რა უფლება-მოვალეობებს ანიჭებს ქართული კანონმდებლობა საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ამ საპროტესტო აქციის დამშლელ სპეცრაზმელებს
მიტინგების მოწყობას, მათ შორის, ცივილიზებულ ქვეყნებშიც, რომ მიესალმებოდნენ, არც სპეცრაზმები იარსებებდა, მათ არც მიტინგების დაშლის ფუნქციას მიანიჭებდნენ და არც მეთოდიკებს დაამუშავებინებდნენ (თავისი ეკიპირებიანად) პროტესტის გამოსახატავად შეკრებილი ადამიანების დასაშლელად. მეორე მხრივ, არც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები იარსებებდა და არც ადამიანის უფლებათა დაცვისადმი მიძღვნილი საერთაშორისო შეთანხმებები, ძალოვანების მოქმედებას საზოგადოებრივი და სამართლებრივი კონტროლი რომ არ სჭირდებოდეს. ამ საკითხთან მიმართებაში ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრიც გაიყო, მეტიც, ის, ჩვეულებისამებრ, ურთიერთგამომრიცხავია. ამიტომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტს, ნათია კაციტაძეს, გავესაუბრეთ ქართული კანონმდებლობის მიერ პოლიციელთათვის და აქციის მონაწილე მოქალაქეებისთვის მინიჭებული უფლება-მოვალეობების შესახებ.
– რას ამბობს ჩვენი კანონმდებლობა, როგორი მოქმედების უფლება აქვს სამართალდამცველს საპროტესტოდ შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ?
– შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება, რომელიც დაცულია საქართველოს კანონონმდებლობით. აქციის დაშლა კი არ არის აბსოლუტური უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ნებისმიერ შემთხვევაში არ შეუძლია, ჩაერიოს შეკრებასა და მანიფესტაციაში და აღკვეთოს ის, მიუხედავად იმისა, შესაბამისმა ორგანომ გააფრთხილა თუ არა წინასწარ აქციის მონაწილეები, რომ აქციის გამართვის ვადა ამოიწურა. ჩვენი კანონმდებლობით, უკანონო აქციის დაშლის უფლება (უკანონოში იგულისხმება ის, რომ შეტყობინება აქციის გამართვის შესახებ არ არსებობს) არის, თუ ის საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ადამიანების ჯანმრთელობას, საკუთრებას და კანონით დაცულ სხვა უფლებებს.
– კონკრეტულად განვმარტოთ, რას ნიშნავს ეს?
– უკანონოც რომ იყოს საპროტესტო აქცია და ეს ასეა არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით, არამედ ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებებითაცაა დამტკიცებული, მის დასაშლელად აუცილებელია მეორე პირობის არსებობა: ის უნდა უქმნიდეს საფრთხეს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საზოგადოების უსაფრთხოებას, კერძო საკუთრებას ან კანონით დაცულ სხვა უფლებებს. ანუ, თუკი აქცია გრძელდება ვადის ამოწურვის შემდეგაც და მისი კანონიერად გაგრძელების შესახებ შეტყობინება არ არსებობს, ეს მაინც არ ნიშნავს, რომ საპროტესტო აქციაზე შეკრებილი ხალხის დაშლა ავტომატურად უნდა მოხდეს.
ამას გარდა, ჩვენი კანონმდებლობა განსაზღვრავს იმ საშუალებების ჩამონათვალს, რომელთა გამოყენებაც ნებადართულია საპროტესტო აქციის დაშლისას. 2009 წელს ცვლილებები შევიდა შესაბამის კანონში და პოლიციას ახლა უკვე აქვს რეზინის ტყვიებისა და არალეტალური იარაღის გამოყენების უფლებაც, ანუ სპეცსაშუალებათა ჩამონათვალი საკმაოდ ფართოა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ყველა საშუალება უნდა იყოს გამოყენებული.
– კანონით არის გაწერილი, რა შემთხვევაში რა საშუალება უნდა იქნას გამოყენებული?
– არა, კანონში არსად წერია, რა შემთხვევაში რა საშუალება უნდა გამოიყენოს პოლიციამ, მაგრამ, როდესაც იგეგმება ასეთი ოპერაცია, თუნდაც, დაშლის, რაც უნდა უკანონო იყოს მიტინგი, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში განისაზღვრება, რა ძალა უნდა გამოიყენოს მან, ვინც ამ აქციის დაშლაში იღებს მონაწილეობას. რაც გულისხმობს იმას, რომ, თუ საჭიროება არ არის, ბუნებრივია, არ უნდა გამოიყენონ, მაგალითად, რეზინის ტყვიები, რომელიც მაღალი ალბათობით დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. თუმცა, ვიმეორებ, კანონში არსად წერია, თუ რა იგულისხმება არალეტალურ იარაღში.
– ეს მხოლოდ ჩვენი კანონმდებლობითაა ასე თუ ევროპულ ქვეყნებშიც არ არსებობს კონკრეტიკა?
– ჩვენს კანონში არ წერია, რა საშუალება რა შემთხვევაში გამოიყენო, თუმცა წერია, რომ აქვთ არალეტალური იარაღის გამოყენების უფლებაც. ვერ ვიტყვით იმას, რომ არალეტალურ იარაღს არ იყენებენ სხვა ქვეყნებშიც საპროტესტო აქციის დასაშლელად, იქაც არის დაშვებული, მაგრამ საქმე ის არის, როგორ ახორციელებს პოლიცია პრაქტიკაში თავის უფლებებს. ყველა ქვეყანა, მით უმეტეს, თუ დემოკრატიულ ქვეყნებზე ვსაუბრობთ, ცდილობს, აქციის დაშლისას მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანების ალბათობა.
– ჩვენ ჯერჯერობით მაინც ძალიან შორი და ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს დემოკრატიული საზოგადოების ჩვეულებებზე, ამიტომ განვმარტოთ, რატომ ცდილობენ დემოკრატიულ ქვეყნებში აქციის მონაწილეებისთვის მინიმალური ზიანის მიყენებას?
– იმიტომ რომ მიზანი არის საპროტესტო აქციის დაშლა, სხვა მიზნის მისაღწევად, კერძოდ, ესენია: სხვა ადამიანის უფლების დაცვა, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა და ამ მიზნების მისაღწევად მინიმალური ძალა უნდა გამოიყენო. სწორედ ეს იგულისხმება, როდესაც გამოყენებული ძალის პროპორციულობაზე ვსაუბრობთ. თუ აქცია უკანონოა და ხელს მიშლის სხვა უფლების განხორციელებაში, ის უნდა დავშალო, მაგრამ არ უნდა გამოვიყენო იმაზე მეტი ზომა, რაც ამ აქციის დაშლას სჭირდება. შევადაროთ დამნაშავის შეპყრობას: ბუნებრივია, დამნაშავის შეპყრობა კანონიერი ქმედებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეპყრობისას ის უნდა მოვკლა ან ვაწამო.
– პირადად მე, ცოტა უცნაურად მეჩვენება ჰუმანური და არაჰუმანური მოკვდინება, მაგრამ ომის დროს არსებობს ჰუმანური და არაჰუმანური იარაღების ცნება.
– დიახ, არსებობს ომის წესები, რომელსაც უნდა დაემორჩილოს ყველა ქვეყანა და, მით უმეტეს, აქციის დაშლისას პროპორციული ძალა უნდა იყოს გამოყენებული.
– საპროტესტო აქციების დაშლის პრაქტიკაზე საუბრობდით. როგორი პრაქტიკაა ცივილიზებულ ქვეყნებში?
– კანონის გამოყენების პრაქტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ მოვიშველიებთ ევროპული სასამართლოების პრაქტიკას, სადაც სხვადახვა საქმე იხილება, ძალიან ბევრი ქვეყანა იმაზე აგებს საქმეს, თუ რამდენად პროპორციული იყო ძალის გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ქვეყნის და, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით, შესაძლებელია სხვადასხვანაირი ძალის გამოყენება, მაინც მნიშვნელოვანია, რამდენად ადეკვატურია ეს ძალა. საპროტესტო აქციის დაშლის მიზანია, ტერიტორიის გაწმენდა და არა აქციის მონაწილეებიის ალყაში მოქცევა და მათი დასახიჩრება. ტერორისტის შეპყრობის შემთხვევაშიც კი, გადამეტებული ძალის გამოყენება არ არის დაშვებული. ან ძალა, ნებისმიერ შემთხვევაში, ადეკვატური უნდა იყოს.
– როგორც მივხვდი, ეს ადეკვატურობა თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული ოპერაციის დამგეგმვის პრეროგატივაა, კანონი არაფერს ამბობს, არ აზუსტებს?
– კანონი არ აზუსტებს, რა შემთხვევაში რა ძალის გამოყენებაა შესაძლებელი. ეს ვერც გაიწერება კანონით.
– თუ არც არის კანონში გაწერილი და ვერც გაიწერება, ვინ უნდა შეაფასოს შემდგომ, იყო თუ არა გამოყენებული ძალა პროპორციული?
– ყველა ნორმალურ ქვეყანაში სათანადო საგამოძიებო ორგანოებმა უნდა შეისწავლონ ძალის გადამეტების კონკრეტული ყველა ფაქტი, და თუ არსებობს მტკიცებულებები, გამოიძიონ. ეს გამოძიება უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანოს მიერ.
– ჩვენ შემთხვევაში რომელი ორგანოა ასეთი?
– პროკურატურა. როდესაც სპეცრაზმი ეკუთვნის შინაგან საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ უნდა იყოს ის ორგანო, რომელმაც უნდა გამოიძიოს ეს ფაქტები. რადგან, თუკი შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურამ გადაამეტა თავის უფლებებს, ის ვერ იქნება დამოუკიდებელი ორგანო, ამიტომ საქმეში უნდა ჩაერთონ პროკურატურის გამომძიებლები. ჩვენი კანონმდებლობაც ითხოვს ძალის გადამეტების შემთხვევაში გამოძიების დაწყებას.
– და რას მოიტანს ეს გამოძიება?
– ერთი მხრივ, უნდა დაისაჯონ დამრღვევი პირები და, მეორე მხრივ, უნდა მოხდეს დაზარალებულებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება.
– თუკი ოპერაციის დაგეგმვის დროს მიიღო სპეცრაზმმა დირექტივა, ვთქვათ, ემოქმედათ მაქსიმალური სისასტიკით?
– ესეც უნდა იყოს გამოკვლეული, თუ იყო ასეთი ბრძანება, ამას მტკიცებულებები სჭირდება. თუ ბრძანება სიტყვიერი იყო, ამის დამტკიცება გართულდება. ხოლო, თუ ბრძანება წერილობითი ფორმით არსებობს, ბუნებრივია, მივდივართ ბრძანების გამცემამდე, მაგრამ ეს მაინც არ გამორიცხავს კონკრეტულად იმ ადამიანის პასუხისმგებლობას, ვინც უშუალოდ გადაამეტა ძალას. მათ სოლიდარულად უნდა აგონ პასუხი.
– ჩვენ ვხედავთ კადრებს, როდესაც დასავლურ ქვეყნებში პოლიცია შლის საპროტესტო აქციას. იქაც უჩივიან სპეცრაზმელებს ძალის გადამეტების გამო?
– რა თქმა უნდა, ევროპის სასამართლოში არის საქმეები, რომლებშიც ძალის გადამეტებაზეა საუბარი. თუმცა არის საქმეები, რომლებიც ევროპის სასამართლომდე არ მიდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ის საქმეები შიდა დონეზე გამოიძიეს. ყველა ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს ძალის გადამეტების ფაქტების გამოძიებას. ევროპის სასამართლოებში ძალიან ბევრი საქმეა ძალის გადამეტებაზე სომხეთიდან, რუსეთიდან.
– პოსტსაბჭოთა სივრცე ლიდერობს?
– არის ევროპის ქვეყნებიდანაც, თუმცა ძალის გადამეტებით ვინმეს მოკვლის ფაქტები ნაკლებადაა. უფრო მეტად ასეთ საქმეებში საუბარია აქციის მონაწილეთათვის პატიმრობის უკანონოდ შეფარდებაზე, დაკავებაზე აქციის შემდეგ. თუმცა არის აქციის მონაწილეთა სხეულის დაზიანების ფაქტებიც.
– ჩვენგან არის ამ სახეობის საქმეები?
– ჩვენგან ძალიან ბევრი, ათამდე საქმეა შესული ევროპის სასამართლოში, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არც ერთ საქმეზე არ არის გადაწყვეტილება.
– რას შეცვლის ევროპის სასამართლოს მიერ ამ საქმეებზე გადაწყვეტილების გამოტანა?
– ძალიან ბევრ რამეს, თუნდაც, იმას, რამდენად იყო ძალის გადამეტება, რამდენად ადეკვატური იყო აქციის მონაწილეებისთვის პატიმრობის შეფარდება, საკანონმდებლო ხარვეზებზეც იქნება საუბარი და იმაზეც, თუ პრაქტიკაში როგორ იქნა გამოყენებული კანონით მინიჭებული უფლებები. ამიტომ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებები.
– ითქვა ასეთი არგუმენტიც, რომ სპეცრაზმელი თავს ვერ გააკონტროლებს, თუ აქციის დაშლა დაიწყოო. არსებობს ასეთი არგუმენტი სამართლებრივი თვალსაზრისით?
– სპეცრაზმელი თავს უნდა აკონტროლებდეს და მას ამოწმებენ ფსიქიკურ მდგრადობაზე.
– ქართული კანონმდებლობით, რა წესები უნდა დაიცვას საპროტესტო აქციის მონაწილემ?
– შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონით, აქციის მონაწილე არ უნდა იყოს ნასვამი, არ უნდა ჰქონდეს იარაღი, თუმცა მეტი სიზუსტისთვის მოვიტან ციტატას კანონიდან: შეკრებისა და მანიფესტაციების მონაწილეებს ეკრძალებათ, ჰქონდეთ იარაღი ფეთქებადი, ადვილად აალებადი, ცრემლმდენი, რადიოაქტიური, ნერვულ-პარალიტიკური და მომწამვლელი, ასევე ალკოჰოლური სასმელები.
გარდა ამისა, შეკრებისა და მანიფესტაციების ორგანიზაციისას და ჩატარებისას, არ უნდა იყოს მოწოდებები საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლისკენ; ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ. ისეთი მოწოდება, რომელიც წარმოადგენს ომისა და და ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს კუთხურ და ეროვნულ შუღლს.
– დავის საგანია: არის თუ არა შესაბამისი ორგანოების გაფრთხილება აუცილებელი საპროტესტო აქციის ჩატარებაზე. თქვენ რას იტყვით?
– ითხოვს, როდესაც ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ გზის გადაკეტვა მოხდება.
– თუ იმდენი ხალხია აქციაზე, რომ ბუნებრივად იკეტება გზა, იმიტომ რომ ვერ ეტევიან ტროტუარზე?
– თუ გზას არ გადაკეტავ, შეგიძლია, არც შეატყობინო საპროტესტო აქციის მოწყობა. თუ მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ არის საკმარისი გზის გადასაკეტავად, ხელოვნურად გზის გადაკეტვა უკანონოა. ბუნებრივად უნდა გადაიკეტოს, ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე.
– დასავლეთის ქვეყნებში აქციის დაშლისასაც პოლიციას სადღაც მიჰყავს აქციის მონაწილეები. ხომ არ იცით, იქ სად მიჰყავთ?
– ვერ გეტყვით, მაგრამ წაყვანაც უკანონოა. აქციის დაშლის ერთადერთი კანონიერი ფორმაა, მისი დაშლა მინიმალური ძალის გამოყენებით და იმ ტერიტორიის გათავისუფლება. ამასთან, აქციის მონაწილეთა მხრიდან ომის პროპაგანდა თუ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რეალური უნდა იყოს. თუ უბრალოდ ილაპარაკა ადამიანმა, უნდა დავამხოთ ხელისუფლებაო და რეალურად არაფერი გააკეთა, ძალის გამოყენება საჭირო არ არის. საფრთხე უნდა იყოს რეალური. მიზანია აქციის დაშლა, მაგრამ, თუ ადამიანმა კანონი არ დაარღვია, წინააღმდეგობა არ გაუწია პოლიციას, დაკავების უფლებაც არ არის.
– ფაქტია, რომ გამოცდილება აკლია როგორც ჩვენს სპეცრაზმს, ისე ჩვენი საპროტესტო აქციის მონაწილეებს. როგორ უნდა დავიცვათ, ერთი მხრივ, სპეცრაზმელები, რომ ისინი არ ჩამოყალიბდნენ სადამსჯელო იარაღად და პროფესიონალები გახდნენ და, მეორე მხრივ, აქციის მონაწილეები, რომ, თუკი აქვთ პროტესტის გრძნობა, გამოხატონ? რომელიღაც ქვეყნებში ხომ მივიდნენ კონსენსუსამდე?
– ძალიან ძნელი სათქმელია. საზოგადოებრივი აზრი უნდა დაფიქსირდეს ცივილიზებულად. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, მივდივართ სახელმწიფო ნებასთან. მთავარია, არსებობდეს დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების სახელმწიფო ნება.