რატომ გასცემს სახელმწიფო მეწარმეებზე ოთხპროცენტიან კრედიტს გადასახადების დასაფარად და როგორ იცვლება ჯარიმები ახალი საგადასახადო ინიციატივებით
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, შემოსავლების სამსახურთან ერთად, ახალ საგადასახადო ინიციატივებზე მუშაობს. ცვლილებები ჯარიმების ოდენობის შემცირებას და ბუღალტრული აღრიცხვების კიდევ უფრო გამარტივებას ეხება. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ზურაბ მელიქიშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, უახლოეს მომავალში ამოქმედდება საპილოტე პროგრამა, რომლის მიხედვითაც მეწარმეებს საშუალება ეძლევათ, შემოსავლების სამსახურის ნაცვლად, შემოწმება კერძო აუდიტორულმა ფირმამ ჩაუტაროს. კანონმდებლების მიერ მუშავდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნოვაცია და ქართული „ნოუ ჰაუ“, ეს არის შემოსავლების გადახდა, ოთხპროცენტიანი კრედიტით, რომლის დეტალებზეც ბატონ ზურაბს გავესაუბრეთ.
ზურაბ მელიქიშვილი: ახალი საგადასახადო კოდექსის მიღების შემდეგ, ჩვენი მხრიდან გაჩნდა ახალი ინიციატივები საგადასახადო კურსის ფარგლებში, რაც მიზნად ისახავს ნდობის გაზრდას მეწარმესა და სახელმწიფო ორგანოებს შორის. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ იქნებოდა კიდევ ბევრი პოზიტიური ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავდა მეწარმეთა ხელშეწყობას, შეეხებოდა საჯარიმო ტარიფების შემცირებასა და მთელი რიგი საკითხების უფრო მეტად გამარტივებას. მთელი რიგი ჯარიმების პირველად აღმოჩენის შემთხვევაში, მათ შორის სალარო აპარატებთან დაკავშირებითაც, ახალი საგადასახადო კოდექსით, მეწარმე ჯარიმის ნაცვლად სახელმწიფოსგან იღებს შეთავაზებას, გაიაროს სასწავლო ტრენინგი, რომ ესა თუ ის შეცდომა აღარ განმეორდეს. ეს ეხება თითქმის ყველა ას ლარამდე ოდენობის ჯარიმას და ასევე სალარო აპარატებთან დაკავშირებულ 500-ლარიან ჯარიმასაც კი. თუმცა, მეწარმეს შეუძლია თქვას, რომ არ უნდა სწავლება და ამას ურჩევნია, ჯარიმა გადაიხადოს. ახალ საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ჯარიმათა ოდენობის შემცირება და პროცედურების გამარტივებაა. სალარო აპარატების გამოუყენებლობის ან არასწორად გამოყენების განმეორებით აღმოჩენილი შემთხვევები ითვალისწინებდა ჯარიმის გადახდას 1 500 ლარის ოდენობით, ახლა ეს ჯარიმა 500 ლარამდეა შემცირებული. შემოსავლების სამსახური გეგმავს რეფორმის განხორციელებას სალარო აპარატებთან დაკავშირებით. ეს პროექტი თავიდან მოიცავს მსხვილ ობიექტებს, აღჭურვილი სალარო აპარატების GPR-ით ერთიან ქსელში ჩართვა გამორიცხავს ბევრ გაურკვევლობას. GPR-ით აღჭურვილი სალარო აპარატების შესყიდვას უზრუნველყოფს სახელმწიფო.
– თქვენი ერთ-ერთი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მეწარმეს აძლევთ უფლებას, შემოსავლების სამსახურის ნაცვლად შეამოწომოს კერძო აუდიტორულმა ფირმამ. რატომ აპირებთ ამ ნოვაციის დანერგვას და როგორ შეამოწმებენ მეწარმეებს აუდიტები?
– ეს ნოვაცია პილოტურ რეჟიმში რამდენიმე დღეში ამოქმედდება, მისი ძირითადი არსი შემდეგშია – ჩვენ შევიტანეთ ცვლილება საგადასახადო კოდექსში, რომლის მიხედვითაც, შემოსავლების სამსახურის პარალელურად, შემოწმების განხორციელების უფლება ეძლევა კერძო აუდიტორ ფირმებს. ყველა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, მეწარმეები განვლილ სამუშაო პერიოდს ამოწმებინებენ კერძო აუდიტს, მანამ სანამ იქ შევა შემოსავლების სამსახური. ეს, ზოგადად, აპრობირებული მეთოდია და, ჩვენ დავუშვით პირველი პრეცედენტი, რომლის მიხედვითაც, შემოსავლების სამსახური გეგმიური შემოწმების ნაწილში, აუდიტის მიერ განხორციელებულ შემოწმებას კომპეტენტურად მიიჩნევს, ენდობა და ამის მერე შემოსავლების სამსახური იმ მონაკვეთს აღარ ამოწმებს. მეწარმეს გეგმიურ შემოწმებამდე, მინიმუმ ათი დღით ადრე, შემოსავლების სამსახურიდან გაგზავნილი წერილით ეცნობება, რომ მას აქვს შესაძლებლობა, შეამოწმოს მისი სურვილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურმა, ან სიაში წარმოდგენილმა აუდიტორულმა ფირმამ. ეს ფირმები შეირჩევა სამი კატეგორიის მიხედვით – მცირე, საშუალო და დიდი ბიზნესისთვის, შესაძლებლობების მიხედვით. მცირე აუდიტორულ ფირმას არ შეუძლია, შეამოწმოს დიდი კომპანია, ისევე როგორც დიდმა აუდიტორულმა ფირმამ შესაძლოა, არ მიიღოს მონაწილეობა მცირე აუდიტზე. თვითონ მეწარმეს ექნება საშუალება აირჩიოს, თუ რომელი აუდიტორული ფირმა ურჩევნია შევიდეს მასთან შესამოწმებლად, შემოსავლების სამსახურის ალტერნატივად. იმისთვის, რომ არ აგორებულიყო კამპანია, სახელმწიფომ ფიარისთვის გადადგა ეს ნაბიჯიო, ამ ინიციატივაში ჩავდეთ ასეთი პირობა – თუ მეწარმეს შემოსავლების სამსახური შეამოწმებს, და ბუნებრივია ეს იქნება უფასო შემოწმება, აღმოჩენილი დარღვევის შემთხვევაში, ამას მოჰყვება ჯარიმა და შესაბამისი სანქცია. კერძო აუდიტის მომსახურება იქნება ფასიანი, მაგრამ მათ მიერ აღმოჩენილი დარღვევის შემთხვევაში, მეწარმეს სახელმწიფოს მხრიდან არ დაეკისრება არანაირი ჯარიმა და სანქცია, რაც არ უნდა დიდ ჯარიმას ითვალისწინებდეს აუდიტის მიერ აღმოჩენილი დარღვევა. მეწარმე არ ჯარიმდება და ეძლევა საშუალება, გამოასწოროს ეს დარღვევა და ბიუჯეტთან ანგარიში გაასწოროს. ეს იქნება სტიმული მეწარმისთვის, რომ შემოწმებისთვის კერძო აუდიტორული ფირმა აირჩიოს. ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა კერძო წარმოებას ამოწმებს ისევ კერძო პირი და არა სახელმწიფო.
– ეს პირიქით, ხომ არ გამოიწვევს კოლეგების შესვლას ფარულ გარიგებებში? რა ვალდებულებებს აკისრებს სახელმწიფო კერძო აუდიტორულ ფირმებს და არ მოხდება ბაზარზე კონკრეტული ფირმების მონოპოლიზაცია?
– რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს. ასე, ფარულ გარიგებაში მეწარმესთან შესაძლებელია, საგადასახადო სამსახურის წარმომადგენელიც შევიდეს, დაზღვეული ხომ არც ამ მხრივ ვართ? ამის შიშით, ამ, ძალზე კარგ ინიციატივაზე, უარს ვერ ვიტყვით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მეთოდოლოგიაზე – პილოტური პროგრამისთვის შერჩეულია 12 აუდიტორული კომპანია, უკვე გამოცდილი აუდიტორული ფირმები. იმ პირობებიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდის შემდეგ, შეირჩევა სხვა აუდიტორული ფირმები. გარწმუნებთ, რომ სია იქნება საკმაოდ გრძელი, რაც გამორიცხავს მონოპოლიას ამ ბაზარზე. გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის, ძირითადად, ფინანსთა სამინისტროს ფუნქციების გაგრძელება, აუდიტორების შერჩევაც ფინანსთა სამინისტროს მიერ მოხდება. საქართველო პატარა ქვეყანაა და აქ დაფარული არაფერი რჩება. გარიგების გამოვლენის ერთი შემთხვევის აღმოჩენის დროსაც კი, აუდიტორული ფირმა ამოვარდება სიიდან და მას ან აეკრძალება მუშაობა, ან რაიმე სხვა ტიპის სანქციები გატარდება მის მიმართ. სამუშაო პროცესში დაზუსტდება ძალიან ბევრი დეტალი. ალბათ, ყველა აუდიტორულ ფირმას ექნება თავისი ტარიფი, შესაძლოა ეს იყოს განსაზღვრული. მაგრამ, რა ტარიფზეა საუბარი – იქნება თუ არა ქვედა და ზედა ზღვარი, ეს ჯერ დამუშავების სტადიაშია და ამაზე ვერაფერს გეტყვით. მეწარმეები ამ ინიციატივას დადებითად შეხვდნენ, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ მათთვის უკეთესია, თუ შემოსავლების სამსახური შეამოწმებს. ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა რა მიმართულებასაც არ უნდა ემხრობოდნენ, ყველა აღნიშნავს, რომ ეს არის ერთ-ერთი პროგრესული ნაბიჯი საგადასახადო პოლიტიკაში.
– რამდენადაც ცნობილია, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს კიდევ ერთ ინიციატივას, რომელიც ეხება შემოსავლების გადახდას განვადების სისტემით.
– ამ თემასთან დაკავშირებით დეტალებს ვერ მოგახსენებთ, რადგან მიმდინარეობს სამუშაო პროცესი და ბევრი დეტალი ბოლომდე დაუზუსტებელია. შემიძლია გითხარათ, რომ მეწარმეს ვაძლევთ უფლებას, გააფორმოს საგადასახადო შეთანხმება შემოსავლების სამსახურთან მომდევნო სამი წლის პერიოდზე. ამ შეთანხმების მიხედვით, მეწარმეს შეუძლია, გადაიხადოს გადასახადის დაახლოებით 4 პროცენტი. ეს იქნება ერთგვარი სესხი სახელმწიფოს მხრიდან ძალზე დაბალი პროცენტით. მეწარმეს შეუძლია, სამი წლის განმავლობაში გადაიხადოს გადასახადის მხოლოდ 4 პროცენტი. სამი წლის შემდეგ კი გადაიხადოს ის, რაც უნდა გადაეხადა ამ პერიოდში. ეს იქნება ერთგვარი დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი „კრედიტი” გადასახადების დასაფარად. ეს ინიციატივა შეეხება ნებისმიერ მეწარმეს და ნებისმიერი მოცულობის წარმოებას. ჩვენ ახლა ვიხილავთ კიდევ რამდენიმე ცვლილებას. თუ აქამდე ინვენტარიზაციის დროს იხურებოდა მთელი ობიექტი, ახლა ინვენტარიზაცია ჩატარდება ერთ, კონკრეტულ დასახელებაზე და ამისთვის მთელი მაღაზია, ან ობიექტი არ დაიხურება. ცვლილებები იქნება აღურიცხავ საქონელთან დაკავშირებითაც, თუ აღურიცხავია მთელი აღრიცხული საქონლის 2 პროცენტი, ან უფრო ნაკლები, ამაზე აქამდე არსებული ჯარიმა გაუქმდება და მეწარმეს ჩაეთვლება, რომ ეს უნდა გამოასწოროს. აღურიცხავი საქონლის 2 პროცენტზე მეტის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯარიმის ნაცვლად, რომელიც აღურიცხავი საქონლის ორმაგ ღირებულებად ითვლებოდა, უკვე იქნება ერთმაგი ოდენობა. დღემდე საქონელზე, რომელიც იყიდებოდა ბაზარზე საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებად, ეგრეთ წოდებული სეილების დროს, გადასახადი ითვლებოდა მათი საბაზრო ღირებულებიდან. ჩვენ შემოვიღეთ დაბეგვრა იმ ფასად, რა ფასადაც მოხდა ამ საქონლის რეალიზაცია. სერიოზულად ვმუშაობთ საოჯახო სასტუმროებთან დაკავშირებით. ამ მხრივ საკმაოდ დიდი პრობლემები არსებობდა. საოჯახო სასტუმროების მფლობელებს მუდმივად ჰქონდათ პრობლემები დაანგარიშებასთან დაკავშირებით საგადასახადო სტრუქტურებთან. საოჯახო სასტუმროს შედარება დიდ სასტუმროსთან, ბუნებრივია, არასამართლიანია, ჩვენი მიზანია, საკურორტო სეზონის დაწყებამდე მოვასწროთ ამ ცვლილების დამტკიცება და საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს დაუწესდეთ ფიქსირებული ტარიფები. ის კი იქნება ისეთი, რომ ამ სეგმენტში დასაქმებული ადამიანები კმაყოფილნი დარჩებიან.