„ტურ დე ფრანსის“ ვარსკვლავების ყველაზე გახმაურებული დოპინგ-სკანდალები
დოპინგ-სკანდალების თემა მსოფლიო სპორტში დღემდე აქტუალურია და ველოსპორტის სახეობა მათ შორის ყველაზე ხშირად ხვდება სკანდალების ეპიცენტრში. ამბობენ, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში რამდენიმე მაღალჩინოსანმა ოლიმპიური სახეობებიდან ველოსპორტის ამოღებაზეც კი დაიწყო ღიად საუბარი. თუმცა, „სოკ-ის“ პრეზიდენტმა, ჟაკ როგემ საჯაროდ განაცხადა, რომ ველოსპორტი დარჩება სპორტის ოლიმპიურ სახეობად. საერთაშორისო ფედერაციას კი მკაცრი კონტროლის გაწევა დაავალა „ტურ დე ფრანსის” და სხვა ცნობილი ტურნირების მიმდინარეობაზე, რათა საბოლოოდ აღიკვეთოს დოპინგის თემა მსოფლიოს ველოსპორტში. ამჯერად მსოფლიო ველოსპორტში მომხდარი, ათი ყველაზე გახმაურებული დოპინგ-სკანდალის ისტორიას გთავაზობთ.
ედი მერქსი
ველოსპორტის ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავი, რომელიც დოპინგის მოხმარებაში ამხილეს იყო ბელგიელი – ედი მერქსი, „ტურ დე ფრანსის” ხუთგზის გამარჯვებული. 1969 წელს მისმა ანალიზმა დოპინგზე დადებითი შედეგი აჩვენა და იგი „ჯირო დ’იტალიის” ტურნირიდან მოიხსნა. მერქსს სისხლში ფენკამფამინი აღმოუჩინეს, თუმცა, ველოსპორტის საერთაშორისო კავშირმა სპორტსმენს უფლება მისცა „ტურ დე ფრანსის” რბოლაში მონაწილეობა მიეღო, სადაც მერქსმა გაიმარჯვა კიდეც. კარიერის განმავლობაში მერქსი კიდევ სამჯერ იყო მხილებული აკრძალული პრეპარატების მოხმარებაში. საბოლოოდ კი ფსიქოსტიმულატორ პემოლინის გამოყენების გამო 1977 წელს დაასრულა კარიერა.
გუნდი „ფესტინა”
1998 წლის ივლისის დასაწყისში ფრანგმა სამართალდამცველებმა დააკავეს გუნდ „ფესტინას” წარმომადგენელი, რომელსაც სხვადასხვა აკრძალული პრეპარატი აღმოუჩინეს – ერითროპოეტინი, სტეროიდები და ამფეტამინი. თავდაპირველად, „ფესტინას” ხელმძღვანელობა ბრალდებას უარყოფდა, თუმცა მოგვიანებით, აღიარა, რომ ველომრბოლელები სისტემატურად მოიხმარდნენ დოპინგს. გუნდი ყველა ტურნირებიდან მოიხსნა, ხოლო სპორტსმენებმა 6-თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღეს.
მარკო პანტანი
1999 წელს, იტალიელი მარკო პანტანი „ჯიროს” და „ტურ დე ფრანსის” მოქმედი ჩემპიონი იყო, როდესაც სისხლში ერითროპოეტინი აღმოუჩინეს. იმ წელს პანტანის აღარ მიუღია მონაწილეობა რბოლებში, თუმცა ერთი წლის შემდეგ კვლავ განაახლა კარიერა. 2001 წელს პანტანის სასტუმროს ნომერში ინსულინის შპრიცი აღმოაჩინეს და ამისთვის სპორტსმენს ნახევარწლიანი დისკვალიფიკაცია აკმარეს. 2004 წლის 14 თებერვალს კი იტალიის ქალაქ რიმინის ერთ-ერთ სასტუმროში, იტალიის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ველომრბოლელი, რომელსაც მეტსახელად „მეკობრეს” ეძახდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზად ნარკოტიკული საშუალებით – კოკაინით მოწამვლა დასახელდა.
ტაილერ ჰემილტონი
ამერიკელმა ტაილერ ჰემილტონმა 2004 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ინდივიდუალურ რბოლაში გამარჯვება და შესაბამისად, ოქროს მედლის მოპოვება იზეიმა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ შეჯიბრამდე ცოტა ხნით ადრე, ჰემილტონმა სისხლი გადაისხა. თუმცა, იმის გამო, რომ ჰემილტონის სისხლის ანალიზი არასწორ პირობებში ინახებოდა, მას შეუნარჩუნდა ოქროს მედალი. მომდევნო წელს სპორტსმენს სისხლში დოპინგის კვალი აღმოუჩინეს და ორწლიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს. თუმცა, სპორტში დაბრუნებიდან, სულ ცოტა ხანში, ჰემილტონის ანალიზმა ისევ დადებითი შედეგი აჩვენა სტეროიდებზე და ამჯერად მას რვა წლით აუკრძალეს ველორბოლებში მონაწილეობა.
ლენს არმსტრონგი
ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანმა ველომრბოლელმა, ლენს არმსტრონგმა ზედიზედ შვიდჯერ იზეიმა გამარჯვება „ტურ დე ფრანსში” და სწორედ ამ მიღწევით დაინტერესდა ფრანგული გამოცემა „ლე’ქუიპი”, რომელმაც სპორტსმენი დოპინგის მოხმარებაში ამხილა. საპასუხოდ არმსტრონგმა გაზეთს „ტაბლოიდი” უწოდა და განაცხადა, რომ ცხოვრებაში არ მოუხმარია დოპინგი. საინტერესოა, რომ „ლე’ქუიპი” მოითხოვდა არმსტრონგის ძველი ანალიზების ხელმეორედ შემოწმებას. თუმცა, შარდის ანალიზები, რომლებიც სპორტსმენმა 1998-1999 წლებში ჩააბარა არაჰიგიენურ პირობებში ინახებოდა და ექსპერტიზამ უარი განაცხადა შედეგების გადახედვაზე, რადგან ანალიზი უვარგისი იყო.
ოპერაცია „პუერტო”
2006 წლის მაისში ესპანურმა პოლიციამ ჩაატარა სპეცოპერაცია სახელწოდებით „პუერტო”, რომლის დროსაც დააკავეს ექიმი ეუფემიანო ფუენტესი, რომელიც სხვადასხვა დროს ველოსპორტის კლუბებთან თანამშრომლობდა და საქმე ჰქონდა 200-მდე პროფესიონალ ველომრბოლელთან. ჩხრეკის შედეგად, ფუენტესის ლაბორატორიიდან ამოიღეს 100-მდე პაკეტი სისხლით, რომელშიც აწეული იყო ერითროპოეტინის დონე. ფუენტესის კლიენტთა რიცხვში იყვნენ: იან ულრიჰი, ალბერტო კონტადორი, მარკო პანტანი, ალეხანდრო ვალვერდე, ივან ბასო და სხვა ცნობილი ველომრბოლელები, თუმცა ძიებამ ვერ დაადგინა მათი ბრალეულობა. მოგვიანებით, ბასომ აღიარა, რომ ფუენტესის დახმარებით იღებდა დოპინგს.
ფლოიდ ლენდისი
ამერიკელი ფლოიდ ლენდისი „ტურ დე ფრანსის” ისტორიაში ერთადერთი გამარჯვებულია, რომელსაც ჩემპიონის ტიტული დოპინგ-სკანდალის გამო ჩამოერთვა. მიუხედავად იმისა, რომ ლენდისმა სასამართლოშიც იჩივლა და სხვადასხვა ინსტანციებში ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება მოითხოვა, არაფერი გამოვიდა.
ალექსანდრ ვინოკუროვი
ყაზახი ველომრბოლელი ალექსანდრ ვინოკუროვი 2007 წლის „ტურ დე ფრანსის” ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა ტურნირის მსვლელობისას, აღმოჩნდა, რომ მას და მის თანაგუნდელ ანდრე კაშეჩკინს სისხლის გადასხმისთვის მიუმართავთ, რაც აკრძალული იყო. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ვინოკუროვი ველოსპორტში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებულ იტალიელ ექიმ მიქელე ფერერას ხშირი სტუმარი იყო და დოპინგს იღებდა. საბოლოოდ, ვინოკუროვი რბოლიდან მოიხსნა.
2008 წლის სკანდალები
2008 წელი ველოსპორტის ისტორიაში ყველაზე სკანდალური წლის სახელით შევიდა. ჯერ იყო და დოპინგზე „ტურ დე ფრანსის” მსვლელობის დროს, ესპანელი მანუელ ბელტრანი ჩავარდა. ამას მოჰყვა იტალიელი რიკარდო როკა, რომელიც ერითროპოეტინის მესამე თაობის მოხმარებაში ამხილეს. გარდა ამისა დოპინგის გამო ჩავარდნენ: „ჯიროს” სამი ეტაპის მომგები ემანუელ სელა, „ტურის” მესამე ადგილზე გასული ბერნარ კოლა, შტეფან შუმახერი და ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსანი დავიდ რებელინი.
ალბერტო კონტადორი
ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული სკანდალი ესპანელ ალბერტო კონტადორს უკავშირდება, რომელსაც ველოსამყაროში „ელ პისტოლეროს” თიკუნით იცნობენ. ველომრბოლელს, რომელსაც 2007, 2009 და 2010 წლების „ტურ დე ფრანსი” ჰქონდა მოგებული, სისხლში აკრძალული პრეპარატი – კლენბუტეროლი აღმოუჩინეს. ანალიზმა ისიც აჩვენა, რომ სპორტსმენმა შეჯიბრების დაწყებამდე სისხლის გადასხმის პროცედურა ჩაიტარა. კონტადორი დროებით დისკვალიფიკაციას დასჯერდა და უკვე ცნობილია, რომ მომდევნო სეზონიდან იგი „სახო ბანკის” გუნდის რიგებში გამოვა.