კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კომპლექსები გაუჩნდა გარდატეხის ასაკში მარიტა ჯანაშიას და ვინ აფრენინა მას ორი ოთახი

 

 

 

მშვენიერი მარიტა ჯანაშია და მისი არაჩვეულებრივი დედა – ქეთი ჩხეიძე, დედა-შვილზე მეტად, მეგობრებს უფრო გვანან. მარიტას თქმით, ქეთი თინეიჯერი დედაა და სხვათა შორის, მას მარიტას მეგობრებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. დედა-შვილს განსაკუთრებით ერთი ადამიანი, მეუღლე და მამა – ბექა ჯანაშია ენატრებათ, რომელიც ძალიან ნიჭიერი მხატვარია და ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს. ჩვენი მკითხველი მას უკვე იცნობს.

ქეთი: ხანდახან მარიტა მგონია დედა, ისეთი მკაცრია. პირადად ჩემი დამსახურებაა, რომ მარიტას ყველაფრის მიმართ საკუთარი აზრი და დამოკიდებულება აქვს. სულ ვეუბნებოდი, მე შეიძლება არ ვიყო მართალი, მაგრამ ეს უნდა დამისაბუთო საფუძვლიანად, რომ დაგიჯერო-მეთქი. ქალისთვის განსაკუთრებით აუცილებელია, გააჩნდეს საკუთარი პოზიცია და შეეძლოს მისი შენარჩუნება. აქედან გამომდინარე, რადგან მე სხვა თაობის ადამიანი ვარ, უწევს საკუთარი პოზიციების დაცვა მსუბუქი პოლემიკის სახით. საერთოდ, ბევრი საკითხის მიმართ სერიოზული დამოკიდებულება აქვს, რაც ძალიან მიხარია. პატარაობიდან საკუთარი შრომით თავისი შემოსავალი აქვს. 16 წლის იყო, უცხოეთში რომ წავიდა და თვითონ ირჩენდა თავს. ამან მასში ის თვისება ჩამოაყალიბა, რომ ეძებს სამსახურს, ცდილობს, ამ მხრივ გამოიყენოს თავისუფალი დრო, მარკეტინგის კურსების გავლასაც აპირებს.

– მარიტა, თუ არის საკითხები, რაზეც დედას ხშირად ეკითხები რჩევას?

მარიტა: რჩევას ხშირად არ ვეკითხები. ალბათ, მხოლოდ მაშინ, როდესაც, რაღაცასთან დაკავშირებით, სხვადასხვანაირი აზრი მაქვს და მინდა, რომელიმე სწორი იყოს. მაგრამ ის სულ სხვას ამბობს და ვხვდები, კითხვას  აზრი არ ჰქონდა. მეც იმ ვერსიას მივყვები, რომელიც საჭიროდ მიმაჩნია. ვფიქრობ, რაღაცეების მიმართ, მე უფრო ობიექტური დამოკიდებულება მაქვს. იმიტომ, რომ მე, უფრო კარგად ვარ გარკვეული.

ქეთი: მე, გარკვეულწილად, სუბიექტური ვარ,  დედა რომ ხარ, ყველაფრის გეშინია და ირჩევ ყველაზე ნაკლებად პრობლემატურ გზებს.

მარიტა: მამაჩემს ერთი თვისება აქვს, თუ რაღაც არ მოსწონს, არ უნდა მოსმენა, მაშინვე ყურებს „კეტავს“. ეს ბავშვობაში მასწავლა და დედაჩემი რომ დაიწყებს ისეთი რამის მოყოლას, რაც ათასჯერ მაქვს მოსმენილი, „ვკეტავ“ ყურებს და გაშტერებული ვიყურები.

ქეთი: შუშის თვალებით რომ მიყურებს, მაშინვე ვხვდები, არ მისმენს. მარიტას უნდა მოუძებნო აზრის მიწოდების ისეთი ფორმა, რომ არ „ჩაკეტოს“ ყურები.

მარიტა: კამათში დიდად არ ვარ დახელოვნებული, როცა რაღაც არ მომწონს, ძირითადად, ვჩხუბობ – არ ვისმენ საწინააღმდეგო აზრს. ეს ხან იქიდან მომიდგება, ხან აქედან, თან ვერ დაუსაბუთებ, რომ მართალი ხარ. ისეთი ენა აქვს, ყვავს ჩამოაგდებს ხიდან. მეც მეზარება კამათი და „ვკეტავ“ ყურებს.

– მამაშენმა მითხრა, მარიტა რომ პატარა იყო, მთვარის შუქზე ვსხდებოდით და ბევრ რამეზე ვსაუბრობდითო.

– მე და მამაჩემი 24 საათი ერთად ვიყავით, ტყუპებივით. ერთად ვჭამდით, ვაფუჭებდით, ვმაიმუნობდით, მერე მისი თვისებები ისე გადმომედო, რომ, ალბათ, სულ ასე ვიქნები. არ არსებობს ადამიანი, რომელმაც შეიძლება, მამაჩემს ვერ გაუგოს. საოცარი ადამიანია, გიჟთანაც შეუძლია, საერთო ენის გამონახვა, თან ისე, რომ დაამშვიდოს.

ქეთი: მონაზონი მეგობრები მყავს და ისინი დიდი ხნის განმავლობაში ეხვეწებოდნენ ბექას, სასულიერო პირი გამხდარიყო. მისი თვისებებიდან გამომდინარე, მეც აბსოლუტურად ვეთანხმებოდი, მაგრამ მხატვარია და საკუთარ პროფესიაზე ვერ თქვა უარი. სადაც ბექაა, იქ ყველა მშვიდი, გაწონასწორებულია. ერთი ცუდი თვისება აქვს, სახლში არაფერი არ უნდა გააკეთებინო, აუცილებლად შემოემტვრევა – დიდი ძალა აქვს. ბავშვობაში ბარნოვის ქუჩაზე ის იყო ბიჭი, რომელიც გაჩერებულ ავტობუსს აღმართში აწვებოდა და ძრავდა. განუსაზღვრელი ძალის პატრონია.

მარიტა: კაკალს, თხილს მაგიდაზე დებს, ხელს ურტყამს და მაშინვე იმსხვრევა. მე ერთი-ორჯერ ვცადე და კინაღამ ძვლები ჩავიმსხვრიე.

ქეთი: ბავშვობაში მარიტას ძალიან უყვარდა ჩაქუჩი, ბრტყელტუჩა და ლურსმანი. დედაჩემთან სახლში პარკეტი დააჭედა. მთელი დღე შეეძლო ასე ეთამაშა.

მარიტა: ჩემი თავი ძლიერი მეგონა. ჩემს მეგობარს, ლაშას შევეჭიდე, ერთი წკიპურტი დამკრა და კედელზე ვიყავი ატყეპებული. ძალიან მეწყინა, კარატეზე უნდა დავიწყო სიარული.

ქეთი: მარიტას ჰყავს მოკრივე მეგობარი. ერთხელ ეხუმრა და მერე ორი ოთახი იფრინა. ბექას და მარიტას ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, ყველგან ბექას დაჰყავდა, ბოლოს მის გარეშე აღარ გადიოდა სახლიდან, ეზოშიც არ ჩადიოდა. ბექა რომ წავიდა, მეგონა, ძალიან გაუჭირდებოდა.

მარიტა: ძალიან განვიცადე, მაგრამ სულ ვცდილობ, არ ვიფიქრო იმაზე, რომ შორს არის და არ ვიცი, როდის ვნახავ, თორემ შეიძლება, დეპრესიაში ჩავვარდე. მამაჩემი რომ წავიდა, დედამ არ იცოდა, სად იყო ბაზარი, სად უნდა გადაეხადა გადასახადები, მაღაზიაში ჩეკს რომ ამოარტყამდნენ, არც ეს იცოდა.

ქეთი: მთელი ცხოვრება სულ ვმუშაობდი. ფიზიკურად დრო არ მქონდა, სახლში კი მყავდა უნივერსალური და ორიგინალური ბექა და ასეთ რაღაცეებზე ფიქრი არ მჭირდებოდა. პირველად, ქვითარი რომ მოვიდა, ბექასთან დავრეკე და ვკითხე სად უნდა გადამეხადა. ორიენტაცია მაქვს – ნული. შეიძლება, სახლში მივდიოდე და დავიკარგო, ყველგან ვიკარგები. მივდიოდი გადასახდელად და თან, უცხოეთში ტელეფონზე ბექას ველაპარაკებოდი, გზას მასწავლიდა.

მარიტა: რომ იკარგება, ძალიან მიხარია. ცოტა ხანს იყოს დაკარგული და მერე ვეტყვი, მისამართს.

– როგორი დედაა?

– თინეიჯერი, მეგობრული დედაა. ჩემსავით უყვარს ყვირილი. ყველაზე მეტად არ მიყვარს, დილით, რომ მძინავს და მაშინ უყურებს კომპიუტერში რომელიმე დიზაინერის ჩვენებას ბოლო ხმაზე, ან ეფერება ხმამაღლა ჩემს კატას. ეს მაცოფებს... სხვათა შორის, მამაჩემისგან გამომყვა ერთი თვისება – მავნებლობა. ბებიაჩემს ისეთი პირის გემო აქვს, რომ ყველაფრის გემოს გამძაფრებულად გრძნობს. აჯაფსანდალს ვჭამდით, უცებ ტელეფონზე დაურეკეს. მე ცხარეზე ვგიჟდები. წიწაკა დავჭერი, თან ისეთი მწარე იყო, სუნზეც ცრემლები წამოგივიდოდა. წიწაკის თესლები საჭმელში ჩავუგდე, პირში რომ ჩაიდო, ცუდად გახდა, გავარდა, იხრჩობოდა.

– როგორი ბავშვი იყო?

ქეთი: მტერს არ ვუსურვებ, ასეთი ბავშვის გაზრდას. არაფერს ჭამდა და ოღონდ ეჭამა, ხან მაგიდის ქვეშ ვისხედით, ხან კარადაზე, ხან ხეზე.

მარიტა: დღეს ლაშას ვყავარ ძალიან გაფუჭებული, სულ „ფასტ ფუდებში“ ვჭამ. ერთი პერიოდი გოდორივით ვიყავი. ახლა ცოტა შევთხელდი.

ქეთი: ერთი ქალი სჭირდებოდა იმისთვის, რამე არ დამართნოდა. ასეთი მარცხიანი ადამიანი, არ მინახავს. 4-5 წლამდე არსად დამყავდა, რადგან კედლებზე დადიოდა. სულ ხეზე იჯდა, ეზოში ბავშვებს ბალახებს აჭმევდა  და მათ მშობლებთან სულ პრობლემები მქონდა. თან, ამას არაფერი ემართებოდა და სხვები ცუდად ხდებოდნენ, ინფექციურშიც იწვნენ. ერთხელ მეზობელი ამოვარდა სახლში, არ შეგეშინდეს, მარიტა ნახევარი საათია, ხეზე ფეხით ჰკიდიაო. უზარმაზარი ხე იყო, ჩავედი, გავუცინე და მშვიდად ჩამოვიდა.

– ქეთი, დღეს რომ წარმატებული მოდელია, ამაში შენ მიგიძღვის წვლილი?

– წვლილი არა. ძალით დავაწყებინე, რადგან გარდატეხის პერიოდში უცნაური რამ დაემართა: თავი მახინჯი ეგონა, კომპლექსები დაეწყო. მაშინ ვუთხარი, კარგი იქნება, მოდელი რომ გახდე-მეთქი, მით უმეტეს, მონაცემები ჰქონდა. ეს ის პროფესიაა, რომელიც სულ  ფორმაში ყოფნას ითხოვს, სწავლობ თავის მოვლას და მგონი, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. დედა ვარ და შეიძლება, ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ მარიტას ნახვა სცენაზე ძალიან სასიამოვნოა, თან იმდენ კომპლიმენტს ვიღებ.

მარიტა: მეც მეუბნებიან, რა ახალგაზრდა დედა გყავს, როგორ ჰგავხართ ერთმანეთსო. ვერ გაარჩევ, რომელი დედაა, რომელი შვილიო.

– ქეთი, თავის პირად ამბებს თუ გიყვება, მაგალითად, როცა ვინმე მოსწონს?

ქეთი: ადვილად არავინ მოსწონს. თუმცა, გოგოა, აუცილებლად მოეწონება ვინმე და მის მიმართაც ექნებათ სიმპათიები. მაგრამ, სანამ თვითონ არ გადაწყვეტს ყველაფერს, წინასწარ აფიშირებას არ აკეთებს. ნორმალური ბავშვია, არ ახასიათებს უცებ აჟიტირება.

 

скачать dle 11.3