოსტნეულის წვნიანი ან სალათა,
გ) ცეხვილი პურის 2-3 ნაჭერი.
რაც შეეხება რძის პროდუქტებს, სასურველია, შეიძინოთ უცხიმო რძე, ხაჭო, კეფირი და მაწონი, უმჯობესია – სოფლის პროდუქტი, რადგან მათში არ არის არანაირი დანამატი და ემულგატორი. თუ მაინც მაღაზიას უფრო ენდობით, დააკვირდით წარწერას. თქვენ მიერ შერჩეული პროდუქტი არ უნდა შეიცავდეს ცხიმებს (ან, უნდა შეიცავდეს მინიმალური რაოდენობით) და, რაც მთავარია, უნდა ჰქონდეს, რაც შეიძლება ნაკლები ხანგრძლივობის შენახვის ვადა.
მოგეხსენებათ, ყველაზე ძვირი ხორცი, თევზი, სოკო და ნიგოზი ღირს. ყოველდღე მათი შეძენა საკმაოდ შეათხელებს თქვენს ჯიბეს, ამიტომ, დაგეგმეთ თქვენი რაციონი შემდეგი სქემის მიხედვით: ერთ კვირას – საქონლის ხორცი, მეორე კვირას – თევზი, მესამე კვირას – ფრინველის ხორცი, მეოთხე კვირას – სოკო (რა თქმა უნდა, სადილად, თანაც – ცოტ-ცოტა). დანარჩენი დღეები „შეავსეთ“ ბოსტნეულით, ბურღულეულით, ხილით, რძის ნაწარმითა და პარკოსნებით.
ძვირად ღირებული თევზეული შეგიძლიათ, ჩაანაცვლოთ ხეკით, ქაშაყით, ვირთევზათი („ტრესკითა“) და ფარგით („სუდაკით“) – ეს სახეობები შემცველობით არ ჩამოუვარდება ყველაზე ძვირფას თევზის სახეობებს და, თან, შედარებით ნაკლებად ცხიმიანია.
მართალია, ყველაზე სასარგებლო ზეთი (ზეითუნის ან სელის) საკმაოდ ძვირია, მაგრამ აქ ნამდვილად ღირს ჯიბეზე ხელის გაკვრა – ერთი პატარა ბოთლი თვეზე მეტხანს გეყოფათ, თუ ჩვენს რჩევას დაუჯერებთ: ზეთი უკვე მომზადებულ სალათას მოასხით 1-2 ჩაის კოვზი. თევზეული, ხორცეული და სხვა პროდუქტები ფოლგაში შეახვიეთ და გამოაცხვეთ, უკიდურეს შემთხვევაში, „გრილსაც“ შეგიძლიათ, მიმართოთ.
თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ და გონივრულად დაგეგმავთ თქვენს ყოველდღიურ რაციონს, გვერწმუნეთ, ორს კი არა, სამ კურდღელს დაიჭერთ ერთად: არასასურველ კილოგრამებსაც ქარს გაატანთ, ჯანმრთელობასაც გაიუმჯობესებთ და თქვენს შემოსავალსაც საგრძნობლად დაზოგავთ.