რატომ დააწვინეს და დააბეს ავსტრიაში ანი სირაძე და საიდან ჩამოიყვანეს ის „მკვდარი“
მას შემდეგ, რაც ანი სირაძემ „ჯეოსტარში“ მიიღო მონაწილეობა, მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პერიოდი მისთვის საკმაოდ რთული იყო, მან ბევრი რამ ისწავლა და გამოცდილებაც შეიძინა. ანი მომავალში ტელეჟურნალისტობასა და საკუთარი შოუს გაკეთებას აპირებს, ოღონდ, როცა ამ საქმეს კარგად ისწავლის.
– „ჯეოსტარის“ ამბები ჩააბარე უკვე წარსულს?
– კი, ჩავაბარე და საერთოდ აღარ მაქვს ამ საკითხთან შეხება.
– არ შერიგდით შენ და მარინა ბერიძე?
– „ჯეოსტარის“ მერე საერთოდ არ მინახავს და არც გვისაუბრია. თვითონ ჯერ გადაცემა „20 ათასში“ თქვა: არ ვიცი, რატომ გადავეკიდე ანი სირაძეს, მე ანალოგიური დამემართა, როდესაც გადაცემა „ბრავოში“ ვიყავი და მივხვდი, თუ ადამიანს შენიშვნას აძლევ, ის კარგად სიმღერას ვეღარ შეძლებსო. მერე „მიუზიკ ბოქსში“ მქონდა გადაცემა და იქაც თქვა, ჩემი ბრალია ყველაფერიო. არ ვიცი, ალბათ, მიხვდა.
– როდესაც შენიშვნას გაძლევენ, ყოველთვის ცუდი რეაქცია გაქვს?
– არა. როდესაც „ჯეოსტარში“ ვიყავი, რეპეტიციაზე რაღაც თუ არ ვარგოდა, პედაგოგი და ქალბატონი მარინა მაძლევდნენ შენიშვნას და კონცერტზე ვასწორებდი. რამდენჯერმე ქალბატონმა მარინამაც აღნიშნა, რეპეტიციაზე ვიტირე და თუ ასე კარგად იმღერებ, სულ გატირებო. შენიშვნას ყოველთვის ვიღებ, რა საკითხზეც არ უნდა იყოს ის. შენიშვნა მისაღებია, მაგრამ გაკიცხვა, თან – სახალხოდ, ძალიან ძნელი გადასატანია.
– ახლა, ამ გადასახედიდან, ნანობ „ჯეოსტარში“ მონაწილეობას?
– არ ვნანობ. ყველაზე მეტად მინდოდა, გიორგი უშიკიშვილთან ერთად ხალხურ ტურში მემღერა, ვიმღერე კიდეც და წამოვედი.
– კოშმარებიც გაქრა?
– კოშმარებიც, ყველაფერი გაქრა.
– სხვა დროს გქონია ასეთი რთული პერიოდი?
– არა. ერთი დადებითი, რაც ამ ყველაფერს მოჰყვა, ის იყო, რომ პიროვნულად ძალიან გავძლიერდი. 16 წლის ასაკში ასეთი რაღაცის გადატანა არ არის ადვილი, შესაბამისად, თუ მომავალში ასეთი რამ შემემთხვა, უფრო მარტივად შევხედავ. ბევრ რამეს უკვე სხვა თვალით ვუყურებ, გამოცდილებაც შევიძინე. იცი, კიდევ როდის გადავიტანე სტრესი? როდესაც დუეტი „ჯორჯია“ წავიდა „იურმალაზე“, იმ დროს მეც წავედი საბავშვო „იურმალაზე“, ქასთინგებიც გავიარე, ფინალშიც მოვხვდი, მაგრამ, ომი დაიწყო. კრუტოიმ და რევზინმა კი შემომთავაზეს ჩასვლა, მაგრამ, მე უარი ვთქვი.
– მოკლედ, შენი ყველა ცუდი სიტუაცია სიმღერასთან არის დაკავშირებული.
– 3 წლიდან ფილარმონიის დიდ სცენაზე ვდგავარ და ყველაფერი სიმღერას უკავშირდება. მხოლოდ „ჯეოსტარის“ შემდეგ მქონდა ისეთი პერიოდი, რომ დაახლოებით ორი თვის განმავლობაში საერთოდ არ მინდოდა სიმღერა. მაგრამ, მეგობრები დამეხმარნენ ამ სიტუაციიდან გამოსვლაში, ჩემთან რჩებოდნენ. ავსტრიაშიც ვიყავი – იქ ჩემი ნათესავები, ყველაზე საყვარელი ხალხი ცხოვრობს, რომლებმაც თბილი გარემო შემიქმნეს ოჯახში და ყველაფერი ერთად გადავიტანეთ. ძალიან მჭირდებოდა გარემოს გამოცვლა და მიშველა კიდეც. ყოველდღე დავდიოდი შოპინგებზე და კარგად გავერთე. მინდოდა, რაღაცაზე გადამეტანა ყურადღება და დავიწყე საყიდლებზე სიარული. „ჰელოუ კიტიზე“ „ჩავიციკლე“. მიხარია, ჩემი საყვარელი ბრენდი თბილისში რომ იხსნება. ყველაფერი ვიყიდე: ბოტები, სამაჯური, საყურეები, თმის სამაგრები, ჩანთა. ვარდისფერი ჩემი საყვარელი ფერია და ძალიან მომწონს. ფოტოგრაფმა „ჰელოუ კიტის“ პოსტერიც გამიკეთა.
– ცხოვრებასაც ვარდისფერი სათვალეებით ხომ არ უყურებ?
– „ჯეოსტარამდე“ ვუყურებდი, მაგრამ, ამ კონკურსის მერე ბევრი რამ ვისწავლე, თუნდაც ურთიერთობის მხრივ. ამიტომ ახლა აღარ ვუყურებ ბევრ რამეს ვარდისფერი სათვალით.
– შენი ცხოვრება, მგონი, ორად იყოფა – „ჯეოსტარი“ და „ჯეოსტარის“ შემდეგ.
– დიახ, მაგრამ ეს სტრესი რომ არ შემხვედროდა, კარადა და ამბები რომ არ ყოფილიყო, შეიძლება, პიროვნულად ასე არ გავზრდილიყავი. ახალი გეგმებიც მაქვს – თიანეთში სოლო კონცერტის ჩატარებას ვაპირებ. ასევე, საქართველოს მასშტაბით ძალიან ბევრი კონცერტი მაქვს დაგეგმილი – ტურნეში მივდივარ. „აკვა პარკშიც“ მექნება კონცერტები. მოკლედ, ზაფხულში ვერ დავისვენებ. ასევე, ვაპირებ უკრაინაში საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობას, ისევე, როგორც ადრე დავდიოდი ხოლმე. ასეთი კონკურსებიდან არასდროს ჩამოვსულვარ მინიმუმ მესამე ადგილის გარეშე. ეს კონკურსები ძალიან ბევრს მაძლევს – გამოცდილებას და რაც მთავარია, გამარჯვებას. უამრავი მედალი და სიგელი მაქვს, ბოლოს და ბოლოს, საბავშვო „ემტივი“ მოვიგე – ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი წარმატება. „ემტივის“ 2008 წლის მსოფლიო დისკში არის შესული ჩემი „სულიკო“ და ეს ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდოა.
– წარმატება ახსენე. გახსოვს შენი პირველი წარმატება?
– 3 წლის ვიყავი, როდესაც იტალიის საერთაშორისო კონკურსში მივიღე მონაწილეობა, შევასრულე ბებიას სიმღერა „ოქროს საქანელა“ და გავიმარჯვე. მოკლედ, ბავშვობიდან ვიყავი მოგებებს მიჩვეული, 4 წლისამ ავსტრიაში კონკურსში გავიმარჯვე. ძალიან მიხარია, როდესაც ვიგებ, მიზანს ვაღწევ, იმიტომ, რომ კონკურსის წინ ყოველთვის სერიოზულად ვემზადები, დიდ შრომას ვდებ და მერე ეს რომ მიფასდება, საქართველოს საზღვრებს მიღმა რომ ვასახელებ ჩემს ქვეყანას, ორმაგად დიდი სიხარული და ბედნიერებაა.
– როგორი ბავშვი იყავი?
– წყნარი. ცელქი არასდროს ვყოფილვარ. ყველაზე დიდი შოკი ის იყო, რომ სიმღერა ისე დავიწყე, დედაჩემს არ გაუგია. ჩემი პირველი პედაგოგი იყო მანანა მერაბიშვილი, რომელსაც „პირველ არხზე“ ჰქონდა ანსამბლი – „ჯადოსნური გზები“ და იქ მეზობელს დავყავდი. ექვსი თვის მერე დედაჩემი დავპატიჟე კონცერტზე, ფილარმონიაში, იმიტომ, რომ სულ ყრუს მეძახდა, სმენა არ გაქვსო. ეს ისე ჩამრჩა გულში, დაგიმტკიცებ-მეთქი და დავუმტკიცე. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა საქანელები, ახლაც დავდივარ და „ვკატაობ“ ბავშვების კარუსელებზე. ერთხელ ავსტრიაშიც ვიყავი ატრაქციონზე, დამაწვინეს, დაწოლილი შემკრეს, ძალიან მაღლა ავიდა და იქიდან მთელი ძალით დაეშვა. კინაღამ გული გამისკდა, ბოლო ხმაზე ვყვიროდი – ნუ მკლავთ-მეთქი. მოკლედ, მკვდარი ჩამომიყვანეს. საშინელება იყო.
– ვიცი, ბევრი თაყვანისმცემელი გყავს. ისე, ასაკთან შედარებით უფრო დიდი შეხედულება გაქვს.
– 12 მაისს 17 წლის გავხდი. 35 წლის თაყვანისმცემელიც კი მყავს და, სულ ვამბობ, მამას კი არ ვეძებ-მეთქი. კიდევ, მყავს ჩემზე უმცროსებიც – 15 წლის. მე არ მომწონს ასაკით ძალიან უფროსი ბიჭები, სასურველია, ჩემი თაყვანისმცემელი 18-დან 20 წლამდე იყოს. გარდა ამისა, უნდა იყოს კარგი პიროვნება, ესმოდეს ჩემი და ჩემს საქმეს, სიმღერას უნდა სცემდეს პატივს. „ხაშლამა“ ხალხი რომ არის, შენ კონცერტზე არ წახვალ, სახლში დაჯექიო, ასეთ ბიჭთან არასდროს მექნება ურთიერთობა. ეჭვიანი ვარ, მაგრამ, არავისთვის დამიშლია სადმე წასვლა.
– პირველ ეტაპზე მაინც გარეგნობაა მნიშვნელოვანი?
– არა. კარგი გარეგნობის იყოს, მაგრამ, მუსიკასთან არ ჰქონდეს შეხება და, მითხრას, 8 საათის მერე სახლიდან არ გახვიდეო, – ასეთ წესებს მშობლები არ მიწესებენ და, მით უმეტეს, შეყვარებულს არ მოვუთმენ. მირჩევნია, ჩემი ესმოდეს და გარეგნობით ნაკლები იყოს.
– შეყვარებული ყოფილხარ?
– ვიყავი შეყვარებული, თან, ჩვენ ისეთი ურთიერთობა გვქონდა, დედასთვის არც დამიმალავს. დედაჩემს ურეკავდა, მკითხულობდა.
– დამთავრდა თქვენი ურთიერთობა?
– ორი წლის წინ დამთავრდა. დაახლოებით ერთი წელი ვიყავით შეყვარებულები. უფრო სწორად, მომწონდა, სიმპათიების დონეზე იყო ყველფერი. ვიეჭვიანე და დავშორდი. სიყვარული სიმღერაში არასდროს მიშლის ხელს, იმიტომ, რომ პირველ ადგილზე ჩემს საქმეს ვაყენებ. სკოლაც გამიცდენია, „იურმალის“ გამო გამოცდაც გავაცდინე და მერე რუსულის მასწავლებელმა დამირეკა – დაწერე, თორემ, კლასში ჩაგტოვებო და თვითმფრინავში ვწერე ტესტები. სანამ ბოლომდე არ ავიწყობ კარიერას, არ გავთხოვდები, ალბათ, ეს 25 წლის ასაკში იქნება.