კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დაუჯდა გიორგი აბრამიძეს მექანიკური „შვიდკაცას“ შექმნა და როგორ აამღერა მან სანაგვეზე გადაყრილი ნივთები, რომლებიც მილიონერების კერძო კოლექციებში ინახება

 

 

მხატვარ გიორგი აბრამიძის შემოქმედება ყველანაირ ჩარჩოებს სცდება და ეს გადაჭარბებული შეფასება არ არის მისთვის, ვისაც მისი „ამღერებული ფეხსაცმელი”, „მოცურავე კონტრაბასი”, „ზამბარებიანი ტორტი”, „გაფრენილი ვიოლინო” ან თუნდაც, „გაცოცხლებული თოჯინა” უნახავს. მის ყველა ნამუშევარში ისეთი ნივთია გამოყენებული, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი ნაგავში დაუნანებლად მოისვრიდა. გიორგი კი ნებისმიერ ნივთში რაღაც უცნაურს, იდუმალსა და ცოცხალს ხედავს. საათის მექანიზმი იქნება ეს, გადაგდებული თოჯინას მოტეხილი ხელი თუ გაცვეთილი ფეხსაცმელი – ის ყველაფერს აგროვებს. ზოგს მშრალ ხიდზე ყიდულობს, ზოგსაც ახლობლების დახმარებით იძენს და ისეთ შედევრებს ქმნის, რომელშიც მილიონერი კოლექციონერები თუ მაგნატები სოლიდურ თანხებს არ იშურებენ. ასე რომ, უცხოეთის მრავალი კოლექციონერის სახლში შეხვდებით მის ნამუშევრებს და დარწმუნებული ვარ, დაგენანებათ, რომ ეს შედევრები საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიდა. სხვათა შორის, გიორგის მომავლის მხატვარს უწოდებენ და თუ მის ნამუშევრებს ჩაუღრმავდებით, მიხვდებით, რომ ის, მართლაც მომავლიდანაა და ჩვენ, უბრალო ადამიანებს, არ გვგავს. 

გიორგი აბრამიძე: 39 წელია, ვხატავ და ვქმნი ნამუშევრებს და დამიჯერეთ, ყველა ამ ნახატსა თუ ნამუშევარში ბავშვის სუფთა აურა, ცოტა მუსიკის ჰანგი და ბევრი ჩემი განცდაა ჩადებული. ვცდილობ, ყოველთვის გამოვიყენო ნამუშევარში თოჯინას რაიმე ნაწილი, მაგალითად, თვალი, ხელი ან ფეხი. ხშირად ქუჩაში გადაგდებული თოჯინაც კი წამიღია სახლში. მასში ბავშვის სუფთა და უბოროტო აურაა შემორჩენილი და ის ნამუშევარს აუცილებლად ემჩნევა. თან, როდესაც ვმუშაობ, სულ მუსიკა მაქვს ჩართული. შეიძლება არ ვუსმენდე, მაგრამ მისი ხმა ხომ იდება ნამუშევარში?! აუცილებლად განწყობითა და გულით ვმუშაობ და ეს ჩანს კიდეც, თუ დააკვირდებით ნამუშევრებს. სამხატვრო ინსტიტუტი ხარკოვში დავამთავრე, შემდეგ კი თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე. უამრავ გამოფენაში მაქვს მიღებული მონაწილეობა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. ჩემდა სასიხარულოდ, ჩემი ნამუშევრები სხვადასხვა ქვეყნების მუზეუმსა და კერძო კოლექციებშია დაცული. როგორც ნებისმიერ ხელოვანს, არც მე მიყვარს ჩარჩოში მოქცევა და რასაც წარმოსახვაში ვხედავ, იმას ვაკეთებ. კერძოდ, ჩემთვის ნებისმიერი ინსტრუმენტი სამუშაო მასალაა. როცა ძველი ნივთებისგან რაღაცას ვქმნი, ყოველთვის ვიცი, საბოლოო ჯამში, რა გამოვა. ჩემი ხელოვნება ავანგარდია. ავანგარდი კი მომავალს ნიშნავს და ამიტომ, მიწოდებენ, ალბათ, მომავლის მხატვარს (იცინის).

– სულ პირველად, რომელი ინსტრუმენტით შექმენი ნამუშევარი?

– სხვათა შორის, ჩემი პირველი ნამუშევარი ვიოლინოსგან შევქმენი. მანამდეც მქონდა პორტრეტების სერია, რომელშიც მუსიკალური ინსტრუმენტები არ გამომიყენებია, მაგრამ სხვადასხვა ნივთისგან შედგებოდა. ერთგვარი ანსამბლი, ექიმის, მეხანძრის, ინჟინრისა და სხვათა კომპოზიციები მქონდა შექმნილი, სულ – თვრამეტი. ეს კოლექცია ფრანგმა კოლექციონერმა შეიძინა.

– სად ნახა ის ფრანგმა კოლექციონერმა?

– სახელოსნოში მეწვია, მოეწონა და საკმაოდ სოლიდურ თანხად შეიძინა ჩემი ნამუშევრები. ამის შემდეგ, თხუთმეტი ნამუშევარი ერთმა რუსმა კოლექციონერმა იყიდა, თორმეტი – თურქმა, ექვსი – ესპანელმა და ასე შემდეგ, სათვალავი ამერია (იცინის). ერთი სიტყვით, ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის კოლექციონერთან ინახება ჩემი ნამუშევრები. მიხარია, რომ ჩემი ხელოვნებით ბევრი ინტერესდება და ისინი შემთხვევითი ადამიანები არ არიან. ბევრ რუს მაგნატსა და ცნობილ პოლიტიკოსს აქვს კერძო კოლექციაში ჩემი არაერთი ნამუშევარი. მათზე ჩემი ხელმოწერაა ქართულად.

– როგორც ვიცი, შენი შემოქმედებით ბადრი პატარკაციშვილი იყო დაინტერესებული და მან შეიძინა კიდეც რამდენიმე ნამუშევარი. ის სად გაიცანი?

– მახსოვს, მან ჩემი ის ნამუშევარი შეიძინა, რომელიც საყვირისგან მქონდა შექმნილი. ეს იყო მოტოციკლეტი და ერქვა „მოტაცება”. ეს ნამუშევარი თბილისის ერთ-ერთ გალერეა-სალონში მქონდა გამოფენილი. თუ არ ვცდები, 2000 წელი იყო. მაშინ თბილისში ბადრი პატარკაციშვილს არც კი იცნობდნენ. რომ დამირეკეს, იცით რა მითხრეს? ის კაცი იყო, საკუთარი თვითმფრინავი რომ ჰყავს და შენი ნახატი მოეწონა. ყიდვა უნდა და თან, შენი გაცნობაცო. დაცვით მოვიდა. საკმაოდ უბრალო და კარგი ადამიანი გახლდათ. მესაუბრა და ამ ნამუშევრის შეძენა მოისურვა. დიდი ზომის იყო „მოტაცება“. და რიტუალების სასახლეში დაკიდა. მასში საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადა. ნამუშევრის გაყიდვა კი არ მენანება, გული მწყდება. არადა, თუ არ გაეცი, სხვას ვეღარ შექმნი. ეს ხომ საკმაოდ დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. აბა, წარმოიდგინეთ, რა ძვირი მიჯდება, თუნდაც, კონტრაბასის, ვიოლინოს, მონეტების, საყვირის, სხვადასხვა ანტიკვარული ნივთების შეძენა. 

– მექანიკური, მოძრავი „შვიდკაცა” ნამდვილად ახალი სიტყვაა ქართულ ხელოვნებაში. მგონი, მსგავსი რამ არავის შეუქმნია ჩვენთან. არ მეთანხმები?

– გეთანხმები, ასეთი რამ ნამდვილად არ მინახავს საქართველოში. მექანიკური „შვიდკაცა” საკმაოდ ძვირი დაჯდა და მასში არა მარტო ანტიკვარული ნივთებია გამოყენებული, არამედ, მთელი მექანიზმები და ატომები. ზოგი მშრალ ხიდზე შევიძინე, ზოგი ანტიკვარულ მაღაზიაში, ზოგი – სალონში,  ზოგიც კი – ქუჩაში ვიპოვე, სანაგვეზე გადაგდებული. 

– ესე იგი, ქუჩაში ნაპოვნი ნივთისგან შეგიქმნია შედევრი, რომელიც შემდეგ უცხოელ კოლექციონერებს სოლიდურ თანხად შეუძენიათ?

– მარტო ქუჩაში ნაპოვნი ნივთი არ იყო ამ ნამუშევრებში გამოყენებული. თუმცა ხშირად, ქუჩაშიც მივდივარ იმისთვის, რომ დავათვალიერო სადმე, სანაგვესთან ხომ არ გდია ცალხელა თოჯინა, დახეული ფეხსაცმელი, ძველი ჩემოდანი, გატეხილი უთო ან ჭანჭიკი. ვიღებ და მიმაქვს სახელოსნოში. თან, სანამ სახლში მივიტან, ზუსტად ვიცი, რა უნდა შევქმნა. ერთი სული მაქვს, მივიდე და დავიწყო მუშაობა. 

– რამდენი ნამუშევარი გაქვს სახელოსნოში და რამდენი გაიყიდა?

– დაახლოებით, 152 ნამუშევარი მაქვს გაყიდული. სახელოსნოში 32 შემომრჩა. 

– და ინსტრუმენტი რამდენი შეიძინე და გამოიყენე?

– (იცინის) აღარც კი მახსოვს. არ დამითვლია. ალბათ, 30 ვიოლინო, 8 საქსოფონი, 10 კონტრაბასი, 10 ტრუბა და ასე შემდეგ. შეიძლება, მეტიც, ვერ გეტყვით. სხვათა შორის, ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, რომელიც ჩემს ასეთ უცნაურ შემოქმედებასა და მიმართულებას უკავშირდება. ჩემს ოჯახში იდგა პიანინო. ერთ დღესაც, მასზე გამოისახა შვიდი ჯვარი. ისინი დღესაც ამჩნევია მას. იმდენად გამაოცა ამ ფაქტმა, რომ ვფიქრობ, სწორედ ეს იყო წინასწარმეტყველება იმისა, ინსტრუმენტებით მემუშავა. დავისახე მიზნად კომპოზიციებს მუსიკალური ინსტრუმენტებით შევქმნი-მეთქი და თქვენც ხედავთ, რა გამოვიდა. ასე რომ, მე შემთხვევით არ ვიყენებ არც ინსტრუმენტებს და არც თოჯინებს ჩემს ხელოვნებაში. თოჯინას თვალებიდან გამოტყორცნილი დადებითი მუხტი და ინსტრუმენტთა იმპულსები ბევრი ქართველი თუ უცხოელი მაგნატის და ოლიგარქის კოლექციებშია. მჯერა მას ისინი აუცილებლად გრძნობენ. იდუმალი მუსიკა კი, რომელიც მუშაობის დროს ყურებში ჩამესმის და ჩემ ირგვლივ ტრიალებს, მაძლევს ძალას, რომ კომპოზიციები შევქმნა.

 

скачать dle 11.3