რატომ აკვირდებოდა განსაკუთრებულად სახლში მისულ სტუმრებს სესილია თაყაიშვილი და რატომ ვერ იძინებდა მათი წასვლის შემდეგ
სესილია – ასე იხსენებენ მას ყველა, ვისაც მისი გენიალური თამაში ახსოვს. ის ქართველმა მაყურებელმა თავისი როლებით შეიყვარა, განსაკუთრებით ოლღა ბებიას სახე დაამახსოვრა მაყურებელს. 1960 წელს გიგა ლორთქიფანიძემ მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ დადგა, თენგიზ აბულაძემ კი ოლღას სცენურ სახეს ეკრანული სიცოცხლე აჩუქა. თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძე მის შემოქმედებასა და ცხოვრებაზე გიამბობთ.
– ქალბატონო ნათელა, თქვენ კარგად იცნობდით სესილია თაყაიშვილს. გვიამბეთ, როგორი იყო ეს ადამიანი ცხოვრებაში?
– სესილიას მომხიბვლელი გარეგნობა არ ჰქონია. იგი საშუალო გარეგნობის ქალი იყო, რომლის სახეც და სხეულიც ნებისმიერ ცვლილებას ექვემდებარებოდა. სურათების გადაღება არ უყვარდა. მისი რამდენიმე სცენური სახე არ არის გადაღებული, განსაკუთრებით – კარიერის დასაწყისში. მოგვიანებით, როცა სახელგანთქმული გახდა და ფოტოკორესპონდენტები გადაღებას სთხოვდნენ, უარს ვერ ეუბნებოდა. რაც დარჩა, იმ ფოტოებიდან ცხადად ჩანს, რომ საკუთარი გარეგნობით არასდროს დაინტერესებულა – არც თვალები შეუღებავს, არც ვარცხნილობებს იკეთებდა, მზერა კი ნამდვილად ეცვლებოდა. მიუხედვად იმისა, რომ ასეთი პოპულარული ადამიანი იყო, არ აინტერესებდა ჩაცმა-დახურვა, მოდას არასდროს აჰყოლია. ამის არც სურვილი ჰქონდა და არც საშუალება. თავისი ჩაცმის სტილით ის უფრო სკოლის მასწავლებელს მოგაგონებდათ. ასეთი იყო მისი სახლიც, სადაც, დილიდან გასული, გვიან ბრუნდებოდა.
– ქალბატონი სესილია ერთი შეხედვით მშვიდი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, სინამდვილეში კი, თურმე ძალიან ემოციური ყოფილა. ასევე, გვაინტერესებს, როგორი იყო ის ადამიანებთან ურთიერთობაში.
– ბავშვობაში მართლაც ემოციური ყოფილა და, ეს იყო იმის მიზეზი, რომ დროთა განმავლობაში, დიაბეტი და ჰიპერტონია ჩამოუყალიბდა. მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას არც ცხოვრების პირობები უწყობდა ხელს, არც პროფესია და არც ხასიათი. ვერანაირ სისტემატურობას და კალაპოტს ვერ ეგუებოდა. სხვათა შორის, ძალიან უყვარდა სტუმრად სიარული და ახალი ადამიანების გაცნობა მიუხედავად იმისა, რომ ბუნებით ძალიან მორიდებული იყო, იოლად დაგთანხმდებოდათ ვინმესთან სტუმრად წაყოლაზე. ისიც იცოდა, რომ დიდი სიხარული მოჰყვებოდა მის სტუმრობას. მისი სამეგობრო წრე ძალიან ფართო იყო და ყველა პროფესიის ადამიანებისგან შედგებოდა.
– ძირითადად, ცნობისმოყვარე ადამიანის როლები აქვს ნათამაშები: ვასასი – „ჩვენი ეზოდან“, ასინეთა – „დათა თუთაშხიადან“, ბებია – „თოჯინები იცინიან“... ცხოვრებაშიც ასეთი იყო?
– ძალიან ცნობისმოყვარე იყო. ყველაფერი აინტერესებდა, ყველაფერი საკუთარი თვალით უნდა ენახა, თავისი ყურით გაეგონა. საერთოდ, მშვიდად ლაპარაკი არ შეეძლო. არაფრის მიმართ არ იყო გულგრილი, მაგრამ, ცრემლიანი სესილია არავის უნახავს. ძალიან შრომისმოყვარე ქალი იყო – თავდაუზოგავად შრომობდა როგორც შინ, ისე გარეთ. ყველაფერი მისი საზრუნავი იყო – შვილიშვილების სკოლა, მერე – უმაღლესი, საგზურები, აგარაკზე წაყვანა, წამოყვანა. მისთვის არაფერი იცვლებოდა არც პირად ცხოვრებაში და არც ხასიათში. საზრუნავი მხოლოდ ემატებოდა, მაგრამ, არც არავის უთმობდა. ის იყო დამოუკიდებელი ადამიანი და თავისუფალი შემოქმედი. ბავშვობაში, თურმე, ყველას აკვირდებოდა. მოგვიანებით, თეატრიდან წამოსვლის შემდეგ, შექმნა „ერთი მსახიობის თეატრი“ და მეგობრების წრეში ხან ვის თამაშობდა, ხან – ვის. უყვარდა განწყობათა კონტრასტი – ცრემლი, რისხვა, სიხარული, შიში, სიცილი. ყოფა მისთვის ჩვეულებრივი ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების წესი იყო. ამბობდა – ყოფა ოლღა ბებიასაც ჰქონდა და ინგლისის დედოფალ ელისაბედსაც. ორივე უნდა ვიცოდე, რადგან ესაა ჩემი წამალიო. მის ყველა გმირს ეკრანსა თუ სცენაზე, საოცარი, ინდივიდუალური მანერა ჰქონდა – მისი მოხუცი პერსონაჟებიც კი განსხვავებულად მოძრაობდნენ. პრაქტიკოსი იყო. ყველაფერს თავისი ინტუიციის წყალობით აგნებდა. სამწუხაროდ, მისი არც ერთი სცენური სახე არ არის ფირზე გადაღებული, მხოლოდ რადიოშია შემორჩენილი რამდენიმე ჩანაწერი. დიდხანს არიდებდა თავს ტელეგადაცემებში მონაწილეობას. ამბობდა, მე იმაზე ვლაპარაკობ, რაც მაღელვებს, მსმენელი კი ამ დროს, შეიძლება, სახლში ხახვს ჭრისო. არწმუნებდნენ, დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენისთანა ადამიანის გამოჩენას ეკრანზეო. რამდენჯერმე მაინც მოახერხეს დაყოლიება, მაგრამ, ჩანს, რომ არსად არ უნდა ლაპარაკი და თავს ძალას ატანს. საკუთარ პრობლემებზე არასდროს არაფერი უთქვამს. თეატრზე წუხდა ხოლმე. კინოს ბედით შეშფოთებული სესილია კი არასოდეს მინახავს. თეატრი იყო მისი სევდაც და სიხარულიც. თეატრიდან დიდი ხნის წამოსული იყო, ინტერვიუზე რომ მიაკითხეს. ყველამ ვიცოდით, რომ უთეატროდ ცხოვრება ძალიან უჭირდა, თუმცა, ამტკიცებდა, სწორად მოვიქეცი, დროზე რომ წამოვედიო.
***
სიკვდილის წინ სესილია თაყაიშვილმა წერილი დაწერა: „ვგრძნობ, რომ ძალიან ცუდად ვარ. არ მცილდება ნახველში სისხლი, უსაშველო ხველა, ვიხრჩობი. რა კარგია, როცა ადამიანი დიდი სიცხით არის ავად, გრძნობა ეკარგება და კვდება. რა ცუდია, როცა ყველაფერი გტკივა, ძლივს დადიხარ და არ კვდები. ვთხოვ ჩემიანს ყველას, არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ. ამით შეწყდება თეატრში სიკვდილი. არავითარ შემთხვევაში, მუხლმოდრეკილი გევედრებით. დიდუბე არ მიყვარს და, გთხოვთ, ნუ გამოძებნით ჩემთვის იქ ადგილს. საბურთალოზე, თუ შეიძლება, მაგრამ, გთხოვთ, ორი ადგილი, რადგან ჩემ გვერდით მოხვდება ის, ვინც ჩემ შემდეგ წავა ოჯახიდან და მარტო აღარ ვიქნები. რა საჭიროა საპატიო ყარაული, ნუ დაღლით ხალხს. არავითარი სიტყვები! ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება. იმედია, ასე მშვიდად და წყნარად მიაბარებთ ჩემს ნეშტს სამარეს!“
დიდ მსახიობს თხოვნა შეუსრულეს და იგი საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს.
– ქალბატონო ნათელა, რატომ არ მოსწონდა კინოში თამაში?
– გადაღების პროცესი მისი ნერვული სისტემისთვის აუტანელი იყო. გრიმი ფაქიზი უნდა ყოფილიყო, გაძლიერებული განათება თვალებს სტკენდა, ძალიან იღლებოდა და ზოგჯერ ასეთი დაღლილი პირდაპირ თეატრში მიდიოდა. კინოში წამებას თავის ეკონომიკურ მდგომარეობას მიაწერდა. ამიტომ ვერ ვანებებ კინოს თავსო, – იტყოდა ხოლმე, თუმცა, გულის სიღრმეში უხაროდა კიდეც, ვინაიდან კინოში დაუვიწყარი სახეები იქმნებოდა – ასინეთა, მარადია, ბუღალტერი თამარი... ბევრს წუწუნებდა, ბოლოს კი, ისე გამოვიდა, რომ კინომ უფრო მეტი სახელი მოუტანა, ვიდრე თეატრმა. გამუდმებით იმაზე ლაპარაკობდა, თუ როგორ დაეძლია კინოს სირთულეები. ის როლები, ახალგაზრდა მსახიობმა რომ უნდა ითამაშოს, არც იზიდავდა.
– ამბობენ, გრიმის გაკეთების საოცარი ხერხი ჰქონდაო.
– სესილია გრიმის გაკეთების დიდოსტატი იყო, ამით გასაოცარ სხვაობას ქმნიდა იმ გმირთა გარეგნობაში, ვისაც თამაშობდა. იშვიათად იყენებდა პლასტიკურ გრიმს. ბუნებამ ისეთი ნაკვთებით დააჯილდოვა, რომელიც ყველანაირ ცვლილებას იტანდა და სახეც, ამ მხრივ, ყოველთვის ემორჩილებოდა: თითო-ოროლა შტრიხი და – მაშინვე სხვა ადამიანად იქცეოდა. ვერიკო ანჯაფარიძეს, რომელიც წლების განმავლობაში საგრიმიოროში მასთან ერთად ემზადებოდა ხოლმე, ვერ გაეგო გრიმის ის საიდუმლო, რომელსაც სესილია ფლობდა – საათობით ვწვალობდი, რომ სასურველი გრიმი გამეკეთებინა, სესილია კი, მოვიდოდა, გამოაღებდა თავის საგრიმიორო უჯრას და სხვებისთვის სრულიად წარმოუდგენელი მასალით – ყვავილის გამხმარი ფურცლებითა და ჩვეულებრივი მურით ერთ წუთში შეიცვლიდა სახესო. თუ რომელიმე მსახიობის გრიმი მისთვის საინტერესო იყო, სესილია ცდილობდა, საკუთარი თვალით ენახა, როგორ იკეთებდა ის მსახიობი გრიმს. როგორც იცით მრავალი მოხუცი განუსახიერებია. მას იზიდავდა ნაოჭებით დაღარული სახე, განვლილ ცხოვრებას რომ მოგვაგონებს; უყვარდა მშრომელი ადამიანის გაუხეშებული ხელები, მაგრამ, ოლღა ბებია მაინც სულ სხვა ბებია აღმოჩნდა როგორც მისთვის, ასევე ყველა ჩვენგანისთვის.
***
სესილია არ იყო თეატრალების ოჯახში აღზრდილი. მათ შორის არავინ მოიძებნებოდა მსახიობური ნიჭით დაჯილდოებული, თუმცა, სესილიას მამა, დიმიტრი თაყაიშვილი, იმ დროს, როგორც ყველა ინტელიგენტი, თეატრის მოყვარული იყო. სესილია ცელქი და მოუსვენარი ბავშვი ყოფილა. როცა ოჯახში სტუმრები იკრიბებოდნენ, სულგანაბული იჯდა და უსმენდა მათ საუბარს. გურიიდან ჩამოსულ ნათესავებს შორის მოხუცებიც იყვნენ, რომელთა მზით დამწვარ, ნაოჭიან სახეებს, დაკოჟრილ ხელებს, ღიმილს, მზერას აკვირდებოდა. მათი წასვლის შემდეგ, თურმე, დიდხანს ვერ იძინებდა. მეორე დღეს კი სარკის წინ სკამს დაიდგამდა, ზედ დადგებოდა და ხან ერთ სტუმარს ბაძავდა, ხან – მეორეს. მსახიობიც თვითონ იყო და მაყურებელიც. მალე მიხვდა, რომ მათი მიმსგავსება თავსაფრის, გრძელი კაბის, სათვალის ან სხვა ნივთის გამოყენებით უფრო იოლი იქნებოდა. ერთხელ, ბათუმში ელო ანდრონიკაშვილმა გამართა საბავშვო წარმოდგენა – „ყვავილთა შორის“ და ერთ-ერთი ყვავილის როლზე 7 წლის სესილია მიიწვია. ცელქი და მხიარული ბავშვი, რომელიც სახლში ასეთი გატაცებით თამაშობდა ხოლმე, სპექტაკლის მოლოდინში საშინლად აღელდა, ჭამის მადაც დაეკარგა და გართობის სურვილიც. ბავშვის დასახმარებლად ექიმის გამოძახება გახდა საჭირო.
თაყაიშვილების ოჯახი 1914 წელს ბათუმიდან თბილისში გადმოვიდა. სესილია ქალთა გიმნაზიაში მიაბარეს. სახლში, სარკის წინ გამართული წარმოდგენები მას უკვე აღარ აკმაყოფილებდა და გიმნაზიაში, შესვენებაზე, მეგობრებრებთან ერთად პატარა წარმოდგენებს მართავდა. 1921 წელს საქართველოში სახალხო კომისარიატმა მოსწავლეთა თვითმოქმედი დრამატული წრე ჩამოაყალიბა. ქალთა პირველი გიმნაზიიდან ამ წრეში სესილია თაყაიშვილი გაგზავნეს. ასე მოხვდა 15 წლის გოგონა არათეატრალური ოჯახიდან თეატრალურ სამყაროში.
დიდი მსახიობის ბოლო როლი მოხუცი ბუღალტერი თამარი იყო ელდარ შენგელაიას ფილმში „ცისფერი მთები“, სადაც სესილია სულ შვიდჯერ გამოჩნდება კადრში. ამ ფილმის გადაღებაზე, თურმე, მძიმე ავადმყოფი დადიოდა. წლების განმავლობაში გამომუშავებული დისციპლინა მსახიობს ავადმყოფობის დაძლევაში ეხმარებოდა. ვინ იფიქრებდა, რომ ეს მისი უკანასკნელი როლი იქნებოდა და მასზე დახარჯავდა უკანასკნელ ძალებს...