რა შეცდომა დაუშვა თამთა ჭელიძემ ცხოვრებაში და როგორ ცხოვრებას იწყებს ის საღამოობით
მომღერალი თამთა ჭელიძე ძალიან აქტიურად ცხოვრობს. თუმცა, მისი აქტიურობა საღამოობით იწყება. როგორც თავად ამბობს, მთელ დღეს შვილთან ერთად ატარებს, საღამოს მოახლოებასთან ერთად კი, იწყება მისი საქმეებიც. რა ხდება მის პირად ცხოვრებაში, რატომ არსად ჩანს ის და რა გარდატეხა მოხდა მასში, ამას თავად მომღერალი გვიამბობს.
– საზაფხულოდ როგორ განწყობაზე ხარ?
– ძალიან კარგ განწყობაზე ვარ. ამ ზაფხულს ბევრ კარგ და სასიამოვნო დღეს ველოდები. მეც ვეცდები, ყველანაირად ხელი შევუწყო თავს და იმედია, წინ კარგი ზაფხული მელის (იცინის). ვგეგმავ ბევრ წასვლა-წამოსვლას. დედაჩემთან და შვილთან ერთად ვაპირებ თურქეთში წასვლას. მანამდე ბათუმში უნდა ჩავიდე – საქმეებიც მაქვს და თან დასვენებაც გამომივა. კიდევ მე და ჩემს ორ მეგობარს გეგმაში გვაქვს 4-5 დღით უცხოეთში წასვლა. კიდევ ფასანაურშიც ვაპირებ წასვლას. მოკლედ, იმდენი გეგმა მაქვს საზაფხულოდ, იმედია, ყველაფერი გამომივა.
– ყველაფერს ასე, წინასწარ გეგმავ – რა რის შემდეგ გააკეთო?
– თუ ეს საქმეს ეხება, აუცილებლად, წინასწარ ვგეგმავ. მართალია, ხანდახან სულ სხვანაირად ხდება ყველაფერი, მაგრამ ზოგჯერ ამართლებს კიდეც ჩემი გეგმა. დასასვენებლად წასვლასაც წინასწარ ვგეგმავ. ხომ ხედავთ, რამხელა სია მაქვს უკვე შედგენილი (იცინის).
– საერთოდ, ასეთი აქტიური ადამიანი ხარ?
– კი, ძალიან. მე არ შემიძლია პასიურ სიტუაციებში ყოფნა. რა თქმა უნდა, ხანდახან სიწყნარეც კარგია და ვახერხებ კიდეც მშვიდად დასვენებას, მაგრამ აქტიურობა და ბევრი საქმის კეთება მირჩევნია. ფასანაურში შედარებით წყნარად ვარ, მაგრამ ბოლომდე სიწყნარე მაინც არ გამომდის. იქაც ჩემი მეგობრები არიან და ყოველ საღამოს ძალიან მაგრად ვერთობით. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, როცა ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად ვარ.
– ბედნიერებისთვის ცოტაც გყოფნის?
– საკმარისია, კარგი მუსიკა ჩავრთო და უკვე კარგ ხასიათზე ვარ. ამ დროს ყველაფერი მავიწყდება. ბედნიერებისთვის ისიც მყოფნის, რომ მეგობრებთან ერთად ვიყო. ვისაუბროთ ერთმანეთის ამბებზე. სხვათა შორის, ამ ბოლო დროს ვისწავლე, როგორ გამოვიდე ადვილად რთული სიტუაციიდან. ადრე ყველაფერს სხვანაირად ვუყურებდი და მეგონა, გამოსავალი არ არსებობდა. დღეს უკვე ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ. ალბათ, ასაკთან ერთად ცხოვრება უფრო კარგად ვისწავლე.
– რა დაგეხმარა ამაში?
– ისევ და ისევ ჩემი თავი და როგორც ჩანს, ძალიან კარგად ვიმუშავე, რადგან შედეგს აშკარად ვგრძნობ. ტრენინგები თავად ჩავიტარე და ბოლო ერთი წელია ვგრძნობ, რომ გარდატეხა ხდება. ალბათ, ადამიანს რამდენჯერმე აქვს გარკვეული გარდატეხის პერიოდები. ხედვა შემეცვალა ყველაფრისადმი. რამდენიმე წლის წინ, ძალიან მიჭირდა, ბევრ რამესთან შეგუება. ძალიან ბევრ გულის ტკენას, ღალატსა და ტყუილს შევეჩეხე. ეს ყველაფერი დაგროვდა და მიჭირდა ცხოვრება. ცოტა ხნის შემდეგ კი, თავს ვუთხარი, რომ თუ ასე გაგრძელდა ცუდად დავამთავრებ ცხოვრებას-მეთქი, ამიტომ, მივხვდი, რომ ბევრი რამ უნდა გავატარო და გულთან არ მივიტანო. ასე ცხოვრება, უფრო ადვილია.
– ახლა რა ხდება შენს ცხოვრებაში?
– განსაკუთრებული არაფერი. ჩემთვის პრიორიტეტი შვილია. ვცხოვრობ მასთან ერთად. პირად ცხოვრებაშიც არაფერია ახალი და მნიშვნელოვანი. ვმუშაობ ერთ-ერთ ცნობილ ბარში, მიმყავს კარაოკე. ძალიან მომწონს ეს საქმე და მიხარია, რომ ახლოს არის ჩემს პროფესიასთან, ხშირად მიწევს სიმღერა.
– პირად ცხოვრებაში რატომ არ არის არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი?
– პირადი ცხოვრება ჩემთვის ჩემი შვილია. იცი, სურვილიც არ მიჩნდება, ვიღაც გამოჩნდეს ჩემს ცხოვრებაში. ასეც ძალიან კარგად ვარ. მთელ დღეს ოჯახში ვატარებ. საღამოს მოახლოებასთან ერთად კი, იწყება ჩემი საქმეებიც. ანუ, პირიქით, არის ჩემს ცხოვრებაში – დღე ვისვენებ, ღამე კი ვმუშაობ.
– ჭორები თუ გსმენია, შენს თავზე და როგორ რეაგირებ?
– იცი რა, ძალიან დიდი ხანია ინტერვიუ არავისთვის მიმიცია. შესაბამისად, აღარც ისმის ჩემი სახელი. ხალხი კი იმათზე ჭორაობს, ვინც ყველაზე აქტუალურია. მართალი რომ გითხრათ, დიდი ხანია, არაფერი მსმენია ჩემზე. ადრე კი ათას ჭორს იგონებდნენ ხოლმე. უმეტეს შემთხვევაში კი, ის ჭორები არარეალური იყო. ხანდახან, ალბათ, საბაბსაც ვაძლევდი ხოლმე, არ ვიცი. ცოტა ვღიზიანდებოდი, ოღონდ ძალიან ადრე, 10-15 წლის წინ, როდესაც ახალი დაწყებული მქონდა კარიერა. როცა რაღაც ჭორს გავიგებდი ჩემზე, არაადეკვატური რეაქცია მქონდა. მერე და მერე, უკვე შევეგუე.
– მუსიკალურ კარიერას აღარ აგრძელებ? აღარც სიმღერები ჩანს, აღარც კლიპები...
– აუცილებლად გავაგრძელებ მუსიკალურ კარიერას, უბრალოდ, ბოლო პერიოდი, ისე დაემთხვა, რომ მცირე პაუზა მქონდა. თუმცა, საბოლოო გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებ და უპირველესად საკუთარ თავს ვპირდები, რომ აუცილებლად შევუდგები აქტიურ მუშაობას. ბარემ სექტემბრამდეც მაცადოს ჩემმა მსმენელმა და მერე მე ვიცი (იცინის). ფიზიკურად აღარ შემიძლია უსიმღეროდ ცხოვრება. ხანდახან კლუბებში ვმღერი მეგობრებთან ერთად, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის და აუცილებლად ძალიან მალე ავმოძრავდები.
– როდის ხარ ყველაზე ბედნიერი და ემოციებით დატვირთული?
– ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს თეატრი, სცენა, სპექტაკლში თამაში. რა თქმა უნდა, უბედნიერესი ვარ მაშინაც, როცა ვმღერი. არის კიდევ ერთი რამ, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, ეს არის წყალთან ურთიერთობა – ჩემთვის ყველაზე კარგი განტვირთვის საშუალებაა. წყალი ჩემი სტიქიაა.
– თეატრი და სცენა ახსენე. აღარც სპექტაკლებში ჩანხარ, რატომ?
– დაახლოებით ერთი წლის წინ, მქონდა თეატრიდან შემოთავაზება, მაგრამ დროის უქონლობის გამო, უარი ვთქვი. ჩემი აზრით, შეცდომა დავუშვი, უარი არ უნდა მეთქვა. ის შემოთავაზება ახლა რომ მქონდეს აუცილებლად დავთანხმდებოდი. ძალიან ვნანობ. ის შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა.
– შენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ხშირად ნანობ?
– კი, ხშირად. განსაკუთრებით თეატრთან მიმართებაში. ძალიან მენატრება, მეტიც, უკვე ღამითაც მესიზმრება ხოლმე. ვერ ვიტყვი, რომ გადაწყვეტილებებს ყოველთვის სწრაფად და დაუფიქრებლად ვიღებ. რამდენიც არ უნდა ვიფიქრო, გადაწყვეტილების მიღებამდე, ბოლოს მაინც ვნანობ. მერე, რა თქმა უნდა, უკვე გვიანია. არ ვიცი, ეს რას დავაბრალო, ალბათ ისევ და ისევ საკუთარ თავს, თვითონ ვუშლი მას ხელს. ეს თავისთავად გამომდის. ხანდახან რაღაც გარემოებაც მიშლის ხელს. მოკლედ ხან როგორ ხდება, ხან როგორ.
– მერე დეპრესიაში ხომ არ გაგდებს ხოლმე?
– არა, სხვათა შორის, დეპრესია არ მახასიათებს. მთავარია, ეცადო ცხოვრებას მსუბუქად შეხედო. ყველაფერს თუ ჩაუკვირდი და გულთან ახლოს მიიტანე, დეპრესია კი არა, რა ვიცი, ალბათ, უარესი დაგემართება. მე ცხოვრების ნათელ ფერებში ყურება ვისწავლე.
– როგორია შენი თვალით დანახული ცხოვრება – ფერადი?
– კი, თან, ძალიან ფერადი (იცინის). ყოველთვის ვცდილობ, კარგ განწყობაზე ვიყო. ოღონდ, დილას საშინელ ხასიათზე ვიღვიძებ. საღამოს მოახლოებასთან ერთად კი, უკვე ხასიათზეც მოვდივარ (იცინის). საღამოს იწყება ჩემი აქტიური ცხოვრება.