როგორ ჩააქსოვა რომანსების ნოსტალგია „ფენდიმ“ ახალ კოლექციაში
იტალიური გრანდიოზული სამოდელო სახლი „ფენდი” მეოცე საუკუნის დასაწყისში ერთი ჩვეულებრივი მაღაზია იყო რომში, სადაც ტყავისა და ბეწვის აქსესუარები იყიდებოდა. თუმცა, მთელ იტალიაში ძალიან მალე გაუვარდა სახელი. მიზეზი ერთი იყო – „ფენდი” მსოფლიოში ულამაზეს ჩანთებს აწარმოებდა. „ფენდის” ჩანთა ხაზს უსვამდა ქალის ელეგანტურობას, ინდივიდუალიზმს, დახვეწილ გემოვნებას. დღესდღეობით „ფენდი” მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კომპანიის შემადგენლობაშია, ეს არის „ელვიემეიჩი” და მისი კრეატიული დირექტორი კარლ ლაგერფელდი პარალელურად არაერთ მოდის სახლს უდგას სათავეში. აქცენტები ბეწვსა და ტყავზე ისევ აქტუალურია, თუმცა, სახელი – იყო პირველი ამ მასალისგან შექმნილი სამოსის წარმოებაში, არ ყოფილა პრობლემებისგან დაცლილი. ჯერ კიდევ 1997 წელს, სუპერმოდელი ნაომი ქემპბელი, ცხოველთა დაცვის ორგანიზაცია „პეტას“ სპიკერობიდან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლეს, რომ ის „ფენდის” ჩვენებაზე ბეწვის ქურქით გამოვიდა. მაგრამ დღეს ჩვენ 2011 წლის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენებაზე ვსაუბრობთ, რომელიც ამ სეზონის კოლექციებში ერთ-ერთი ყველაზე ნაზი, ჰაეროვანი, ქალური და სასიამოვნო იყო. ერთი შეხედვითვე ჩანს, რომ კარლ ლაგერფელდს რომანტიკული ეპოქებისა და რომანსების ნოსტალგია ჰქონდა.
მსუბუქი, ჰაეროვანი ქსოვილებით შექმნილი სამოსი, გადაწყვეტილი ღია, სადა, უნაზეს ტონებში, ხაზს უსვამდა ახალგაზრდულ სინაზეს, მგრძნობელობასა და სიკეკლუცეს. ასეთ კოსტიუმებსა და კაბებში გამოწყობილი გოგონა მამაკაცის დაჟინებული მზერის გამო ოდნავ შეწითლდება და თავს ძალიან უხერხულად იგრძნობს.
კოლექციაში წარმოდგენილი იყო ეგრეთ წოდებული თოჯინას კაბები. თუ უფრო დეტალურად განვიხილავთ ფერებს, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ კარლ ლაგერფელდი ამ კონკრეტული მიმართულებით შეუდარებელია. ღია ტონალობები, ფერის გრადაციები, დაწყებული ღია კრემისფერით, დამთავრებული შავით, არაჩვეულებრივ ხიბლს ჰმატებდა იმ ქალურ სილუეტს, რომლის წარმოჩენა და ხაზგასმაც უნდოდა დიზაინერს. საინტერესოა, რომ ამ ნაზ ფერებში შექმნილ რამდენიმე კაბას კიდევ უფრო სადად და ნაზად ჰქონდა დაქარგული თუ დაპრინტული ყვავილები.
კოლექციის დასაწყისში იყო ბევრი სითეთრე, მაგრამ ლაგერფელდმა ნელ-ნელა შემოიტანა სეზონის ჰიტური და ტენდენციური ფერები. თუმცა, სხვა მოდის სახლებისგან განსხვავებით, „ფენდის” ლურჯი, ნარინჯისფერი თუ სალათისფერი, გაცილებით მშვიდი და ნაკლებად მყვირალა იყო, ვიდრე ეს მოდაშია. მაგრამ „ფენდი” ხომ ზუსტად ის მოდის სახლია, რომელიც მოდას თავად ქმნის.
ალბათ, ყველას მოეხსენება, რომ კარლ ლაგერფელდი შეყვარებულია სამოსის დეტალებსა და, გასაფორმებლებზე, ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ გაზაფხულის შემოსვლა მან ყვავილებით გვამცნო. ბუნებრივი აბრეშუმისგან შექმნილ თხელ, ღია კაკაოსფერ ულამაზეს კაბას კიდევ უფრო მეტად ამშვენებს აქა-იქ მიმოფანტული ღია ნარინჯისფერი ყვავილები. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს ეს ყვავილები ციდან ჩამოცვივდა და კაბას დაეფინაო.
ყველაფერი ტრადიციული თეთრი ბატისტით დაიწყო, ცხელი ზაფხულის ყველაზე ჰიტური სამოსით. ნელ-ნელა ყველაფერი უფრო გართულდა და მეგაპოლისამდე ჩამოვიდა. მაშინაც კი, თუ ცხელი ზაფხულის გატარება დიდ ქალაქში, საშინელ სიცხეში გიწევთ, მაინც შეგიძლიათ, „ფენდის” მიმართოთ და მისი ფერად-ფერადი კლასიკა სხეულზე მოირგოთ. ძალიან ლამაზი, ნაზი ღია ფეხსაცმელი კარლ ლაგერფელდის ჩანაფიქრს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს და აჩვენებს, თუ როგორ შეგვიძლია, გამოვიყურებოდეთ ზაფხულში მოდურად, საქმიანად, ნაზად და მიმზიდველად.
რაც შეეხება აქსესუარებს, კარლ ლაგერფელდმა „ფენდის” ერთგულ მყიდველებს, შესთავაზა ულამაზესი, კლასიკური ტიპის ხელჩანთები, რომლებიც გველისა და ტყავის პატენტისგან იყო დამზადებული. დიდი და პატარა ზომის ჩანთები კი, ალბათ, მომხმარებელმა თავად უნდა მოარგოს ამა თუ იმ კონკრეტულ კაბასა და კოსტიუმს.