კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ხსნარში დამუშავებულ ფულს ატარებდა გიორგი მეთორმეტე და რატომ არ ჰკიდებდა იგი ხელს სხვა კუპიურებსა და მონეტებს

 

საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი მეთორმეტის შესახებ უამრავი ჭორი თუ მართალია გავრცელებული. ჩვენი რესპონდენტი, ისტორიკოსი ჯაბა სამუშია გვიამბობს, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ამ მონარქს რუსეთიდან მოვლენილ გენერალ ლაზარევთან; ვინ და რატომ მოკლა, მისი მეუღლის – მარიამ დედოფლის პალატაში ეს ჩინოსანი.

ჯაბა სამუშია: გიორგი მეთორმეტე უკანასკნელი მონარქია ქართლ-კახეთში. ამის გამო მის სახელს ათასი ჭორი თუ მართალი უკავშირდება. მას ბევრი ადანაშაულებდა იმაში, რომ ვერ მოახერხა, ერეკლე მეორის მიერ ჩაბარებული სახელმწიფოს შენახვა და მის მიერ წარმოებული უგუნური პოლიტიკის წყალობით განახორციელა რუსეთმა ექსპანსია საქართველოში. იმასაც აღნიშნავდნენ: პირად სიამოვნებასა და ქეიფს გადაჰყვაო. ბევრი კი ფიქრობს, რომ მეფისადმი გამოთქმული ეს ბრალდებები გადამეტებულია და  რუსეთთან შეერთება კანონზომიერ პროცესად მიაჩნიათ, რომელიც მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში განხორციელებულმა ქართლ-კახეთის პოლიტიკამ განაპირობა.

– რა არის ცნობილი ამ მონარქის ბიოგრაფიიდან?

– გიორგი მეთორმეტე დაიბადა 1776 წელის 10 ნოემბერს. ის იყო ერეკლე მეორისა და ანა დედოფლის ვაჟი. მონაწილეობდა მრავალ სამხედრო ოპერაციაში. ცნობილი ფაქტია, რომ ასპინძის ომის წინ, მას შელაპარაკებაც კი მოსვლია გენერალ ტოტლებენთან.

– რა იყო ამ შელაპარაკების მიზეზი?

– როდესაც აწყურთან გენერალმა ტოტლებენმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ ჯარს უკან დაეხია, გიორგი მეთორმეტემ უთხრა, ასეთი საქციელი რუსეთის ინტერესებსა და ავტორიტეტს აზარალებს კავკასიაშიო. ასეთი იყო უფლისწულის პოზიცია. უთხრა კიდეც –  როდესაც ჩვენ გავიმარჯვებთ, აუცილებლად მოვახსენებთ რუსეთის იმპერატორს, თუ როგორი გენერალი ჰყავს და როგორ მოიქცა ის ბრძოლის ველზეო. ამის გამო, ერეკლეს თურმე, დაუტუქსავს შვილი, რადგან შიშობდა, გიორგის „უზრდელურ” შეპასუხებას, ბზარი არ გაეჩინა რუსულ-ქართულ ურთიერთობებში. თუმცა, ისტორიამ გვაჩვენა, რომ გიორგი ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად მართალი იყო. ტოტლებენმა, თვითონ არ იცოდა, რას აკეთებდა და საერთოდ, მისმა პოლიტიკამ, რუსული ჯარის აქ ყოფნამ, მეტწილად, დააზარალა საქართველო და ქართული საქმე, ვიდრე დაეხმარა და წაადგა მას.

გიორგი მეთორმეტე განათლებული პიროვნება გახლდათ – კარგად ერკვეოდა საქართველოს ისტორიაში, საღვთისმეტყველო ლიტერატურაში და მეტიც, მას ჰქონდა ერთგვარი დისპუტები მოლებთან. რამდენიმე საინტერესო საუბარი ჰქონდა განჯიდან ჩამოსულ მოლა ჰაჯი-მაჰმად-ალისთან, ქრისტიანულ რელიგიასთან დაკავშირებით. ამ უკანასკნელმა ეჭვი შეიტანა ქრისტიანთა რამდენიმე დოგმატურ საკითხში. გიორგი ისე ესაუბრა მუსლიმ მოლას მრავალ ქრისტიანულ საკითხზე და დაუსაბუთა კიდეც ნათქვამი იუმორით, რომ გააოცა იგი. შეიძლება ითქვას, თავისი ეპოქისთვის გიორგი მეთორმეტე საკმაოდ განათლებული კაცი იყო, თუმცა, არ ჰქონდა მამამისივით შეუპოვარი, მებრძოლი ხასიათი.

ის ჰუმანური მეფე გახლდათ და ხშირად ცდილობდა, თავისი ჰუმანურობა გამოეხატა კიდეც. მაგალითად, ბოლო პერიოდში, მას რთული დამოკიდებულება ჰქონდა ნახევარძმებთან – ერეკლეს შვილებთან და მამის მესამე ცოლთან, დარეჯანთან. თუმცა, მეფეს შეეძლო პატიება. ერთხელ ასეთი ფაქტი მოხდა: დარეჯან დედოფალმა მეფესთან იჩივლა, სასახლეში ჩვენზე ჭორაობენ, თითქოს, მე რომ ხოხბები გამოგიგზავნე საჩუქრად, მოწამლული იყოო. სამეფო ოჯახის წევრებს შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ძალიან ხშირად ვრცელდებოდა ბაგრატიონთა კარზე ამგვარი ჭორები. მეფეს დედინაცვალი მიუპატიჟებია სადილზე, ნიშნად იმისა, რომ მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ ჰქონდა.

40 წლის იყო მეფე გიორგი, როდესაც სენი შეეყარა.

– რა სენით იყო დაავადებული გიორგი მეთორმეტე?

– ამის შესახებ სხვადასხვა ვარაუდი არსებობს. ამ სენის ფონზე გიორგის ორგანიზმში გარკვეული ცვლილებები ხდება. ის ძალიან მალე გასუქდა. თანაც იმდენად, რომ ცხენზე ვეღარ ჯდებოდა, რის გამოც ტახტრევანით დაატარებდნენ. ლაშქობაში წასვლაც ვეღარ ხელეწიფება. ნადირობა, არც მანამდე იტაცებდა და საერთოდ, თურმე, ყოველთვის ხუმრობდა, ნადირობა უსაქმური კაცის საქმეაო. მას ქვეყანაში უნდა ემოძრავა, სამართალი განეკარგა, მტრის შემოსევის შემთხვევაში, სარდლად უნდა გასძღოლოდა ლაშქარს – მაშინ ლეკიანობა იყო გახშირებული, რასაც ვეღარ ახერხებდა. ძნელი სათქმელია, თუ რა იყო მიზეზი ამ ავადმყოფობისა.

– იქნებ მართლაც მოწამლეს?

– იყო ასეთი ვარაუდიც. თუმცა, მის მომატებულ მიდრეკილებას ჭამისა და სისუფთავისადმი მძიმე კატეგორიის ნევროზადაც მიიჩნევენ. მაგრამ, ამ ყველაფრის დასაბუთება ამდენი საუკუნის შემდეგ, შეუძლებელია. ცნობილი ფაქტია, რომ გიორგი მეთორმეტისთვის ფულს სპეციალურ ხსნარში ასუფთავებდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ ატარებდა მას მეფე. სხვა ფულს ის ხელს არ ჰკიდებდა. აბანოში ყოველდღე არ დადიოდა, მაგრამ მას ჰქონდა ამოჩემებული ერთი აბანო, სადაც მხოლოდ მისთვის განკუთვნილი აუზით სარგებლობდა. ჩაცმის ჟამს, თუ რაიმე დაუვარდებოდა ძირს, ხელს აღარ ჰკიდებდა. რაც შეეხება ჭამას, ის გურმანი იყო. ჰქონდა ქეიფის საკუთარი წესი. გიორგის ძალიან ჰყვარებია ზაქის ხორცი.

– ამიტომ შეარქვეს მას ზაქიჭამია?

– ალბათ. მეფის ეს სისუსტე ხალხმა ხუმრობის თემად აქცია და ეს ჭორიც იქიდან წამოვიდა. თუმცა, ფაქტია, მას უყვარდა ზაქის ხორცი. მისთვის საგანგებოდ ცხვებოდა თეთრი პური. მწვადის მოყვარული იყო და წესად ჰქონია, როცა მწვადს მიიტანდნენ სუფრაზე, მას ზემოდან პურს აფარებდა. მერე ქვემოდან შეყოფდა ხელს და ისე მიირთმევდა. დიდხანს ჰყვარებია თანამეინახეებთან ერთად სუფრასთან ჯდომა. ალბათ, ამის გამო ასკვნიდნენ, რომ ის ბევრს ჭამდა. თუმცა, როგორც მისი თანამეინახეები იხსენებენ, ეს ასე სულაც არ ყოფილა. გურმანი რომ იყო, ამას ისინიც ადასტურებენ. მეფისთვის საგანგებოდ მოხარშულ ზაქის ხაშლამას, ის ყოველთვის უნაწილებდა სუფრის სხვა წევრებსაც. მთვრალი კაცი არ ჰყვარებია მეფეს, დასცინოდაო მათ. თვითონ საკმაოდ კარგად სვამდა თურმე. წითელი ღვინო ჰყვარებია – ხოდაშნური. დასცინოდა მათ, ვინც სიმსუბუქისთვის ღვინოში წყალს ურევდა და ყველას ეუბნებოდა: ეგრე არ შეიძლებაო. თვითონ გიორგი მთვრალი არავის უნახავს. გარდა ზაქის ხორცისა, მეფეს განსაკუთრებით ჰყვარებია ორაგული. ეს მისი ყველაზე დიდი სისუსტე ყოფილა. ორაგულის ჭამისგან მეფე არაერთხელ გამხდარა ცუდად, რის შემდეგაც ექიმებს გამოჰყავდათ მდგომარეობიდან. ასე რომ, ჭამა-სმა ნამდვილად უყვარდა, მაგრამ ერთ ზაქს ერთ ჯერზე ნამდვილად არ ჭამდა. ეს გადამეტებულია. 

– რა ცნობებია შემონახული გიორგი მეთორმეტის ოჯახურ მდგომარეობასთან დაკავშირებით?

 – გიორგი მეთორმეტე მამამისივით მრავალშვილიანი იყო – 2 ცოლთან 22 შვილი შეეძინა. 

– ვინ იყვნენ გიორგის მეუღლეები?

– გიორგი მეთორმეტის პირველი ცოლი – ქეთევან ანდრონიკაშვილი გახლდათ. სწორედ მასთან შეეძინა მეფეს დავით მეთორმეტე – ბოლო, არამირონცხებული მეფე ქართლ-კახეთისა. ქეთევანის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ, მეფემ მეორე ცოლად მარიამ ციციშვილი შეირთო, რომელიც ამ დროს 14 წლისა ყოფილა. გიორგი მეთორმეტე 18 წლით უფროსი იყო მასზე. გიორგის ჰკიცხავდნენ, ცოლი ხეირიანად არც იგლოვა და მაშინვე იქორწინაო. ამის გამო, მამამისსაც დაუტუქსავს იგი. ერეკლეს ძალიან ჰყვარებია ქეთევანი. ცნობილია, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ, დამწუხრებულ ერეკლე მეორეს ისიც უთქვამს: ახლა დაიღუპა ჩემი ოჯახიო. 

– როგორ აღესრულა გიორგი მეთორმეტე?

– ბოლო პერიოდში გიორგი ლოგინად ჩავარდა, მას მოძრაობა უჭირდა. წირვის ლოცვებიც მის პალატასთან ახლოს ტარდებოდა თურმე ამ დროისთვის. სიკვდილის წინ ის რამდენჯერმე ეზიარა და ლოცვის ჟამს გარდაცვლილა 52 წლის ასაკში.

– ამის შემდეგ ვინ მართავდა ქვეყანას?

–  ამის შემდეგ, ქვეყანას ფორმალურად მართავდა მისი ძე – დავითი, რომელიც ამაოდ ელოდა, რუსეთის იმპერატორისგან მეფედ აღიარებას. სინამდვილეში, მის მოლოდინს საქართველოს ოკუპაცია და მეფობის გაუქმება მოჰყვა. მოგვიანებით დავითი რუსეთში გადაასახლეს. ამ გადასახლების დროს მოხდა ის ცნობილი მოვლენა, რაც გიორგის მეუღლეს, მარიამ ციციშვილს გადახდა.

– რა შემთხვევას გულისხმობთ?

– როდესაც უკვე დაიწყო ბაგრატიონების გადასახლება, საქართველოში ჩამოვიდა გენერალი ლაზარევი. ის ძალიან უზრდელი ადამიანი ყოფილა. სალდაფონი, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ლაზარევს თან ახლდა ფეხმძიმე მეუღლე, რომელიც მშობიარობას გადაჰყვა. გიორგი ცდილობდა, კარგი ურთიერთობა ჰქონოდა ლაზარევთან და მისმა თავდახრილმა პოლიტიკამ უფრო გაათამამა გენერალი. მეფე ფიქრობდა, ლაზარევის მომავალი შვილი მას მოენათლა, თუმცა რაკი დედა გარდაიცვალა, ახალშობილი მარიამმა მონათლა. მალე პატარაც გარდაიცვალა. ლაზარევის ცოლ-შვილი დიდი პატივით დაკრძალეს სვეტიცხოველში. გიორგი მეთორმეტის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც დაიწყო ბაგრატიონთა დევნა, ასეთი რამ მოხდა. ლაზარევმა ალყა შემოარტყა დედოფლის სასახლეს. ეს ამბავი დილის 8 საათზე მოხდა. ლაზარევმა გასცა ბრძანება, რაც შეიძლება მალე დაეტოვებინათ ბაგრატიონებს სასახლე. მარიამმა უპასუხა: ჩემს შვილებს სძინავთო. დროზე გამოდით, ჯარი თქვენ ვერ მოგიცდითო, – ამ სიტყვებით, ხელითაც შეხებია დედოფალს გენერალი. ამ ინციდენტთან დაკავშირებით მომავალში ბევრი ჭორ-მართალი დაიწერა. მეფის ისტორიკოსის პლატონ იოსელიანის სიტყვებით, ამ დროს დედოფალთან იმყოფებოდა თავადი ნიკოლოზ ხიმშიაშვილი. როგორც კი ლაზარევმა, ხელი აღმართა დედოფალზე, ხიმშიაშვილმა მაშინვე ხანჯალი იშიშვლა  და განგმირა გენერალი, შემდეგ კი ფანჯრიდან გადახტა და ახალციხეს შეაფარა თავი. 

 

скачать dle 11.3