საგაზაფხულო ნიღბები
კალენდარული გაზაფხული თვალსა და ხელს შუა ისე გაგვეპარა, მზიანი ამინდი სანატრელი გაგვიხდა. შესაბამისად, სეზონური ხილი დაგვიანებით შემოვიდა. მაგრამ, ასეა თუ ისე, ახლა უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია ქართული მარწყვი, ამ პროდუქტით კი უამრავი ნიღბის მომზადება შეიძლება, რაც ასე აუცილებელია ზამთრის განმავლობაში „დამშეული“ კანისთვის.
რა თქმა უნდა, ყველაზე მარტივია, დავჭყლიტოთ რამდენიმე ცალი მარწყვი და წავისვათ სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე, მაგრამ, უმჯობესია, თუ ამ უნიკალური თვისებების მქონე ხილს სხვა პროდუქტებსაც შევურევთ და განსხვავებულ კომბინაციებს გამოვიყენებთ ნიღბებად.
1. ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის
კარგად ათქვიფეთ 1 ცალი კვერცხის ცილა და შეათქვიფეთ 6-7 ცალი მოზრდილი (დაჭყლეტილი) მარწყვი. წაისვით სახეზე, ყელსა და დაკოლტეზე და წამოწექით (ბალიში არ დაიდოთ). 20 წუთის შემდეგ დოლბანდის მშრალი ტამპონით, წრიული მოძრაობით მოიშორეთ ნიღაბი, დარჩენილი ნაწილი ჩამოიბანეთ გრილი წყლით და შემშრალებისთანავე წაისვით თქვენი კანის შესაფერისი მკვებავი.
2. ნიღაბი მშრალი კანისთვის
3 სადილის კოვზ არაჟანს შეაზილეთ 10 ცალი დაჭყლეტილი მარწყვი და წაისვით სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე. იმავე მეთოდით მოიშორეთ სახიდან, როგორც პირველ შემთხვევაში, ოღონდ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. შემშრალებისთანავე წაისვით შესაბამისი მკვებავი.
3. ნიღაბი კომბინირებული კანისთვის (პირველი ვარიანტი)
ერთად ათქვიფეთ 10 ცალი მარწყვი და 2 სადილის კოვზი მაწონი. ნიღბის წასმისა და მოშორების მეთოდი იგივეა, ოღონდ, წასმამდე მკვებავში გაურიეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი.
4. ნიღაბი კომბინირებული კანისთვის (მეორე ვარიანტი)
კარგად აზილეთ ერთმანეთში 10 ცალი მარწყვი და 2 სადილის კოვზი ხაჭო. დანარჩენი – იგივე, რაც პირველ ვარიანტში.
5. ნიღაბი კომბინირებული კანისთვის (მესამე ვარიანტი)
კარგად აზილეთ ერთმანეთში 10 ცალი მარწყვი, 1 ცალი კვერცხის გული, 1 სადილის კოვზი თაფლი და რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. დანარჩენი – იგივე.
ნებისმიერი ნიღაბი შეგიძლიათ, გაიკეთოთ კვირაში ორჯერ, დაძინებამდე 2-3 საათით ადრე.