როგორ თამაშობს ნაქეიფარი და ნამხიარულევი ეკა მახარობლიშვილი როლებს და რატომ გადაწყვიტა მან ყველაფრისგან დასვენება
მსახიობი ეკა მახარობლიშვილი მაყურებელს სერიალ „ჩვენი ოფისიდან” ახსოვს. ის მშობლების პროფესიას გაჰყვა და ეს გადაწყვეტილება არასდროს უნანია. ეკა ცოტა ხნის წინ სერიალში „გოგონა გარეუბნიდან” გამოჩნდა. როგორია ეკა მახარობლიშვილის ცხოვრების სტილი და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მისი რჩეული, ამაზე თავად გვესაუბრება.
ეკა მახარობლიშვილი: პირველი სერიოზული ტელეროლი სერიალ „ჩვენს ოფისში” მქონდა, სადაც ბარმენის როლს ვასრულებდი. ძალიან მომწონდა ეს სერიალი, თუმცა, თეატრში თამაში ყოველთვის უფრო დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. „თავისუფალ თეატრში“ იყო ასეთი სპექტაკლი – „ბინა ყიფშიძის ქუჩაზე”, სადაც ვთამაშობდი ანას. კიდევ რამდენიმე სპექტაკლში ვითამაშე. უმეტესად სხვადასხვა თეატრში ვმოგზაურობდი. არასდროს ვყოფილვარ ერთი თეატრის მსახიობი, თუმცა, ახლა დიდი სურვილი მაქვს, რომ ასე იყოს.
– მსახიობობა რატომ გადაწყვიტე?
– პროფესიის არჩევისას დიდხანს არც მიფიქრია. დედაც და მამაც მსახიობები არიან. გავიზარდე მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სადაც სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი რეჟისორი ბატონი შალვა გაწერელია იყო. მახსოვს, რეპეტიციების დროს ყოველთვის გვერდით ვეჯექი და ვცდილობდი, მისგან ბევრი რამ მესწავლა. როდესაც სკოლა დავამთავრე, ბატონ შალვას ზუსტად მაშინ აჰყავდა ჯგუფი. შანსი მომეცა, მეც მის ჯგუფში ვყოფილიყავი და ამ შანსს ხელიდან ნამდვილად ვერ გავუშვებდი. მამამაც დიდი გავლენა იქონია ჩემზე. როდესაც ჩემმა ძმებმა გამოთქვეს მსახიობობის სურვილი, მამა კატეგორიულ უარზე იყო. თუმცა, ჩემს შემთხვევაში ასე არ მოქცეულა. პირიქით, ყოველთვის ძალიან მგულშემატკივრობდა.
– შრომისმოყვარე ხარ თუ ხანდახან სიზარმაცეც შემოგიტევს ხოლმე?
– გულახდილად რომ გითხრა, ცოტა ზარმაცი ვარ, მაგრამ, მუშაობის პროცესში ვცდილობ, მაქსიმალურად მობილიზება მოვახდინო და ყველაფერს კარგად გავართვა თავი. შემდეგ ენერგიაც მემატება და დაღლას ვეღარ ვგრძნობ. ალბათ უფრო დილაობით ვარ ზარმაცი – ძალიან მეზარება ხოლმე ადრე ადგომა. ხანდახან რეპეტიციაზე წასვლაც მეზარება, მაგრამ, თუ მივედი, მერე უკვე „ვიქოქები“.
– რამეში თუ შეუშლია ხელი შენს სიზარმაცეს?
– კი, რაღაც-რაღაცეებში, ალბათ, მიშლის ხელს. მაგალითად, შარშან წამოვედი „თავისუფალი თეატრიდან“, სადაც ერთ-ერთ სპექტაკლში ვთამაშობდი. რაღაც ისეთ ხასიათზე ვიყავი, ყველაფერი მეზარებოდა, სერიალიდანაც წამოვედი და, მოკლედ, აღარაფერს აღარ ვაკეთებდი. მომინდა, ყველასგან და ყველაფრისგან დამესვენა. თან, ძალიან მალე მბეზრდება ხოლმე ყველაფერი. ამ როლს ერთი წელი ვთამაშობდი და, ალბათ, მომბეზრდა კიდეც.
– და, ასე ერთი ხელის მოსმით თქვი ყველაფერზე უარი?
– კი, ძალიან სწრაფად ვიღებ გადაწყვეტილებებს, შეიძლება ითქვას, არც კი ვფიქრობ ხოლმე. მერე, რა თქმა უნდა, ვნანობ, მაგრამ, რაღა აზრი აქვს – სინანულით ხომ ვერაფერს შევცვლი. რა ვქნა, ასეთი ხასიათი მაქვს, ერთფეროვნება არ მიყვარს. თუმცა, შემდეგ ძალიან გამიძნელდა, რადგან თეატრშიც და სერიალშიც ბევრი მეგობარი მყავს, ორივეგან ძალიან კარგი კოლექტივი იყო და მათი დატოვება ცოტა გამიჭირდა.
– ახლა, როგორც ჩანს, ისევ მუშაობის განწყობაზე მოხვედი, რადგან სერიალში „გოგონა გარეუბნიდან” გამოჩნდი.
– დიახ, ახლა, მგონი, კარგად დასვენებული ვარ (იცინის). დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი თეატრში, რადგან ჩემთვის თეატრის გარეშე მსახიობობა წარმოუდგენელია. რაც შეეხება სერიალს „გოგონა გარეუბნიდან”, ძალიან მომწონს, ნამდვილად ძალიან რეიტინგული სერიალია და, იმედი მაქვს, მეც დიდხანს დავრჩები. თუმცა, კინოს მე მაინც თეატრი მირჩევნია. მიმაჩნია, რომ თეატრი უფრო ჩემია, ვიდრე კინო.
– გართობასა და დასვენებას რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში?
– ყოველთვის ყველაფერს ვასწრებდი. მახსოვს, როცა ინსტიტუტში ვსწავლობდი და ოცდაოთხი საათი რეპეტიციები მქონდა, მაინც ვახერხებდი გასართობად წასვლას. ადრე უფრო მიყვარდა კლუბებში სიარული და აქტიური გართობა. ხანდახან პირდაპირ კლუბიდან მივდიოდით ხოლმე დილით ლექციაზე ან რეპეტიციაზე.
– კიდევ რამის თავი გქონდა?
– დიახ, რაც უფრო ნაქეიფარი და ნამხიარულები მივდიოდი რეპეტიციაზე, უფრო მეტი სითამამითა და ხალისით ვთამაშობდი (იცინის). სხვათა შორის, როლიც უფრო კარგად გამომდიოდა. როცა ემოციებით ხარ დატვირთული და კარგ განწყობაზე ხარ, ყველაფერი უფრო მარტივად ხდება, ვიდრე, როცა ახალგაღვიძებული ხარ. ჩემი სისუსტეა დილით ადრე ადგომა – რა ვქნა, არ შემიძლია (იცინის). კიდევ რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ, დამავიწყდა (იცინის). ამ ბოლო დროს, რატომღაც, სიტყვები მავიწყდება ხოლმე.
– ძალიან გადატვირთული ხომ არ ხარ?
– არა, პირიქით (იცინის). არ ვიცი, ეს სიტყვების დავიწყება რისი ბრალია. რაღაცის მოყოლას დავიწყებ და ერთ სიტყვას ვეღარ ვიხსენებ ხოლმე, მერე ყველა მე მეხმარება იმ სიტყვის გახსენებაში. მაგალითად, ერთხელ დამავიწყდა სიტყვა „აქტუალური“, მთელი ჩემი სამეგობრო იჯდა და მსგავს სიტყვებს იხსენებდა. ბოლოს ერთ-ერთმა გაარტყა (იცინის). თან, რომ ვერ ვიხსენებ, ჟინი მიჩნდება ხოლმე და ცუდად ვხდები.
– აქტიური გართობა ადრე მიყვარდაო ახსენე. ახლა აღარ ხარ კლუბების ხშირი სტუმარი?
– ადრე უფრო ხშირად დავდიოდი კლუბებში. ახლა „ქლაბერი” აღარ ვარ, არადა, ძალიან მიყვარდა ასეთი აქტიური გართობა. თუმცა, არც ახლა ვარ პენსიონერული დასვენების მოყვარული. ერთხელ წამომცდა ჩემს მეგობრებთან, სადმე წყნარ სიტუაციაში წავიდეთ, ბევრი წიგნი წავიღოთ და ასეთი დასვენება მოვიწყოთ-მეთქი, მაგრამ, არავინ დამთანხმდა. რა მექნა, დავრჩი სახლში, მარტო ხომ არ წავიდოდი გიჟივით?! (იცინის) თუმცა, ასეთი იდეები თავში იშვიათად მომდის, უფრო აქტიურ დასვენებას ვანიჭებ უპირატესობას. არც ლაშქრობები და ფეხით სიარული მიყვარს – მეზარება ხოლმე.
– ესე იგი, კომფორტული დასვენება გირჩევნია?
– კი, აშკარად კომფორტის მოყვარული ვარ. (იცინის). როცა ფეხით ბევრს დავდივარ, ძალიან ვიღლები ხოლმე, როცა დაღლილი ხარ, შესაბამისად, კომფორტულად ვეღარ იქნები. ხანდახან სურვილი მიჩნდება, მთელი დღე სახლში ვიჯდე ან მთელი ორი დღე ლოგინიდან არ ავდგე. ძალიან გადაღლილობას ვერ ვიტან. საერთოდ, ყველაფერში აქტიური ვარ, ყოველთვის ძალიან ბევრს ვლაპარაკობ. როცა ვიღაც ცუდ ხასიათზეა, ვცდილობ, გავართო და კარგ განწყობაზე დავაყენო – ამ სერიოზულ ტვირთს საკუთარ თავზე ვიღებ ხოლმე (იცინის).
– ალბათ, თაყვანისმცემლების ნაკლებობასაც არ განიცდი.
– თაყვანისმცემლების ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივი, ხშირად ვგრძნობ მათი მხრიდან სიმპათიას, სითბოს. თუმცა, მათგან შეწუხებული ნამდვილად არ ვარ.
– ესე იგი, ადვილად იგერიებ?
– კი, ძალიან ადვილად. არ მყავს იმდენი თაყვანისმცემელი, რომ მათთან გამკლავება დამჭირდეს. ვიღაც თუ ლამაზ კომპლიმენტებს გეტყვის, ამაში ცუდი რა არის, რატომ უნდა შემაწუხოს? პირიქით, ძალიან მსიამოვნებს ხოლმე.
– თავად როგორი ბიჭები მოგწონს?
– „ვეფხისტყაოსნის“ გმირს უნდა ჰგავდეს (იცინის), ოღონდ, მართლა, არ ვხუმრობ. ყველა თვისება მისნაირი უნდა ჰქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მომეწონება.
– ნაპოვნი გყავს ასეთი ადამიანი?
– დიახ, უკვე ნაპოვნი მყავს ისეთი ადამიანი, რომელიც ჩემს მოთხოვნებში აბსოლუტურად „ჯდება“. ძალიან მომხიბლა თავისი თვისებებით, ამიტომ, შეიძლება ითქვას, ჩემი გული დაკავებულია.
– ისიც მსახიობია?
– არა, მსახიობი არ არის, სულ სხვა პროფესიის ადამიანია. არც ცნობილი სახეა. უამრავი თვისება აქვს ისეთი, რითაც თავი მომაწონა. ალბათ, მასაც მოეწონა ჩემი თვისებები.
– ყველაზე ხშირად რა კომპლიმენტს გეუბნებიან ხოლმე?
– ბევრნაირ კომპლიმენტს მეუბნებიან. ხშირად მოსწონთ ჩემი თვალები, თმა. ხასიათი... ასე ერთს ვერ გამოვყოფ. აღარ მახსენდება.
– ცხოვრებაში თამამი ხარ?
– სხვათა შორის, საკმაოდ თამამი ადამიანი ვარ, თუმცა, სრულიად უკომპლექსო ვარ-მეთქი, ვერ ვიტყვი. ხანდახან მეც, როგორც ყველა ადამიანს, რაღაც კომპლექსები მიჩნდება ხოლმე. მიმაჩნია, რომ უფრო მეტად თამამი ვარ, ვიდრე მორიდებული. საერთოდ, ძალიან დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. ყოველთვის ვცდილობ, თავად მივიღო გადაწყვეტილებები. რა თქმა უნდა, ოჯახის წევრების აზრსაც ვითვალისწინებ, მაგრამ, უმეტესად იმას ვაკეთებ, რაც მე მინდა. ჩემი მშობლები დიდად არ ერევიან ჩემს ცხოვრებაში. იციან, ისეთს არაფერს გავაკეთებ, რაც მათ არ მოეწონებათ.