რა საიდუმლო „კანონი” აქვთ პანტომიმის თეატრის მსახიობებს სპექტაკლ „ქრისტეს” დაწყების წინ
ალბათ, ყველას კარგად ახსოვს, რა წინააღმდეგობის ფონზე შეიქმნა პანტომიმის თეატრის სპექტაკლები, „წმიდა გიორგი”, „ქრისტე”... წელს ამ სპექტაკლების მთავარი როლის შემსრულებელმა, უმცროსმა ამირან შალიკაშვილმა „წლის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობის” წოდება დაიმსახურა.
ამ წოდებაზე, სპექტაკლებსა და ცვლილებებზე პირად ცხოვრებაში, თავად ახალგაზრდა მსახიობი გვესაუბრა.
– ამირან, რას ნიშნავს თქვენთვის ასეთი საპატიო წოდება?
– როგორც ყველა მსახიობისთვის, რა თქმა უნდა, ჩემთვისაც დიდი გამარჯვება იყო და, ამავე დროს – მოულოდნელიც... ჩვენ ბევრი ვიწვალეთ და ვიშრომეთ იმისთვის, რომ ეს სამი სპექტაკლი – „ტრილოგია” საქართველოს ენახა. ენახა დიდი მაესტროს მიერ შექმნილი ქართული პანტომიმა და ისტორია, რაც არის წარმოდგენილი ამ სპექტაკლებში, – „ტერენტი გრანელი”, „წმიდა გიორგი”, „ქრისტე”... ჩვენ წმიდანებზე ვსაუბრობთ სცენიდან, მაგრამ მე ახლა ამაზე თავს შევიკავებ, რადგან ეს ჩემი სულიერი სამყაროა, მორწმუნე ადამიანი ვარ და მჯერა, რომ ყოველთვის სიკეთე გაიმარჯვებს. მხოლოდ ვმუშაობთ და არავის არაფერს ვუშავებთ... რაც შეეხება წოდებას – „წლის საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი“, ვფიქრობ, სამართლიანი იყო. ალბათ, ძნელია ასე ხმამაღლა ილაპარაკო საკუთარ თავზე, მაგრამ, მე კი არა, მამაჩემია „დამნაშავე”, მე რომ ეს წოდება მივიღე. ეს იყო მთლიანად ჩვენი დასის გამარჯვება. ხუთი წელი ვიშრომეთ აუტანელ პირობებში, შევძელით ამირან შალიკაშვილის მიერ დანახული ქართული პანტომიმის შესრულება და ხალხამდე მიტანა. არ შემიძლია, არ მოვიხსენიო რევაზ მიშველაძე – მან მოუტანა მამას პიესა „ტერენტი გრანელი” და ამას მოჰყვა „ტრილოგია”. სპექტაკლებს უდიდესი წარმატება მოჰყვა და მჯერა, რომ ეს საუკუნის სპექტაკლებია. დიდი მადლობა ამისთვის რევაზ მიშველაძეს.
– მოდი, ბავშვობაში დავბრუნდეთ...
– ჩემი ბავშვობა იყო ჩვეულებრივი – რამდენადაც საინტერესო, იმდენად ნერვებმოსაშლელი, რადგან, 13 წლიდან უკვე სცენაზე ვიდექი და სპექტაკლ „სტუმარ-მასპინძელში” ვთამაშობდი... უშუქობაში, ყინვაში, სანთლის შუქზე ვთამაშობდით, რომ გადაგვერჩინა ხელოვნება. მუდამ ბრძოლაში ვიყავით და ამას უფრო აზარტში შევყავდით. „სტუმარ-მასპინძელს” მოჰყვა სხვა სპექტაკლები და დიდი შრომა ჩემს იმ დროინდელ მეგობრებთან ერთად. ბუბა ბასიშვილი, ვახო მაჩაბელი, მერაბ შალიკაშვილი... – ყველაფერი რომ დამთავრდებოდა, ჩვენ კიდევ ვრჩებოდით თეატრში და ვმუშაობდით. ალბათ, ეს დამეხმარა, დღეს რომ ამ დონის სპექტაკლებს ვთამაშობ.
– როგორ შეძელით, გეთამაშათ მთავარი როლი სპექტაკლში „ქრისტე”?
– ეს კითხვა ყველას ებადება და ყოველთვის მიჭირს პასუხის გაცემა... არ ვიცი, სიტყვით როგორ უნდა ავხსნა. ეს ჩემი დუმილის სამყაროა და შინაგანად ვთამაშობ, ეს ჩემს სულშია... ამ სპექტაკლში ჩემგან განსაკუთრებული პლასტიკა არ მოდის, ყველაფერი უფრო შინაგან სულიერ სამყაროს უკავშირდება და ამიტომაც მიჭირს ამაზე საუბარი. ვლოცულობ, რომ ამ სპექტაკლში მონაწილეებს შეეწიოთ წმიდა გიორგის მადლი და იესო ქრისტე იყოს მათი მფარველი. მსურს, ერთი საიდუმლო გაგიმხილოთ: „ქრისტეს” ყოველი წარმოდგენის დაწყების წინ ერთმანეთს ხელი-ხელს ვადებთ და „მამაო ჩვენოს” ვკითხულობთ...
– რას გვეტყვით სპექტაკლზე „ტერენტი გრანელი”, საიდანაც დაიწყო თქვენი აღიარება?
– „წმიდა გიორგი” და „ქრისტე” რაღაც სხვაა – ზეციური, მაგრამ, „ტერენტი გრანელი” ჩემი პირველი როლი იყო – საუბარი მაქვს მთავარ როლზე და სპექტაკლის წაყვანაზე. ამიტომაც, ჩემში დიდი სიყვარული დატოვა. სიტყვით მეტს ვერ გეტყვით, მობრძანდით სპექტაკლზე და იქ გეტყვით დანარჩენს, უსიტყვოდ... მგონი, ძალიან ჩავუღრმავდი ამ პოეტს და ამიტომაც გავიმარჯვე. დადგმის დროს ვერ ვახერხებდი თამაშს, რაღაც მიშლიდა ხელს, ავიდა მამა – ამირან შალიკაშვილი და ზუსტად ერთ წუთში მანახვა, როგორ უნდა მეთამაშა. ერთ წუთში მთელი სპექტაკლი დავინახე – ეს იყო ბოლო სცენა, როდესაც პოეტი ჯვარს ეცმევა.
– თეატრის გარდა რა გატაცება გაქვთ?
– მთელი ჩემი ცხოვრება პანტომიმის თეატრს ეკუთვნის, მაგრამ, ამის გარდა, მაქვს გატაცება. ალბათ ჩემი ჰობია სპორტი, რომელიც ეხება სისწრაფეს – საერთოდ, ცხოვრებაშიც ძალიან სწრაფი ვარ, სულ ვჩქარობ და, მინდა, რაც შეიძლება, მეტი მოვასწრო. ძალიან მიტაცებს მოტოციკლი. სხვათა შორის, მამაჩემი მოტორბოლაში საკმაოდ წარმატებით მონაწილეობდა... ძალიან მაინტერესებს კინოხელოვნება და ჯერჯერობით შორიდან ვადევნებ თვალს. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.
– ახალგაზრდა მსახიობს საქართველოს პირობები გაკმაყოფილებთ?
– დღეს ახალგაზრდებისთვის ზუსტად ის გარემოა, რაც ჩვენ გვჭირდება: მოინდომე, იმუშავე, გააკეთე, რაც გიყვარს და აუცილებლად დაგიფასდება. დღეს საქართველო შენდება და, ამასთან ერთად, ჩვენი ხელოვნებაც უნდა განვითარდეს! არის რაღაც საკითხები, რაც მადარდებს, მაგალითად, ის რომ, მხოლოდ პანტომიმის თეატრი დარჩა გაურემონტებელი. თუმცა, მე ჩემი შრომით ვამტკიცებ ყველაფერს და, ალბათ, ყველა ასე უნდა მოიქცეს. ქუჩაში დგომა და ყვირილი საჭირო არ არის, ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და აუცილებლად ყველაფერს მივაღწევთ.
– როგორია თქვენი ცხოვრება თეატრს მიღმა?
– მყავს ულამაზესი მეუღლე – ანი ჩაგელიშვილი. ერთად ძალიან ბევრს ვსაუბრობთ და ვკამათობთ კიდეც, რადგან ისიც ამ ხელოვნებით არის დაკავებული. ადრე სულ ვჩხუბობდი – სახლში მაინც ნუ მელაპარაკებით პანტომიმაზე-მეთქი, მაგრამ, არაფერი გამომივიდა. ან, როგორ გამომივიდოდა, როდესაც ჩემი უსაყვარლესი დედიკო, კირა მებუკე, ქართული პანტომიმის დედოფალია, მამა, ამირან შალიკაშვილი, ყველასთვის ცნობილია, ჩემი ძმა – დათო შალიკაშვილიც პანტომიმის თეატრის მსახიობია და, როგორც აღვნიშნე – მეუღლეც. ყველანი ამ თეატრით ცხოვრობენ. აკრძალვა უკვე სისულელეა, თანაც თანდათან საინტერესო გახდა შინაური ცხოვრება. სულ სხვაა, ამირან შალიკაშვილი სახლში რომ გასწავლის, როგორც შვილს, ამ დიდი ხელოვნების ფესვებს. მას „ხეზე ასვლა” არავისთვის უსწავლებია...
ეს ქართული პანტომიმაა, ეს საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრია – ამირან შალიკაშვილის პანტომიმის სახელმწიფო თეატრი. ასეთი თეატრი მსოფლიოს არ აქვს. ბედნიერი ვარ, სახლში რომ მყავს მამა – ლეგენდა, დედა – ისტორია და ოჯახი – ოცდამეერთე საუკუნის ხელოვნების მატარებელი.