როგორ ცხოვრობს თიკა ფაცაციას ძმა 15 წლის ასაკიდან ოჯახისგან შორს და რაში დაეხმარა მას ქართული ხასიათი
ჩვენი რესპონდენტი 15 წლის ასაკიდან შეეჩვია უცხოეთში დამოუკიდებლად ცხოვრებას. ახლა ის 23 წლისაა და, როგორც თავად ამბობს, კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. კალათბურთელი ლევან ფაცაცია თიკა ფაცაციას ძმაა და ძალიან ამაყობს, რომ ასეთი და ჰყავს. ლევანი ორი კვირის წინ დაბრუნდა საქართველოში და ამერიკული ცხოვრების შემდეგ გეზის აღებას ევროპისკენ გეგმავს.
ლევან ფაცაცია: საქართველოში სამი წელი არ ვიყავი ნამყოფი. ორი კვირაა, თბილისში ჩამოვედი – მინდოდა, ვაჟა კვარაცხელიასა და მინდია გულუას გუნდს ანუ, სოხუმის გუნდს დავხმარებოდი. მეტიც შეიძლებოდა, თუმცა, სეზონი საკმაოდ წარმატებით დავამთავრეთ. თუ ყველაფერი კარგად იქნება, შეიძლება, კიდევ დავრჩე სოხუმის გუნდში. ზაფხულს რაც შეეხება, თუ პატივი მერგო, ეროვნულ ნაკრებში გასასინჯად გამომიძახეს და რამით დავეხმარე გუნდს, რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნება.
– შეეჩვიე ოჯახიდან შორს ყოფნას თუ დღემდე გაქვს ნოსტალგია?
– ძალიან შევეჩვიე დამოუკიდებლად ცხოვრებას. იმედია, მანანა არ მიწყენს, მაგრამ, ცოტა მიჭირს სახლში დედასთან ერთად ცხოვრება, რომელიც ზედმეტად მანებივრებს და მაფუფუნებს.
– როცა უცხოეთში ხარ, არ გაკლია დედის ყურადღება?
– როცა რთული დღეები მაქვს, მართლა მაკლია ოჯახის ნებისმიერი წევრის ყურადღება და გვერდში დგომა.
– პირველად რამდენი წლის იყავი, როცა საქართველოდან წახვედი?
– პირველად 15 წლის ვიყავი, როცა ოჯახის წევრებმა ნება დამრთეს, დამოუკიდებლად წავსულიყავი უცხოეთში. ორი წელი კანარის კუნძულებზე ვიყავი, შემდეგ – ბარსელონაში, ესპანურ სკოლაში ვსწავლობდი და კალათბურთში ვვარჯიშობდი, ბოლო სამი წელი კი ამერიკაში ვცხოვრობდი.
– რომელი ენები იცი?
– ქართული, რუსული, ესპანური და ინგლისური.
– დარწმუნებული ვარ, მოგზაურობაც გეყვარება.
– მოგზაურობა მართლა ძალიან მიყვარს. კალათბურთის წყალობით, ბევრი ქვეყანა მაქვს ნანახი. ჩემმა მწვრთნელმა, ვაჟა კვარაცხელიამ, შესაძლებლობა მომცა, რომ სპორტული კარიერა უცხოეთში გამეგრძელებინა. ის ძალიან მაგარი მწვრთნელი და პოზიტიური ადამიანია.
– გამგზავრებას კიდევ გეგმავ საქართველოდან?
– ამერიკაში უკვე დავამთავრე უნივერსიტეტი.
– ვიცი, რომ იქ საუნივერსიტეტო გუნდში თამაშობდი. ახლა რას აპირებ?
– უნივერსიტეტის კარიერა ამოვწურე და ახლა ევროპისკენ მაქვს გეზი. რამდენიმე შემოთავაზება მაქვს და დრო გვიჩვენებს. სანამ ამერიკაში წავიდოდი, ესპანეთში სამი წელი ვცხოვრობდი და დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი იქ. ესაა კალათბურთის ქვეყანა, რომელიც სავსეა თბილი ხალხით.
– პროფესიით ვინ ხარ?
– სოციოლოგი ვარ, ხალხს ვსწავლობ.
– ყველაზე მეტად რა გენატრებოდა, როცა ამერიკაში ცხოვრობდი?
– ჩემი ოჯახი და მეგობრები.
– მახსოვს, როცა წლების წინ შენ და თიკა პირველად ჩაგწერეთ, თქვით, რომ ხშირად ჩხუბობდით ერთმანეთში.
– ახლა ისეთი ურთიერთობა გვაქვს მე და თიკას, ვერ აგიწერთ, ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან. დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემზე მაგარი და არავის ჰყავს. თიკა ძალიან თბილი და მოსიყვარულე დაა. გულით ვუსურვებ ყველას, რომ ასეთი და ჰყავდეს.
– წამყვანის ამპლუაში როგორ მოგწონს თიკა?
– სასაცილოა, „ნიჭიერი” რომ მიჰყავს. თიკა, მგონი, ყველაზე ნიჭიერი ადამიანია საქართველოში, თუნდაც იუმორით, წაყვანით, სიმღერით და ასე შემდეგ. ასე ყველაფრით დაკომპლექტებული ადამიანი ძალიან იშვიათია. მას რომ უცხოეთში ეცხოვრა, აუცილებლად გაცილებით მეტ წარმატებას მიაღწევდა.
– შენ თუ მღერი?
– კი, სულ ვმღერი, რაზეც დედაჩემი სულ მეჩხუბება – გაჩუმდი, რა გაყვირებსო. მართალია, შინაგანად, სულითა და გულით მომღერალი ვარ, მაგრამ, სიმღერის არანაირი ნიჭი არ მაქვს. სხვათა შორის, კლუბ „მისონში“ ერთ-ერთი საღამოს დიჯეობა შემომთავაზეს. მინდა, საკუთარი თავი გამოვცადო ამ სფეროში და სიამოვნებით დავთანხმდი. მჯერა, კარგი საღამო იქნება, სადაც კალათბურთელების წვეულება მოეწყობა.
– რას აღნიშნავთ?
– სეზონი დავამთავრეთ და განტვირთვისთვის წვეულებას ვაწყობთ.
– როცა ძმას ლამაზი და ჰყავს, ის ყოველთვის ავლებს პარალელს, თუ როგორი უნდა იყოს მისი მეუღლე. ამ შემთხვევაში ბევრს სურს, რომ თავისი ცხოვრების თანამგზავრი მისი დასავით ლამაზი იყოს.
– თუ თიკასნაირ გოგოს მოვიყვან ცოლად მართლა უბედნიერესი ადამიანი ვიქნები. მინდა, ჩემი მეუღლე მასავით ლამაზი იყოს ფიზიკურადაც და ბუნებითაც.
– შეყვარებული ხარ?
– არა.
– როგორ გოგონებთან გსიამოვნებს ურთიერთობა?
– ურთიერთობა ისეთ გოგონებთან მსიამოვნებს, რომლებთანაც ადვილად შევალ კონტაქტში, ასევე, მათთან, ვისაც კარგი იუმორი აქვს და მხიარულია.
– ქართველი მამაკაცები ყოველთვის პოპულარულები არიან სხვა ქვეყნის გოგონებში. შენ თუ იყავი ამერიკაში განებივრებული ქალების ყურადღებით?
– განებივრებული ვიყავი-მეთქი, რომ გითხრათ, ცოტა ხმამაღალი ნათქვამი გამომივა, თუმცა, არც ამის ნაკლებობას განვიცდიდი. სხვათა შორის, ჩემთვის თავი რომ მოეწონებინათ, ქართულ ენასა და კერძების კეთებასაც კი სწავლობდნენ, მაგალითად, ხაჭაპურის ცხობას (იცინის). ქართველები უფრო მამაკაცურები ვართ, რაც ხიბლავთ იქაურებს; თუ სპორტსმენი ხარ, ხომ – საერთოდ. ქართველმა მამაკაცებმა ქალის პატივისცემა ვიცით და მათთან ურთიერთობა კარგად გვეხერხება.
– შენი აზრით, რით განსხვავდებიან ქართველი და უცხოელი ქალები?
– ქართველი ქალის იერი და ეშხი მაინც სხვა არის.
– ემოციური ადამიანი ხარ?
– კი, თუმცა, ხშირად არ გამოვხატავ ჩემს ემოციებს.
– ქართული ხასიათი თუ გეხმარებოდა უცხოეთში?
– ყველა ერს სხვადასხვა გაგება აქვს. მქონდა რაღაც სირთულეები და ამ ბარიერის გადალახვაში ქართული ხასიათი ნამდვილად დამეხმარა.
– ხშირად ვარდები გაუთვალისწინებელ და კურიოზულ სიტუაციებში?
– ჯერ ორი კვირაა, რაც საქართველოში ჩამოვედი და უკვე ძალიან ბევრ ფათერაკში გავეხვიე, ერთხელ, მე, თიკა და ჩემი სიძე რესტორანში ვიყავით და უცებ სროლა ატყდა; მერე სხვაგან წავედით და – ჩხუბი მოხდა. ერთ კვირაში იმდენი რამე მოხდა, თავი „ექშენ“ კინოში მეგონა.
– უცხოეთში?
– დამოუკიდებელი ცხოვრება ადრეულ ასაკში დავიწყე და, შესაბამისად, ინციდენტიც ბევრი მქონია: ერთხელ, უთო დამრჩა ჩართული და კინაღამ სახლი გადავწვი. მეორედ, წყლის ადუღება მინდოდა და ქვაბი დავდგი ქურაზე. ამ ქვაბს, თურმე, პლასტმასის ნაწილი ჰქონია და მთელი საცხოვრებელი კინაღამ გადავბუგე. საერთო სამზარეულო გვქონდა და ისეთი ცეცხლი გაჩნდა, ჩუმად გამოვიპარე. გვიან ღამე იყო და ხალხი გარეთ გამოყარეს და მათ შორის ვიყავი მეც. არ შევიმჩნიე, ვიდექი და, – ეს რა გვიქნეს-მეთქი – ვამბობდი.
– გურმანი ხარ?
– კი, მაგრამ, ის მიყვარს, რაც სასარგებლოა.
– თავად თუ იცი რამის მომზადება?
– ამდენი ხანია, დამოუკიდებლად ვცხოვრობ, ოჯახიდან შორს და რაღაცას ვცდილობ. საერთოდ, ბაიბურში რომ არ ვიყავი, ახლა რაღაცეების კეთება მეც ვისწავლე.
– ამერიკელი გოგონები, თურმე, ხაჭაპურის ცხობას სწავლობენ შენ რომ თავი მოგაწონონ და...
– სხვათა შორის, გაკვირვებული დავრჩი, იმდენად კარგად გამოუვიდათ. საიტზე იპოვეს ხაჭაპურის რეცეპტი და გამომიცხვეს.
– გულშემატკივარს რას ეტყვი, ვინც ყოველთვის ადევნებს თვალს თქვენი ოჯახის წარმატებას?
– დიდი მადლობა, თუ ვინმეს გული შესტკივა ჩვენზე და უხარია ჩვენი ოჯახის წარმატება. წინ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, თიკას ლიმიტი ხომ, საერთოდ, ცაა უსასრულობამდე, ის კიდევ ძალიან ბევრ რამეს გააკეთებს. მეც მაქვს გარკვეული ნიჭი და, შევეცდები, წარმატებას მივაღწიო. ისე, საინტერესო ოჯახი ვართ, ბევრი ტალანტი გვაქვს.