საყვარლებით აწყობილი ბიზნესი
ავსტრალიელი ბიზონი – ამ მეტსახელით გაიცნო იტალიურმა საფეხბურთო სამყარომ კრისტიან ვიერი, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ყველას დაავიწყდა, რომ კრისტიანი კარგა ხანს ავსტრალიაში ცხოვრობდა და მას იტალიურად „ბობო“ შეარქვეს. წესითა და რიგით, ერთ დროს მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი დღეს უკლუბოდ არ უნდა იყოს, მაგრამ 36 წლის კრისტიანის დამატების სურვილი არც ერთმა კლუბმა არ გამოთქვა. ბოლოს ის შარშან გამოჩნდა ბერგამოს „ატალანტას“ რიგებში. გაგიკვირდებათ და, ერთი წლის წინ „ატალანტას“ შეფებმა ვიერის ხელფასის სახით თვეში 1 500 ევრო შესთავაზეს. ეს ის მინიმუმია, რომელზე ნაკლებსაც პროფესიონალ ფეხბურთელს უმაღლესი ლიგის კლუბები, უბრალოდ, ვერ გადაუხდიან.
„მე მხოლოდ თამაში მსურდა და ხელფასს მნიშვნელობა არ ჰქონდა. მინდოდა, უბრალოდ, მეთამაშა, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ აღარ მენდობოდნენ და ამხელა კაცი დილიდან საღამომდე ტყუილად დავძუნძულებდი“, – ამბობს ვიერი.
ბობო ახალი კლუბის მოძებნას ზაფხულში შეეცადა, მაშინ, როცა სატრანსფერო ბაზარი ღია იყო და, ევროპაში რომ არავინ გამოჩნდა, კრისტიანმა ამერიკას მიაშურა. შტატებში იგი რამდენიმე კლუბმა გასინჯა, თუმცა არც ერთს არ მოეწონა და ვიერი ისევ ბებერ კონტინენტს დაუბრუნდა. აქ, რა თქმა უნდა, კვლავ არაფერი გამოჩნდა და იტალიელმა ფორვარდმა უბრალოდ, კარიერა დაასრულა.
ფეხბურთის პარალელურად, ვიერი სერიოზულ ბიზნესმენადაც ჩამოყალიბდა. მის უახლოეს მეგობრებად „მილანის“ ფეხბურთელები ითვლებიან და ეს იმის მიუხედავად, რომ ვიერიმ კარიერის უდიდესი ნაწილი „ინტერსა“ და „იუვენტუსში“ გაატარა, „მილანში“ კი მხოლოდ რვა შეხვედრაში ითამაშა. ჰოდა, „მილანის“ ლეგენდარულ კაპიტანთან ერთად, მან ტანსაცმლის მაღაზია გახსნა და საკუთარი პროდუქციის გამოშვება დაიწყო. „მალდინისა“ და „ვიერის“ ჯინსები იტალიაში საკმაოდ მაღალი დონის სამოსად ითვლება და რეკლამას ცნობილი ფეხბურთელები თავად უწევენ. ასევე, „მილანელ“ კრისტიანო ბროკისთან ერთად ვიერიმ გახსნა ბარი, სახელწოდებით „ამბორი“, ღამის მილანში ეს ბარი ყველაზე კარგად მუშაობს. ამ ბარის გარდა კრისტიანს ორი რესტორანიც აქვს, ფლობს პატარა სასტუმროს და იახტ-კლუბს. თუმცა, ეს ფეხბურთელის მთავარ მიღწევად არ ითვლება. იტალიაში ვიერის ქალების გულთამპყრობელად იცნობენ და ყოფილი საყვარლების „მეშვეობით“ ფეხბურთელმა ახალი ბიზნესიც წამოიწყო, მაგრამ ამაზე ბოლოს, მანამდე კი...
1999 წელს ვიერი რომის „ლაციოში“ თამაშობდა და მასზე მთელი იტალიური ფეხბურთი უდიდეს იმედს ამყარებდა. მაშინ იტალიელი მამაკაცები ნატალი კალდონაცოზე გიჟდებოდნენ, მოდელზე, რომელიც მამაკაცთა ჟურნალების სახე და მთავარი გმირი იყო. ჰოდა, ვიერიმ სწორედ ეს ქალი ჩაიგდო ხელში და ამით არა მარტო შურის ობიექტი გახდა, არამედ მისი პოპულარობაც გაიზარდა, რაც ახალ სარეკლამო კონტრაქტებში აისახა. ერთი წლის შემდეგ ვიერი „ინტერმა“ იმ დროისთვის რეკორდულ ფასად – 48,5 მილიონ დოლარად იყიდა. მილანურ კლუბში გადასულმა ვიერიმ ქალიც გამოიცვალა და რომანი ელიზაბეთ კანალისთან გააბა, რომელიც დღემდე იტალიაში ერთ-ერთ ულამაზეს ქალად ითვლება და, სავარაუდოდ, მალე ჯორჯ კლუნის ცოლი გახდება. კანალისი და ვიერი ყველგან მიღებულები გახდნენ, მათი დანახვა ყველას უხაროდა, თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს, ელიზაბეთი ვიერის მეგობარს, ფილიპო ინძაგის მოეწონა და ბობომაც კანალისი უპრობლემოდ დათმო. ამან ქალი ძალიან გააბრაზა და ხმამაღლა გამოაცხადა, ვიერისკენ ცხოვრებაში აღარ გავიხედავო, მაგრამ მასთან ხანმოკლე რომანი კიდევ ორჯერ გააჩაღა.
კანალისის შემდეგ იყო, ჩეხი მოდელი ალიონა სერედოვა, რომელიც დამკვიდრებას იტალიურ შოუ-ბიზნესში ცდილობდა და ამისთვის ვიერი იდეალური კანდიდატი იყო, რადგან იგი ჯორჯო არმანისთან მეგობრობდა და ნებისმიერ ჩვენებაზე წინა რიგებში იჯდა. ალიონას გული კი, პირიქით, ვიერიმ მოინადირა იოლად და ახლა მასთან ერთად ჩნდებოდა. მათი რომანი ერთმა ძალიან საინტერესო შემთხვევამ შეწყვიტა: ვიერი საკუთარი იახტით ერთ-ერთ კურორტზე ისვენებდა და, რა თქმა უნდა, თან სერედოვაც ახლდა. მას მეგობარმა, იტალიის ნაკრების კიპერმა, ჯანლუიჯი ბუფონმა ჩააკითხა. მეორე დღეს ვიერი სასწრაფო საქმეზე მილანში დაბრუნდა და იახტაზე ჯიჯი და ალიონა დატოვა. უკან დაბრუნებულ ბობოს განუცხადეს, რომ მათ ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ და მათი ბედნიერებისთვის ხელი არ უნდა შეეშალა. რა თქმა უნდა, ვიერის ხელი არ შეუშლია და სერედოვა ბუფონს გადააბარა, რომელმაც ალიონა საბოლოოდ ცოლად მოიყვანა და ახლა მეორე შვილს ელოდება.
ვიერი ქალის გარეშე რომ არ გაჩერდებოდა, ადვილი მისახვედრი იყო და ლოგინში „ვიცე-მის“ იტალია ჩაიგორა. ფერნანდა ლესა სულ რაღაც 22 წლის იყო, მაგრამ იტალიაში მასზე უკვე ლეგენდები დადიოდა. იმასაც ამბობდნენ, ფერნანდას სილვიო ბერლუსკონი ჰყვარობსო, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არავის დაუდევს. სამაგიეროდ, ვიერისა და ფერნანდას ხშირად ხედავდნენ ერთად. რომანი ზუსტად ორ თვეს გაგრძელდა და...
„ჩვენი დაშორების მიზეზი თავად ფერნანდა გახდა. მან რაღაც ჟურნალი მოიტანა, რომელზეც ლამაზი გოგონა ეხატა. ვკითხე, ვინ არის-მეთქი და, როგორც გავარკვიე, მისი მეგობარი, ელენა სანტარელი იყო. მერე ელენა შინ დავპატიჟეთ და ისე მოხდა, რომ ჩვენ საწოლში აღმოვჩნდით. არადა, ის ჟურნალი რომ არ მოეტანა, ხომ არაფერი მოხდებოდა?!“ – ამბობს ვიერი და, ვინ იცის, ეგებ, მართალიცაა.
ისე, ელენამ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ვიერისთან ქორწინებაზე ჩამოაგდო სიტყვა, თანაც ეს მათი ურთიერთობის მეორე თვეს. ბობომ გასაგებად აუხსნა, რომ ცოლის მოყვანას არ აპირებდა და თუ დააპირებდა, მისი რჩეული სანტარელი ნამდვილად არ იქნებოდა. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ელენამ ბარგი ჩაალაგა, ვიერიმ კი იმ საღამოს ნენა რისტიჩი გაიცნო.
„არ იცით, რა ქალია ნენა! იგი ღამის ბარში ვნახე და დავმუნჯდი. ყველაზე მეტად იმან მომხიბლა, რომ მას რაღაც არაიტალიური ჰქონდა და, რადგანაც იტალიელები უკვე აღარ მაინტერესებდა, მის მიმართ დიდი ინტერესით განვეწყვე. ზუსტად ორი დღე მაწვალა, მესამე დღეს კი ჩემს შეტევებს ვეღარ გაუძლო და იმ კვირის ბოლოს საცხოვრებლად ჩემთან გადმოვიდა. ვერ გეტყვით, მართალია თუ არა ეს ვარაუდი, მაგრამ მიაჩნიათ, რომ სწორედ ნენასთან ურთიერთობამ დაანგრია ჩემი კარიერა“, – ყვება ვიერი.
საქმე ისაა, რომ ვიერი ფეხბურთის თამაშს პრაქტიკულად შეეშვა და მთელ დროს რისტიჩის გვერდით ატარებდა. საბოლოოდ ის „ინტერიდან“ გაუშვეს და მან კარიერა მეორე მილანურ კლუბში განაგრძო, თუმცა ფეხი ვერც იქ მოიკიდა და მომდევნო წელს თავი ფრანგულ „მონაკოში“ ამოჰყო. ეს უკვე კატასტროფა გახლდათ, თუმცა...
„არაფერს ვნანობ. ნენას შემდეგ მელისა სატა გავიცანი, ქალი, რომლის გვერდითაც ახლა ვარ და თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. სწორედ ჩვენი იდეაა ის, რასაც იანვარში ყველა იხილავს და, მგონია, რომ წარმატებული პროექტი იქნება“, – განაცხადა ვიერიმ.
რაც შეეხება პროექტს, ვიერიმ გადაწყვიტა, რომ ახალი, 2010 წლის კალენდარი გამოუშვას და ყველა ის ქალი, რომელთანაც რომანი ჰქონია, კალენდრის ფურცლებზე გამოჭიმოს. ბობოს სულ 12 ქალი ესაჭიროება და მათი მოგროვება ნამდვილად არ გაუჭირდება. კალენდრის ფასი 20 ევრო იქნება. იტალიაში ამბობენ, ეს კალენდარი მილიონობით გაიყიდებაო.