კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა მიხეილ ბარათაშვილი მსოფლიოში ცნობილი კოლექციონერი და რატომ არ არის ამჟამად მისი კოლექცია დაცული საქართველოში

 

ნუმიზმატიკას მეთოთხმეტე საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი. მეთექვსმეტე საუკუნეში კი საისტორიო მეცნიერების ერთ-ერთ დარგად იქცა. სახელწოდება „ნუმიზმატიკა“ წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან, რაც ნიშნავს „კანონიერი ანგარიშსწორების საშუალებას“, ანუ – ფულს. მეცნიერები მონეტების შემოწმების დროდ ძველი წელთაღრიცხვის მეშვიდე საუკუნეს ასახელებენ, როცა ხმელთაშუა და შავი ზღვების სანაპიროებზე მდებარე ქალაქებსა თუ სახელმწიფოებში აღმოცენდა მონეტების შექმნის იდეა. ამ მხრივ, კოლხური თეთრი სრულიად სამართლიანად უნდა ჩაითვალოს მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს მონეტად. მაგრამ, დღევანდელ რუბრიკაში ჩვენს რესპონდენტთან, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორთან, ლევან თაქთაქიშვილთან, მიხეილ ბარათაევის (ბარათაშვილის) შესახებ ვისაუბრებთ. როგორც მისგან შევიტყვეთ, ნუმიზმატიკური კატალოგების ბეჭდვის ისტორიაში ერთ-ერთი დიდი აღმოჩენა სწორედ ამ ადამიანის სახელს უკავშირდება.

– რა ვიცით მიხეილ ბარათაევის შესახებ?

– მიხეილ ბარათაევის წინაპარი – მელქისედეკ ბარათაშვილი, მეფე ვახტანგ მეექვსის იმ ამალაში ერია, რომელიც რუსეთში, ემიგრაციაში წასულ მეფეს წაჰყვა თან. ვახტანგ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ ამ ამალის წევრებმა რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღეს და იმპერიის სხვადასხვა მხარეში გაიფანტნენ. მელქისედეკ ბარათაშვილმა სიმბირსკის გუბერნიაში ყმა და მამული შეიძინა და იქვე დასახლდა სამუდამოდ. მას ოთხი ვაჟი შეეძინა: ივანე, სიმონი, ანდრია და პეტრე. სწორედ ამ უკანასკნელის ერთადერთი ვაჟი გახლდათ მიხეილ ბარათაევი. მიხეილ ბარათაევის ბიოგრაფია იწყება სამხედრო დამსახურებით რუსეთ-საფრანგეთის ომში. ის ნაპოლეონის ჯარებთან ბრძოლის დროს დააჯილდოვეს მედლებითა და ორდენებით სიმამაცის გამოჩენისთვის. 

– ამის შემდეგ როგორ გაგრძელდა მისი ცხოვრება?

– ამის შემდეგ მიხეილ ბარათაევი გახდა სიმბირსკის გუბერნიის წინამძღოლი, გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე-განმანათლებელი, დეკაბრისტი, მეცნიერ-მკვლევარი, ქართული ნუმიზმატიკის ფუძემდებელი, მწერალი, მთარგმნელი და გამომგონებელი, შეისწავლა ევროპული ენები და კარგი განათლება მიიღო.

– რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას?

– 1810 წელს მიხეილმა ჯვარი დაიწერა საიდუმლო მრჩევლის „(ტაინი სოვეტნიკის)” ქალზე და სიმბირსკიდან 12 კილომეტრის მოშორებით, მამამისის მიერ დაარსებულ სოფელში, ბარათაევკაში დაფუძნდა. მათ 12 შვილი შეეძინათ – 7 ქალი და 5 ვაჟი.

ამის შემდეგ მიხეილმა მუშაობა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროში, რამდენიმე წლიწადში კი „დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკის” წოდება მიენიჭა და მალე ფინანსთა სამინისტროშიც გადაიყვანეს სამუშაოდ. შემდეგ კი დაინიშნა ამიერკავკასიის საოლქო საბაჟოს სამმართველოს უფროსად და ცოტა ხანში დიდი ხნის ოცნებაც აუსრულდა. 

– რა ოცნება?

– მიხეილ ბარათაშვილს საქართველოში მუშაობის საშუალება მიეცა, სადაც 2 წელი და 10 თვე დაჰყო. შემდეგ დროებით პეტერბურგში ცხოვრობდა, სადაც წინასწარ შეგროვილი მასალების საფუძველზე დაწერა წიგნი: „ნუმიზმატიკის ფაქტები, ანუ ძველნი ფულნი საქართველოს სამეფოსანი”, რომელიც რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში წარადგინა. წიგნი რეკომენდებული იყო თეიმურაზ ბატონიშვილის, მარი ბროსესა და დავით ჩუბინაშვილის მიერ. ეს წიგნი 1844 წელს გამოიცა პეტერბურგში ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენებზე.  მასში, ქართული ფულის ძვირფას კოლექციებთან ერთად, ავტორმა შეკრიბა და წარმოადგინა აგრეთვე ბერძნული, არაბული, თურქული, ირანული და სომხური ფულისა და სხვა ექსპონატების მდიდარი კოლექციები, რაც ნაჩვენებია შესანიშნავი ილუსტრაციებით, შენიშვნებითა და კომენტარებით. მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მარი ბროსემ ამ შრომის მიხედვით შეადგინა თავისი  გამოკვლევა ქართული ნუმიზმატიკის შესახებ, ხოლო მოგვიანებით ფრანგმა მეცნიერმა ლანგლუამ ამ შრომის მიხედვით დაწერა და გამოსცა „ქართული ნუმიზმატიკის ახალი მიმოხილვა”. 

ბარათაშვილმა ამ ნაშრომით თავისი სახელი უკვდავყო ქართული მეცნიერების ისტორიაში. იგი გარდაიცვალა 1856 წელს. მისი გარდაცვალების წლისთავზე დიმიტრი ბაქრაძე წერდა: ბარათაშვილმა გაარკვია, რომ მეცხრამეტე საუკუნემდე ყოველ ისტორიულ ეპოქაში საქართველოს თავისი საკუთარი ფული ჰქონია. ხოლო აკადემიკოსი ჯანაშვილი მის შესახებ წერდა, რომ მიხეილ ბარათაშვილს არ უკმარია „ქართლის ცხოვრება“ და ვახუშტის „ისტორია“, მას რუსეთშივე შეუკრებია „ბევრნი ქართული ფულნი, მერმე მოსულა საქართველოში და აქაც შეუძენია კოლექცია ამ გვართა და ფულთა და, რუსეთში დაბრუნებულა თუ არა, შეუდგენია ისტორია ქართულთა ფულთა, მოუგონია სრულიად უცნობი და ახალი წესი ძველი ფულების სინამდვილით გადასაღებად და დაუბეჭდია ვრცელი შრომა რუსულ ენაზე და ფრანციულის თარგმანით და ქართული ფულების პირის თავ-თავის ადგილას ჩართვით”. სწორედ ეს საფუძვლიანი შრომა გახდა მიზეზი იმისა, რომ ბარათაშვილი გახდა წევრი „დანიის სამეფოს ჩრდილოეთ ანტიკვარიატთა საზოგადოებისა“ და ფულების პირის სინამდვილით გადასაღებ წესისათვის და თავისი შრომის ავტოგრაფით მირთმევისათვის სახელმწიფო სახლის  ერთი წევრისადმი დაჯილდოებულ იქნა ამ უკანასკნელისგან ძვირფასი საჩუქრით.”

მიხეილ ბარათაშვილი თავისი დროის ცნობილი და პოპულარული მეცნიერი გახლდათ, რომელიც, აგრეთვე, პეტერბურგის სამხატვრო; პარიზის, ბერლინის, კოპენჰაგენის სამეცნიერო აკადემიათა ნამდვილი წევრი იყო. იგი რუსეთის არქეოლოგიური საზოგადოების ერთ-ერთ დამაარსებლადაც გვევლინება. საქართველოში ყოფნის პერიოდში მიხეილ ბარათაშვილი არჩეულ იქნა ამიერკავკასიის სტატისტიკური კომიტეტის წევრ-კორესპონდენტად. რუსეთის სამეცნიერო აკადემიამ კი მონეტებიდან ზუსტი პირების გადაღებისთვის მიხეილ ბარათაშვილს დიპლომი გადასცა. 

 1998 წელს ქალაქ სიმბირსკის არსებობის 250 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა მოეწყო. ამ გამოფენაზე 500-მდე ისტორიული მნიშვნელობის წერილობითი ძეგლი თუ ნივთი იქნა გამოფენილი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ისაა, რომ მასზე მიხეილის შვილიშვილმა, სერგეი ბარათაშვილმა, ბაბუის სამტომიანი ხელნაწერი – „ლითონური ფაქტები საქართველოს ისტორიისთვის” და მდიდარი ნუმიზმატიკური კოლექცია წარმოადგინა. ეს ნაშრომი თავისი თანდართული მონეტების ნახატებითა და ამოტვიფრული ილუსტრაციებით მიხეილ ბარათაშვილის ნაბეჭდი წიგნის ვარიანტულ ცალს წარმოადგენდა. 

– სად არის დაცული ამჟამად მიხეილ ბარათაშვილის აღნიშნული კოლექცია?

– სანამ ამაზე გიპასუხებდეთ, გეტყვით, რომ მიხეილ ბარათაშვილს წინაპრებისგან ანდერძით ერგო ქართული ანბანი და ორმოციოდე მონეტა, პეშვით წაღებული ქართული მიწა კი აღარ შეხვდა. ბავშვობიდანვე ჟინიანი,  მონეტების შეგროვების მოყვარული, მსოფლიოში აღიარებული კოლექციონერი გახდა. თუმცა, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს ქართველებისთვის, მიხეილ ბარათაშვილის მდიდარი კოლექცია ამჟამად დაცულია გერმანიაში, ბერლინის სახელმწიფო მუზეუმში. მაგრამ, როდის, ვის მიერ, ან  რა გზით არის იქ მოხვედრილი – უცნობია. 

მიხეილ ბარათაშვილის ბიოგრაფი ამგვარად აღწერს წესს, რომელმაც მთელი მსოფლიო გაახარა: „იმის აუცილებლობამ, რომ მუზეუმში, რომელშიც აკლია და უნდა იყოს იშვიათი მონეტის ზუსტი ასლი, რაც სხვა კოლექციებშია, ცნობისმოყვარე თავადი მიხეილ ბარათაშვილი მიიყვანა საინტერესო აღმოჩენამდე: მან შეძლო მონეტებიდან ანაბეჭდის გადმოღება ისე, რომ ის არ დაზიანებულიყო, თან, ისე ზუსტად, რომ დედნისა და ანაბეჭდის გვერდი-გვერდ დადების დროს განსხვავება არ ყოფილიყო...

ყველაზე იშვიათი, უძველესი ნუმიზმატიკური დოკუმენტები შეიძლება კვლავ იქნას წარმოებული მონეტის დაუზიანებლად, ყველა ნუმიზმატისათვის ხელმისაწვდომად. თავად მიხეილ ბარათაშვილმა მარად სახსოვარი სამსახური აღმოუჩინა მეცნიერებას – მის მიერ შედგენილი აღწერა საქართველოში ქართული ჭედური მონეტებისა, მდიდრულად დაბეჭდილი პეტერბურგში, მრავალრიცხოვანი ლითონოგრაფიული მონეტების ტაბულით, დღესაც ერთ-ერთი საუკეთესოა. ნაშრომი გამოცემულია ავტორის საფასით, რაც სოლიდური თანხა დაჯდა. 

ამ ნაშრომმა მთელი ეპოქა შექმნა ქართულ ნუმიზმატიკაში, პირველად წარსდგა უტყუარი სურათებით, თითქმის სრული მონეტების რიგით, საქართველოში რომ ჭრიდნენ. აქამდე ნაკლებად ან სავსებით უცნობი და აუხსნელი მონეტების შესახებ.”

 მინდა გითხრათ, რომ მიხეილ ბარათაშვილს ამ ნაშრომში 157 მონეტა აქვს განხილული. თავად მიხეილ ბარათაშვილი წიგნის სატიტულო გვერდზე ხელმწიფე იმპერატორს ამცნობს თავისი ნაშრომისა და გამოგონების შესახებ და წერს: „უღრმესი მოწიწების გრძნობით ვიღებ თავზე გამბედაობას, უძველესი ქართული მონეტებიდან, მეტალიდან სურათების გადმოღების ჩემს მიერ  გამოგონებული წესის მიხედვით დამზადებული ნუმიზმატიკური ალბომის ბოძებას...”

ბარათაშვილს ჰქონდა ერთი ნატვრა, რომელიც აუხდენელი დარჩა.

– რა ნატვრა?

– მას სურდა, თავის მდიდარ კოლექციაში  ბაგრატ მესამის მონეტა ჰქონოდა. მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან შვიდი წლის შემდეგ აღმოაჩინა  ბართოლომეიმ ბაგრატ მესამის მონეტა და  პეტერბურგის საიმპერატორო მუზეუმში, – ერმიტაჟში გაგზავნა, სადაც ამჟამადაც ინახება. მიხეილ ბარათაშვილი 72 წლის ასაკში აღესრულა და იგი სიმბირსკის მონასტრის სასაფლაოზე დაკრძალეს, სადაც ამჟამად ქალაქის დასასვენებელი პარკია გაშენებული და ძველი სამარხების კვალი წაშლილია.

 

скачать dle 11.3