რატომ შემოელია საქართველოს ადამიანური რესურსი, როგორ ბერდება ქართველი ერი და რატომ გაიზარდა სტატისტიკური ქართველის საშუალო ასაკი
საქართველოში დასაქმებულად მიიჩნევა 15 წელზე მეტი ასაკის პირი, რომელიც წინა 7 დღის განმავლობაში მუშაობდა, სულ მცირე, ერთი საათით მაინც შემოსავლის მიღების მიზნით; ეხმარებოდა, მათ შორის, უსასყიდლოდ სხვა შინამეურნეობის წევრებს ან რამე მიზეზის გამო, არ იმყოფებოდა სამუშაოზე, ოღონდ ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ. თვითდასაქმებულია მესაკუთრე, რომელიც საქმიანობის საანგარიშო პერიოდში მოგების ან ოჯახური შემოსავლის მიღების მიზნით, ოჯახურ საწარმოში ან მეურნეობაში უსასყიდლოდ მუშაობდა. უმუშევარი კი 15 წელზე უფროსი ასაკის პირია, რომელიც არც ერთი საათით არ მუშაობდა წინა ერთი კვირის განმავლობაში, ეძებდა სამუშაოს ბოლო 4 კვირის განმავლობაში და მზად იყო მუშაობის დასაწყებად შემდეგი ორი კვირის განმავლობაში. დაქირავებით დასაქმებულია 15 წელზე მეტი ასაკის პირი, რომელიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ასრულებდა განსაზღვრულ სამუშაოს ხელფასის ან სხვა სახის ანაზღაურების მიღების მიზნით. ოფიციალური მონაცემებით, წელს უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა და 16 პროცენტის ფარგლებში მერყეობს, მეორე მხრივ, „აი რა ის“ მიერ ჩატარებული კვლევით, რომლის თანახმადაც, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს პრეზიდენტს, უმუშევრობა გამოკითხულთა 56 პროცენტისთვის მთავარი პრობლემაა. რატომ გამორიცხავს ეს მაჩვენებლები ერთმანეთს და რით განსხვავდება საქართველოში დასაქმება დაუსაქმებლობისგან, თემაზე ექსპერტი იოსებ არჩვაძე გვესაუბრება.
– როგორ აიხსნება 16-პროცენტიანი უმუშევრობა და 56 პროცენტის მიერ უმუშევრობის მთავარ პრობლემად დასახელება? იმ ფონზეც კი, როცა დასაქმება ჩვენთან, მაინცდამაინც, არ ნიშნავს, რომ იკმაყოფილებ საარსებო მინიმუმს?
– დასაქმების სტატუსი და სიღარიბე მაღალ კორელაციაშია ერთმანეთთან. დასაქმებულთა შორის ღარიბთა რაოდენობა ნაკლებია, ვიდრე უმუშევართა შორის. ეს საქართველოშიც ასეა და სხვა ქვეყნებშიც. თან, რაც უფრო მრავალწევრიანია ოჯახის შინამეურნეობა, განსაკუთრებით, ბევრი ბავშვის პირობებში, სიღარიბის მაჩვენებელი უფრო მაღალია.
– განვმარტოთ მკითხველისთვის, რომ შინამეურნეობა თითქმის იგივეა, რაც ოჯახი.
– ოჯახი უფრო დემოგრაფიულ-სოციოლოგიური კატეგორიაა, შინამეურნეობის წევრი კი შეიძლება, იყოს ოჯახის არაწევრი, რომელიც მუდმივად ცხოვრობის ამ ოჯახში: ძიძა, დამლაგებელი, მზარეული და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, თუ ოჯახში სხვა პირიც ცხოვრობს, ისიც ითვლება შინამეურნეობის წევრად, ანუ არ არის აუცილებელი, რომ შინამეურნეობაში მხოლოდ ოჯახის წევრი შედიოდეს.
არა მხოლოდ დასაქმების, სხვა მაჩვენებლის მიხედვითაც, სტატისტიკა საბაზრო ეკონომიკის პირობებში შერჩევითი კვლევების საფუძველზე ახდენს შეფასებას. კარდაკარ არ ითვლება უმუშევართა რაოდენობა. გამოკვლევა ტარდება 7 100 ოჯახის მიხედვით, რომლებიც განფენილია მთელ საქართველოში და მათგან მიღებული პასუხების სისტემატიზაციის საფუძველზე ხდება მონაცემების განზოგადება მთელ ეკონომიკაზე. საქართველოში, დაახლოებით, მილიონ ასი ათასი შინამეურნეობაა და ვსწავლობთ მხოლოდ 7 100-ს. ამიტომ, როგორც ნებისმიერი შერჩევითი გამოკვლევა, ეს კვლევაც ზუსტი ვერ იქნება და ცდომილება რამდენიმე პროცენტია. ასე რომ, როდესაც ვამბობთ, უმუშევრობის დონე 16,3 პროცენტიაო, იგულისხმება 2-პროცენტიანი ცდომილება, იქით ან – აქეთ. ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რომ მყარი დინამიკა ჩამოყალიბდა და უკვე რამდენიმე წელია, მცირდება უმუშევრობის დონე. პირიქით, თუ შევადარებთ 2003 წელს, მაშინ უმუშევრობის მაჩვენებელი 11,5 პროცენტი იყო.
– იმავე პრინციპით ითვლიდნენ, როგორც დღეს?
– რა თქმა უნდა. საქართველო არის შრომის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი და იყენებს იმავე მეთოდიკებს. გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს, როდესაც მიწების პრივატიზაცია მოხდა, საუბარი იყო მილიონი სამუშაო ადგილის შექმნაზე. თუმცა, თავისთავად, მიწის ფლობა არ ნიშნავს, რომ დასაქმებული ხარ. დასაქმებული ხარ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოაქვს ეკონომიკური სარგებლობა. მიწა ისეთივე უძრავი კაპიტალი შეიძლება, იყოს, როგორც საცხოვრებელი სახლი, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება შემოსავლის წყაროდ, თუ გააქირავებთ ან სხვა ეკონომიკურ ურთიერთობაში შეხვალთ ამ სახლით, როგორც მესაკუთრე. ასევეა მიწაც, თუ თქვენ მას არ იყენებთ და ის შემოსავალს არ გაძლევთ, გქონდეთ, თუნდაც, ასეულობით ჰექტარი. ამიტომ მთავარია, როგორ ხდება საკუთრებაში არსებული აქტივების გამოყენება, ანუ მოაქვს თუ არა მათ შემოსავალი.
ითქვა, რომ საქართველოში უმუშევრობა 16,9 პროცენტიდან 16,3 პროცენტამდე შემცირდა, მაგრამ აქ არის ერთი საინტერესო მომენტი: ერთი წლის განმავლობაში ჩვენ შეგვიმცირდა არა მხოლოდ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა, არამედ ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობის რაოდენობაც.
– ეს როგორ?
– არ მინდა, ზედმეტი დასკვნები გავაკეთო, რადგან არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, ამიტომ აპრიორი ვიღებ იმ მონაცემს, რასაც გვაძლევს სატისტიკის სამსახური.
– ან გავიდნენ ქვეყნიდან, ან დაიჭირეს, ან გარდაიცვალნენ, სხვა რა შეიძლება, მომხდარიყო? რა შეამცირებდა?
– ეს მონაცემები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს ერთმანეთთან. თუ ავიღებთ გრძელვადიან პერიოდს: 2003 წლიდან ჩანს შემცირების ტენდენცია. დაახლოებით, 200 000-ით არის შემცირებული ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა. მაშინ, როდესაც ამ ხნის განმავლობაში ჩვენი მოსახლეობა, პირიქით, გაიზარდა თითქმის 100 000-ით. იმის თქმა მინდა, რომ ერთმანეთის საპირისპირო ტენდენციებია: ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, მოსახლეობის საერთო რაოდენობა კი იზრდება, ესე იგი, მოსახლეობა ბერდება. მოსახლეობა პირობითად ორ ნაწილად იყოფა: ეკონომიკურად აქტიურად და ეკონომიკურად არააქტიურად. მაგალითად, დიასახლისი ეკონომიკურად არააქტიური ადამიანია, ისევე, როგორც სტუდენტი, მოსწავლე, თხუთმეტ წელზე მეტი ასაკის. თავიანთი სოციალური დატვირთვით და ამოცანებით, ისინი არ შეიძლება, განვიხილოთ, როგორც პოტენციალური სამუშაო ძალა. სხვა საქმეა, თუ მოსწავლე მოინდომებს სამუშაოს დაწყებას და შეწყვეტს სწავლას. ერთი სიტყვით, აშკარაა მოსახლეობის დაბერების ტენდენცია და ამას ადასტურებს გაეროს მონაცემები: გასული საუკუნის 90 წლიდან 2010 წლამდე საქართველოს მოსახლეობის საშუალო ასაკი 7 წლით გაიზარდა. იყო, დაახლოებით, 32 წელზე ნაკლები და დღეს უკვე 37-ზე მეტია.
– სხვაგან?
– ჩვენს მეზობლებთან ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია: სომხეთში – 33 წელი, აზერბაიჯანსა და თურქეთში – 28-29 წელი. ეს ნიშნავს, რომ თანაბარ ეკონომიკურ პირობებში ჩვენ მათზე ნაკლები პოტენციალი გვაქვს, ხალხი დავაბრუნოთ დაზგებთან ან იარაღთან. ამიტომ, მოსახლეობის თანაბარი რიცხოვნობის პირობებშიც კი, ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი შეზღუდულია, ადამიანური კაპიტალის თვალსაზრისით. რა არის ადამიანური კაპიტალი? ახალგაზრდა, ჯანსაღი, ამბიციური, განათლებული ყველა თაობის ადამიანი, მაგრამ, როდესაც საპენსიო ასაკის მოსახლეობის რაოდენობა იზრდება, ეს მძიმე ტვირთად აწევს მოსახლეობას. თანაც, თუ სტატისტიკის მონაცემებს დავუკვირდებით, ბოლო წლებში არ შეცვლილა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა. თითქმის ბალისტიკური სიზუსტით მეორდება: სტატისტიკას 2010 წელსაც იგივე რაოდენობა აქვს დაქირავებით დასაქმებულთა, როგორიც იყო 2003 წელს.
– კვარტლების მიხედვით, 600 000-630 000 ადამიანი?
– 2010 წელს დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა, საშუალოდ, იყო 618 600, 2003-ში კი – 618 500. თვითდასაქმებულთა რაოდენობა კი მცირდება.
– რა ამცირებს? გარე ვაჭრობის აკრძალვა?
– რამდენიმე მიზეზია: თვითდასაქმებულთა დიდი ნაწილი მოდის სოფლის მეურნეობაზე, სადაც შრომის მწარმოებლურობა რამდენიმე ათეული წლით უკანაა გადასროლილი და დღეს ერთ დასაქმებულზე სოფლად იმაზე ნაკლები დამატებული ღირებულება იქმნება, ვიდრე საარსებო მინიმუმია ერთ სულზე, რაც ნონსენსია. ორ მომენტთან გვაქვს საქმე: ან სტატისტიკა ტყუის, რადგან შეუძლებელია, ადამიანი იყოს დასაქმებული და იმაზე ნაკლებს აწარმოებდეს, ვიდრე მისი გამოკვებისთვისაა საჭირო; ან უნდა ვაღიაროთ, რომ უმუშევრობის დონე გაცილებთი მაღალია. ტყუილადაა მიწერილი ის ხალხი სოფელზე ვითომ დასაქმებულად, რადგან არ ჩანს არც დოვლათში, არც სხვა პარამეტრებში. თუ 900 000 დასაქმებულია, ხომ უნდა ჩანდეს ეს სხვა მონაცემებშიც?! მეორე მხრივ, თუ არ არის ამდენი დასაქმებული სოფლად, მაშინ სად არიან ისინი? აქაც ორი ვარიანტია: ან უმუშევარია, ან ქვეყნიდან გავიდა. თუ უმუშევარია, უნდა ვაჩვენოთ რეალური უმუშევრობა.
– რამდენი ადამიანი გამოდის, ცოტა უხერხული სიტყვაა, მაგრამ, რაკი სტატისტიკაზე ვსაუბრობთ, ზედმეტი?
– 400 000 ადამიანი ზედმეტადაა მიწერილი სოფლად, რადგან ამდენი ადამიანი არ სჭირდება იმ დოვლათის შექმნას, რაც სოფლად იქმნება. ან ისინი ქვეყნიდან არიან გასული და მათ ხარჯზე ხდება ყოველწლიურად უცხოეთიდან მილიარდამდე დოლარის ტრანზაქცია. მაგრამ, თუ ეს ასეა, მაშინ ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა უნდა შევამციროთ, თუ უმუშევრობის დონეს არ გავზრდით. მოდური ტერმინი რომ გამოვიყენო, მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ეს ხალხი უბრალოდ არ იმყოფება საქართველოში.
– თუ მითვლილია მოსახლეობის რაოდენობას, ესე იგი, არალეგალურად იმყოფებიან უცხოეთში?
– ზოგი – ლეგალურად, ზოგი – არალეგალურად. ჩვენ უმუშევრობის 16,3-პროცენტიან მაჩვენებელს ვიღებთ ეკონომიკურად აქტიური დაუსაქმებელი 320 000 ადამიანისგან. თუ ამ მაჩვენებელს დავამატებთ 400 000 ადამიანს, მაშინ უმუშევრობის მაჩვენებელი 30 პროცენტამდე ადის. მაგალითად, ესპანეთში უმუშევრობის მაჩვენებელი 20 პროცენტია, იგივე მონაცემია ბალტიის სამივე ქვეყანაში. ჩვენთანაც, თუ რეალურ სიტუაციას ვნახავთ, გადასასინჯი იქნება ჩვენი 16 პროცენტი. ის, ფაქტი, რომ ამდენი ხნის განმავლობაში აღარ ჩატარებულა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, კოროზიას უქმნის ამ ციფრების სანდოობას და ვერ ხერხდება ექსპერტული შეფასება თვით სტატისტიკური მონაცემების გამოყენებითაც კი. სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრება ერთიანი მექანიზმია და შეუძლებელია, ერთმანეთთან დაკავშირებული ვექტორებიდან ერთი ალთას მიდიოდეს და მეორე – ბალთას. თანაც, საკმაოდ დიდია მოსახლეობის რაოდენობა სამუშაო ძალის გარეთაც: დიასახლისები, მუდმივ სამხედრო სამსახურში მყოფი პირებია, პატიმრები, ქრონიკული ავადმყოფები და ასე შემდეგ, რომელთაც არ შეუძლიათ ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვა.
– სტასტისტიკის დეპარტამენტს უმუშევრობის თუ სიღარიბის დათვლის ისეთი სქემები აქვს, ვერაფერს გაიგებ, თუ შენი ვიწრო სპეციალობა არ არის. ამიტომ მე ლოგიკა მოვიშველიე და ასე დავთვალე: საშუალო ხელფასი გავამრავლე დაქირავებით დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობაზე. შემდეგ ეს ციფრი გავყავი საარსებო მინიმუმზე და გამოვიდა, რომ ორ მილიონზე მეტი ადამიანი ჰერშია საარსებო მინიმუმის გარეშე.
– მართლია, რადგან ხელფასის გარდა არსებობს შემოსავლის სხვა წყაროებიც. დღეს ხელფასი არათუ ძირითადი, ლამის შემოსავლის ერთ-ერთი წყაროც არ არის და მხოლოდ მესამედი უჭირავს შინამეურნეობების შემოსავლებში. დანარჩენი რის ხარჯზე ივსება? ეს არის ნატურალური შემოსავალი: გლეხის მიერ მოწეული პროდუქცია; საკუთრების, ფასიანი ქაღალდების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები. მაგალითად, როდესაც ადამიანი ყიდის სამოთახიან ბინას და გადადის ერთოთახიანში, რომ ფასთა სხვაობით მიღებული თანხით დაიკმაყოფილოს მიმდინარე მოთხოვნილებები. განსაკუთრებით მაღალი იყო ეს მაჩვენებელი 90-იანი წლების შუა ხანებში, როდესაც ქალაქ-ადგილებში მასობრივად იყიდებოდა ბინები. ხატოვნად რომ ვთქვათ, ჩვენთან ხელფასი იზრდება ხარისხობრივად, მაგრამ არა რაოდენობრივად. უფრო ზუსტად, ხელფასის პრობლემა წყდება ხარისხობრივად: 2003 წელს საშუალო ხელფასი იყო 125,9 ლარი, ახლა უკვე 611 ლარია. მაგრამ, როდესაც დასაქმებულთა რაოდენობა უცვლელი რჩება 2003 წლიდან, ხელფასის ზრდა გავლენას ვერ ახდენს საერთო მდგომარეობაზე. ჩვენთან ჯერაც დაბალია ყოველ ათას კაცზე ხელფასის მიმღებთა რაოდენობა, მაგალითად, ამერიკის ანალოგიურ მაჩვენებელზე 3,3-ჯერ ნაკლებია, ამიტომ, როდესაც ვადარებთ საშუალო ხელფასს ამერიკასა და საქართველოში, ეს არ არის საკმარისი, უნდა შევადაროთ ყოველ ათას კაცზე ხელფასის ფონდიც.
– ესპანეთსა და ბალტიისპირეთში 20-პროცენტიანი უმუშევრობის მაჩვენებელი რეალურად რას ნიშნავს ადამიანებისთვის? შიმშილის პრობლემაა თუ მხოლოდ მოგზაურობის?
– ჩვენთან უმუშევრობის დაბალ დონეს განსაზღვრავს თვითდასაქმების მაღალი დონე: ეს მაჩვენებელი 60 პროცენტზე მეტია. იქ შედარებით დაბალია თვითდასაქმების წილი და უკეთესია დასაქმების სტრუქტურა, ამიტომ მათი 20-პროცენტიანი უმუშევრობა უფრო ნაკლებად მტკივნეულად აღიქმება, ვიდრე ჩვენთან ჩვენი 16-პროცენტიანი. 16-პროცენტიანი უმუშევრობა იმის ხარჯზეა, რომ 60 პროცენტი დასაქმებულად ითვლება, იმიტომ რომ მეურნეობა აქვს. ამიტომაცაა, რომ მიგრანტები ჩვენგან ესპანეთში მიდიან და არა პირიქით. მე ჯერ ესპანეთიდან აქ დასასაქმებლად ჩამოსული არავინ მინახავს.
– ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო მიმოსვლა გულისხმობს ქართველი არალეგალი მიგრანტების დაბრუნების ვალდებულებასაც. უმუშევრობისა და დასაქმების როგორ სურათს მივიღებთ ამის შემდეგ? მოაკლდება იმ ყოველწლიურ მილიარდ დოლარსაც?
– ოცი წელია, კამათია მიგრაციის დადებით და უარყოფით მხარეებზე. მაგალითად, თურქეთის ამჟამინდელი ეკონომიკური განვითარება მნიშვნელოვანწილად უკავშირდება შრომით მიგრანტთა იმ პირველ თაობას, რომლებიც გასული საუკუნის 60-იანი წლებში წავიდა ჯერ გერმანიაში, შემდეგ საფრანგეთსა და მთელ ევროპაში. ისინი ეზიარნენ სამეწარმეო კულტურას, ცივილიზებულად ვაჭრობას, ბიზნესს და შემდეგ ეს უნარ-ჩვევები გადაიტანეს თავიანთ ისტორიულ სამშობლოში.
– 50 წლის წინათ თურქეთმა თავისი შეიარაღებული ძალების მშენებლობა აშშ-ის მიერ ნაჩუქარი ჩამოწერილი სამხედრო ტექნიკით დაიწყო და დღეს უძლიერესია არა მხოლოდ რეგიონში.
– ამიტომ, ვფიქრობ, არც ჩვენ მივიღებთ აპოკალიპტურ სურათს. მართალია, ჩვენი შრომითი მიგრანტების დაბრუნება გაამწვავებს კონკურენციას, მაგრამ დაბრუნდება ის ხალხი, რომელთაც აქვთ გარკვეული გამოცდილება, შრომითი ჩვევები და წარმოების კულტურა, ბიზნესში ეფექტიანობისა და სამართლიანობის განცდები. ამავე დროს, არ მგონია, მოხდეს სრული დეპორტი და ბოლო მგზავრად ხელფეხშეკრული ქართველი შრომითი მიგრანტი გამოგზავნონ ევროპიდან. იმ ადამიანებს აქვთ გარკვეული კაპიტალი და არა მარტო ფინანსური, სხვა სახეობის აქტივებიც, რომლებსაც საქართველოში ჩამოიტანენ. ეს გაზრდის შიდა ბაზრის ტევადობას და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს ქვეყანაში. ევროპა მთლიანად მაინც ვერ გათავისუფლდება შრომითი მიგრანტებისგან და, თუ მათი დიდი ნაწილი დაუბრუნდება საქართველოს, გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა უფრო მოიგებს.