პოლიტიკური კალეიდოსკოპი
ანგელა მერკელის დახურული ცა
ირანმა გერმანულ სამთავრობო თვითმფინავს „A 340 კონრად ადენაუერს”, რომელსაც გერმანიის პოლიტიკური ელიტა, კანცლერ ანგელა მერკელის ხელმძღვანელობით, ინდოეთში მიჰყავდა, აუკრძალა თავისი საჰაერო სივრცის გადაკვეთა და უკან გააბრუნა. თვითმფრინავის კაპიტანი იძულებული გახდა აღმოსავლეთ თურქეთის თავზე თითქმის ორი საათი ეფრინა, ანუ მანამდე, სანამ გერმანული და თურქული მხარე გადაფრენის უფლების მიცემის საკითხს იხილავდა ირანელ ავიადისპეტჩერებთან. საბოლოოდ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიაღწია შეთანხმებას ირანელ კოლეგებთან და „კონრად ადენაუერს” მიეცა უფლება, გადაეკვეთა ირანის საჰაერო საზღვარი. საბოლოოდ, გერმანული დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში, მერკელთან ერთად, თავდაცვის, განათლების, შინაგან საქმეთა, ტრანსპორტის მინისტრები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ორსაათიანი დაგვიანებით ჩაფრინდნენ ინდოეთში, რის გამოც მოლაპარაკება ინდოეთის პრემიერთან, მანმოჰან სინგჰთან, რამდენიმე საათით გადაიდო.
პოლონური საჩუქარი ობამას
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას კომპიუტერული თამაშის – „უითჩერ 2: ასასინს კინგის” სპეციალური გამოცემა აჩუქა. საჩუქრის გადაცემა ობამას ევროპული ტურნეს დროს შედგა, როდესაც იგი პოლონეთს ეწვია. კომპიუტერული თამაში პოლონური კომპანია „სდ პროჯექტის” მიერ არის შემუშავებული და დიდი პოპულარობით სარგებლობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. გარდა თამაშისა, ტუსკმა ობამას „ეფლის” „აიპოდიც” აჩუქა, რომელზეც ინგლისურად თარგმნილი პოლონური ფილმები და ლიტერატურული ნაწარმოებებია ჩაწერილი.
სილვიო ბერლუსკონის საყვარლის კინოამბიციები
სილვიო ბერლუსკონის სექსუალური სკანდალის ერთ-ერთმა მთავარმა ობიექტმა, მაროკოელმა მოცეკვავემ, ქარიმა ალ-მარუგმა ღია წერილი მისწერა ცნობილ ამერიკელ კინორეჟისორს ვუდი ალენს, რომელსაც კინოში თამაში სთხოვა. ქარიმას აზრით, მხოლოდ კინოს შეუძლია, აღადგინოს მისი შელახული რეპუტაცია, ვუდი ალენი იდეალური რეჟისორია, რომელსაც იგი ბოლომდე ენდობა. აღსანიშნავია, რომ კანის კინოფესტივალის დროს, ალენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქარიმა მომხიბლელი ქალია და მისგან, შესაძლოა, კარგი მსახიობი დადგეს.
დალაი-ლამას პოლიტიკური კარიერის დასასრული
დალაი-ლამამ ოფიციალურად დატოვა ტიბეტის პოლიტიკური ლიდერის პოსტი და ამიერიდან იგი მოიხსენიება, როგორც „ტიბეტელი ხალხისა და ტიბეტის სიმბოლო და დამცველი“. 2011 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ ახალი კონსტიტუციის თანახმად, დალაი-ლამა მხოლოდ ტიბეტის სულიერ ლიდერად დარჩებოდა, ხოლო სახელმწიფოს მართვას, არჩევნების გზით ლეგიტიმურად არჩეული 44 წლის იურისტი – ლობსან სანგაი შეუდგებოდა.
ბრიტანელი ლეიბორისტის ქორწინება
ბრიტანელი ლეიბორისტების ლიდერმა, ედ მილიბენდმა, როგორც იქნა, ჯვარი დაიწერა თავის დიდი ხნის პარტნიორსა და თავისი შვილების დედაზე, ჯუსტინ ტორნტონზე. საქორწინო ცერემონიას მხოლოდ 50 სტუმარი დაესწრო, მთლიანი ხარჯები კი სულ რაღაც 3 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენდა. მილიბენდი და ტორნტონი 2005 წლიდან ცხოვრობდნენ ერთად და მათ საერთო ორი შვილი ჰყავთ, ორივე ვაჟები. აღსანიშნავია, რომ დაქორწინება მილიბენდმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც იგი ბრიტანელმა პოლიტიკოსებმა გააკრიტიკეს იმის გამო, რომ იგი თავისი შვილების დედაზე არ ქორწინდებოდა.
ოლიგარქის პოლიტიკური ამბიციები
მოსკოველი ფლეიბოი, ოლიგარქი და სექსუალური სკანდალების მონაწილე, მილიარდერი მიხაილ პროხოროვი, სავარაუდო პოლიტიკურ კარიერაზე ალაპარაკდა და განაცხადა, რომ ახლო მომავალში ჩამოაყალიბებს ოპოზიციურ მოძრაობას, რომელმაც მნიშვნელოვანი კონკურენცია უნდა გაუწიოს რუსული პოლიტიკის ლიდერს, პარტია „ედინაია როსიას”. პროხოროვის პარტიას „პრავოე დელო” ეწოდება და დეკემბერში დანიშნულ დუმის არჩევნებში ის გამარჯვების მოპოვებას გეგმავს. ოლიგარქი უკვე ღიად გამოდის რუსეთის ამჟამინდელი მთავრობის კრიტიკით და რუსი პოლიტოლოგები აღნიშნავენ, რომ მსგავს ფაქტს უკვე ჰქონდა ადგილი, როდესაც მილიარდერი მიხაილ ხოდორკოვსკი პუტინს დაუპირისპირდა და ამჟამად ხანგრძლივვადიან სასჯელს იხდის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. პოლიტიკური ექსპერტების აზრით, დაპირისპირება პუტინ-მედვედევის ტანდემთან არაფერ კარგს არ მოუტანს პროხოროვს.