კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თბილისს ახალი გალერეა შეემატა – თანამედროვე სტანდარტების ქართული კულტურის ახალი კერა

 

 

1 ივნისი, საღამოს ექვსი საათი, ბესიკის ქუჩა ¹26. თბილისის ყველაზე ძველი უბნის ძველ ქუჩაზე  კლასიკური მუსიკა ჟღერს – პატარა მოედნის ლამაზ თეთრ  შენობაში მალე  წითელი ლენტი გაიჭრება და დედაქალაქს  ახალი  გალერეა შეემატება.  თბილისური ბომონდი   უკვე შეკრებილია, თუმცა არა მხოლოდ თბილისური, საპატიო სტუმრებს შორის ბევრი უცხოელი დიპლომატი და ქართული ხელოვნების  თაყვანისმცემელი და შემფასებელია. ყველას ერთად  ახალ გალერეაში მთავარი მასპინძელი გველის და ის დღეს,  ირაკლი ფარჯიანია. 

 ახალი გალერეა თანამედროვე სტანდარტების ყველა მოთხოვნას „უძლებს”. ხელოვნებათმცოდნეები და „გალერისტები” გაოცებას ვერ მალავენ და ერთხმად აღიარებენ, რომ ის, რაც აქ ნახეს, პარიზისა და ლონდონის ცნობილ კერძო გალერეებს არაფრით ჩამორჩება – სივრცე, საუკეთესო  განათება და ჩვეული მასპინძლობა ქართული ღვინის თანხლებით... ის, რაც საგამოფენო დარბაზშია, ყველა სტანდარტს ერთად იტევს –  ცნობილი ქართველი მხატვრის, ირაკლი ფარჯიანის ნახატები, ერთი მხრივ, თითქოს გასაგები და ახლო, მაგრამ უცნაურად გარინდებული და იდუმალი... 

წითელ  ლენტს  თბილისის მერი ბატონი  გიგი უგულავა ჭრის. საპატიო სტუმრებს შორის არიან – დავით კეზერაშვილი,  ვახტანგ  ბუცხრიკიძე, გიორგი ისაკაძე, ქართველი პოლიტიკოსები, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, მხატვრები, ხელოვნებათმცოდნეები, მუსიკოსები, რიგითი თბილისელები,  რომელთათვისაც  დედაქალაქში კულტურის ახალი ცენტრის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. გალერეის დამფუძნებლები – სოფო  ჩიქოვანი, ბაია წიქორიძე, რუსუდან ჩერგოლეიშვილი … სტუმრებისგან მილოცვებსა და კეთილ სურვილებს იღებენ, რაშიც მათ ჩვენი ჟურნალიც უერთდება. 

 გიგი უგულავა (თბილისის მერი): თბილისს კიდევ ერთი საგამოფენო სივრცე შეემატა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს გალერეა არ მდებარეობს კლასიკურ ტურისტულ ზოლსა და მარშრუტზე, არამედ უფრო მოშორებითაა. თუმცა, ასეთი ობიექტი გვაძლევს საშუალებას, გავაფართოოთ ფეხით სავალი თუ სხვა საინტერესო კულტურული არეალი. მთაწმინდის ქუჩაზე ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლითაც რუსთაველიდან მომავალი მგზავრი მოხვდება მამადავითის მონასტრის გზაზე და მთაწმინდის პარკში, ამიტომ მისასალმებელია ის ფაქტი, რომ კულტურული ცხოვრება მთისკენაც წამოვიდა. დარწმუნებული ვარ, რომ ახალ გალერეას ბევრი დამთვალიერებელი ეყოლება.

 ბაია წიქორიძე (გალერეის ერთ-ერთი დამფუძნებელი): ამ გალერეის დაარსების იდეა რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, საკმაოდ ბევრი სამუშაო დაგვჭირდა ამ იდეის განსახორციელებლად. იმის მიუხედავად, რომ თბილისში არსებობს საგამოფენო დარბაზები, ამ ტიპის გალერეა აქამდე არ გვქონდა. გალერეა გაიხსნა ირაკლი ფარჯიანის ნახატებით, არჩევანი მასზე შეჩერდა ბევრი ფაქტორის გამო. გასულ წელს ირაკლის დაბადებიდან სამოცი წელი შესრულდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, შარშან მისი  ნახატების გამოფენა ვერ მოხერხდა. ახლა გამოფენილია ირაკლი ფარჯიანის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სერია – ბერლინის ციკლი, რომელიც შექმნილია იმ პერიოდში, როცა ირაკლი ბერლინში მუშაობდა. იმ პერიოდში ირაკლის შემოქმედებაში თავი მოიყარა მთელმა განვლილმა პერიოდმა  და ძალიან მასშტაბურად გამოვლინდა მისი მხატვრული ოსტატობა. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხატვარმა ძალიან ბევრი რამ განსაზღვრა მეოცე საუკუნის ბოლო ოცწლეულის ქართული ხელოვნების განვითარების პროცესში და  ეს დღემდე გრძელდება.    

ჩვენ საკმაოდ ბევრი პროექტი გვაქვს გეგმაში სამომავლოდ, ძალიან გვინდა, მოვაწყოთ ოლეგ ტიმჩენკოს გამოფენა. გალერეამ შესთავაზა მას, გავაკეთოთ პროექტი პომპეის თემაზე, რადგან დღევანდელ სამყაროში არსებული  კატაკლიზმები ძალიან ბევრ საშიშროებას უქმნის თანამედროვე კულტურას.  ვფიქრობთ, ძალიან საინტერესო გამოფენა გამოვა. გალერეა  საშემოდგომოდ   მუშაობას დაიწყებს სხვადასხვა მიმართულებებით, ეს იქნება საინტერესო პროექტები, მათ შორის, თანამედროვე დიზაინის შექმნა მხატვრებთან თანამშრომლობის შედეგად.    

სოფო ფარჯიანი (ირაკლი ფარჯიანის შვილი): ძალიან მიხარია, რომ თბილისში ასეთი კარგი გალერეა დაარსდა და, ორმაგად სასიხარულოა ჩემთვის, რომ  გალერეა მამაჩემის გამოფენით გაიხსნა. არაჩვეულებრივი განწყობა მაქვს. აქ  ძირითადად ჩვენი ოჯახის  ნახატებია გამოფენილი.   ათი წლის ვიყავი, როდესაც მამა გარდაიცვალა. პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს, რომ ირაკლი სულ  მუშაობდა, ბევრს ხატავდა. მეც მთელი ცხოვრება დაკავშირებული ვარ ხატვასთან. სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული, მაგრამ  სხვა მიმართულებით წავედი – დიზაინზე ვმუშაობ.   

ახალმა  გალერეამ მთაწმინდის უბანში დაიდო ბინა, გალერეის საერთო სივრცე 150 კვადრატული მეტრია, ჭერის სიმაღლე, 3,5 მეტრი... ეს მხოლოდ „ექსტერიერია,” „ინტერიერი” კი ბევრად უფრო „დიდი”  და მრავალფეროვანი – ახალი გალერეა იქნება ახალი ორიენტირი  კულტურის სფეროში. აქ წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ქართული ხელოვნება  ექსკლუზიური არტდიზაინითა  და არტეფაქტით...

 P.S. ზაფხულის პირველი დღე  ქართული  ხელოვნების და მხატვრობის  მოყვარულთათვის  ნამდვილი ფოიერვერკი აღმოჩნდა.  ირაკლი ფარჯიანის გამოფენა 20 ივნისამდე გაგრძელდება... შემდეგ ახალი გალერეა ახალ გამოფენას შემოგთავაზებთ. გალერეა მუშაობს ყოველდღე, შესვლა უფასოა. აქ თქვენ  ყოველთვის  დაგხვდებათ „მისი უდიდებულესობა” –    ქართული ხელოვნება ...

 

скачать dle 11.3