უცვლელი მენტალიტეტი
ანუ ჩოხა-ახალუხში – სულ სხვაა
მართალია, საბჭოთა სიმბოლიკა აგერ უკვე კანონითაც აიკრძალა (მხოლოდ კერძო კოლექციონერებს ექნებათ მათით ტკბობის სიამოვნება) და ჩოხაც თითქმის უკვე იქცა (არა მხოლოდ მიმტანის უნიფორმად) ჩვენს ჩინოვნიკთა თითქმის საყვარელ სამოსლად, თუმცა, ამ ჩვენს (ჩვენს რა, სახმოხელეთა) მეტყველებაში საბჭოური ნოტები ისევ შეიმჩნევა (და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბ-ნი სეფერთელაძე მყავს მხედველობაში).
ზემოხსენებული სამინისტროს ინიციატივით, გამოცხადდა საგრანტო კონკურსი ქართული ეროვნული და სასულიერო შესამოსლის შესახებ სქელტანიანი წიგნის გამოცემის ინიციატივა (პროექტის ღირებულება 70 000 ლარია). ამის შესახებ ჩოხაში გამოწკეპილმა (სავარაუდოდ, მეტი დამაჯერებლობისა და მოტივაციის სიმაღლის სადემონსტრაციოდ) ბ-ნმა სეფერთელაძემ თავად გვამცნო და არც ის დაგვიმალა, რომ ჩვენთვის (ანუ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის) ქართველოლოგია და ქართული ფენომენი ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად წავახალისებთ მეცნიერების იმ ჯგუფს, რომლებიც ამაზე მუშაობენო (ვითომ, ვინმე მუშაობს?!).
მეტიც, დასძინა, რომ აქამომდე (ეს ძველქართული თქმა ბ-ნი სეფერთელაძის ბაგეს, ალბათ, ქართული ფენომენით დაინტერესების სიღრმის საჩვენებლადაც დასცდა) ერთად შეკრული სახელმძღვანელო ქართული ეროვნული და სასულიერო სამოსლის შესახებ არ გვქონია და დაგვარწმუნა, რომ ის ყველა ქართველის სამაგიდო წიგნი გახდება (ზუსტად ასე ბრძანა: ის გახდება ყველა ქართველის სამაგიდო წიგნიო).
ზემოთქმული კი გვაფიქრებინებს, რომ, ჯერ ერთი, შესაძლოა, გაყიდვის უზრუნველყოფას სავალდებულო გამოწერებით აპირებდნენ და, რაც მთავარია, საბჭოთა ბორკილებისგან თავდახსნილმა საზოგადოებამ ვითომ თვითონ არ უნდა გაარკვიოს, რა იქონიოს მაგიდაზე და რა – არა?! ერთი სიტყვით, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ნამგალსა და უროს (თავისი ვარსკვლავებიანად) ჩამოხსნა ჩვენი ჩინოვნიკ-მოქალაქეების შიგნეულობიდანაც არ აწყენდა (ბარემ ერთსაც დავძენ: მომავალი სასწავლო წლიდან, იმედია, ბ-ნ სეფერთელაძეს ჩოხის მორგების პარალელურად, ისიც ეცოდინება, რომ აბიტური ახალი სასწავლო საგანი არ არის და ამ ცნებაში სულ სხვა შინაარსი მოიაზრება).