მიუშვით ინსტინქტები!
ინსტინქტები ხშირად განაგებს ადამიანის საქციელს, ანუ მართავს მას და ეს სრულიად ბუნებრივია. თუ აგრესიის დროს ორგანიზმი პირდაპირ გთხოვთ (გკარნახობთ), იყვიროთ, ხელი ჰკრათ მას, ვინც თქვენში ეს აგრესია გამოიწვია, გაიქცეთ ან იტიროთ, მიუშვით თქვენი ემოციები ნებაზე. უფრო ხშირად ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, წინ აღვუდგეთ ამ ბუნებრივ მოთხოვნილებას, გვერიდება, გვრცხვენია, ვფიქრობთ, რომ ამით ურთიერთობას ბოლოს მოვუღებთ – გასაგებია, რომ არ გვინდა, ისტერიკული არსების იარლიყი მიგვეწებოს. მაგრამ, სამწუხაროდ, არ ვფიქრობთ საკუთარ ორგანიზმზე, რომელსაც ამ დროს საფრთხეს ვუქმნით. დამალული აგრესია აისახება ფსიქიკაზეც და ის, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამოიღებს უარყოფით ნაყოფს, რომელიც, შესაძლოა, ისევ იმ ადამიანმა იგემოს, ვის წინაშეც აგრესიის გამოხატვა არ გსურდათ.
დაძაბულობა აისახება ტვინზე, კუნთებზე, შინაგან ორგანოებზე და, რაც ყველაზე ცუდია, გულსისხლძარღვთა სისტემაზე. ტკივილს ვერსად გაექცევით და ეს მარტო სულიერი ტკივილი არ იქნება.
თუ სტრესულ სიტუაციაში არ იყვირებთ, დაგროვილი „ორთქლი” სხვა საშუალებით მაინც უნდა გამოუშვათ – ეს, უბრალოდ, აუცილებელია.
შეიძლება, ახლა გაგეცინოთ, მაგრამ, გქონდეთ სათადარიგო ფინჯანი ან თეფში, რომელსაც შეელევით, ანუ, მისი გატეხა არ დაგენანებათ ან, უბრალოდ, იცეკვეთ, იქნებ, თქვენი პარტნიორი ამით ძალიან გააოცოთ, მაგრამ, გვერწმუნეთ, ეს ისტერიკაზე მეტად მოეწონება და გაიცინებს კიდეც. სიტუაციაც განიმუხტება და თქვენს ჯანმრთელობასაც გადაარჩენთ.