ინტიმური საუბრები
„ფეისბუქში“ გაცნობილი შეყვარებული „ფეისბუქითვე“ დავკარგე
ვეღარ ვიტან ვეღარც კომპიუტერს, ვეღარც „ფეისბუქს“ და ვეღარც მათ მომგონებს, რადგან ამ ყველაფერმა შეყვარებული დამაკარგვინა და მომავალი დამინგრია.
სხვა ახალგაზრდებივით, მეც თავით ვიყავი შერჭობილი ხან „ოდნოებში“, ხან – „ფეისბუქში“ და უამრავი ახალი ნაცნობი და მეგობარი შევიძინე, რაც ძალიან მომწონდა. სხვათა შორის, ჩემი შეყვარებულიც ამ გზით გავიცანი, მაგრამ, ამავე გზით დავკარგე. რატომ და როგორ – ამას მნიშვნელობა აღარ აქვს და არც ამის მოყოლით შეგაწყენთ თავს. მთავარი ისაა, რომ დავკარგე ბიჭი, რომელიც ქვეყანას მერჩივნა. მაპატიეთ ჟარგონისთვის და, ჩემი უჭკუობით, როგორც არიფს, ისე „დამაწერა“ ერთმა ფეხებგაღუნულმა ღაბაბიანმა ქაჯმა. მე კი დავრჩი ასე გაღიმებული, მიუხედავად იმისა, რომ უკვე თვეები იყო, ერთმანეთს ვხვდებოდით.
ძალიან ცუდ დღეში ვარ, აღარ ვიცი, როგორ დავიბრუნო ჩემი სიყვარული. ისიც არ მინდა, რომ „შეტენვა“ და კისერზე ჩამოკიდება გამომივიდეს და ახლა „მანევრების“ შერჩევაში ვარ.
ჩემს მდგომარეობაში ჩავარდნილ გოგოებს კი ვურჩევ, ძალიან ფრთხილად იყვნენ „ფეისბუქთან“ და ყველა იმ „მეგობართან“, ვინც იქ ჰყავთ დამატებული. გოგოებო, იცოდეთ, რომ „მეგობარი“ გოგონების უმრავლესობა თქვენი მოშურნე და კონკურენტია!
თათა, 19 წლის.
ხალხთან ურთიერთობა მიჭირს
ბოლო რამდენიმე წელია, ხუთი სამსახური მაინც გამოვიცვალე. ალბათ, იტყვით, ხალხი ერთს ვერ შოულობს და შენ რა იღბლიანი ყოფილხარო. სამსახურის პოვნაში იღბლიანი ნამდვილად ვარ, მაგრამ, რად გინდა, მუშაობის დაწყებიდან რამდენიმე თვეში კონფლიქტი მომდის ხოლმე თანამშრომლებთან და პროტესტის ნიშნად იქაურობას ვტოვებ. ჩემი ცოლი მეუბნება, ლავირების უნარი არ გაქვს, ტანკივით სულ პირდაპირ, სწორ ხაზზე მიდიხარ და იმიტომ მოგდის ასე; ზოგი რამ უნდა „გაატარო“, თორემ, ყველასთან ყველაფერზე ბრძოლა რომ დაიწყო, მაინც წაგებული დარჩები და გულსაც გაიხეთქავო. ვიცი, რომ სიმართლეს მეუბნება და, ხშირად, ვცდილობ კიდეც, ასე მოვიქცე, მაგრამ, არაფერი გამომდის, რადგან ამ ჩემს ხასიათს ვერ ვერევი. რა ვქნა, ვერ ვიტან უზრდელ, თავხედ, უვიც და ორპირ ადამიანებს, თან, როცა ამ ყველაფერთან ერთად, ენატანია და მატყუარაც არის. ასეთებს თავისი პოზიციის გასამყარებლად ერთგულების ნიღაბი აქვთ აფარებული, ამ ნიღბის უკან კი ნამდვილი მოღალატე და ვერაგი ადამიანია დამალული. ასეთები ბავშვობიდან მძულდა და ჯერ კიდევ პატარა ასაკში, თუ ვინმეს შევატყობდი მსგავს თვისებებს, პირდაპირ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვამხელდი ხოლმე, რის გამოც, მაშინაც ხშირად მომდიოდა უსიამოვნებები, მაგრამ, ჭკუა მაინც ვერ ვისწავლე. უფრო სწორად, ჭკუა არაფერ შუაშია, უბრალოდ, ხასიათი მაქვს ასეთი, რასაც ვერ ვერევი. ამდენი წელია, ასეთი ვარ და ახლა როგორ უნდა გადავკეთდე? მაშინ ხომ მე მე აღარ ვიქნები?!
ჩემმა ცოლმა „არსენა“ დამარქვა, მაგრამ, ძალიან აღიზიანებს ჩემი ცხოვრების სტილი. ეს ბოლო ხანებია, ისე გამიხშირდა კონფლიქტები და სამსახურების ცვლა, რომ ჩემი ცოლი ლამის ჭკუიდან გადავიდა. ერთ დღეს კი ჩაალაგა თავისი ბარგი და დედამისთან დაბრუნდა. წასვლის წინ დამიბარა, სანამ ჭკუაზე არ მოხვალ, შერიგებაზე არც იფიქროო.
ძალიან მიყვარს ცოლი და ამიტომ, მართლა ვცდილობ, „გამოვსწორდე“: აღარავის ნათქვამსა და საქციელს აღარ ვაქცევ ყურადღებას, აღარ ვებმები კამათში, არ გამოვთქვამ საწინააღმდეგო აზრს და არავის აღარ ვასწავლი ჭკუას, მაგრამ, არ ვიცი, როდემდე გავძლებ ასე, რადგან ვგრძნობ, რომ ჩემს სხეულში სხვა ადამიანი ჩასახლდა და იქიდან ჩემი ნამდვილი „მეს“ გამოგდებას ლამობს. ეს ორთაბრძოლა როდემდე გასტანს, ნამდვილად არ ვიცი, არც ის ვიცი, რომელი „მე“ გაიმარჯვებს – ძველი თუ ახალი, მაგრამ, ძალიან ცუდად რომ ვგრძნობ თავს, ამას წყალი არ გაუვა.
მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს: რაში ვჭირდები ცოლს ასეთი – ორმაგი და დაბნეული?!
ზურა, 32 წლის.
ბავშვობის ძმაკაცებს აღარ ვენდობი
ბავშვობიდან ძალიან აქტიური ადამიანი ვარ. ყოველთვის ბევრი მეგობარი მყავდა – ბიჭებიც და გოგოებიც. სკოლა რომ დავამთავრე, სამეგობრო წრე ოდნავ შევიწროვდა, სტუდენტობის პერიოდში ისევ გაიზარდა, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაახლოებით ათ კაცამდე შემცირდა, და სამსახურის დაწყების შემდეგ კი მათი რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და ყოველთვის, სკოლის ასაკიდან მოყოლებული ჩვენი სამეგობროს ლიდერი, სული და გული მე ვიყავი. მერე კი, წლების განმავლობაში, შემთხვევითი და მოტმასნილი მეგობრები თანდათან, თავისით შემოგვეცალნენ და საბოლოოდ დავრჩით რვა უახლოესი ძმაკაცი. რამდენიმე გოგოც მეგობრობდა ჩვენთან, მაგრამ ჩვენი საძმო იყო ძალიან შეკრული და ერთიანი. ერთმანეთისთვის თავის გამოდებაც შეგვეძლო და თავის გადადებაც. ყოველ შემთხვევაში, მე ნამდვილად ასე ვიყავი და ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ თითოეული ჩვენგანი ამავე განწყობით იყო დანარჩენების მიმართ. სანამ უფრო სტაბილური იყო ცხოვრება, მაშინაც, ხომ იცით, ათასგვარი პრობლემა ექმნებოდათ ბიჭებს და არასდროს არც ერთს უკან არაფერზე დაგვიხევია, მაგრამ, გავიდა წლები, მოგვემატა ასაკი, დავოჯახდით, გავმრავლდით, პრობლემებიც გაგვიმრავლდა და, შესაბამისად, ერთმანეთის დახმარებისა და თანადგომის საჭიროებამაც იმატა.
არ გეგონოთ, რომ ვტრაბახობ, ჩემს მეგობრებს ვაყენებ შეურაცხყოფას ან რამე მეჩვენება, მაგრამ, რომ მეგონა, ჩვენი ერთგულება და თანადგომა სამუდამოდ ძალაში იყო, აღმოჩნდა, რომ სულაც არ ყოფილა ასე. პირველად ჩემს ძმაკაცებში (უფრო სწორად, მათ გულწრფელობასა და ერთგულებაში) მაშინ შემეპარა ეჭვი, როცა ჩვენი „სასტავიდან“ ერთ-ერთი, ლაშა, მოულოდნელად გარდაიცვალა. რა თქმა უნდა, ყველა შეგვზარა ამ ამბავმა, მაგრამ, როცა ასეთ ტრაგიკულ დღეებში მის უმწეო ცოლ-შვილს (რომელსაც, სხვათა შორის, საკმაოდ უჭირდა მატერიალურად) ფიზიკური, მორალური და მატერიალური თანადგომა და დახმარება დასჭირდა, აღმოჩნდა, რომ დარჩენილი შვიდი ძმაკაციდან მხოლოდ სამს გვეცალა, მიცვალებულისთვის მიგვეხედა, ჭირის სუფრაზეც გვეზრუნა და ჭირისუფალზეც. დანარჩენი ოთხიდან ერთი ქალაქგარეთ იყო ცოლ-შვილთან ერთად აგარაკზე და ვერ (თუ – არ) ჩამოვიდა, მეორე შეყვარებულს აცილებდა, რომელიც რომელიღაც ქვეყანაში მიფრინავდა, მესამემ შემოგვითვალა, სამსახურიდან არ მიშვებენ და საღამოობით მოვალ ხოლმეო, მეოთხემ კიდევ რაღაც მოიმიზეზა. ერთი სიტყვით, ლაშას უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად მოსვლას ან ვერ ახერხებდნენ, ან თხუთმეტი წუთით შემოირბენდნენ და ისევ გაქცევაზე ეჭირათ თვალი. რა თქმა უნდა, ყველამ განიცადა მისი გარდაცვალება, მაგრამ, როცა საქმე საქმეზე და გამეტებაზე მიდგა, ყველამ უკან დაიხია. არადა, ლაშა იყო თითოეული მათგანის სული და გული, ყველაფრის ავან-ჩავანი, გაჭირვების ტალკვესი. რამდენიმე წლის წინ ლაშას იმდენი ჰქონდა, რომ იტყვიან, დუღდა და გადმოდიოდა. იმ პერიოდში ძმაკაცებიც და შედარებით შორებლებიც ბუზებივით ეხვეოდნენ და აღარ იცოდნენ, რით ესიამოვნებინათ, მაგრამ, როგორც კი ფული შემოაკლდა, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, ყველა შემოეფანტა გარშემო. ეს არც გამკვირვებია, მაგრამ, უახლოესი ძმაკაცები, სიყრმის მეგობრები თუ ასე მოუცლელები გახდებოდნენ და გაუბედურებული ოჯახის დასახმარებლად ათ-ათ ლარსაც კი არ გაიმეტებდნენ, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.
სიმართლე გითხრათ, ეს წერილიც იმ განცდამ დამაწერინა, რაც ამ ყველაფრის შემდეგ დამეუფლა – ჩემი ბავშვობის საძმაკაცოდან ნახევარს არაფერში აღარ ვენდობი.
ზაზა, 44 წლის.
ცოლიანი კაცი შემიყვარდა
ყოველთვის ვამტყუნებდი ქალებს, რომლებიც ცოლიან კაცებთან აბამდნენ სასიყვარულო ძაფებს. ძალიან ხშირი იყო (და ახლაც არის) შემთხვევა, როცა ასეთი „მტაცებელი“ ქალების წყალობით ოჯახები ინგრეოდა, რაც საშინლად მაღიზიანებდა. მართალია შედარებით იშვიათად, მაგრამ, თანამედროვე ქალი-საყვარლები არ მოითხოვენ მამაკაცისგან ცოლის მიტოვებას, რადგან სულაც არ აქვთ გეგმაში გათხოვება და აბსოლუტურად კმაყოფილები არიან იმითაც, რომ მათი სატრფოები თავიდან ბოლომდე არჩენენ, ანებივრებენ, ხელისგულზე ატარებენ და, თანაც მხოლოდ მაშინ მიდიან მათთან, როცა ეს თვითონ (ქალებს) უნდათ, დანარჩენ დროს კი არც ხელს უშლიან და არც ნერვებს თავიანთი მოთხოვნებითა და პრეტენზიებით. ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ მე ამისთანა საქციელს არასდროს ჩავიდენდი და ყოველთვის ხმამაღლა და პირდაპირ ვერჩოდი ხოლმე ამნაირ ქალებს, თუნდაც ისინი ჩემი ახლობლები ყოფილიყვნენ. მაგრამ, თურმე, არასდროს არაფრის გამო არ უნდა გამოიდო თავი, რადგან, არავინ არ იცის წინასწარ, კონკრეტულ სიტუაციაში როგორ მოიქცევა. შეიძლება, მოხდეს ისე, რომ ყველაზე უზნეო ადამიანი კრიტიკულ სიტუაციაში ყველაზე ღირსეულად მოიქცეს, იმან კი, ვისაც საზოგადოება ზნემაღალ პიროვნებად მიიჩნევს, შეიძლება, ისეთი უზნეობა ჩაიდინოს, ფანტაზია რომ არ გეყოფა.
მე არც უზნეო ადამიანი ვყოფილვარ არასდროს და არც ზნეობის ნიმუშად ჩამითვლია თავი ოდესმე. ერთი ჩვეულებრივი, ნორმალური, წესიერი ქალი ვიყავი ყოველთვის, მაგრამ, მეც აღმოვჩნდი ისეთ სიტუაციაში, რომ მოულოდნელად მოვარდნილ გრძნობას ხელი ვერ ვკარი, რითაც ტკივილი მივაყენე ადამიანებს, რომლებსაც საერთოდ არ ვიცნობდი. თუმცა, ეს ტკივილი მერე ბუმერანგივით დამიბრუნდა უკან.
ძალიან გრძელი წინასიტყვაობა გამომივიდა, მაგრამ, სხვანაირად აზრი არ ექნებოდა ჩემი ისტორიის მოყოლას.
ჩემმა მეგობარმა, ანამ, თავისი წიგნის პრეზენტაციაზე დამპატიჟა. რა თქმა უნდა, სიამოვნებით წავყევი. ყველაფერი მაღალ დონეზე ჩატარდა, საღამოს კი ანას ქმარმა უახლოესი მეგობრები რესტორანში წაგვიყვანა და კარგად მოგვალხინა. ამ უახლოესებს შორის აღმოჩნდა ნიკაც, რომელიც რესტორანში შესვლის წუთიდან აღარ მომშორებია. სხვა თვალით მართლა არ შემიხედავს, მაგრამ, ვაღიარებ, ნამდვილად მესიამოვნა ყველაზე სიმპათიური მამაკაცის ყურადღება. მოკლედ, იმ საღამოს თითქმის დავმეგობრდით, მეორე დღეს კი, სამსახურიდან რომ გამოვედი, შენობის წინ მანქანით დამხვდა (ვითომ შემთხვევით) და სახლში წაყვანა შემომთავაზა. უარი ნამდვილად არ მითქვამს, მაგრამ, სახლის ნაცვლად ერთ პრესტიჟულ კაფეში შემიყვანა და კარგა ხანს ვისაუბრეთ. დამშვიდობებისას მითხრა, ხომ შეიძლება, დაგირეკო ხოლმეო. სიმართლე გითხრათ, ისიც ვიცოდი, რომ ცოლიანი იყო და იმასაც მივხვდი, რატომ აიღო ჩემგან დარეკვის უფლება, მაგრამ, რატომღაც, უარი მაინც არ ვუთხარი. მოკლედ, გავები – ისე შემიყვარდა, მასზე უარის თქმა ვერავის და ვერაფრის გამო ვერ შევძელი. ოღონდ, ნამდვილად არასდროს მომითხოვია მისგან ცოლთან გაყრა. იმდენად მიყვარდა, ოღონდ ჩვენი ერთად ყოფნა არ დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ, იმითაც კმაყოფილი ვიყავი, რა მდგომარეობა და სტატუსიც მქონდა. მის მეგობრებთან არ დავყვებოდი, თუმცა, რამდენჯერმე შემომთავაზა. არც ძალიან ხალხმრავალ ადგილებში ვჩნდებოდით ერთად – მეშინოდა, ხმა არ გავრცელებულიყო და ამ ყველაფერს ჩვენი დაშორება არ გამოეწვია. მისი არსებობა მხოლოდ ჩემმა უახლოესმა რამდენიმე დაქალმა იცოდა და ისინიც მამტყუნებდნენ – ოჯახს ანგრევო. ამიტომ, როცა ვხვდებოდით, პრაქტიკულად, მარტო ჩვენ ორნი ვიყავით ხოლმე.
ხომ ასე მიყვარდა და ასე მიხაროდა მასთან ერთად ყოფნა, მაგრამ, დაახლოებით ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ მივხვდი, რომ დავიღალე. დავიღალე ფარული შეხვედრებით, ყველაფრის მიჩქმალვით, დამალვით. ვიგრძენი, რომ შელახული მქონდა თავმოყვარეობა არა მარტო როგორც ქალს, არამედ, როგორც პიროვნებას. ამ ყველაფრის გამო ისეთი ნევროზი დამეწყო, ლამის ოფიციალურად „გავრეკე“. თან, აღარც პატარა გოგო აღარ ვიყავი, რომ ახალი სიყვარულის გამოჩენის იმედი მქონოდა. არადა, უკვე აშკარად ვეღარ „ვქაჩავდი“ აღფრთოვანებული შეყვარებულის რომანტიკას და ერთ დღეს ეს ყველაფერი ნიკას გულახდილად ვუთხარი. ვერ გეტყვით, რა რეაქციას მოველოდი მისგან, მაგრამ, აშკარად შევატყვე, რომ არ სწყენია, თითქოს შვებითაც კი ამოისუნთქა, თუმცა, გარეგნულად უკმაყოფილება გამოთქვა. მივხვდი, რომ თვითონაც ისეთივე „იზმენებში“ იყო, როგორშიც მე. სიმართლე გითხრათ, მაინც მეწყინა – ქალური პატივმოყვარეობა შემელახა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მისმა ასეთმა რეაქციამ უფრო გამიადვილა გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმა და ვუთხარი, ერთმანეთს აღარ უნდა შევხვდეთ, არც მომაკითხო და არც დამირეკო-მეთქი. ხმა არ ამოუღია, ისე ადგა და წავიდა. იმის მერე ნახევარი წელი გავიდა და „ვაჟკაცურად“ შეასრულა ჩემი მოთხოვნა – საერთოდ აღარ გამოჩენილა. გამოგიტყდებით, ხანდახან მაინც მომენატრება ხოლმე, მაგრამ, მაინც ასე მირჩევნია, რადგან, ამის სანაცვლოდ მაქვს ნამდვილი თავისუფლება – აღარავის ვემალები, ქუჩაში თავაწეული დავდივარ, აღარ მეშინია, რომ ვინმე ჩემზე იჭორავებს და, რაც მთავარია, სინდისიც შედარებით სუფთა მაქვს – ჩემ გამო ოჯახი არც დაინგრა და აღარც დანგრევის საშიშროება ელის.
ნანა, 34 წლის.
მე და ჩემი შვილი
ერთმანეთს ვერ ვუგებთ
ამ წერილს იმიტომ გწერთ, რომ სხვა დედებმაც წაიკითხონ, გაითვალისწინონ და მსგავსი შეცდომა არ დაუშვან.
მყავს მოზარდი შვილი, თამთა ჰქვია. ის ახლა 15 წლისაა და შვიდი თვის ფეხმძიმეა. ძალიან მკაცრად ვზრდიდით. მის ყოველ ნაბიჯსა და ყოველ სიტყვას ვაკონტროლებდით. ყველა მეგობარი ჩამოვაშორეთ, ვინც არ მოგვწონდა. ჩვენი ჭკუით, „სხვა“ ცხოვრებისთვის ვამზადებდით: ყველა საგანში კერძო მასწავლებელი ავუყვანეთ, მუსიკაზეც დაგვყავდა, სპორტზეც, სიმღერაზეც. სკოლაში საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა. ჩემ გარეშე ტელეფონზე დალაპარაკების უფლებას არ ვაძლევდი. კომპიუტერსა და მობილურს სულ ვუკონტროლებდი – მეშინოდა, ვინმეს არ მოეტყუებინა, ტუტუც გოგოებს არ აჰყოლოდა და ცუდ წრეში არ მოხვედრილიყო. ისეთ წნეხში მოვაქციეთ საწყალი ბავშვი, დავაკომპლექსეთ. სულ დატუქსვისა და გამოტეხის ტონით ველაპარაკებოდით და ამის გამო ისეთი შეშინებული იყო, რომ მოვფერებოდი, მაშინაც დამფრთხალი თვალებით შემომხედავდა. მამამისის ხომ, საერთოდ, გავარდნილი თოფივით ეშინოდა. მასთან ჩვეულებრივი საუბრის დროსაც კი ნიკაპი უკანკალებდა. ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, ალბათ, ვინმეს მონსტრები ვეგონებით მე და ჩემი ქმარი, მაგრამ ასე არ არის. თამთას კარგად ვაცმევდით, ყველაფრით უზრუნველყოფილი გვყავდა, ერთად დავდიოდით გამოფენებზე, პრემიერებზე, კონცერტებზე და გვეგონა, ამით ვანაზღაურებდით ჩვენს სიმკაცრეს.
15 წლის ისე გახდა, ჩვენი ნებართვის გარეშე ოთახიდან ოთახში არ გასულა. ერთ დღეს კი უკითხავად წავიდა თანაკლასელთან, იმ დღეს მუსიკის გაკვეთილიც გააცდინა და სახლში საღამოს 7 საათზე მოვიდა. ტელეფონიც გამორთული ჰქონდა, და სანამ კარს შემოაღებდა, გამოტირებული გვყავდა – გვეგონა, რაღაც უბედურება შეემთხვა, იმდენად არ მოველოდით მისგან ასეთ რამეს. სახლში რომ მოვიდა და მკაცრად მოვთხოვე პასუხი თავის საქციელზე, ერთი კი შემოგვხედა ირონიული ღიმილით, პასუხის გაცემაც კი არ იკადრა, ისე გავიდა თავის ოთახში და კარი შიგნიდან ჩაკეტა. იმ დღიდან თითქოს შვილი შემიცვალეს, ვეღარ ვცნობდი და, რაც მთავარია, ვეღარ ვიმორჩილებდი. მასწავლებლებთან სიარულს თავი დაანება, თმა უცნაურად შეიჭრა, რაღაც ჯინჯილები აისხა, კაბა დაიმოკლა, ჯინსის შარვალს ტოტები შემოახია და ისე ჩაიცვა – მოკლედ, ნამდვილი არანორმალურივით იქცეოდა. ჩხუბი და ყვირილი რომ არ გამივიდა, ერთ დღეს დავსვი და შევეცადე, წყნარად დავლაპარაკებოდი. ჩემს საყვედურებზე ასე მიპასუხა: თქვენ მე რობოტად მაქციეთ, შვილის მაგივრად გაწვრთნილი ფინია გინდოდათ. ყველა ჩამომაშორეთ და კისერზე თოკგამობმული დაგყავდით ყველგან. ყელში ამომივიდა ეს ყველაფერი, მთელი კლასი დამცინოდა, ახლოს აღარ მიკარებდნენ ბავშვები. თქვენ მე მონად მაქციეთ, მაგრამ, დამთავრდა ჩემი მონობა, ახლა თავისუფალი ადამიანი ვარ და თუ ისევ დააპირებთ ჩემს დამონებას, გიჩივლებთ ჩემი უფლებების შელახვის გამოო.
ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა. დაბნეულობისა და გაოგნებისგან პირი დამრჩა ღია, სიტყვაც კი ვერ წარმოვთქვი. ერთი კვირის შემდეგ კი თამთა ვიღაც ნაციხარ ტიპთან ერთად გაიპარა. რომ გავიგეთ, სადაც იყვნენ, მივადექით და სახლში წამოყვანა დავაპირეთ, მაგრამ, არ წამოგვყვა. მინდოდა, თვალი ამეხილა მისთვის, გავიყვანე ცალკე და ყველაფერი ვუთხარი მის ქმარზე, რაც კი გაგონილი მქონდა. თამთამ კი პირდაპირ მომახალა, თქვენთან ცხოვრებას ამაზე უარეს მონსტრთან ყოფნა მირჩევნიაო. მაგრამ, ხუთი თვის შემდეგ ჩემი ძვირფასი სიძე-ბატონი ისევ დაიჭირეს – ვიღაც კაცი გაძარცვა და დაჭრა ქუჩაში. ამის შემდეგ კი იკადრა ქალბატონმა სახლში დაბრუნება.
ახლა თამთა შვიდი თვის ორსულია. ჯერ მხოლოდ 15 წლისაა და იმდენი უბედურება გამოიარა ქმართან ცხოვრების რამდენიმე თვის განმავლობაში, ბარე ათ ქალს ეყოფოდა. მაგრამ, ვერაფერს ვეუბნები, რადგან ამ ყველაფერში ჩვენ, მშობლები ვართ დამნაშავე – გადამეტებული სიმკაცრის გამო გაგვიუცხოვდა შვილი, რამაც საბედისწერო ნაბიჯი გადაადგმევინა.
მარინე, 42 წლის.
რედაქციაში შემოსული უამრავი
წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.