აიდას მართვის მოწმობა წაართვეს
ვენესუელელი მოდელი აიდა იესეპიცა სპორტული გამოცემის ფურცლებზე მას შემდეგ მოხვდა, რაც რომანი იტალიის ეროვნული ნაკრების მცველთან, მატეო ფერარისთან გააბა. მაშინ მატეო „რომას“ ღირსებას იცავდა და სამშობლოში პოპულარული ფეხბურთელიც იყო, თუმცა, გასული სეზონის დაწყებამდე ფერარი დედაქალაქური კლუბიდან გაუშვეს და მან კარიერის გაგრძელება თურქულ „ბეშიქთაშში“ გადაწყვიტა. აიდა თურქეთში არ გაჰყვა ფერარის და სამშობლოში დარჩა, სადაც მათ საერთო შვილს ზრდის. წყვილმაც დაშორების შესახებ განცხადება ამის შემდეგ გააკეთა. აი, გასულ კვირას კი იესეპიცა პრესის ფურცლებზე ისევ მოხვდა. იგი რომის ქუჩებში თავის „ლენდროვერს“ მიაქროლებდა, როცა პოლიციამ გაჩერება უბრძანა. სამართალდამცველებმა ქალი ალკოჰოლის ტესტზე შეამოწმეს და...
„გვქონია შემთხვევა, როცა ქალები საჭეს ნასვამები უსხედან და სასმელის დოზა დასაშვებს ცოტათი აღემატება, აიდას შემთხვევაში კი გაოცება ვერ დავმალეთ. იგი არათუ რამდენჯერმე აჭარბებდა დასაშვებ ზომას, არამედ ვერ მიხვდა, რატომ გავაჩერეთ, რა გვინდოდა და მხოლოდ იმას იმეორებდა, მეტს ვეღარ დავლევ და სახლში გამიშვითო. ის სახლში ტაქსით გავუშვით, ავტომობილი და მართვის მოწმობა კი დავიტოვეთ“, – აცხადებენ სამართალდამცველები.
ვერ გეტყვით, რამდენი დაუჯდება იესეპიცას „შტრაფნოიდან“ მანქანის გამოყვანა, მაგრამ მართვის მოწმობას ექვსი თვის განმავლობაში რომ ვეღარ იხილავს, გადაწყვეტილი ამბავია.