„ხელმწიფის ნავში“
წამოსულ-ჩამოცვენილ-დაბედებულები
უახლესი პოლიტისტორია ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ხელმწიფის ნავიდან თავისი ნებით თუ იძულებით წამოსულ-ჩამოცვენილ პოლიტიკოსებს პარტია-პარტია სიარული ებედებათ. ამ თუ სხვა მიზეზით, „ქართული პარტიაც“ დაიშალა (შესაძლოა, ასეც ითქვას: გაიშალა) და, მაინცდამაინც კარგი დღე არც „სახალხო კრებას“ ადგას, თუმცა, მაგალითად, ოპოზიციურ „რვიანად“ წოდებულ გაერთიანებაში კვლავაც რვანი არიან და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასაც იმედოვნებენ.
ქართულ ოპოზიციურ სპექტრში მომხდარი მოვლენები, ბუნებრივია, არც ხელისუფლების მახვილ თვალს გამოჰპარვია. მეტიც, არათუ არ გამოჰპარვია, უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, ნუგზარ წიკლაურს (რაკი უმრავლესობა მრავალრიცხოვანია, ლიდერიც იმდენი ჰყავს, სულსა და გულს რომ გაუხარდება) ისიც კი ამოათქმევინა, რომ „ქართულ პარტიაში“ წარმოქმნილმა დაპირისპირებამ და ზოგადად ოპოზიციის რადიკალურ ფლანგზე შექმნილმა მდგომარეობამ არა მმართველი „ნაციონალური მოძრაობა, არამედ ქვეყანა გააძლიერა.“
ეს სიძლიერე კი, არც მეტი, არც ნაკლები, ცხადია, იმავე ბ-ნი წიკლაურის აზრითვე, იმას ნიშნავს, რომ „ქართულ პოლიტიკაში ექსტრემიზმის, დაპირისპირებისა და რევოლუციების მსურველთა დრო საბოლოოდ დასრულდა.“ ხოლო, იმის დასტურად, რომ დასრულებულია, უმრავლესობელ პოლიტიკოსს ასეთი მაგალითი მოჰყავს: „არც „ქართული პარტია“ არსებობს, არც „სახალხო კრება“ და აღარც ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური გაერთიანება.“ არ არსებობენ იმ მიზეზით, რომ (კვლავ ციტატას ვიშველიებ): „ეს პარტიები ძლიერ ქართულ სახელმწიფოს დაუპირისპირდნენ და ამ სახელმწიფოზე დაილეწნენ (დაახლოებით, ასე: „მაგრამ თვითონაც დაილეწება, დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბუნებრივია, ყივჩაღის ქვეშ „პოლიტიკური ექსტრემისტები“ იგულისხმებიან“).“
ხოლო, ამ ლოგიკით, საკითხავიც აი, ის არის: რფ როდის შემოელეწება ამ ჩვენს ჯერჯერობით შიდა ოპონენტების მლეწველ სახელმწიფოს?!