ლავრენტი ბერიას დღიურებიდან
კრიტიკოსების სხვადასხვა მოსაზრებების მიუხედავად, რომელთაც, შემორჩენილი ძველი სტერეოტიპების გამო, ლავრენტი ბერიას სისხლიან ვამპირად წარმოჩენა სურთ, აშკარაა, რომ მაშინდელ პოლიტიკურ ელიტაში ბერია, ყველაზე უკეთ გამოიყურება. ის ჩვეულებრივი ადამიანია, რომლისთვის შეუსრულებელი დავალება არ არსებობს.
1943 წლის 22 ივნისი
ორი წელი გავიდა, შედეგები შევაჯამეთ, რა თქმა უნდა, მთავარი წინააღმდეგობა დაძლეულია და მტერი ფსიქოლოგიურადაა გატეხილი, მაგრამ სტალინი ძალიან უკმაყოფილოა. თათბირზე ყველას მნიშვნელოვანი შენიშვნები მოგვცა. ამბობს, რომ დრო ცოტა გვაქვს და მტერს ამოსუნთქვა არ უნდა ვაცადოთო. თათბირის ბოლოს მე მარტო დამტოვა და მითხრა, მოღალატეები ჩვენს შორისაც არიანო, სპეციალური სია გადმომცა და ყველაზე თვალთვალი დამავალა. ალბათ, რაღაცა იცის, ვინ აღარ არის ამ სიაში. ესეც ახალი დავალება, ამ დავალებამ შეიძლება, შემიწიროს.
1943 წლის 2 ივლისი
კუიბიშევში საკვები პროდუქტების ცენტრალური ბაზა გაქურდეს და არმიისთვის განკუთვნილი მშრალი ულუფებიც თან გააყოლეს დიდი ოდენობით. კობამ მითხრა, ყველაფერს თავი დაანებე და პირადად ჩადი იქ. მავნებლებს თუ არ გამოავლენ, ჯობია, ცოცხალი არ ჩამოხვიდეო. ერთ დღეში დავაკავე ორგანიზებული ჯგუფი. ნეტა, ამაზე რთული საქმეები არ გვქონდეს, ლავრენტი, მაგრამ შენ ისეთი ბედი გაქვს, შენიშვნას მაინც ვერ ასცდი. ერთ დღეში საქმე გავხსენი, სამალავიც აღმოვაჩინე, მოვახსენე ყველაფერი კარგად არის-მეთქი. მავნებლების ლიკვიდაცია მოახდინე თუ არაო. კაცო, ვეუბნები, ნაქურდალი აღმოვაჩინე, დამნაშავეები დავაკავე, ჩამოვედი და მოგახსენე, მეტი რა უნდა მექნა-მეთქი. არ იყო ხასიათზე, მაინც მისაყვედურა, ადგილზე, სამაგალითოდ უნდა მოგეხდინა ლიკვიდაციაო.
1943 წლის 27 ივლისი
ადრე გამოვიპარე სახლში, სიურპრიზი დამხვდა, ჩემი სვეტკა (სტალინის ქალიშვილი) ჩამოსულა მოსკოვში, სერგოს ახალი წიგნები აჩუქა. მოვიკითხე, მოვეფერე. დრო მალე გადის, თითქოს გუშინ იყო კალთაში რომ მეჯდა და მეთამაშებოდა. კარგი ახალგაზრდობა გვეზრდება, ქვეყანას ასახელებენ.
1943 წლის 15 სექტემბერი
ჰიტლერის საქმე წასულია, უკვე გერმანელებიც მიხვდნენ ამას. ბევრი მოწინააღმდეგე და მტერი გაიჩინა. კობამ თათბირზე თქვა, უკანდასახევი გზები მოიჭრა, დაღუპა გერმანიაო. ამერიკელები და ინგლისელები მაინც განაგრძობენ ფაშისტებთან ფარულ მოლაპარაკებებს.
1943 წლის 18 ოქტომბერი
ოთხი დოსიე დავუდე სტალინს მაგიდაზე, ბრიტანეთის დაზვერვა ძალიან გააქტიურდა. კობამ სასწრაფოდ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, უკვე ჩვენთანაც ყოფენ ცხვირს. მე დეტალურად მოვახსენე მათი საქმიანობის შესახებ და ვურჩიე, რომ გაგვეშიფრა – რა ვქნა, მიბრძანეს, თავი შეიკავე და თვალთვალი გააგრძელეო. კობა მიხვდა, რომ არ მესიამოვნა და უკმაყოფილო დავრჩი, ზურგში ხელი წამომარტყა და ქართულად მითხრა – რა ხართ ეს მეგრელები, სად გეჩქარებათო.
1943 წლის 11 დეკემბერი
ძალიან ცუდი ინფორმაციები მომდის კავკასიის ჩრდილოეთიდან. სერიოზული წმენდაა ჩასატარებელი. კობაც დამეთანხმა, რომ იმატა ანტისახელმწიფოებრივმა და მოღალატე ელემენტებმა. დაუნდობელი ბრძოლაა საჭიროო. მეხუმრა, აქ რას აკეთებ, ნერვების მოშლის მეტს, გაფრინდი თბილისში და საქმეს მიხედეო. მდივანი გამოიძახა და დაავალა, სასწრაფოდ გაუფორმონ ლავრენტი ბერიას მივლინება საქართველოში ფულადი ანაზღაურების გარეშე. ამას ჰგონია, ვერ ვხვდები, ყველანაირ მიზეზს რომ ეძებს სახლში დასაბრუნებლად, თბილისში ფული არ დასჭირდება, თავის თავს მიხედავსო.
1944 წლის 1 იანვარი
ახალი წელი დაიწყო, გასაკვირია, მაგრამ ომის წლებში, ყველა ახალ წელს სახლში ვხვდები. ამხანაგ სტალინს ესმის, რომ თანამებრძოლებსაც სჭირდებათ დასვენება. როდის უნდა ადამიანს სახლში ყოფნა? რა თქმა უნდა, ახალ წელს. ომის დამთავრებამდე ბევრი აღარ დარჩა, ალბათ, მალე დამთავრდება, მაგრამ როდის და როგორ? ჩემთვის ომი არ მთავრდება და ალბათ, არასდროს დამთავრდება.
1944 წლის 25 იანვარი
კავკასიის ჩრდილოეთში ისევ ცუდი ამბებია. იქ ყველა მტრულადაა განწყობილი. ზურგში გვირტყამენ დანას. აუცილებელი და სასწრაფო ზომებია მისაღები. ალბათ, რაღაცა ვერ გავითვალისწინეთ თავის დროზე. ახლა გვიანია, ყველა საბჭოთა ხელისუფლების მტერია და ამას არც მალავენ. იქ მკაცრი და დაუნდობელი ზომებია მისაღები. შევალ კობასთან და მოვახსენებ.
1944 წლის 3 თებერვალი
დასავლეთ უკრაინაში დიდი პარტიზანული წინააღმდეგობაა, თავგანწირვით იბრძვიან ჩვენი ბიჭები, მაგრამ იქაც ბევრი მოღალატე და მტერია. ბევრი სამუშაო იქნება ომის შემდეგ. ახლავეა საჭირო ინფორმაციების შეგროვება მაგათზე. ყველა სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, ყველა. ომის დროს ვინც ქვეყანას უღალატებს, არავის არ დავინდობთ.
1944 წლის 20 მაისი
პოლონეთის მომავალი გარკვეულია. ჩვენი პოლონელი ძმები ჩვენთან ერთად იქნებიან. ეს ხალხი იმსახურებს იმას, რომ ახალი პოლონეთის სახალხო რესპუბლიკა ააშენონ და ადამიანურად იცხოვრონ. კობამ, კურატორი შენ იქნებიო. შეიძლება, რამდენიმე ხნით წასვლაც მომიწიოს. არა უშავს, მოვინახულებ ძველ მეგობრებს და ავაწყობ საქმეს.
1944 წლის 15 სექტემბერი
ჩემი ნინოა ცუდად, საავადმყოფოში დაჭრილებს ეხმარებოდა და გაცივდა. სულ ასე იცის, ნორმალურად არაფრის გაკეთება არ შეუძლია. საქმის გაკეთებას ვინ გიშლის, მაგრამ შენ თავსაც ხომ უნდა მიხედო. მით უმეტეს, ოჯახი და ქმარ-შვილი გყავს, იწექი ახლა საავადმყოფოში შენს დაჭრილებთან ერთად.
1945 წლის 9 მაისი
მთელი საღამო კობასთან ვიყავი, ჟუკოვმა მოგვახსენა, რომ გერმანიის კაპიტულაცია ხელმოწერილია. სტალინი ჩაფიქრებული იყო, მაგრამ მაინც ჩანდა, რომ კმაყოფილი გახლდათ. სულ კლიმს (ვოროშილოვი) უყურებდა. როცა კლიმი კაბინეტიდან გადიოდა, გადაეხვია და აკოცა კიდეც. მანამდე დიდხანს ვისხედით, კლიმი და კობა სამოქალაქო ომის ამბებს იხსენებდნენ, სხვადასხვა ისტორიას ყვებოდნენ. იხსენებდნენ დაღუპულ მეგობრებს, ხუმრობდნენ და იცინოდნენ. ბოლოს სტალინმა თქვა, რომ დაღლილია და მარტო უნდა დარჩენა.
1945 წლის 10 მაისი
ისევ კობასთან ვიყავით საღამოს. ისევ სამნი, ვიაჩესლავი შორს არის, ამერიკაში. სტალინი კარგ ხასიათზე იყო და ბევრს ხუმრობდა. მოლოტოვზე მითხრა, რომ ჩამოვა, მაშინვე დავიჭიროთ, თუ ცოტა მერეო. მერე თვალი ჩამიკრა და თქვა, აქაც ბევრია დასაჭერიო. ვინ-მეთქი, ვკითხე და გიორგიო. ღვინო არ მოაქვს, გამარჯვება არ გაუხარდაო. რამხელა ტვირთი მოვიშორეთ, რამხელა.
ბერიას თავის ჩანაწერებში არასდროს ავიწყდება ოჯახის წევრებისა და სტალინის ხსენება, განსაკუთრებით მისი ხუმრობების. თუმცა, მის დღიურებს თან სდევს გარკვეული უკმაყოფილების ფონი – ყოველთვის რთულ დავალებებს აძლევენ, ყველაზე მეტად ის აგებს პასუხს და მუდმივად უჩივის დაღლილობას. მიაჩნია, რომ მეტ დაფასებას იმსახურებს.