რა ნაკლი აღმოუჩინეს გერმანელებმა უნგრეთის პრეზიდენტს პალ შმიტს და რატომ გაუნაწყენდა მას რუსეთის მთავრობა
დიდი სპორტიდან დიდ პოლიტიკაში წასვლის არაერთი მაგალითი არსებობს, მსოფლიო ისტორიაში. მინისტრის, გუბერნატორის და პარლამენტის ან საკრებულოების დეპუტატის თანამდებობაზე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაუნიშნავთ ან აურჩევიათ, ცნობილი სპორტსმენები, რომელთაც სპორტული კარიერა დაასრულეს და ბედს ახალ საქმეში ცდიან. თუნდაც საქართველოში, ბოლო პერიოდში არაერთმა სახელოვანმა და ტიტულოვანმა სპორტსმენმა მოირგო სახელმწიფო ჩინოვნიკის პორტფელი, მაგალითად, ოლიმპიურმა ჩემპიონმა გიორგი ასანიძემ. მაგრამ, ის რომ სპორტსმენი ქვეყნის პირველი პირი გახდეს, მართლაც იშვიათია, თუმცა არა უნგრეთისთვის, სადაც 2010 წლის 6 აგვისტოდან პრეზიდენტის მოვალეობას ორგზის ოლიმპიური, არაერთგზის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ფარიკაობაში – 69 წლის პალ შმიტი ასრულებს.
* პალ შმიტი 1942 წლის 13 მაისს, ბუდაპეშტში დაიბადა. მის წარმომავლობას გერმანული ფესვები აქვს და გერმანიაში ცხოვრების პერიოდში მისი წინაპრები სმიტის გვარით ცხოვრობდნენ. მხოლოდ უნგრეთში გადასვლის შემდეგ გახდნენ შმიტები. უნგრულთან ერთად, პალი თავისუფლად საუბრობს გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. 1965 წელს მან ბუდაპეშტის კარლ მარქსის სახელობის ეკონომიკური უნივერსიტეტი დაამთავრა, ხოლო 1992 წელს ფიზიკური აღზრდის დარგში დოქტორის ხარისხი დაიცვა. პალ შმიტი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორია.
* მოფარიკავის სპორტული კარიერა პალ შმიტმა 1955 წელს დაიწყო ერთ-ერთ უნგრულ კლუბში. 1965-1977 წლებში იგი უნგრეთის მოფარიკავეთა ნაკრების უცვლელი წევრი და ლიდერი გახლდათ. პალ შმიტს მონაწილეობა აქვს მიღებული ზაფხულის სამ ოლიმპიადაზე, რომელთაგან ორში – 1968 წლის მეხიკოსა და 1972 წლის მიუნხენის თამაშებზე, მან ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შმიტი ორგზის მსოფლიოს (1970-1971), მსოფლიო უნივერსიადის და უნგრეთის მრავალგზის ჩემპიონია. კარიერის განმავლობაში მან 130-მდე შეხვედრა ჩაატარა და, უმეტეს შემთხვევაში, გამარჯვებული გამოდიოდა. სპორტული კარიერა შმიტმა 1977 წელს დაასრულა.
* 1977-1980 წლებში პალ შმიტი ბუდაპეშტის ერთ-ერთი სასტუმროს დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. 1980-1983 წლებში იგი ბუდაპეშტის მთავარი სპორტული არენის, „ნეპშტადიონის” დირექტორი გახლდათ. იმავე წლებში შმიტი პირველად დაინტერესდა პოლიტიკით. 1981-1990 წლებში იგი უნგრეთის სპორტის მინისტრის მოადგილე იყო. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს მას უნგრეთის ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივნის პოსტი, ხოლო კომუნისტური რეჟიმის დაცემის შემდეგ, ოლიმპიური კავშირის პრეზიდენტის პოსტი ეკავა. 1993-1997 და 1999-2002 წლებში პალ შმიტი უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გახდა ესპანეთსა და შვეიცარიაში. 2003 წლიდან კი პალ შმიტი უნგრეთის უმსხვილესი პოლიტიკური პარტიის – ფიდესის წევრია. ამ პარტიის სახელით იგი კენჭს იყრიდა ბუდაპეშტის მერის პოსტზე, თუმცა წარუმატებლად. 2004 წლიდან შმიტი ევროპარლამენტის დეპუტატია, ხოლო 2010 წლის 6 აგვისტოდან უნგრეთის პარლამენტმა, 322 ხმიდან 263 ხმით, მისი კანდიდატურა უნგრეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე დაამტკიცა.
* 1999-2007 წლებში პალ შმიტი მსოფლიოს ოლიმპიელთა ასოციაციას ხელმძღვანელობდა, სადაც 70 ათასამდე ყოფილი ოლიმპიელია გაწევრიანებული. ამ ასოციაციის სახელით იგი 2001 წელს კენჭს იყრიდა მსოფლიოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თანამდებობაზე. თუმცა, მისი კანდიდატურა არ აირჩიეს და ესპანელი ხუან-ანტონიო სამარანჩის მემკვიდრე ბელგიელი ჟაკ როგე გახდა.
* უნგრეთის პრეზიდენტმა პალ შმიტმა ცნობილი საბჭოთა დისიდენტის, ვლადიმირ ბუკოვსკის, უნგრეთის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდოთი – რაინდის ჯვრით დაჯილდოების ბრძანებას მოაწერა ხელი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა პირადად გადასცა ჯილდო ბუკოვსკის და აღნიშნა, რომ მან დიდი როლი შეასრულა უნგრეთის კომუნისტური რეჟიმისგან გათავისუფლებაში, საბჭოთა კავშირის დანგრევასა და ორპოლუსიანი სამყაროს განადგურებაში. „კომუნიზმი იყო კაცობრიობის არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი დანაშაული”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში ორბანმა. უნგრეთის მთავრობის ამ ქმედების გამო, გაღიზიანება არ დამალა რუსეთმა, რომლის პრემიერ-მინისტრმა უნგრელებს შეახსენა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ისინი ნაცისტების მხარეს იბრძოდნენ.
* უნგრეთის პრეზიდენტმა პალ შმიტმა რომის პაპ ბენედიქტე მეთექვსმეტეს ფერენც ლისტის ნაწარმოებთა კონცერტი აჩუქა. გამოჩენილ უნგრელ კომპოზიტორს და პიანისტს ფერენც ლისტს დაბადებიდან 200 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით და იმის გამო, რომ უნგრეთი ევროკავშირის თავმჯდომარე გახდა, ბუდაპეშტში საზეიმო საღამო გაიმართა. პონტიფიკის წინაშე წარდგა ბუდაპეშტის ფილარმონიის ნაციონალური ორკესტრი და უნგრეთის მომღერალთა ნაციონალური გუნდი, რომელთაც ლისტის „მეთვრამეტე სიმფონია” შეასრულეს. ამ ნაწარმოების შესრულება სიურპრიზად იყო შემონახული, რამაც რომის პაპის დიდი აღტაცება გამოიწვია. მან მადლობა გადაუხადა პალ შმიტს ამ საჩუქრისთვის. ფერენც ლისტი რომის პაპის ერთ-ერთი უსაყვარლესი კომპოზიტორია.
* გერმანული გამოცემა „დიე ველტის” ცნობით, უნგრეთის პრეზიდენტი – პალ შმიტი წერის დროს ბევრ ორთოგრაფიულ შეცდომას უშვებს და გრამატიკაში ძლიერ მოიკოჭლებს. შმიტის ეს ნაკლი მას შემდეგ გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის, რაც მან ერთ-ერთ გერმანულ რესტორანში, სამადლობელ წიგნში გააკეთა ჩანაწერი. ის სავსე იყო გრამატიკული შეცდომებით, მათ შორის მისი თანამდებობაც არასწორად ეწერა. გერმანელი ჟურნალისტების მტკიცებით მსგავსი შეცდომები პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ დოკუმენტებშიც არის.
* პალ შმიტის მეუღლე, ასევე ყოფილი სპორტსმენი, უნგრელი ტანმოვარჯიშე – კატალინ მაკრაი, 1964 წლის ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონია, მასთან შმიტს სამი ქალიშვილი ჰყავს – ალექსანდრა, პეტრა და გრეტა. ქალიშვილები, მშობლების მსგავსად, სპორტით იყვნენ გატაცებულები და თავის დროზე ჩოგბურთს პროფესიონალურ დონეზე თამაშობდნენ.