ვგეგმავთ ცხოვრებას...
ბევრი ქალი ფიქრობს, რომ, თუ ცხოვრებას თავისი გეგმის მიხედვით დააწყობს, მისი მიზნები გაცილებით ადვილად განსახორციელებელი გახდება – ოცნებებს რეალობად აქცევს და ბედნიერებაც მოსვლას არ დააყოვნებს. არ არსებობს სცენარი, რომელსაც რომელიმე ადამიანის ცხოვრება მოერგება, რადგან, მაინც ბედია საუკეთესო სცენარისტიცა და რეჟისორიც. ის აუცილებლად შემოგვთავაზებს სიურპრიზებს. როცა ცდილობთ, მთლიანად გეგმას მიჰყვეთ, უმნიშვნელო გადახვევაც კი, სულ პატარა დაბრკოლება, ისე ამოგაგდებთ კალაპოტიდან, შეიძლება, დეპრესიამ დიდი ხნით გაქციოთ უმოქმედოდ. არავინ გირჩევთ, რომ ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მიჰყვეთ ცხოვრების დინებას – მან, შეიძლება, მორევშიც ჩაგითრიოთ. აზრობრივი გეგმა თქვენს წარმოსახვაში უნდა არსებობდეს, მაგრამ ის არ უნდა იყოს ერთადერთი და მკაცრად გაწერილი.
ყველაზე კარგი ტრენინგია პოზიტივის წარმოდგენა და პოზიტივზე ფიქრი. ძალიან მნიშვნელოვანია, წარმოსახვაში თქვენი მომავალი ნათელ ფერებში დაიხატოს. სიტუაცია და, მათ შორის, საკუთარი შესაძლებლობებიც უნდა შეაფასოთ რეალურად, შეუძლებელს, რასაც ვერაფრით შესწვდებით, ნუ მოინდომებთ. იყავით ოპტიმისტი და გწამდეთ, რომ ბოლოს ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, ანუ, ისე, როგორც თქვენ გინდოდათ.
ცხოვრების თანამგზავრს აუცილებლად იპოვით, თუ ისეთს მოძებნით, რომელთანაც სულიერი სიახლოვე გექნებათ. თქვენ ერთნაირად უნდა უყურებდეთ ცხოვრებას, მოვლენებს, ადამიანებს... განსხვავებული აზრი მისაღებია და ის აუცილებლად უნდა გქონდეთ, მაგრამ, განსხვავებული პიროვნული ფასეულობების ქონა ურთიერთობისთვის სახიფათოა. შეიძლება ჰობიც სხვადასხვა გქონდეთ, არც ეს შეგიქმნით პრობლემას, თუკი ერთმანეთის გატაცებებს პატივს სცემთ, საერთოდ კი, მთავარია, იცოდე, რა გინდა. გეგმა კარგია, მაგრამ ცხოვრება საინტერესო ვერ იქნება, თუკი მას ოცნებებს გამოაცლით.