რა დაავადებაა ჭინჭრის ციება და როგორ ვუმკურნალოთ მას
ჭინჭრის ციება ალერგიული დაავადებაა და ის მოულოდნელად ჩნდება. მას განსაკუთრებით იწვევს ისეთი მაპროვოცირებელი ფაქტორები, როგორებიცაა: მცენარეები, მწერების ნაკბენი, მზის სხივები, ოფლიანობა და ასე შემდეგ. დაავადება წააგავს ჭინჭრით დასუსხულს. კანზე ჩნდება წითელი ლაქები და ბებერები. ასეთივე რეაქციას იწვევს ზოგიერთი წამალი, ასევე, კვერცხი, შოკოლადი, მარწყვი, სოკო, თევზი. ზოგ შემთხვევაში გამონაყარი ჩნდება ყელში და იწვევს ხუთვასა და ხველას. გამონაყარი სწრაფად იცვლის ფერს და რამდენიმე საათში ქრება, მაგრამ, თუ ნივთიერებათა ცვლა გაქვთ დარღვეული ან თირკმელები გაწუხებთ, გამონაყარი დიდხანს გაგრძელდება.
ამ დაავადების გამომწვევი მიზეზების დადგენის შემდეგ მიიღეთ ნერვული სისტემის დამამშვიდებელი წამლებიც. აუცილებელია, აგრეთვე, კუჭ-ნაწლავის გაწმენდა. ჭამეთ მცენარეული საკვები, არ მიირთვათ ცხიმიანი, მწარე და ცხარე კერძები.
ჭინჭრის ციების დროს ფიტოთერაპია დაგეხმარებათ, მაგალითად:
ა) 2 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ნიახურის ფესვებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი, გააჩერეთ დაახლოებით 3 საათით. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა ნაყენი დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ.
ბ) გახეხეთ ნიახურის ფესვები, გაწურეთ და მიიღეთ 1 ჩაის კოვზი წვენი დღეში ორჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
გ) 1 სადილის კოვზ გამხმარ ჭინჭრის ფოთლებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ ნახევარი საათით, შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ნაყენი დღეში სამჯერ.
დ) კატაბალახას 15 წვეთი და კუნელის 20 წვეთი ნაყენი აურიეთ ერთმანეთში, გახსენით 1 ჭიქა წყალში და მიიღეთ ძილის წინ.
კანის ძლიერი ქავილის დროს ტანი გაიწმინდეთ კალენდულას ნაყენის, არყისა და სოდიანი წყლის ნარევით. 1 ჩაის ჭიქა კალენდულას ნაყენს დაამატეთ ამავე რაოდენობის არაყი და სოდის ხსნარი.
ასევე, აბაზანაში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ დაახლოებით 400 გრამი საჭმლის სოდა და ჩაწექით მასში დაახლოებით ნახევარი საათით. შემდეგ ტანი გაიმშრალეთ და წაისვით ძმრიანი წყალი.