წყალწაღებულები
წყალში ვდგავარ, ცეცხლი მიკიდია“
ის, რომ საქართველო წყალს მიაქვს (ამ წვიმების გადამკიდე, უკვე პირდაპირი მნიშვნელობითაც!), ყველასთვის ცნობილია, თუმცა, მე მაინც შეგახსენებთ საყველპურო სტატისტიკას: საქართველოში არის 26 000-ზე მეტი მდინარე, 850 ტბა და 730 მყინვარი. წყლის საერთო რესურსების რაოდენობა წელიწადში 65 ტრილიონი ლიტრია, აქედან კი მიწისქვეშა წყლების რაოდენობა 18 ტრილიონია. მიწისქვეშა წყალს ის უპირატესობა აქვს, რომ, მდინარეებისგან განსხვავებით, მისი დაბინძურება, თუ განსაკუთრებით არ მოინდომე, რთულია. შესაბამისად, პირველი კატეგორიის სასმელ წყლად სწორედ მიწისქვეშა წყლებია აღიარებული, რის მარაგიც საქართველოში წელიწადში 18 ტრილიონი ლიტრია. თან, გაითვალისწინეთ, წყალი განახლებადი რესურსია.
მოკლედ, განახლებადია თუ წყალწაღებული, ჩვენი ქვეყნის რეგიონები უწყლობასაც უჩივიან და წყლის ტარიფის სიძვირესაც (მოგეხსენებათ, თბილისში წყლის ყოველთვიურ ტარიფად „ჯორჯიან უოთერ („უოთერი“ უწერიათ საიტზე, რაც იმას მეტყველებს, რომ არც ინგლისურის გაგებაში არიან, არც ქართულის და არც მართლწერის, მაგრამ, წყალსაც წაუღია!) ენდ ფაუერმა“ სულ მოსახლეზე 3 ლარი და 15 თეთრი დაგვიწესა. მეტიც, თუ არ გადაიხდით, შუქიც გაგეთიშებათო). ამ ფაქტს კი იმით ხსნიან, რომ წყლის მომხმარებლამდე მიყვანას გამართული იფნრასტრუქტურა სჭირდება (ერთი სიტყვით, ამ ლოგიკით, ინფრასტრუქტურის მოწყობის ხარჯები მომხმარებელმა იმიტომაც უნდა გაიღოს, რომ კომპანიამ მოგება გემრიელად მოინელოს). სულ ახლახან შევიტყვეთ, რომ ამ გრძელსახელიან კომპანიას თბილისსა და რუსთავში ინდივიდუალური გამრიცხველიანებაც დაუწყია, რა თქმა უნდა, მოსახლეობის ხარჯზე (დაგვაიმედეს, წყლის მრიცხველების ღირებულება ტარიფში აისახება და ნელ-ნელა დაფარავთო. მეორე მხრივ, წესითა და კანონით, მომსახურების გამწევ კომპანიას მრიცხველების შეძენა საკუთარი ხარჯით ევალება, მაგრამ, აბა, ლარების მონელებაში ხელი ხომ არ უნდა შეეშალოს?!). უფრო მეტიც, კომპანიის უცხოელმა დირექტორმა შეგვაგულიანა, რომ გამრიცხველიანების შემდეგ წყლის ტარიფი განახევრდება (რაც, რა თქმა უნდა, იმას ნიშნავს, რომ აქამდე ზედმეტს გვახდევინებდნენ), თუმცა, რომ არ განახევრდეს, ემანდ, ხახვი არ დავაჭრათ ყურებზე!
გვერდები მოამზადა
ნინო ხაჩიძემ