რატომ გაასაღა გია ხუროშვილმა მეუღლე ძიძად და როგორ დატოვეს ის ტანსაცმლის გარეშე
მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი, გარდა იმისა, რომ ძალიან კომუნიკაბელური და ხალისიანი ადამიანია, „გეგმურად მოწესრიგებული” და კანონთან ჰარმონიაში მყოფი ადამიანის რეპუტაციითაც სარგებლობს, თუმცა, გრძნობებმა ისე აურია თავგზა, რომ ქალის მოტაცებაზეც კი არ თქვა უარი და ცოტა ხნის წინ პირადი ცხოვრება მომხიბვლელ თაკო ტატუნაშვილს დაუკავშირა. თაკო, არც მეტი, არც ნაკლები, გენდერული საბჭოს წევრი და ემანსიპაციის მედროშეა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოში მუშაობს. როგორ დაიწყო გიასა და თაკოს სიყვარულის ისტორია, რატომ გაატარეს ქორწილში სიძე წითელ ხალიჩაზე და რა „სპეცოპერაცია“ ჩაუშალა მან სიდედრ-სიმამრს, ამის შესახებ თავად ჩვენი რესპონდენტებისგან შეიტყობთ.
გია: მთელი ცხოვრება დაგეგმვაში ვარ, ყოველთვის ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა მეორე დღეს; მით უფრო, დაგეგმილი მქონდა, ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები, ჭადრაკის სვლებივით მქონდა გათვლილი სწავლა, ასპირანტურა, სამსახური. ამჯერად, ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა რაღაც ისე, რომ არ დამიგეგმავს – ეტყობა, ვიპოვე ის, რასაც ველოდი და, ალბათ, შინაგანად ვეძებდი კიდეც. ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, სამ თვეში გაცნობილ გოგოს ცოლად მოიყვანო, ვიტყოდი, ეს ვერ არის-მეთქი კარგად, მაგრამ. თურმე სპონტანურადაც ხდება დაოჯახება.
– ერთმანეთი როგორ გაიცანით?
თაკო: ჩვენ გვქონდა ერთმანეთთან პროფესიული შეხება, გვყავდა საერთო სამეგობროც, თუმცა, ჩვენს გაცნობაში ისინი არ ჩარეულან. უფრო მეტიც, თითქმის არავისთვის არ იყო ცნობილი, რომ მე და გია ერთმანეთს ვხვდებოდით.
გია: ჩვენი შეხვედრა მოხდა რუსუდან კერვალიშვილისა და მისი გენდერული საბჭოს წყალობით. სიმართლე გითხრათ, ემანსიპაციას ცოტა ალმაცერად ვუყურებ, მაგრამ, ჩემი თანამდებობიდან და ვალდებულებებიდან გამომდინარე ამას ხმამაღლა ვერ ვიტყოდი და საკითხს მთელი სერიოზულობით ვუდგებოდი. ერთ დღესაც, შეიკრიბა საბჭო, რომ დაგვემტკიცებინა მთავრობის სამოქმედო გეგმა გენდერულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის აღმოჩნდა თაკოც. დახურული შეხვედრა იყო და არ დავმალე ჩემი განწყობა, პირდაპირ ვუთხარი ემანსიპირებულ ქალებს: მეტი საქმე არ გაქვთ? ოჯახებს მიხედეთ-მეთქი, როცა განცხადებას ვაკეთებდი, თაკოსგან ძალიან კრიტიკული მზერა დავიჭირე და მის თვალებში ამოვიკითხე: შენ ვერ ხარ კარგადო. ამის შემდეგ ამ შეხვედრებს ძალიან სერიოზული სახე მივეცი – კვირაში ორჯერ გენდერის ქალების გამოძახება მქონდა (იცინის).
– სხდომები პაემნებმა მალე შეცვალა?
თაკო: სულ რამდენჯერმე ვიყავით პაემანზე, ძირითადად დავდიოდით მცხეთაში, ჩვენს მეგობარ დედაოსთან – ამ მხრივაც ცოტა არასტანდარტულები ვიყავით. ასე სწრაფად თუ მივიღებდით დაოჯახების გადაწყვეტილებას, ამას ვერც ვიფიქრებდით.
გია: თაკო მივლინებით გერმანიაში წავიდა, პირველ დღესვე მივხვდი, რომ რაღაც ძალიან დამაკლდა. დავამთავრებდი თუ არა სამსახურს, ჩემი დღე გრძელდებოდა უჩვეულოდ – მოვიდოდი სახლში, შევძვრებოდი სკაიპში და ღამის ორ საათამდე თაკოს ვესაუბრებოდი ხოლმე, მერე ერთად ვიძინებდით, ოღონდ, თაკო – გერმანიაში, მე – თბილისში. როცა თბილისში მოდიოდა, მითხრა, აეროპორტში ოჯახის წევრები დამხვდებიანო, ვთხოვე, შენს მშობლებს უთხარი, რომ რეისი გადაიდო და აეროპორტში მე დაგხვდები-მეთქი. თაკომ ეს იდეა სასტიკად გააპროტესტა, რაზეც ძალიან გავბრაზდი, თუმცა, მალე მივხვდი, რომ სწორად იქცეოდა და ახლობლებთან ასეთი ტყული არ უნდა ეთქვა. ვერც იმას დავუშვებდი, რომ იმ საღამოს არ მენახა. ამიტომ, მაინც მივედი აეროპორტში, შევუკვეთე „ვიპი” და თაკო ტრაპიდან „მოხსნეს“ ლამაზად გამოწყობილმა გოგონებმა. ჩვენ გამოვედით ვიპ-გასასვლელიდან. მე აბსოლუტურად არაფერი არ მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ, ჩემმა მეგობარმა, რომელიც მახლდა, მითხრა: ვერ გავიგე, რას ელოდები, შეიძლება, ქალი ჩანთებით მანქანაში გეჯდეს, სხვაგან გადასვა და სახლში გაუშვაო?! არ მახსოვს, როგორ დავაჭირე გაზს ფეხი, როგორ გამოვცდით აეროპორტს, როგორ ვუთხარი თაკოს: იცი, რა? ან დღეს წამოხვალ, ან ყველაფერი დამთავრდება-მეთქი. ამის მერე თაკოს ხმა აღარ ამოუღია, ისე მოვიყვანე პირდაპირ სახლში (იცინის).
თაკო: ჩემი მშობლებიც კი ძალიან უცნაურად გაიცნო: ჩემებთან სტუმრად საღამოს ვიყავით დაპატიჟებული. დილით კი, სამსახურში მივდიოდით, უცებ მარშრუტი შეცვალა და პირდაპირ მიმიყვანა ჩემს სახლთან, ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ტელეფონთანაც კი არ მიმაკარა, რომ მშობლები გამეფრთხილებინა.
გია: ამით თავიდან ავიცილეთ ბევრი ოფიციოზი. როგორც მოგეხსენებათ, ასეთ სიტუაციებში სიდედრი, სიმამრი და ნათესაობა სახლში „ამონტაჟებს” ვიდეოკამერას, ლუპას, რომ სკურპულოზურად დაგაკვირდნენ...
– სერიოზული სპეცოპერაცია ჩაგიშლიათ მათთვის. როგორც ვიცი, ძალიან ორიგინალური ქორწილი გქონდათ.
თაკო: ეს იყო უფრო წვეულება, ვიდრე ქორწილი. არც ჯვრისწერის ცერემონიალი ყოფილა, არც ხელისმოწერის, ყოველგვარი რიტუალების გარეშე აღვნიშნეთ ჩვენი შეუღლება. ეს ყველაფერი ისე სპონტანურად მოხდა, რომ მოსამზადებელი დროც კი არ მქონდა. შესვენებაზე გავიქეცი, რომ ვარცხნილობა და მაკიაჟი გამეკეთებინა და მერე ისევ სამსახურში დავბრუნდი. წვეულების ბევრი დეტალი გიამ ბოლო მომენტამდე სიურპრიზად დამიტოვა.
გია: ამ ადამიანების შეკავება უკვე შეუძლებელი იყო – ჩვენს პატარა მისაღებში ყოველდღე 25 ადამიანი იჯდა, რაც ყოველგვარ სტანდარტებს აღემატებოდა, საპატიმროებში დადგენილსაც კი (იცინის). ამიტომაც, გადავწყვიტეთ, რომ ყველასთვის ერთად მოგვეყარა თავი, ოღონდ, განსხვავებული ფორმატით – ყანწების გარეშე. ქორწილში გვქონდა წითელი ხალიჩა, და ბანერი ფოტოპოზირებისთვის, თუმცა, ძალიანაც არ მინდოდა წითელ ხალიჩაზე გავლა. შინაგანად ძალიან რომანტიკოსი ვარ, მაგრამ, ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ვცდილობ, თავს ზედმეტის უფლება არ მივცე. თუმცა, თაკოს ანგარიში გავუწიე, სულ ჩხუბით გავიარე წითელ ხალიჩაზე, სამაგიეროდ, მან „ოსკარით“ დამაჯილდოვა (იცინის).
– მთელი პარლამენტი შეკრებილა თქვენს ქორწილში, სპიკერი თუ აირჩიეთ?
– დიახ, სპიკერი გვყავდა, მაგრამ, ის არც მთავრობის წარმომადგენელია და არც პარლამენტის. საკუთარ ქორწილში მე მომანდეს ვიცესპიკერის როლი – არ მიყვარს, როდესაც საკუთარ წვეულებაზე ვიღაც ლაპარაკობს შენს ნაცვლად. მასპინძელმა თავად უნდა წარმართოს საღამო, რომ სტუმრებს სრული კომფორტი შეუქმნას.
– ოჯახურ თანაცხოვრებას როგორ ეჩვევით?
თაკო: გიას გვერდით თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა, ჩვენი დატვირთული სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, ბოლომდე არც ერთს არ გვაქვს გაცნობიერებული, რომ ვართ ოჯახი. საღამოს, როცა სახლში ვბრუნდებით და ვრჩებით მარტო, მაშინ ვგრძნობთ ოჯახურ სიმყუდროვეს, თუმცა, ხანდახან გიას ავიწყდება ხოლმე, რომ მარტო აღარაა. ამას წინათ აღმოვაჩინეთ, რომ ბინის მხოლოდ ერთი გასაღები გვაქვს. ერთ საღამოს მე გიაზე ადრე დავბრუნდი სახლში და, რადგან გასაღები არ მქონდა, გიას დაველოდე ჩვენს მეგობრებთან, რომლებიც მეექვსე სართულზე ცხოვრობენ. გია სახლში ისე მოვიდა, ისე ავიდა მეთორმეტე სართულზე, საერთოდ არ გახსენებია, რომ ჰყავს მეუღლე, რომელიც მეექვსე სართულზე ლიფტთან ელოდებოდა. (იცინის).
გია: მე ეს გულწრფელად ვაღიარე და არც დამიმალავს. ჩვენს ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ერთმანეთის მართლაც უსიტყვოდ გვესმის.
– ცოლს გენდერულ კომისიაში ტოვებთ? ახლა ნახეთ, რა კანონპროექტებს შემოგაპარებთ.
– სიყვარულის ფარგლებში ყველაფერი შეიძლება. ჩვენთან გენდერული ბალანსი დაცულია: მივხვდი, რომ დილით, შემიძლია, ყავა მე გავაკეთო და საძინებელში მივუტანო თაკოს, თუმცა, არც მას გამოსდის ცუდად ჩემი მოვლა. ბოლოს და ბოლოს, ჩემი ძიძაა (იცინის).
თაკო: გიამ გლანდების ოპერაცია გაიკეთა და ოპერაციის შემდეგ მასთან მივედი სანახავად. მაშინ გიას ოჯახის წევრები არ მიცნობდნენ. გიას დისშვილმა იკითხა; ეს გოგო ვინააო, გიამ კი უპასუხა – ჩემი ძიძააო. უცებ ანუკიმ განაცხადა: ეს ძიძა არ იქნება, ძიძისთვის ძალიან ლამაზიაო.
გია: სამსახურებრივად ჩვენი კომპეტენციები მხოლოდ გენდერულ თემას ეხება. მე პატივს ვცემ თაკოს საქმიანობას, ნამდვილად არ მოვთხოვ, რომ სახლში უნდა დაჯდეს, მაგრამ, მის გენდერულ აქტივობას ჩემს ხარჯზე ვერ დავუშვებ (იცინის). თუმცა, თაკოსთან იმაზე გაცილებით დამთმობი აღმოვჩნდი, ვიდრე თვითონ მოველოდი. მაგალითად, ამას წინათ, ჩემი გარდერობის სრული ოკუპაცია მოახდინა. ყველაზე მტკივნეულად ჩემს გარდერობში მისი „შემობარგება“ გადავიტანე. მანამდე ჩემს ტანსაცმელს უბატონოდ არავინ შეხებია, თაკომ კი ზუსტად ერთ დღეში მთელი ჩემი ტანსაცმელი მძღოლს აგარაკზე გაატანა. კიდევ კარგი, ზაფხულია, თორემ, ალბათ, ვერ გადამირჩებოდა (იცინის).